ამას წინათ ინტერნეტში გამოჩნდა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი რგოლი, რომელშიც სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გიორგიც მონაწილეობს.
- გიორგი, რამ გადაგაწყვეტინა ვანო
- პოლიტიკაში მივდივარ (იცინის). სულ ვამბობდი, 35 წლის ასაკში პოლიტიკაში წავალ-მეთქი, ჯერ 28 წლის ვარ. ვფიქრობ, იმ დროისთვის კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩემ გარდა ქვეყანას ვერავინ გადაარჩენს. ნუ გეცინება (იცინის). არა მხოლოდ მე, არამედ სხვებს, ვინც დღეს პოლიტიკაში არ არიან, უფრო მეტად გვესმის ადამიანების ტკივილი და პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც დღეს არიან პოლიტიკაში და ჭამა-სმისა და ტრაკის გასქელების მეტს არაფერს აკეთებენ!.. აქედან გამომდინარე, მე თუ მოვალ პოლიტიკაში...
- ფუფუნებას შეჩვეული ბიჭი ფულს არ გააკეთებ?
- იმხელა ხელფასები აქვთ, რომ კარგადაც შევჭამ და კარგადაც ჩავიცვამ. ჯიპებით დადიან, ბენზინი უფასო აქვთ, სახლ-კარი არ აკლიათ.
- შენგან როგორი პოლიტიკოსი გამოვიდოდა? შალვა ნათელაშვილს ორატორობაში გაეჯიბრებოდი?
- ნახე, ვის შემადარა?!. შალვას ვერავინ აჯობებს ვერასდროს. მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც თავის მიზნებამდე ბოლომდე ვერ მიდის, მე ჩემს მიზნებს აუცილებლად შევასრულებ. პოლიტიკას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც რეალურად გააკეთებენ საქმეს.
- ვანო მერაბიშვილის კლიპს დავუბრუნდეთ.
- ვანოს ძალიან ახლოს არ ვიცნობ. ჩვენ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ბათუმის „შერატონში“ გავიცანით. ასე სააკაშვილსაც ვიცნობ და რომ დავიწყო ახლა ჩამოთვლა, ძალიან ბევრ სახეს დაგისახელებთ პოლიტიკიდან. თურქეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში შემოვიდა. ქართველი ახალგაზრდები რომ დაგვინახა, დაგვპატიჟა, მის ხარჯზე დავლიე ლუდი, გაიშალა თურქული სუფრა, სააკაშვილის გვერდზე ვიჯექი და კარგად ვისაუბრეთ. მას შემდეგ წლები გავიდა, შემდეგშიც არაერთხელ შევხვედრივარ და კარგი გამარჯობა გვითქვამს ერთმანეთისთვის. სხვათა შორის, ურთიერთობაში ჩვეულებრივი ადამიანია, შეცდომები კი ყველას მოსდის (იცინის). დავუბრუნდები ვანო მერაბიშვილის თემას - როგორც გითხარი, ის ბათუმში გავიცანი, მე და ნიკა მემანიშვილი ვსაუბრობდით, ამ დროს ვანო მოვიდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად გამეცნო. ზრდილობის მომენტია, როდესაც ადამიანები ერთად სხედან, უნდა გაეცნო. რაც შეეხება ვიდეოში ჩემს მონაწილეობას, იმდენი აგრესიული და შეურაცხმყოფელი აზრი გამოითქვა, რომ ჩემი „ფეისბუქის“ გვერდიც კი გავაუქმე ამის გამო. მე ვთქვი, თავისუფლება ვანოს და ამაში ვგულისხმობდი იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც კრიმინალის თვალსაზრისით გვქონდა ამ წლების განმავლობაში. დღეს რაც ქვეყნდება სხვადასხვა მედიასაშუალებით, ცხადია, რომ ძარცვამ, ყაჩაღობამ მოიმატა. დღეს რომ მოვდიოდით მანქანით, გზაზე საკანალიზაციო ჭა იყო ახდილი, მის სახურავსაც კი იპარავენ. ნარკოტიკული საშუალებების დიდი ჩამონათვალია, რომელიც პირდაპირ იყიდება. ჯერ არ მინდა, პოლიტიკაში გადავვარდე, 35 წელს ველოდები, მაგრამ ფაქტია, რომ გახშირდა მკვლელობები, მამამ შვილი მოკლა, ბიჭებმა ერთმანეთი ჩახოცეს...
- „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას არ ხდებოდა ეს ყველაფერი?
- სააკაშვილის დროს ხდებოდა, მაგრამ ახლა მოიმატა. არ მინდა, კონკრეტულად ჩამოვთვალო, მაგრამ ჩემს მეზობელს ამას წინათ სადარბაზოში „ცეპი“ მოგლიჯეს, მანქანებიდან მაგნიტოფონებს იპარავენ. მე სწორედ ამ კუთხით ვთქვი - „თავისუფლება ვანოს“ , რადგან სწორედ ამ ადამიანმა მოჰკიდა ხელი კრიმინალურ სამყაროს კარგად. ვინ როგორ გაიგო, მისი საქმეა, ყველა თავისუფალია აზრის გამოთქმისას.
- რაც უნდა ილაპარაკო, მაინც ხომ ცხადია, რომ ეს ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერაა პიროვნულად.
- კი ბატონო, ასე ჩათვალონ!.. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც სიტყვის თავისუფლება აქვს, რისთვისაც ყველა ვიბრძოდით. მაქვს ჩემი აზრი და შეურაცხყოფის მოყენება ამის გამო არასწორია. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვს. თუკი არასწორი ვიყავი, გავა დრო და კისერს მოვიტეხ, აღიარება არ გამიჭირდება.
- მაინც რა შეურაცხმყოფელი კომენტარებია?
- 65 წლის ქალმა „ფეისბუქზე“ ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, იმდენი ესემესი მომწერა, რომ ძალიან დამამახსოვრდა და ამან გადამაწყვეტინა „ფეისბუქის“ გაუქმება. ლანძღვა-გინება, ოჯახის, პიროვნების, მეგობრების შეურაცხყოფა იყო და ზედ დამატებული დედის გინება. მივხვდი, რომ ხალხს, ყველაზე არ ვამბობ, ტვინში აქვს პრობლემა. ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფითა და სხვების ლანძღვით ვართ დაკავებული. რაც უნდა კარგი პრეზიდენტი მოვიდეს, ნაგვის ურნა რომ დგას ქუჩაში, ნაგავი იქ უნდა ჩააგდო და არ გადაისროლო პირდაპირ, რასაც ჩვენი მოსახლეობის 90% აკეთებს.
- გიორგი, ვანო მერაბიშვილის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აგრესია გირგვლიანის მკვლელობის თემას უკავშირდება. როდესაც მის მხარდამჭერ რგოლში მონაწილეობდი, ამაზე თუ გიფიქრია და როგორ უყურებ ამ თემას?
- ამ ორ თემას ერთმანეთთან კავშირში არ განვიხილავ, ზედმეტად არ მინდა ჩარევა. მე ვარ იმ სტატისტიკური მონაცემების მომხრე, რომელიც ვანოს დროს იყო. მე ვიბრძვი მხოლოდ ამისთვის. იმის იქით არანაირ აზრს არ ვაფიქსირებ. თუ დამნაშავეა, უნდა აღდგეს სამართლიანობა და დაისაჯოს, მაგრამ მინდა, სიმშვიდეც იყოს ამ ქვეყანაში და ჩემი მეგობრები როგორ თავისუფლადაც გადიოდნენ ქუჩაში, ისეთივე სიმშვიდე იყოს ახლაც და ვანო მერაბიშვილმა შეძლო ეს.
- ვისი ორგანიზებული იყო ვიდეორგოლის გადაღება?
- ასე არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ორგანიზებით იყო. მითხრეს თუ არა, მივედი, ჩავწერე და წამოვედი. თიკო სადუნიშვილმა დამირეკა. ის ჩემი მეგობარია, მითხრა, გიო, ასეთი რგოლის გადაღებას ვაპირებ და თუ გექნება მონაწილეობის სურვილიო. არავის არაფერი დაუძალებია.
- ისიც ითქვა, რომ სარგებელს ნახულობდით წინა მთავრობისგან...
- ესეც ითქვა. სააკაშვილის პერიოდში ორი წელი მიმტანად ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, კლუბებსა და რესტორნებში. დიდხანს უმუშევარიც ვიყავი. მე ცხოვრებაში არ დამხმარებია არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი დამეხმარება. საკუთარი თავის იმედი მაქვს. ახლა პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, იმედია, არავინ მომკლავს ამის გამო, მაგრამ ზოგადად მთავრობა ჩვეულებრივი ხალხისთვის არასდროს არაფერს აკეთებს (იღიმება).
- გიორგი, მახსოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებდი კარგა ხნით გამგზავრებას.
- ნამდვილად ვაპირებდი, იქ მუსიკალურ ფესტივალზეც გავემგზავრე, მერე უკან დავბრუნდი. სამუდამოდ წასვლა რთული გადასაწყვეტია, რადგან ჩემი მშობლები ასაკში არიან და ამის გამო ვიკავებ თავს. სხვა შემთხვევაში წამით არ დავფიქრდებოდი და იქ გავაგრძელებდი მუშაობას.
- დღეს რას საქმიანობ?
- „აფხაზეთის ხმაზე“ ვმუშაობ და ორი გადაცემა მიმყავს.
- რაც ხელისუფლება შეიცვალა, სამსახურის პრობლემა ხომ არ შეგქმნია?
- „მზეში“ დავკარგე კომფორტული სამსახური, სხვა გადაცემაც უნდა დამეწყო, კარგი ხელფასი მქონდა. უმეტეს შემთხვევაში, მთავრობის ცვლილების შემდეგ ხალხი, რომელიც მანამდე ჩანდა, ძირითადად, სხვით იცვლება ხოლმე. მაგალითად, შევარდნაძის დრო შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები ჩანდნენ, არ ვიცი, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ რა მოხდა, ეს ხალხი დაბლოკეს თუ სხვა რამ მოხდა, მაგრამ ისინი გაუჩინარდნენ და გაჩნდნენ სხვები. ალბათ, ეს ყველაფერი მთავრობის ბრალია. მგონი, ამით ადამიანების გულებს ახარებენ. საზოგადოებას, რომელიც ტელევიზიას აქტიურად ადევნებს თვალს, აგრესია უჩნდება იმ ხალხის მიმართ, რომელიც ხშირად ჩანს სხვადასხვა არხზე, ეს ვიქნები მე, შორენა ბეგაშვილი თუ სხვა ცნობილი სახე. ახალი მთავრობა ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ვითომ წინა მთავრობის ხალხს ბლოკავს, ჩდრილავს... ამით ჩვეულებრივი ხალხი თითქოს მშვიდდება. ახლა შევარდნაძის დროს დაკარგული ხალხი გამოჩნდა, რომლებიც უკვე მოხუცდნენ და მგონი, პენსიონერული გადაცემების წაყვანა კარგად გამოუვიდოდათ. ევროპაში მთავრობის ცვლილება ცნობილ სახეებს არ ეხება.
- ევროპა ხომ სხვაა და თანაც, როგორც ჩანს, ისინი ასე აშკარად არ უკავშირდებიან ძველ ხელისუფლებებს.
- გეთანხმები, მაგრამ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. მეც ვამბობ, რომ სააკაშვილის დროს იყვნენ მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები, რომელთა მიმართ მთავრობა მიკერძოებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა და ძალიან დიდ ჰონორარებს უხდიდა. გამიგია, რომ კონცერტში აუღიათ 14 ათასი, 25 ათასი... როცა ქვეყანაში შიმშილია, ასეთ თანხებს უნდა იღებდეს მომღერალი ორ-სამ კონცერტში? თბილისში არასდროს არაფერი იმალება. ერთი სიმღერა ქუთაისში იმღერა, მეორე - ფოთში, მესამე - ბათუმში და აიღო 25 ათასი.
- შეგიძლია, დაგვისახელო ეს მომღერალი?
- მე ვერ დაგისახელებთ. ამ თანხებს სტაჟისა და მთავრობასთან დაახლოების მიხედვით იღებდნენ. დღეს მათ დედა ეტირათ და მე ეს მიხარია. ვინც დაკარგული იყო, ახლა ის გამოჩნდა. მერე, როცა სხვა მთავრობა მოვა, ახლა ამ ცნობილ სახეებს დაერევიან და დედას უტირებენ.
- გიორგი, შენს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ.
- ამ მხრივ სიმშვიდე და სიწყნარეა. მყავს მარიამი, რომელიც ძალიან მიყვარს. ვართ კარგად და ბედნიერად. ის ამერიკაში ცხოვრობს, ხან მარიამი ჩამოდის, ხან მე ჩავდივარ. ერთობლივად გადავწყვეტთ, როდის უნდა დავქორწინდეთ. „ნანუკას შოუში“ სახალხოდ ვთხოვე ხელი. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი კონკრეტული თარიღი, ნიშნობა კი გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელის მოწერა და, მით უმეტეს, ჯვრისწერა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ადამიანი კარგად უნდა გაიცნო.
- რას სთავაზობ შენს საყვარელ ქალს, შეგიძლია მისი ფინანსური უზრუნველყოფა?
- ვარ ის მამაკაცი, რომელსაც 28 წლის ასაკში ყველაფერი აქვს და ამაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს. ვშრომობ, ვწვალობ, საზოგადოებამ არ იცის ეს, მაგრამ შემიძლია, საყვარელი ადამიანი ჩემს კუთვნილ სახლში ვაცხოვრო და არა ჩემს მშობლებთან, წავიყვანო დასასვენებლად და ჩემმა რჩეულმა არ იაროს სამარშრუტო ტაქსით.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“