29 მარტი, 2015
თათია სულუაშვილს საკუთარი მანქანისგან სამახსოვროდ მხოლოდ ქურთუკი დარჩა
პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ გადავრჩი თათია სულუაშვილისთვის ''მიცუბიში'' მეორე მანქანაა. პატრულს ერთადერთხელ ჰყავს დაჯარიმებული, ისიც ისეთი ავარიის გამო, რომლის შედეგადაც მანქანა 500 დოლარად ჩააბარა...

- როცა დადგა მანქანის ყოლის აუცილებლობა, სამსახურში ვეღარ დავდიოდი, ტაქსიში უამრავი ფული მეხარჯებოდა, მერე ვიყიდე ავტომობილი. მანამდე ამის გამძაფრებული სურვილი არ მქონია, მოკლედ, დამჭირდა და ვიყიდე.

- მართვის მოწმობა მარტივად აიღე?
- მართვის მოწმობა ძალიან ადვილად ავიღე. თეორია ჩემით ვისწავლე. მართალია, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ გადავწყვიტე, ჩემით მესწავლა. მეგონა,
ადვილი იყო და შევეჭიდე, პრაქტიკაში მასწავლებელთან 10 გაკვეთილი გავიარე და გამოცდაზე გავედი. თეორია პირველ ჯერზევე ჩავაბარე, პრაქტიკაზე კი სამი ცდა დამჭირდა, მესამეჯერ ჩავაბარე და ავიღე მართვის მოწმობა.

- პირველი მანქანა საკუთარი შემოსავლით იყიდე თუ დახმარება დაგჭირდა?
- ჩემი პირველი მანქანა, რომელიც აღარ არსებობს და დავლეწე, იყო''ჰონდა ფიტი''. ბანკიდან ავიღე სესხი, იაფიანი მანქანა შევარჩიე, დაახლოებით 4000 დამიჯდა და ვიყიდე. ვფიქრობდი, ძვირად ღირებულ მანქანაზე პირველ ეტაპზე არ უნდა დავმჯდარიყავი, რადგან საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვენდობოდი, დიდი ალბათობა იყო, დამემტვრია. მართლაც, მოყინულზე მოვსრიალდი, ჩემამდე 5 მანქანა იყო ასე მოცურებული და ერთი-მეორეზე მიჯახებული და მეექვსე მივემატე. მაქანა სულ დაილეწა, იქიდან უვნებელი როგორ გადმოვედი, არ ვიცი, თმის ღერიც არ ჩამომვარდნია. ამ ავარიის შემდეგ მანქანა 500 დოლარად ჩავაბარე და ვიყიდე ქურთუკი,''ჰონდასგან'' შემრჩა ქურთუკი, რომელსაც ვერ ვიტან, რომ ვიცვამ, მეზიზღება, მგონია, იმ მანქანის რაღაც დეტალი მაცვია.

- ავარიის დროს მარტო იყავი?
- დიახ და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შევშინდი, იმიტომ, რომ მანამდე ბევრი ავარია, მირტყმა-მორტყმები მქონდა. წვრილ-წვრილ ავარიებს მიჩვეული ვიყავი და ის ბოლო იმდენად წამის მეასედებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. საღ-სალამათი რომ გადმოვედი, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ გადავრჩი.

- ამის შემდეგ საჭესთან დაჯდომის შიში არ გქონდა?
- საქმეც ისაა, რომ არ მქონდა. უბრალოდ, მერე ამერიკული მანქანა ვიყიდე, არადა, მანამდე იაპონურზე, ანუ მარჯვენასაჭიანზე ვიყავი მიჩვეული. მარცხენასაჭიანზე გადმოჯდომა ცოტა გამიჭირდა, დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ისე მივეჩვიე, ახლა მიკვირს, იმ მანქანაზე როგორ ვიჯექი.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორი მძღოლი ხარ, საკუთარ თავს როგორ აფასებ?
- მაგარი მძღოლი ვარ, ყველა დამნაშავეა ჩემ წინაშე, ყველას ცუდად დაჰყავს
მანქანა და მარტო მე ვარ მაგარი მცოდნე – აი, ასეთი მძღოლი ვარ (იცინის). მიუხედავად ამ მინუსებისა, გეტყვით, რომ სარკეებს ყოველთვის ვაკონტროლებ, ისე არ გადავდივარ ზოლიდან ზოლში, მოხვევის მაჩვენებელი თუ არ ჩავრთე, მაგრამ ცოტა სისწრაფე მიყვარს.

- რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს მგზავრები, როცა მანქანას შენ მართავ?
- ვერ გრძნობენ კომფორტულად, რადგან სწრაფად დავდივარ, თან ქალი მძღოლი ვარ... თუ, მაგალითად, ჩემი რომელიმე თანამშრომელი ბიჭი მიზის გვერდით, სულ მეუბნება ნელა, ნელა. ამ დროს კი მე ვამშვიდებ, მოდუნდი, პროფესიონალის გვერდით ზიხარ-მეთქი. ისე, ჩემ წინ მანქანა რომ მიდის, ზუსტად ვხვდები, ქალი მართავს თუ კაცი. ქალები სწრაფ მანევრებს ვერ აკეთებენ, ამიტომ შორიდანაც ეტყობა მანქანას, ვინ მართავს.

- პატრული ხშირად გაჯარიმებს?
- არა, თუ იმ ავარიის ჯარიმას არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს დავუჯარიმებივარ. სხვა მხრივ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მკითხულობენ, როგორ ხართ, რას შვრებითო, ხანდახან ანგარიშსაც მიწევენ.

- თათია,''სითი პარკის'' მსხვერპლი გამხდარხარ?
- კი, სამჯერ მომტაცეს მანქანა და მაგათ მე ლეკებს ვეძახი. არადა, ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო. ე.წ.''სტაიანშიკმა'' დამაყენებინა, წავედი გადაღებაზე, გამოვედი და სადაა მანქანა, მითხრეს, რომ მოიტაცეს. ძალიან ვინერვიულე, ისე მეჩქარებოდა და ისე მჭირდებოდა ჩემი მანქანა, ვერ აგიხსნი. რაღას ვიზამდი? ტაქსი გავაჩერე და დავიხსენი. სხვათა შორის, პირველ ჯერზე რომ გამოვედი და მანქანა არ დამხვდა, ვეძებდი, აქეთ-იქით დავდიოდი ქუჩებში, ვფიქრობდი, სიჩქარეში ქუჩა ხომ არ ამერია და სხვაგან ხომ არ დავაყენე-მეთქი, მაგრამ მერე მითხრეს, რაშიც იყო საქმე.

- საცობებებს როგორ უმკლავდები?
- საცობებზე ძალიან მეშლება ნერვები, მაგრამ როგორც მე მინდა, მანქანა მყავდეს, ისე უნდა სხვასაც, შედეგად იმატა ავტომანქანების რიცხვმა, რაც წარმოშობს საცობებს. იცის თუ არ იცის ტარება, ყველას ჰყავს მანქანა, ხანდახან ვამბობ, ამ ადამიანს მანქანა არ უნდა ჰყავდეს-მეთქი. ასეთ მოძრაობაში გადაადგილება ძალიან რთულია. რადგან ასეთ მოძრაობას ვუმკლავდები, ე.ი. კარგი მძღოლი ვარ.

- საჭე და მაკიაჟი…...
- ეს საკითხი მე არ მეხება, რადგან მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, გადაღებებზე ისე იტვირთება ჩემი კანი, მეტად შეღებვა აღარ მინდა, მეზიზღება. შესაბამისად, საჭესთანაც არ ვიკეთებ მაკიაჟს. საჭე და ტელეფონი უფროა ჩემთვის პრობლემა. როცა გამოსული ვარ, ორი შვილი მყავს დატოვებული, ამიტომ ტელეფონს ყველა შემთხვევაში უნდა ვუპასუხო. შეიძლება, ძიძამ დამირეკოს, რაღაც სჭირდებოდეს და პასუხი აუცილებლად უნდა გავცე.

- შენი მანქანაც ითავსებს გარდერობის ფუნქციას?
- კი, ახლაც სამი ქურთუკი მიდევს. ამასთან, თუკი სადმე ივენთი გვაქვს, ჩემი პერსიონაჟის სამოსიც ჩემს მანქანაშია, მერე მრჩება და მანქანით ხან ნოდარის ტანსაცმელი დამაქვს, ხან – მზექალასი და ა.შ.

- მანქანის ტექნიკურ მხარეში რამდენად ერკვევი?
- საერთოდ ვერ ვერკვევი. ერთხელ საბურავი დამეშვა, ტაქსის მძღოლმა დაშალა, დაამატა ჰაერი, დააყენა და მერე წამოვედი, ძალიან დამეხმარა. ავტოგასამართ სადგურზეც ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებს დაჰყავთ. ჯერჯერობით დიდი არაფერი სჭირდება ჩემს მანქანას, ჰაერი შეიძლება დავამატო და ზეთი გამოვცვალო, ეს მე თვითონაც გამიკეთებია.

- მანქანასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა რა არის შენთვის?
- გასარეცხად რომ მიმყავს, მე გარეთ უნდა ვიდგე და ველოდო, ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, არადა, საშინლად ვერ ვიტან დაბინძურებულ მანქანას, ვერ ვჯდები. რაღაც ისეთი სამრეცხაო უნდა არსებობდეს, სადაც სილამაზის სალონიც იქნება, კაფეტერიაც, თან მანქანა გაირეცხება, თან სალონში მოწესრიგდები.

- გარდა იმისა, რომ მანქანა გადაადგილების საშუალებაა, კიდევ რა დატვირთვა აქვს შენთვის?
- მანქანა ჩემთვის ისეა, როგორც მობილური ტელეფონი. მობილური სახლში რომ დამრჩება და ვფიქრობ, ცალი ხელი არ მაქვს, იგივე შეგრძნებაა მანქანაზეც. მიუხედავად ამისა, არ მაქვს გართულება, რომ ძალიან ძვირად ღირებული მანქანა მყავდეს, შესაძლებელია, ის მაღალფასიანი ავტომობილი ერთ თვეში ჩამოქვეითდეს, მოძვრეს რაღაცა, ამიტომ დიდ თანხას ამისთვის ვერ ვიმეტებ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ცისმარის ფანი
ცისმარი როგორ მიყვარხარ გოოგოო, სენ არ მოუკვდი შენს დედას 100 წლ!!! მიწვარხარ, ქალი ვარ მეც, ხო რა იყოტ მაგარია და მიტომ მიყვარს
15:09 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ასოშეიდეთ პრესის სააგენტო
ეს ვიღას დაჰკარგვია თავისი მანქანიანად?
14:48 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS