09 ივლისი, 2013
რა ექსცესები ახლდა ''მის თინეიჯერის'' დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი
ერთი არასწორი მოძრაობა და გოგონები აუზში ამოყოფდნენ თავს. ქვაფენილზე რამდენიმემ წაიბორძიკა კიდეც, მაგრამ გადავრჩით. საღამო მუსიკალურად ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა და მარიტა როხვაძემ გააფორმეს. შავი ზღვის სანაპირო ''უიქენდზე'' ''მის თინეიჯერისა'' და ''მის ქართველის'' კონკურსანტებმა აახმაურეს. ჟურნალისტები კონკურსის ორგანიზატორებთან, მონაწილეებსა და ჟიურის წევრებთან ერთად გრიგოლეთში, სასტუმრო ''ანდამატში'' დავბინავდით და ორი ლამაზი, მხიარული დღე მუშაობასა და გართობაში გავატარეთ.

ფოტოსესია ქვიშიან სანაპიროზე, გარუჯვა აუზზე, რაგბი, რეპეტიცია, ასე დაიწყო შაბათი გოგონებისთვის. კონკურსანტები კი მართლაც ერთმანეთზე უკეთ გამოიყურებოდნენ. სამოდელო სააგენტო
''კატრინის'' ხელმძღვანელმა და კონკურსის ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა ტრადიციას არ უღალატა და უპრეცედენტო რაოდენობის ჟიური წარადგინა.

მათ შორის იყვნენ მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე, ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, მომღერლები: მარკუს მეტრეველი და ქეთი ორჯონიკიძე, პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და სტილისტი ჯორჯ როვალსი. სხვებთან ერთად მეც მხვდა პატივი, კონკურსანტები შემეფასებინა.

ჟიურის თავმჯდომარე კრისტი ყიფშიძე გახლდათ. არჩევანი კი მართლაც რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა. მაღალ ქუსლებზე შემდგარ, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ გარუჯულ ლამაზმანებს მეზღვაურის ფორმებში გამოწყობილი ბათუმის საზღვაო სასწავლო ცენტრის სტუდენტი ბიჭები მიაცილებდნენ პოდიუმისკენ, რომელზე სიარული არც ისე იოლი აღმოჩნდა.

ერთი არასწორი მოძრაობა და გოგონები აუზში ამოყოფდნენ თავს. ქვაფენილზე რამდენიმემ წაიბორძიკა კიდეც, მაგრამ გადავრჩით. საღამო მუსიკალურად ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა და მარიტა როხვაძემ გააფორმეს.
Rating
რამდენიმე კონკურსანტმა ცეკვის ნომრებიც წარმოგვიდგინა. ჟიურის წევრებს გოგონების ტალანტის შეფასებამაც მოგვიწია, ვინაიდან კონკურსში ''მის ევროპელი'' , გოგონებმა ცეკვითაც უნდა გამოიჩინონ თავი. ამ კონკურსზე ყველა ქვეყანამ 13 გოგონა უნდა წარადგინოს. იმ დღეს რამდენიმე კონკურსანტმა დაანგრია მითი, რომ მოდელებს სცენაზე მოძრაობა უჭირთ. ''ლაზური'' ისე კარგად იცეკვა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ჟიურის თავმჯდომარეც კი ააცეკვა. შესრულდა ''მთიულური'' და ''აბრაგულიც'' .

საღამო დიჯეიმ გააგრძელა. ცეკვისგან ქანცგამოლეული გოგონები აუზისკენ გაეშურნენ. გვიან ღამეს თუხთუხისგან მოქანცულმა სტუმრებმა ჩვენ-ჩვენს ნომრებს მივაშურეთ. ის-ის იყო ჩაგვთვლიმა, რომ თავს ქარიშხალივით დაგვატყდა ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, კამერითა და მიკროფონით, - რა გესიზმრათ, ვინ გახდება წლევანდელი გამარჯვებული, ვისთან ერთად გძინავთ? - ამ კითხვებით გააღვიძა მთელი სასტუმრო.

ექსცესებიც მოხდა, როგორც აღმოჩნდა, შოთიკოს ნომერი შეეშალა და გოგონების ნაცვლად ეკა ბესელიას ძმას შეუვარდა ოთახში. ბოდიშების მოხდაც დასჭირდა ცალკეულ ნომრებში. მეორე დილით ყველა შოთიკოს ეძებდა.

დაჯილდოება მეორე დღეს ფოთში, იახტაზე გაიმართა. მზეზე გარუჯულ ჟიურის ხარბად დაგვეწაფა ჯიშიანი ფოთელი კოღოების ჯარი. ფოთელებმა დაგვამშვიდეს, ეს აუცილებელია სისხლით ნათესაობისთვისო. იმდენი სისხლი გამომწოვეს, ამ ლოგიკით ეკა ბესელია, სულ ცოტა, მამიდად მაინც მეკუთვნის. გოგონები კვლავ ორჯერ წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე: საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებით. ერთ რიგად ჩამწკრივებული მაღალფეხება ლამაზმანების ყურება ერთ რამედ ღირდა.
Rating
დაჯილდოება იახტაზე ქეთი ორჯონიკიძემ გახსნა სიმღერით, გვიმღერეს მარიტა როხვაძემ და ეკა ბესელიას ქალიშვილმა ლიზი გუბელაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ კონკურს ''ბესთ ჩაილდიდან'' ''მის ევროპის'' ტიტულით დაბრუნდა. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ტელეფონით იღებდა შვილის გამოსვლას. ამასობაში დაჯილდოების დროც დადგა,

''მის თინეიჯერი'' თამთა ქენქაძე გახდა, ''მის ევროპელისთვის'' კი 13 კონკურსანტი შეირჩა, მათ შორის იყვნენ ეკა ნასყიდაშვილი, ელენე პაიჭაძე, ია მღებრიშვილი, მარიამ თევდორაძე. გამარჯვებულს გვირგვინი კრისტი ყიფშიძემ დაადგა.

კრისტი ყიფშიძე:
- წელს მართლაც კარგი ნაკადი იყო. რთული გახლდათ არჩევანის გაკეთება, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა თამთამ. იმედი მაქვს, საპატიო ადგილით დაბრუნდება ''მის მსოფლიო თინეიჯერიდან'' .
ეკა ბესელია:
- ძალიან მიხარია, რომ ფოთი გახდა სილამაზის კონკურსის მასპინძელი. ეს იყო ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ''კატრინს'' , რომელმაც დღეს გაანათა წლების განმავლობაში ჩამქრალი ქალაქი ფოთი. არ დავმალავ, რომ სწორედ ფოთელ კონკურსანტებს ვგულშემატკივრობდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყოველ წელს ფოთში ჩავატაროთ ეს სილამაზისა და ნიჭიერების ზეიმი.
- ვხედავდი, როგორ იღებდით ტელეფონით თქვენი ქალიშვილის სიმღერას, ეს სიურპრიზი იყო თქვენთვის?
- აქამდე მხოლოდ მონაყოლი ვიცოდი, ''ბესტ ჩაილდზე'' ტალანტების კონკურსში რომ გაიმარჯვა. სცენაზე პირველად ვნახე და სასიამოვნო სიურპრიზი იყო ნამდვილად... მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჟიურის წევრებს, იმისთვის, რომ ჩამოხვედით ფოთში და მონაწილეობა მიიღეთ ამ სილამაზის ზეიმში, ფოთელებს ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ.
- სცენაზე გამოვიდა პატარა ბიჭი, რომელმაც თქვენს ქალიშვილს ლექსი მიუძღვნა, ხომ არ იცით, ვინ იყო?
- (იცინის) არ ვიცი, ნიჭიერი ბიჭი ჩანს, მგონი, ქობულეთელია.
Rating

დალი ჩიტალაძე:

- ნამდვილად ლამაზი საღამო გამოვიდა, დიდი მადლობა ორგანიზატორებს. კარგი არჩევანი გვქონდა. მე ჩემი ფავორიტები მყავდა: ეკა ნასყიდაშვილი და მარიამ თევდორაძე, ორივე გაემგზავრება მალტაში კონკურსზე ''მის ევროპელი'' . რაც შეეხება ''მის თინეიჯერს'' , თამთა ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას.
გოგონები სიმბოლურად კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებმა დაასაჩუქრეს. საღამოს დასასრულს კი ჟიურის წევრები ფოთში ერთ-ერთ რესტორანში ბანკეტზე მიგვიპატიჟეს. სწორედ იქ აღმოჩნდა, რომ სათვალე, რომელიც შოთიკო ბოჭორიშვილმა დაკარგა და 30 წუთის განმავლობაში მისტიროდა, მარკუს მეტრეველს ეკავა ხელში.

მარკუს მეტრეველი:
- ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ სილამაზის კონკურსები ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდეს. მზე, ზღვა და გოგონები ძალიან უხდება ერთმანეთს. რაც შეეხება გამარჯვებულს, თამთა ერთ-ერთი ღირსეული კონკურსანტია და ვფიქრობ, გვასახელებს საერთაშორისო მასშტაბით. დასამალი არაა, რომ ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მიხარია, რომ ამდენი ლამაზი გოგონა გვყავს. თამთამ თავისი არაქართული გარეგნობითა და დიდი ლურჯი თვალებით მონუსხა ჟიურის ყველა წევრი.
- შოთიკო ბოჭორიშვილის სათვალე შენს ხელში როგორ აღმოჩნდა?
- ინსტინქტურად, ჩემი მეგონა და რომ მოვდიოდით, მაგიდიდან ავიღე. ვერ გავაცნობიერე, რომ ხელში ორი სათვალე მეკავა (იცინის).

შოთიკო ბოჭორიშვილი:
- სიახლე იყო ჩემთვის ზღვისპირეთში ჩატარებული კონკურსი. მომეწონა ორგანიზება, მონაწილეები. ჩემი ფავორიტი ეკა ნასყიდაშვილი იყო, რომელსაც წელს ''მის თინეიჯერზე'' არ გაუმართლა, თუმცა გამარჯვებული მომწონს, ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ''მის თინეიჯერს'' მოეთხოვება. იმედი მაქვს, გვასახელებს.
- ახლა ის მოგვიყევი, სათვალე როგორ მოგპარეს?
- მაგიდაზე დავტოვე ჩემს სხვა ნივთებთან ერთად და რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდა. მეგობრის ნაჩუქარი იყო და ძალიან შევწუხდი. ავტეხე პანიკა, ფოთის პოლიცია ეძებდა ლამის. გვიან ღამით ბანკეტზე მივდიოდით. ვხედავ, ჩემი სათვალე მარკუს მეტრეველს უჭირავს ხელში. თან მეკითხება, რა ქენი, იპოვე სათვალეო (იცინის). ეს ვისია-მეთქი, ვკითხე, დაიხედა და გაოცდა, ის მე მეკითხებოდა, ეს სათვალე ვისიაო. ასე ვიპოვე ქურდი (იცინის).

ეკა მგალობლიშვილი:
- არ დაგიმალავთ, ჩემი რჩეულიც თამთა იყო. ვამაყობ დღევანდელი დღით და ჩემი ლამაზი გოგონებით. ვფიქრობ, შესაფერის ადგილს ჩამოვიტანთ პანამიდან.
თამთა ქენქაძე პანამაში ივლისში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ''მის მსოფლიო თინეიჯერში'' . 13 გამარჯვებული გოგონა კი ''მის ევროპელის'' ტიტულისთვის მალტაში გამართულ კონკურსში იასპარეზებს. 13 კონკურსანტს შორის ორი ფოთელი მონაწილეა - მარიამ დამენია და ანი ნადირაშვილი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS