- ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს, მეოთხე შვილიშვილი, ანიტა შემეძინა. ზუკა 14 წლისაა, კატო- 11 წლის, ქეთო- 7-ის. ანიტა სულ ორი კვირისაა. მართალია, თავიდან, ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გავაპროტესტე, რადგან რთულია, მაგრამ ანიტამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ბავშვებიც სხვანაირები გახდნენ, დედას ეხმარებიან, ძალიან კარგი ჩინელი გოგო გვყავს, წვრილი
- ვიცი, რომ პატარის აღზრდაში ჩართული ხართ.
- ვეხმარები, განსაკუთრებით დილას, როცა ბავშვები სკოლაში არიან გასაშვები.
- ოთხი შვილის დედობა უფრო რთულია, ვიდრე ბებიობა.
- რა თქმა უნდა, თუმცა მე რომ ვიხსენებ, დედობა არ გამჭირვებია. ეს რა სალაპარაკოა, მაგრამ შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა წარმატებას მიაღწიო და კარიერაზე იყო გადამკვდარი, თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს. ქალის დანიშნულება, პირველ რიგში, ეს არის.
- თქვენი შვილი რას ფიქრობს თქვენს პოპულარობაზე?
- მოსწონს და სადღაც ამაყობს კიდეც, შეჩვეულია. პოპულარობისთვის მიზანდასახულად არ მიმუშავია, ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც ამაში დიდ ფულს ხარჯავენ, მიდიან შავ პიარზეც, ასეთი პოპულარობა სწორად არ მიმაჩნია და მოკლევადიანია. პოპულარობა ისაა, როცა შენდა უნებურად, საქმიდან გამომდინარე ხდები ცნობილი. რასაკვირველია, იღბალიც უნდა გქონდეს. სანამ ტელევიზიაში მოვიდოდი, მეგონა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. მყავდა დიდი სამეგობრო წრე და საქმიანობაშიც წარმატებული გახლდით, მაგრამ ტელევიზიაში გამოჩენამ ეს პოპულარობა გააასმაგა.
- რა არის მისი პლუსი და მინუსი?
- პლუსი არის ის, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გრძნობ ხალხის სიყვარულს, მაღაზიაში, სამედიცინო დაწესებულებასა თუ აეროპორტში. ყველაზე დიდი სიამოვნებაა სიყვარული ჩვეულებრივი ხალხისგან. მინუსი ისაა, რომ ძალიან ბევრი მტერი გიჩნდება და ყველას ჰგონია, რომ შენი ლანძღვისა და შენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს. შეიძლება გაღიზიანდეს შენი პოპულარობით და შენი ადგილის დაკავება მოისურვოს. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ საქართველო პატარაა და აქ ძალიან ჩანს ფეხის დადება. გამოსდით თუ არა, ეს ხალხის გადასაწყვეტია. ვიცი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ტელევიზიით ჩანან, მაგრამ პოპულარულები არ არიან. ამას ქარიზმა სჭირდება. თუ კამერის წინ გულწრფელი ხარ, ხალხი გიღებს, თუ ტყუი, ამასაც კარგად ხედავენ, ამიტომაც არიან სხვადასხვანაირად პოპულარულები.
- თქვენ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ თავს?
- მე ადამიანს ან ძალიან ვუყვარვარ, ან ძალიან არ ვუყვარვარ. დიდხანს მეგონა, რომ ყველამ მიმიღო. მერე დაიწყო ის, რაც ყველა პოპულარულ ადამიანს ემართება, უჩნდება ერთი ან რამდენიმე მტერი და გორდება შავი პიარი. პატარა გოგო არ ვარ და ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ ხელოვნურად აგორებული შავი პიარი ძალიან მწარეა. თუმცა ამისთვის მზად უნდა იყო, ეს პოპულარობის მეორე მხარეა.
- პოპულარობამ ფული მოგიტანათ?
- არა, მე ფული არასოდეს მქონია და არასდროს მექნება, მე არ ვარ მდიდარი ქალი (იცინის). შოუბიზნესში პირველი ქალი არ ვარ. როგორც წესი, ფული ორგანიზატორს აქვს, იმ ტიპის პროდიუსერს, რომელიც ღონისძიებებს აკეთებს. ნახევარ საქართველოს ვერ გავაგებინე, რომ არ ვარ ორგანიზატორი. მე ჰონორარები მაქვს, რასაც დიდი შემოსავალი არ მოაქვს. ჩემი სპეციალობით ასეთ ქვეყანაში დიდ თანხებს ვერ იშოვი. ფული არა, მაგრამ სხვა ბევრი რამ მოიტანა.
- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ამინდი საქართველოში უკავშირდება ადამიანების გაპოპულარულებას?
- დიახ და ყოველთვის ასე იყო, შევარდნაძეს თავისი ჰყავდა, გუმბარიძეს- თავისი, მიშასაც ასე სჭირდა, მაგრამ ახლა არავის არაფერი სჭირს, ამ სფეროში სტაგნაციაა. ან არ აინტერესებთ, ან ისეთი ხალხია სადავეებთან, რომელთაც საქმე არ იციან. ეს არ უნდა აკეთოს კულტურის სამინისტრომ, ამისთვის კერძო ფინანსებია აუცილებელი.
ერთ საინტერესო ტენდენციას ვამჩნევ- ამ მთავრობას არ უყვარს მუსიკა. კონცერტებზე ხომ ვიცით, რომ მეთორმეტე რიგი მთავრობისაა, გაიხედავთ და სულ ტელეფონებში აქვთ თავი ჩარგული, არც ტაშს უკრავენ. ისიც არ იციან, რომ როცა სერიოზული მუსიკოსის კონცერტია, მთავრობა უნდა შევიდეს კულისებში და მადლობა გადაუხადოს, პირველ რიგში, იმ მუსიკოსს, მერე- ჯგუფს. ეს მიშა სააკაშვილს არ მოუგონია, შევარდნაძეც ასე აკეთებდა. აქ კიდევ უნდა ელოდო, როდის მოვა დაცვა და დასხდებიან მთავრობის წევრები კონცერტზე. შეიძლება, ეს არ იციან და ვიღაცამ უნდა ასწავლოს. მეორეა, არ იცი, მაგრამ მოგწონს და გინდა მადლობის გადახდა.… ასე რომ, ამ სფეროში ფული არ არის და დაფასება მაინც იყოს. მადლობას ბევრი რამ მოაქვს.
- ბოლოს მინდა გკითხოთ სხვა თემაზე. თუ მოქმედებს პოპულარობა პირად ცხოვრებაზე?
- ძალიან მოქმედებს და აგერ ვზივარ ცოცხალი მაგალითი. ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო ჩემი პოპულარობის რეზულტატი. კაცი ძნელად ხარშავს მეორე ნახევრის პოპულარობას. ვიღაც რომ იტყვის, გაიცანით, ეს მარინა ბერიძის ქმარიაო,… იქ ინთება წითელი. ალბათ, ძალიან ინტელექტუალურ მამაკაცს, მიმტევებელს და იუმორის გრძნობის მქონეს ეს არ დაემართება. ჩემს შემთხვევაში ძალიან დიდ პოპულარობას მოჰყვა დროის დეფიციტი. თავშიც გივარდება და ეს არავინ უარყოს. მერე სახლში რომ ქმარი რაღაცას გეუბნება, სერიოზულად არ იღებ, ამიტომ ამას სიფრთხილე უნდა. სხვა საქმეა, თუ მამულიჩა ხარ და იმავე სფეროში მოღვაწეობ. აღფრთოვანებული ვარ ნინა სუბლატის ქმრით, რომელიც არის ფენომენალური მუსიკოსი და ძალიან კარგი პროდიუსერი, რომელიც ცოლს ეხმარება. მეც ასეთი ოჯახი მქონდა, ორი მუსიკოსის, მაგრამ რაღაც ეტაპზე მე ძალიან გავვარდი წინ და ეს დამანგრეველია. კაცის პოპულარობას მეტ-ნაკლებად იტანენ ცოლები. მეც მქონია ასეთი პერიოდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ქმარი არანორმალურად პოპულარული იყო. მართალია, სულ ვიყავი მარინა ბერიძე და არა მისი გვარ-სახელის ცოლი, მაგრამ მომწონდა, მას რომ კარგად ხვდებოდნენ.
გზის დასაწყისშივე უნდა მიხვდე და დააბალანსო, თუ გინდა პირადი ცხოვრებაც და კარიერაც. მე ძალიან ბევრი წელი მეგონა, რომ გამონაკლისი ვიყავი. ისიც საშიშია, ვინ გამოჩნდება მის ცხოვრებაში (იცინის). თუ გამოჩნდა საყვარელი, კარგი გოგო, რომელსაც აქვს მიზანი, რომ ეს ყველაფერი დაანგრიოს, მაშინ ინგრევა ოჯახი, თორემ რამდენი კაცი გინახავთ, მიდის-მოდის და ცოლები ამას ვერ გრძნობენ.
...და მაინც,… პოპულარობა ღირს და კარგი რამეა. ხალხის სიყვარული ბევრ რამეს გადაწონის.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''