15 აპრილი, 2015
რა ოცნება აუხდინა ქმარმა სოფო ბედიას გათხოვებიდან მესამე დღეს
იმდენად მიყვარდა, სხვაგან გასაშვებად ვერ ვიმეტებდი სოფო ბედიას ცხოველები ბავშვობიდან უყვარს, თუმცა ფიქრობს, რომ კორპუსში ძაღლი ცოდოა, ეზოიან სახლში მისი ყოლა კი დიდი ბედნიერებაა. ვინ უვლის მის ახალშეძენილ
ლეკვს, მომღერალი თავად გვიამბობს.

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით - ძაღლები. ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა ლეკვი, რომელიც ჩემს სახლში იცხოვრებდა, მაგრამ დედაჩემს ცხოველები ბეწვისა და სხვა საკითხების გამო არ უყვარს და ამ კუთხით დღემდე მეწინააღმდეგება, მაგრამ უკვე ჩემი სახლი მაქვს და თავად მივიღე გადაწყვეტილება. ცხოვრების დიდი ოცნება
ჩემმა მეუღლემ ამისრულა. ექსპრომტად, ქორწილიდან მესამე დღეს ქართული ნაგაზი – ბუბუ მაჩუქა, ცისფერთვალება, ლამაზი და ბუთქუჩელა. სრულიად მოულოდნელად, გაუფრთხილებლად და უსიტყვოდ მომიყვანა. როგორ იყო, იცი? სადღაც მივდიოდით, მიშამ მანქანით მომაკითხა, ჩავედი, გავაღე კარი და რას ვხედავ, ზის ეს საყვარელი არსება, გადავირიე, ისე გამიხარდა. ვკიოდი, ქუჩაში მთელი ხალხი მე მიყურებდა (იცინის). მართლა მაგარი სიურპრიზი იყო. ძაღლები გამორჩეულად მიყვარს, კატის სილამაზეს, გრაციოზულობას ვაფასებ, მაგრამ ვერ მოვეფერები, ძაღლი კი სულ სხვა თემაა.

- ვინ აიღო საკუთარ თავზე ძაღლის მოვლა-პატრონობა?
- მოგეხსენებათ, მე კორპუსში ვცხოვრობ, ძაღლის ყოლის გამოცდილება არ გვქონდა, მით უმეტეს, კავკასიური ნაგაზი და ასეთი ჯიშის ძაღლები არ არიან კორპუსის სახლისთვის განკუთვნილნი. ვიფიქრე, სანამ პატარაა, იცხოვრებს ჩემთან და მერე მოვიფიქრებთ რამეს-მეთქი, მაგრამ მისი მოსაქმებები აღარ დასრულდა, დამიგლიჯა შპალერი, ფარდები თავისი ნემსივით კბილებით….

იმდენად მიყვარდა, სხვაგან გასაშვებად ვერ ვიმეტებდი, თან, ლეკვს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, როგორც პატარა ბავშვს, საათობრივად ვაჭმევდი, ვაბანავებდი, ფენით ვაშრობდი და ა.შ. როგორც შვილს, ისე ვუვლიდი.

მიუხედავად ამისა, ცუდად გამიხდა, ენტეროვირუსი დაემართა, თურმე დამუშავებული არ იყო ჭიებზე. შემიძლია ვთქვა, რომ მისი ავადმყოფობა იყო ჩემი ავადმყოფობა. დასჭირდა გადასხმები, წამლები, წონაში ძალიან დაიკლო... ისეთ მდგომარეობაში იყო, მეგონა, ვერ გადაიტანდა. ასეთ რთულ ვითარებაში ვიყავით, როცა ჩემმა დედამთილმა, მაგას ვენაცვალე, მოჰკიდა ხელი და წაიყვანა თავისთან, ატარა ექიმებში, თუ რამე ძვირად ღირებული და კარგი იყო, არაფერი დაინანა და მართლაც გამოჯანმრთელდა ჩვენი ბუბუ. თვითონაც ბევრი იბრძოლა, ეს დაავადება ხშირად ფატალურად მთავრდება, თანაც, ერთი თვის და ერთი კვირის იყო, რომ მომიყვანეს და დაახლოებით ორ კვირაში ცუდად გამიხდა. როგორც ჩანს, სითბო, ფუფუნება და ტკბილი ცხოვრება ამ ჯიშის ძაღლებისთვის არაა. ალბათ, მართლა მკაცრ რეჟიმში უნდა იზრდებოდეს, მე კიდევ პატარა ბავშვივით დავკანკალებდი.

ავადმყოფობის შემდეგ ბუბუმ მიშოს სახლში, ორთაჭალაში გადაინაცვლა. კერძო სახლი, დიდი ეზო აქვს, ძაღლს სახლი ავუშენეთ და მგონია, რომ იქ უკეთაა, ვიდრე კორპუსის სახლში იქნებოდა. ძალიან გამიჭირდა მასთან განშორება, მაგრამ ყოველდღიურად ვნახულობ. თუ ისე ხდებოდა, რომ ვერ ვნახულობდი, მონატრებისგან ვტიროდი. საოცარი სიყვარული მაქვს მის მიმართ და სხვათა შორის, მასაც განსაკუთრებულად ვუყვარვარ და ამას გამოხატავს. ოჯახის ყველა წევრი უყვარს, მაგრამ ძაღლებმა ამოჩემება იციან და მისთვის ის ერთი, რჩეული და განუმეორებელი ვარ მე (იცინის). მიშა მეხუმრება ხოლმე, ბუბუც ისე დადის, როგორც დედიკოო, მე მგულისხმობს, ისეთი გამოხედვა აქვს, წაგაქცევსო (იცინის). ძაღლი პატრონს ემსგავსებაო, ნათქვამი რომაა, ხომ იცი? ჰოდა, ჩვენს შემთხვევაში გამართლდა.

სანამ ბუბუ ჩვენს სახლში ცხოვრობდა, ჩემი ლოგინის გვერდით ეძინა, მოსაქმება რომ მოუნდებოდა, მიშას მხარეს მიდიოდა და იქ შვრებოდა (იცინის). ღამე იყო დიდი ამბავი, კიდევ ქნა, თან შენთან კი არა, ჩემთანო, ბრაზობდა მიშა. გამორჩეული ვყავდი და ჩემს მხარეს უფრთხილდებოდა. დღემდე, რომ გვხედავს, გიჟდება სიხარულით. ჩემი მაზლი მეუბნებოდა, მოსულები არ ხართ, რომ აფორიაქდება ხოლმეო, შევაღებთ თუ არა კარს, დიდი სიხარულით მორბის.სასწაული ინტუიცია აქვს, თურმე ძაღლები გრძნობენ პატრონის მისვლას.

- სოფო, ძაღლის თუ შეგშინებია ან თუ უკბენია?
- არასდროს. შრატი ერთადერთხელ მაქვს გაკეთებული, ოღონდ კატის გამო. წლების წინ ეზოში კიბეზე მჯდომ კატას დავადგი ფეხი, ვერ დავინახე, არ ვიცი, რა მომივიდა, აშკარად თვალთ არ მაკლია, მაგრამ ასე მოხდა. ეტყობა, ეტკინა საწყალს, აბა, რა იქნებოდა?! და გამკაწრა... სისხლი წამომივიდა. ეს არ იყო ოჯახის კატა, რომ აცრები ჰქონოდა
გაკეთებული, ამიტომ გავვარდი და საუკეთესო ხარისხის შრატი გავიკეთე. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში ისრაელში მომიწია წასვლამ, ძალიან მიყვარს მათი სამზარეულო და განსაკუთრებით, მათი სტეიკი. კონცერტის შემდეგ სავახშმოდ წავედით, გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტეიკი მეჭამა, რომელსაც ალკოჰოლურ სასმელთან ერთად წვავენ. მე შრატის გამო დიეტა მქონდა დანიშნული, მაგრამ იმას რას ვიფიქრებდი, თუ სტეიკზე გადასხმული ალკოჰოლი ალერგიას მომცემდა?! მოკლედ, მივირთვი, დავბრუნდი სასტუმროში და უცებ დავსივდი, დამეწყო ქავილი, დამაყარა... კიდევ კარგი, არ მოვკვდი. მაშინვე ცივი აბაზანა მივიღე და ყველაფერი ჩამიცხრა, თორემ სასწრაფოს გამოძახება მომიწევდა. ამის შემდეგ სულ მეშინია, რამემ არ გამკაწროს. ბუბუს კი აქვს ნემსებივით კბილები, მაგრამ ყველა აცრას ვუტარებთ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს. გარდა ამისა, ვცდილობთ, რაღაცები ვასწავლოთ, დაგვიჯეროს და არ იყოს გაუგონარი.

- დასასრულ, გაგვიზიარე გამოცდილება, რა სირთულეს უკავშირდება შინ ძაღლის ყოლა.
- ძაღლმა ძალიან დიდი სიყვარული იცის, მაგრამ კორპუსში ისიც ცოდოა და პატრონიც. ეზოიან სახლში კი ძაღლი დიდი ბედნიერებაა. ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყველაფერი აიტანო. მე, მაგალითად, არ მეზარებოდა ბუბუს სიბინძურეების დასუფთავება, მაგრამ ავად რომ გახდა, ძალიან გამიჭირდა. ამასთან, მტკივნეული იყო ისიც, რომ უჭირდა და ვერანაირად ვერ ვეხმარებოდი. ამიტომ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, ჩვენთან არ ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღიურად ვნახულობთ.

ციცი ომანიძე 
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ტატა
ბევრი სისულელე გიწერია ჩემო სოფო .ზოგჯერ მასალას უნდა გადახედო რას წერენ.ზოგი რამ შეგიძლია თქვა მაგრამ ინტერვიუსში არ დაწერო და ა.შ.......
07:50 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
უნიჭიერესი მომღერალია სოფოც და მისი ძმაც
01:12 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ქვეტექსტებით რომ აყენებს ქმარს შეურაცხყოფას არაუშავს? :)))) იმის მხარეს ისაქმებდაო ჰაჰააა :))) არ არის ცუდი გოგო ნამდვილად ვიცი მაგრამ მგონი პოპულარობისთვის მანჭვა გრეხვა ზედმეტებში გადასდის მერე თუ რაღაც ეგეთი ხდება
12:26 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სოფო იქნებ ისიც დაგეწერა საუკეტესო შრატი სად იშოვე? საწყალი ძაღლი...ეზოშიც ცოდოა.ისე "საუკეთესო"ვეტექიმი რომ გენახა ცუდიარ იქნებოდა .
07:43 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS