ჯაბა ჯიშკარიანს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. წლების განმავლობაში მიხეილ
მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ახალგაზრდებიდან ბევრი ვერ ბედავდა სააკაშვილისა და მისი გუნდის ღია კრიტიკას, ჯიშკარიანი პრესითა თუ ტელევიზიით მუდმივად ხმამაღალი ბრალდებებით გამოირჩეოდა.
ჯიშკარიანი თავისი ბრძოლის განმავლობაში დაახლოებით 15-ჯერ იყო დაკავებული, აქედან შვიდჯერ ერთთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მთლიანობაში ციხეში შვიდი თვე გაატარა. ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც მის ბევრ თანამებრძოლს, მასაც ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი კახა კუკავას პარტიის სიით ნაძალადევის ოლქში იყარა, თუმცა დამარცხდა.
შემდეგ იყო მცირე პაუზა და ბოლოს მისი გზაც ''ქართულ ოცნებამდე'' მივიდა. საკრებულოს ადგილობრივ არჩევნებში ''ოცნების'' სიით კენჭი მთაწმინდის ოლქში იყარა და ამჯერად მოიგო. დღეს ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოში ''ქართულ ოცნებას'' წარმოადგენს.
რაც შეეხება ხატია შამუგიას, იგი საზოგადოებამ წლების წინ, როგორც ერთ-ერთი რადიოს მუსიკალური წამყვანი გაიცნო. შემდეგ მის ცხოვრებაში გურამიკო ლომიძე გამოჩნდა, ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური და პოპულარული წევრი. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
ხატია არასოდეს ყოფილა ჭორების განსაკუთრებული ობიექტი, არც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა ყოველთვის ჰქონდა ისეთი სამსახური, რომ საზოგადოებაში ჩანდა. სკანდალში პირველად 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაეხვია, როდესაც კოტიკო თოლორაიასთან ერთად ხაშურში ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი კონცერტები მიჰყავდა.
ციხის უმძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ საზოგადოება ყველა იმ ცნობილ ადამიანზე, ვინც იმ პერიოდში მმართველი გუნდის გვერდით გამოჩნდებოდა, განსაკუთრებულად მძიმედ რეაგირებდა. ასე ''მოინათლა'' მაშინ ''ნაცების'' მხარდამჭერად ხატია შამუგიაც.
ძველი ხელისუფლების დამარცხებიდან ძალიან მალე შამუგიამ კიდევ ერთხელ სკანდალურად შეახსენა თავი საზოგადოებას. გავრცელებული ჭორის მიხედვით, შამუგიას მაშინდელი ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი შეუყვარდა. ამის შესახებ პრესა აქტიურად წერდა, ხატია ამ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდა, თუმცა იმას აღიარებდა, რომ შეყვარებული იყო.
''დილას რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამოჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ'', - ამბობდა მაშინ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ხატია. ''ცხვირა'', იგივე დავით გურგენიძე, მაშინდელი სამეგრელოს გუბერნატორ ზაზა გოროზიას ახლო მეგობარი და ცესკოს ერთ-ერთი წევრი იყო. ხატიამ კი, რომელსაც სამთავრობო კონცერტები ხშირად მიჰყავდა, სწორედ გოროზიას მეშვეობით გაიცნო დათო. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წელი ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი საჯარო არასოდეს ყოფილა.
მაშინ ამბობდნენ, მას მერე, რაც ხატიამ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გაუსწორდნენ ნინა წკრიალაშვილს წინასაარჩევნოდ, როდესაც ''ნაციონალების'' მაისურებს არიგებდა, გადაწყვიტა, საბოლოოდ შეეწყვიტა მათთან მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა.
რაც შეეხება ჭორებს ალექსი პეტრიაშვილთან რომანის შესახებ, არავინ იცის, რით დასრულდა ეს ყველაფერი, ან შედგა საერთოდ ეს სასიყვარულო ურთიერთობა თუ არა. ფაქტია, რომ არასდროს არც ერთ მხარეს ერთმანეთის ნაცნობობის გარდა არაფერი დაუდასტურებია, ამჯერად კი ხატიასა და ჯაბა ჯიშკარიანის სასიყვარულო ურთიერთობაზე ლაპარაკობენ.
ხატია ამ ბოლო დროს ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ძალიან ლამაზი სამკაულების ფოტოებს, რაზეც ჭორაობენ, რომ ამ ძვირად ღირებული საჩუქრებით სწორედ ჯაბა ანებივრებს.
პოლიტიკოსთან დაკავშირება საკმაოდ გაგვიჭირდა. ჯაბა ჯიშკარიანი მთელი დღის გან-მავლობაში სხდომას ესწრებოდა და ჩვენთვის ვერ მოიცალა, თუმცა ზრდილობიანად მოგვწერა, რომ საღამოს დაგვერეკა და ჩვენს კითხვებს უპასუხებდა.
- ჯაბა, შენზე ჭორი გავრცელდა, რომ შეყვარებული ხარ ერთ-ერთ ცნობილ ქალბატონზე და ხშირად გხედავენ ერთად სხვადასხვა ადგილას.
- რომელ ცნობილ ქალბატონზე? შეყვარებული არ მყავს.
- საუბარია ხატია შამუგიაზე.
- აჰა, ჩაი დავლიეთ რამდენჯერმე ერთად.
- სად გაიცანით ერთმანეთი, როგორ მიხვედით ჩაიმდე?
- აღარ მახსოვს.
- ერთმანეთის გაცნობის ამბავი არ გახსოვს?
- აღარ მახსოვს, არ ვიმახსოვრებ ასეთ რამეებს, მეცინება, ისეთ რაღაცებს მეკითხებით.
- პოლიტიკოსი ხარ, საჯარო ფიგურა და შესაბამისად, შენი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი გაზრდილია.
- უბრალოდ, ვმეგობრობთ, მეტი არაფერი. ამ ქალაქში არაფერი დაიმალება.
- ერთად დაგინახეს საავადმყოფოში, ღამე გამოხვედით და პერსონალი თქვენზე ჭორაობდა, რომ დაოჯახებას აპირებდით.
- საავადმყოფოში არ ვყოფილვართ.
- მხოლოდ ჩაიზე დადიხართ ერთად?
- ჩაიზე შევხვდით რამდენჯერმე, როგორც ჩვეულებრივი მეგობრები.
- ამბობენ, რომ სამკაულებს ჩუქნი ხატიას, რომელთა ფოტოებსაც თავის გვერდზე აქვეყნებს. შენ არ გიჩუქებია?
- (იცინის) არა, ნამდვილად არა. არასოდეს... ვის თავში დაიბადა ეს იდეა?
- როგორც ვხვდები, მხოლოდ ჩაი გაკავშირებთ ერთმანეთთან.
- არამხოლოდ (იცინის). მეგობრები რომ ხვდებიან, ხან ყავას სვამენ, ხან - ჩაის და ნამცხვარს მიირთმევენ. ჩვენ დაახლოებით ათი წელია, მეგობრები ვართ.
- იმ პერიოდშიც მეგობრობდით, როცა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გქონდათ?
- რა თქმა უნდა...
- როგორ რიგდებოდით, მახსოვს, მაშინ განსაკუთრებულად მწვავედ რეაგირებდით იმ ადამიანზე, რომელიც განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგა.
- მე ჩემს შეხედულებებს მეგობრებს მუდმივად ვუზიარებდი, მაგრამ ამის გამო არავინ დამიკარგავს.
- ხატიას დაკარგვის საფრთხის წინაშე არ ყოფილხართ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო?
- ინტრიგნული შეკითხვაა, თავიდან გამიმეორეთ...
- ...
- კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე ჩემს მეგობრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვკარგავ.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''