10 თებერვალი, 2015
ილო ბეროშვილი დანგრეულ ოჯახსა და ნუცა ბუზალაძეზე - ''მაშინ უფრო დიდი პრობლემები გვქონდა და მერე შევრიგდით''
ნელის ვთხოვე და ჩვენი გამოსვლისას მათი ემოციები გადაიღო ''ორი ვარსკვლავის'' პირველ გადაცემას ყველამ ინტერესით ადევნა თვალი. პირველი სეზონისგან განსხვავებით, პროექტის მონაწილეებს ჯერჯერობით მაყურებლის კრიტიკა არ დაუმსახურებიათ. ბევრი მონაწილე კარგად მღერის. ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ნუცა ბუზალაძისა და ილო ბეროშვილის წყვილმა დაიმსახურა.

- პროექტში მონაწილეობამდე ერთმანეთს იცნობდით?
ნუცა:

- ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ჩემი ოჯახი ილოს იუმორისტული ვიდეოების ფანია. დეიდაჩემსა და ჩემს დეიდაშვილს ილოს ყველა ვიდეო ნანახი აქვთ. მე ყველა ნანახი არ მქონდა,
მაგრამ ძალიან მომწონდა და სულ ვფიქრობდი, რომ განსხვავებული და დახვეწილი იუმორი ჰქონდა. ჩემს ოჯახსაც ძალიან უყვარდა და ორმაგად გაუხარდათ, როცა ვუთხარი, ილო იქნება-მეთქი ჩემი მეწყვილე. პირველ გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდა.
ილო:
- ახლა გამახსენდა ნუცას დედასთან პირველი შეხვედრა. დედამისი რომ ვნახე, მივხვდი, თავს ვაწონებდი, როგორც სიძეები იქცევიან სიდედრთან პირველი შეხვედრისას. ნუცას ვეკითხებოდი, მოვეწონე თუ არ მოვეწონე-მეთქი. სასიმღერო სიძედ ვგრძნობდი თავს. რომ ვრეპეტიციობდით, ნუცას ვეუბნებოდი, დედაშენმა ჯერ არ მოგვისმინოს, კარგად რომ შევასრულებთ, მერე მოვასმენინოთ-მეთქი. თან ვიცი, რომ დედამისი ძალიან კომპეტენტურია სიმღერაში.

- ჟიურის წევრი თეონა კონტრიძე მიიჩნევს, რომ ილო ბეროშვილზე ყველა თბილისელი ნაშა უნდა ეცემოდეს.
ნუცა:

- დიახაც ასე უნდა იყოს.

- ასეთი პარტნიორის გვერდით თავს როგორ გრძნობ?
- არაჩვეულებრივად. თავიდან მონაწილეობაზე რომ დავთანხმდი, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა. ვნერვიულობდი, ჩემი ენერგიით მეწყვილე არ გადამეფარა, მაგრამ ილო იმდენად ამყვა ყველაფერში, რომ მასთან წყვილში ყოფნით ბედნიერი ვარ. ილო არც ერთ პროფესიონალს არ ჩამოუვარდება.

- მე სხვა რამ გკითხე. ილო, როგორც ბიჭი, ისე მოსწონთ გოგონებს...
- ეს მხოლოდ თეონას აზრი არაა. ყველა ასე ფიქრობს. ჩემი დაქალები გიჟდებიან ილოზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ვფიქრობ, როცა მთელ თბილისს მოსწონხარ, ეს შენთვის უფრო დიდი პლუსი უნდა იყოს. მგონია, რომ გოგონები და თბილისის ''ნაშობა'' მართლა დაუმესიჯებენ.

- ილო, ასეთ შეფასებებს ელოდი?
- შეფასებებს, როგორც წესი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი წელიც არაა გასული, რაც ამ სფეროში ვარ. პირველი, რამაც ყველაზე დიდი სიამოვნება მომანიჭა, იყო ხალხის პოზიტიური ემოცია ჩემ მიმართ. ეჭვიც კი არ მქონდა, რომ ასე მოხდებოდა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა და არ მგონია, ამას რაიმე ჩაენაცვლოს, თუნდაც ოლიმპიურ შეჯიბრებაში გამარჯვება.

- გაქვს მუსიკალური განათლება?
ნუცა:

- მუსიკალური განათლება არ აქვს და მგონია, რომ ზუსტად ამაშია მისი ნიჭი. მიკროფონი პირველად ეჭირა სცენაზე და ასე მაგრად იმღერა. მე წლინახევრის ასაკიდან ვმღერი, ჩემს თავზე ვმუშაობ და კიდევ არ ვარ ისეთი მომღერალი, როგორიც მინდა ვიყო.

- ილო, როგორ ფიქრობ, ქართულ შოუბიზნესში არის შენი ადგილი?
- შოუბიზნესი მარტო სიმღერა ხომ არაა? ძალიან გამიხარდებოდა, თუნდაც ეპიზოდური როლი რომ შემესრულებინა რომელიმე სერიალში. ჩემთვის ყველაზე ახლოს ტელევიზიაში რაიმე ღამის შოუს წაყვანა იქნებოდა.

- რა პროფესიის ხარ?
- კავკასიოლოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მერე ვსწავლობდი კავკასიურ ეთნოლოგიას, მითოლოგიას. ნახევრად ჩერქეზი ვარ, ნახევრად ქართველი და ეს საკითხები ჩემთვის საინტერესოა.

- მართლმადიდებელი ხარ?
- რა თქმა უნდა, ისევე, როგორც მამაჩემი და დედაც უკვე დაახლოებით ექვსი წელია, მართლმადიდებელი გახდა. მანამდე მუსლიმანი იყო.

- გაქვს შეხება ჩერქეზეთთან?
- ჩერქეზეთი რუსეთის ფედერაცია გახდა, შესაბამისად, ვიზის აღება რთულია. არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში ჩემი ნათესავები ჩამოვიდნენ თბილისში.

- ასეთი პროექტების მერე დუეტებს ხშირად აწყვილებენ ხოლმე. ნუცას არ ჰყავს შეყვარებული, შენ კი მეუღლეს, ნელი აგირბას დაშორებულია.
- ახლა დაშორებული ვარ, მაგრამ გვყავს ორი შვილი - 5 წლის სესილი და წლისა და ოთხი თვის ევა, რომლებიც ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, მე და ნუცას გვილაპარაკია, როგორი უნდა იყოს შეყვარებული და ძალიან მომწონს ნუცას ხედვა. ნუცას ტიპური ქართველი ბიჭები არ მოსწონს. ნუცა არაა ის ტიპი, სადარბაზოსთან ჯიპი მიასრიალო, ''აიფონ ექვსი'' აჩუქო და კისერზე ჩამოგეკიდოს. როგორც მუსიკაში, ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს.

- რადგან მსგავსი დეტალები გაარკვიე, ყველაფერი სიყვარულისკენ ხომ არ მიდის?
- ჩვენი ამბავი არ მიდის სიყვარულისკენ. მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ მე 33 წლის ვარ და ნუცა - 18-ის. დამიჯერეთ, კონკურსში მონაწილეობა აახლოებს ადამიანებს, მაგრამ უფრო მუსიკალურად, მხოლოდ მეგობრობას აღრმავებს.
ნუცა:
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' პარტნიორის შეყვარების მეტი შანსია, მაგრამ არავინ შემყვარებია. არ არსებობს, ''ორ ვარსკვლავში'' შემიყვარდეს, იმის გამო, რომ ილო სიმპათიურია. შეყვარებისთვის სხვა რამ არის საჭირო.

- ილო, თუ ცდილობ მეუღლესთან შერიგებას?
- ნელი ძალიან კარგი ადამიანია. ულამაზესი გოგოა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ყოფილი ცოლია. ობიექტური ვარ. ახლა ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება მომავალს, წინასწარმეტყველებას აზრი არ აქვს. არავინ იცის, რა გველოდება. ყველაზე მეტად რაც მიხარია, ისაა, რომ ორი შვილი გვყავს და გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. და იმის იქით რა მოხდება, არ ვიცი.

- ალბათ, სესილი ძალიან გგულშემატკივრობს ''ორ ვარსკვლავში''.
- ნელის ვთხოვე და ჩვენი გამოსვლისას მათი ემოციები გადაიღო. დიდხანს ელოდნენ ჩვენს ნომერს, არ იცოდნენ, მერამდენე ვიყავით და ცოტა ინერვიულეს. ჩვენი გამოსვლა რომ დაიწყო, სესილი თავიდან ამბობდა ჩემზე, რატომ სძინავსო, მერე იმაზე ნერვიულობდა, პიჯაკი რატომ გაიხადა, არ დარჩესო, პატარა ევა კი მუსიკას თავის მოძრაობებით აჰყვა და ძალიან ხალისობდა.

- ხომ არ გინანია პოპულარობა, რასაც, ფაქტობრივად, შეეწირა შენი და ნელის ოჯახი, თაყვანისმცემლებსა და ეჭვიანობას ვგულისხმობ.
- ეს დამატებითი პრობლემა იყო, მე და ნელის ადრეც გვქონდა პრობლემები. რაღაც პერიოდი ვიყავით დაშორებულები, მაშინ პოპულარობაზე ლაპარაკიც არ იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. იყო დრო, როდესაც სამსახურს ვერ ვშოულობდი და უსაქმურობის პერიოდი მქონდა, მაშინ უფრო დიდი პრობლემები გვქონდა და მერე შევრიგდით. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ პოპულარობა გახდა მიზეზი. მაგრამ ჩვენ ძალიან რთული მომენტები გადავლახეთ, მიხარია, რომ ახლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ და იმედი მაქვს, რომ სხვა რაღაცებში კიდევ დავბრუნდებით.

პ.ს. ფოტოსთვის მადლობას ვუხდით გიორგი ცაავას

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნიკო
ვაკაჭი და ილო მაგრები არიან.
13:24 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მირა-ბათუმელი
შერიგდით!... მეც ძაან თავმოყვარე ვყოფილვარ,ამბიციებიც სათანადო თურმე მქონია,ღალატი ხომ ეს სიკვდილის ტოლფასია, საშინელებაა, ყველა ეს ეტაპი მე გამომოვლი მაქვს ...ერთს გთხოვთ!!!!საკუთარი გამოცდილებიდან! შვილებისთვის ეს ძლიერი დიდი დარტყმა ყოფილა!.შვილების ბედნიერებისთვის კეთილდღეობისთვის, ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაიტანეთ!!!...წარმატებებს გისურვებთ!!!!!!
17:13 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
შერიგდით,თქვენი ამბიციები, პატივმოყვარეობა და თუნდაც თავმოყვარეობა გადაიტანეთ უკანა პლანზე, თქვენ არ იცით რამხელა გულისტკივილს ჩუქნით ამით შვილებს.
12:32 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
.......
მანდარინები
14:24 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ლამაზი ილო, რომელიც ამჟამად ძალიან მოდაშია
22:59 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS