- 2007-დან 2012 წლამდე სააქციო
- რა კითხვებს ელოდებით აუდიტორებისგან?
- სასაცილოს... მანამდე კი თქვენი ჟურნალის საშუალებით ვაცხადებ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მანდატი პარლამენტარობა კი არა, სიმართლეა და საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებული ვარ... იმედია, დასკვნები მალე დაიდება. ახლა კი, რაც შეეხება თქვენს სტატიას, ''გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ'' , ჩემი პასუხი ასეთია: ბატონი გიორგი ჩემ წინააღმდეგ ვერ წავა, იმიტომ, რომ ის თავისი თავის წინააღმდეგ მიდის და იცით რატომ? მისი ბავშვობის ოცნება იყო კინოსტუდია ''ქართული ფილმის'' დირექტორობა. რეზო ჩხეიძეს 40 წელი ებრძოდა და ამის შესახებ მთელმა ქართულმა და საბჭოთა კინოსამყარომ იცის. საკუთარ ძმასთან, ელდართან ვერ არკვევს ურთიერთობას და ის უფრო გამიკვირდებოდა, ჩემზე კარგი რომ ეთქვა... როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, ბატონო გიორგი, თქვენ ჩემს მოადგილედ დაგნიშნეთ...
- რეჟისორი გიორგი შენგელაია თქვენი მოადგილე იყო?
- დიახ და ახლა მინდა ვკითხო, - იცით, რატომ არ აგირჩიეს მაშინ თავმჯდომარედ?.. არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა, ბატონო გიორგი. ისე, ცნობისთვის, მე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ორჯერ ამირჩიეს. თავადაც ესწრებოდით ამ ყველაფერს. ახლა კი ამბობთ, სოსო ჯაჭვლიანმა არაფერი იცისო. კი ბატონო, თქვენ ყველაფერი იცით და ყველაფერში ერკვევით, მაგრამ მე მუდმივად ვცდილობ ვისწავლო. იცით ჩვენ შორის რა განსხვავებაა? - მე მთელი ჩემი ცხოვრება მირჩევდნენ - სპორტში, მეგობრობაში, მსახიობობაში, შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, მოგვიანებით კი - ''ქართული ფილმის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ბოლოს თბილისის ყველაზე დიდი რაიონის დეპუტატობა მერგო პატივად, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ზოგიერთებივით არ ''შევტენივარ'' , დამიძახეს. ძალიან დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ''სახალხო კრებიდან'' ოთხ ადამიანს - ნონა გაფრინდაშვილს, ლუკა კურტანიძეს, გია ბურჯანაძესა და თქვენს მონა-მორჩილს, სოსო ჯაჭვლიანს დაგვიძახა. უარი მეთქვა?.. წლების წინ ჩემი ''ქართულ ფილმში'' მოხვედრა ორმა გენიოსმა - თენგიზ აბულაძემ და რეზო გაბრიაძემ გადაწყვიტეს... ისე, ცნობისთვის, შეგახსენებთ, როგორ დაინიშნეთ სააქციო საზოგადოება ''ქართული ფილმის'' თავმჯდომარედ და ჩემი განცხადებაც არსებობს... 2011 წლის 26 მაისს დამაპატიმრეს, რის შემდეგაც 30 დღე ვშიმშილობდი და 31 კილო დავიკელი. მაშინ თქვენ ჩემი მოადგილე იყავით. აქციონერებმა თქვენ და მაია არეშიძეს წერილი მოგიტანეს, რომლის თანახმადაც ჩემი გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა მოგეწერათ ხელი, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭომ, თქვენი ''მთავარსარდლობით'' , ''ჩაისვარა'' , ხელი არ მოაწერეთ... თუ იმ ამბებთან დაკავშირებით თქვენი პროტესტი სადმე არსებობს, მაჩვენეთ და ბოდიშს მოვიხდი... გათავისუფლების შემდეგ კინოსტუდიაში რომ მივედი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანდასწრებით მითხარით, სააკაშვილის მთავრობისთვის მიუღებელი კადრი ხარ და გთხოვ, გადადექიო.
- ის ოპოზიციურად იყო განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ...
- მე არაფერს ვიგონებ, ამას სხვებიც ისმენდნენ... განვაგრძობ: არადა, მეგონა, ციხის შემდეგ თქვენგან თანადგომას მივიღებდი. გავბრაზდი, თქვენი ''ვაჟკაცობით'' ''აღფრთოვანებულმა'' ყველა თქვენგანის ''დედები მოვიკითხე'' . მაშინ ჩემგან ის მიიღეთ, რასაც იმსახურებდით. ასეთ სიტყვებს ადამიანები მაშინ იღებენ, როდესაც ''ვირთხობენ'' ... მეორე დღეს, როდესაც დავწყნარდი, დავფიქრდი, ჩემი თავმჯდომარეობა სტუდიის განვითარებას ხელს თუ შეუშლის, ჯობს გადავდგე-მეთქი და განცხადება დავწერე: გადაღებებზე მივდივარ და მუშაობას ვერ მოვახერხებ, ჩემს კანდიდატურას - გიორგი შენგელაიას გთავაზობთ-მეთქი. ეს დიდსულოვნად გავაკეთე და განცხადებაც არსებობს!. ასე რომ, თქვენ არჩეული კი არა, დროებით, ჩემ მიერ დანიშნული თავმჯდომარე იყავით. თქვენგან განსხვავებით, მე სკამს არასდროს ვებღაუჭებოდი. ახალარჩეულ ბორდში იყავით, მაგრამ რადგან თავმჯდომარედ არ აგირჩიეს, დაიბოღმეთ და წამოხვედით. ყველგან სკამს ეძებდით. ვიცი, რომ იქ ახლაც გელოდებიან. თქვენ ჩემთვის დიდი რეჟისორი ხართ. ისე კი, რეჟისორობა სჯობს ხელმძღვანელობას... აქვე შეგახსენებთ იმ ფილმის გადაღებას, რომელსაც ქართველ ხალხს 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს შეჰპირდით. მაშინ თქვენს ძმასთან ერთად ''ნაციონალებს'' უჭერდით მხარს და სატელევიზიო გამოსვლაში თქვით, რომ ახალი მხატვრული ფილმის ''არსენას'' გადაღებას აპირებდით, სადაც არსენა მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, ედუარდ შევარდნაძე კი, - კუჭატნელი. ველოდები ამ ფილმს... თავი დაანებეთ ''სიყვარულს ვენახში'' და ''მიდიოდა მატარებელს'' , - ''არსენა'' უფრო გამოგივათ. რაც შეეხება კინოფილმ ''სვანს'' , რომელზეც თურმე გია დანელიამ იღადავა, ეს ტყუილია. ეს მე ვიღადავე საკუთარ თავზე ოტია იოსელიანთან, რადგან საკუთარ თავზე ღადაობა ''მევასება'' , ოღონდ ბოროტი ღადაობა ჩემი სტილი არ არის. მე მშურს თქვენი იმ ფილმების გამო, რომლებიც გადაიღეთ, მაგრამ მაშინ სახელმწიფო გედგათ გვერდში. ერთ ფილმს ორი-სამი წელი იღებდით, ასობით ადამიანი გემსახურებოდათ და კომუნისტების ხარჯზე ''გრიალებდით'' . ჩემი თაობა კი დაკარგული თაობაა. მეგონა, ეს იცოდით, მოგვეფერებოდით და დაგვარიგებდით, მაგრამ შევცდი. მე და ჩემმა ძმამ ''სვანი'' 25 დღეში გადავიღეთ, თან საკუთარი ფულით და სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომელიც გამუდმებით ხელს გვიშლიდა და ჩანაფიქრის 5%-ც ვერ განვახორციელეთ... ამის მიუხედავად, ფილმი 18 ფესტივალზე იყო წარდგენილი და 10 პრიზი აიღო. მე ის მაინც არ მომწონს. ეს პრესითაც მითქვამს და ტელევიზიითაც, მაგრამ მას დღემდე უამრავი მაყურებელი ჰყავს. მისი დონე არც თქვენი და არც ჩემი შესაფასებელი არ არის. თქვენზე კარგი კინემატოგრაფისტებიც არიან და ჩემზეც. მე ჩემი მაყურებელი მყავს და თქვენ - თქვენი. რამ გაგამწარათ და რამ გაგაბოროტათ ასე, არ გეკადრებათ ასეთი ლაპარაკი... საშუალება რომ გქონდეთ, სისასტიკით ალბათ სააკაშვილსაც გადააჭარბებდით. იმედი მაქვს, გადავიღებ იმ ფილმს, რაც მინდა და თუ სურვილი გექნებათ, სამხატვრო ხელმძღვანელად მოგიწვევთ, რადგან თქვენს ხელოვნებას უდიდეს პატივს ვცემ. ჩემს ''მონოლოგს'' ასე დავამთავრებ: ''სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი'' ... დამშვიდდით, ბატონო გიორგი, ქართული ფილმი ფეხზე წამოდგება, გიხაროდენ!.. მე მოვრჩი!
- კინოსტუდიის ბორდში შექმნილ სიტუაციას რამდენად იცნობთ?
- ახლა უფრო დიდი პრობლემები მაქვს გლდანის რაიონში და ნეტავ ისინი მომაგვარებინა... სააქციო საზოგადოება ''ქართულ ფილმში'' ბოლო 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, რეჟისორებმა დაამხეს ''ქართული ფილმი'' . საქმე მენეჯერმა უნდა აწარმოოს, რეჟისორმა კი ფილმი გადაიღოს. ამბობენ, გელა სულიკაშვილი, რომელიც ბორდმა აირჩია, ჯაჭვლიანის ჩამოყვანილიაო, ტყუილია, არც კი ვიცნობდი ამ კაცს და მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა თბილისში ჩამოვიდა. ვიღაცას ჰგონია, რომ იქ მილიონები ტრიალებს, მაგრამ არ არის ასე. მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, ბაზა ისე გაკეთდეს, რომ უცხოელებიც ჩამოდიოდნენ ფილმების გადასაღებად. ბევრი რამ გაყიდეს, მაგრამ მაინც შეიძლება იქაურობის ფეხზე დაყენება. რაც შეეხება ბორდში არჩეულ რეჟისორებს, რომლებზეც გიორგი შენგელაიამ თქვა, აზრზე არ არიანო, ლევან კოღუაშვილი ცუდი რეჟისორია? გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთბერიძე, ზაზა ურუშაძე, ნანა ჯანელიძე, შუა თაობის წარმომადგენელი ბუბა ხოტივარი, მულტიპლიკატორი დათო სიხარულიძე, საშა რეხვიაშვილი, რომელსაც საბჭოთა კინოს მეტრს ეძახიან... რომელი მათგანი დგას კინოსგან შორს? მათ შორის გიორგი შენგელაიაც იყო დასახელებული, მაგრამ წამოვიდა და ამის გამო ყველა უნდა აკრიტიკოს. პირადად ვარ დაინტერესებული კინოსტუდიის განვითარებით და როგორც თქვენი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი, გთხოვთ, ბატონო გიორგი, ნუ მოუსმენთ ჭორებს.
- სხვა საკითხებზეც გკითხავთ, შოუბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილმა გადაიღო კლიპი, ''თავისუფლება ვანოს,'' რომლითაც ისინი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ...
- მას შემდეგ, რაც ვასილ ამაშუკელმა პირველი მხატვრული ფილმი ''აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში'' გადაიღო, 200-ზე მეტი მხატვრული ფილმია გადაღებული. ამ ''ნაძირალტრესტებმა'' კი რამდენიმე წლის განმავლობაში 12 ათასზე მეტი ფაილი გადაიღეს, სადაც პორნოფილმები და წამების ამსახველი კადრებია შესული. ყველა მათგანი, დიდი თუ პატარა, შემსრულებელი თუ დავალების მიმცემი, იდეის მიმწოდებელი, წამქეზებელი და ''მფარველი'' , დასასჯელია. თუ სამართალი ყველას კარამდე არ მივა, ხვალ და ზეგ ორჯერ უფრო სასტიკ მთავრობას მივიღებთ. ამიტომ ის ვიდეომასალა, რაც გადაღებულია, ერთ ადგილას უნდა ჩაკეტონ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანადგურონ, ყველა თაობას უნდა ანახონ ხშირ-ხშირად, რათა იცოდნენ, ვინ მართავდა ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში. ძალიან ვბრაზდები, როცა ამბობენ, ვერ ვუყურებ, გული არ შემიწუხდესო. უნდა ნახო, რომ იცოდე, ვის გამოვგლიჯეთ ქვეყანა... სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ როდესაც მცირეწლოვანი ბიჭის გაუპატიურების კადრები ვნახე, ბრაზისგან მთელი სხეული ისე დამიბუჟდა, რამდენიმე წუთს ფეხზე ვერ ვდგებოდი... ეს კადრებიც უნდა ნახოს საზოგადოებამ, რომ მერე არ იყოს მოთხოვნა, ''ნაციონალებთან'' კოაბიტაციაში შედითო. ''ტამბოვსკი ვოლკი'' შევიდეს მათთან კოაბიტაციაში... მე მომხრე ვარ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების. თუნდაც იმიტომ, რომ ''ნაციონალები'' საპარლამენტო ოპოზიციაში არიან და სხვები, მათ შორის, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, ნინო ბურჯანაძე გარეთ დარჩნენ.
- კოაბიტაციას დასავლეთი ითხოვს გამუდმებით...
- რომ ჩამოდიან და ნოტაციებს გვიკითხავენ, შეურაცხყოფილი ვრჩები. კოაბიტაცია კი არა, ''ნაციონალური მოძრაობა'' უნდა აიკრძალოს. იმათ კი, ვინც მათთან არის და დანაშაული არ ჩაუდენია, შესანიშნავი საშუალება აქვთ, ეს ყველაფერი გულწრფელად დაგმონ. ამ შემთხვევაში ისინი პოლიტიკურად გადარჩებიან.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''