- დილა იწყება მაღვიძარათი 8 საათზე, თუმცა 8-ის ნახევარზე თავადაც ვიღვიძებ, რადგან არ მიყვარს დაგვიანება. მოგეხსენებათ, პირველი ეთერი 11 საათზე მაქვს, მანამდე მომზადებაც ხომ მინდა, ამიტომ ყველაზე გვიან სამსახურში 9 საათზე მივდივარ ხოლმე, ხან ყავის დალევასაც ვერ ვასწრებ, ისე გავრბივარ სახლიდან. ტელევიზიაში მისვლისთანავე იწყება ჩემი მოწესრიგება - მაკიაჟი და ვარცხნილობა, შემდეგ ვიწყებ ჟურნალისტებთან მუშაობას, ახალ ამბებში ჩართვას და ტექსტების წერას. მოგეხსენებათ, ამ გარდამავალ პერიოდში ძალიან დატვირთული და აქტიური პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს, პატარა შეცდომის დაშვებაც კი არ შეიძლება, მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება დიდი პასუხისმგებლობაა და სიმართლე გითხრათ, ამ პასუხისმგებლობისგან უფრო ვიღლები, ვიდრე დაკისრებული სამუშაოს შესრულებისგან.
როდესაც წამყვანი ხარ და შენ აწვდი ინფორმაციას, მაყურებელი შენგან ითხოვს ოპერტიულობასაც და გადამოწმებულ ინფორმაციასაც, მეც ყველანაირად ვცდილობ დავაკმაყოფილო ყველა ის კრიტერიუმი, რაც ჟურნალისტს და წამყვანს მოეთხოვება. ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული ინფორმაციის სისწორეში, ობიექტურობაში, რომ ის პირდაპირ ეთერში გავაჟღერო. თუ ჩემთვის რაიმე ამბავი გაუგებარია, მაშინვე ვიწყებ გარკვევას, სხვა შემთხვევაში ყველანაირად ვცდილობ, არ გამოვაცხადო ის ინფორმაცია ღია ეთერში. მართალია, ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რაც ხდება. პოლიტიკურ ამბებს უფრო ცივი გონებით აღვიქვამ, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევების მოსმენისას ემოციებს ვერ ვმალავ, განსაკუთრებით, როცა ეს ბავშვს ეხება. ბოლო დროს ყველაზე დიდი შოკი ფარულმა ვიდეო-ჩანაწერებმა განმაცდევინა, ეს რთულად აღსაქმელი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუჩაში რომ მხვდებიან, მეკითხებიან, ნინო, რა არის ახალი და კარგი, როდის მოგვაწვდი დადებით ინფორმაციასო. მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ, მარტო ერთ გამოშვებაში 40-ზე მეტ ახალ ამბავს ვაცნობთ მაყურებელს, მაგრამ საღამოს საინფორმაციო გადაცემის მთავარ გამოშვებას მაინც ვუყურებ ისევ და ისევ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, თორემ ჩემთვის ტელევიზორი განტვირთვის საშუალება ნამდვილად არ არის (იღიმის).
იმიჯი და საყიდლები...
- როდესაც სამსახურში არ ვარ, ვცდილობ, თმა და სახის კანი დავასვენო. მოგეხსენებათ, სატელევიზიო მაკიაჟი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ არასამუშაო დღეებში მხოლოდ ტუშითა და „რუმიანით“ შემოვიფარგლები, ჩაცმულობის თვალსაზრისით კი მონატრებულ, თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან სამსახურიდან გამომდინარე, უფრო კლასიკურად მიწევს შემოსვა. ჩვენს საეთერო ჩაცმულობაზე ავთანდილი ზრუნავს, თუმცა პირადი გარდერობიდანაც ვავსებთ ხოლმე, მაყურებელი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ჩაცმულობის დეტალებს.
... არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ მიყვარს შოპინგი და როცა ამის საშუალებაა და მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება, ვცდილობ, იქ შევიძინო სასურველი ნივთები, თუმცა ქართულ ბაზარზეც არ ვამბობ უარს, როცა მჭირდება, თბილისშიც მშვენივრად ვყიდულობ საჭირო ნივთებს.
შვილები
- სამი შვილი მყავს, უფროსი, სანდრო, 15 წლისაა, ახლა ბათუმში ისვენებს, შუათანა გახლავთ 8 წლის სალი, პატარა კი 6 წლის ანდრიაა. სიმართლე გითხრათ, მკაცრი დედა ვარ, მაგრამ იმავდროულად მოსიყვარულეც, მიყვარს, როცა ვეფერები და როცა მე-ფერებიან (იღიმის). არ მომწონს უზრდელობა, მომთხოვნი ვარ და ხანდახან შეიძლება ზედმეტადაც კი ვაძლევ შენიშვნებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კარგი შვილები მყავს.
მეუღლე
- სიმართლე გითხრათ, ჩემს მეუღლეს დიდად არ უყვარს, როცა მასზე ვსაუბრობ, ამიტომ მცირედით შემოვიფარგლები, გაგა ჰქვია, ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, უკვე დიდი ხანია ერთად ვართ, ამდენწლიანი თანაცხოვრება საერთო შეხედულებებზეა დაფუძნებული, ჩემზე უფროსია და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. სხვათა შორის, პოლიტიკაში კარგად ერკვევა და ხშირად განვიხილავთ ხოლმე სხვადასხვა საკითხს. ტრადიციულად ყოველდღე მაკითხავს შვილებთან ერთად სამსახურში და შინ ერთად ვბრუნდებით.
ოჯახში...
- სამსახურიდან დაბრუნებული ჩვეულებრივი დიასახლისი ვხდები, დღე გრძელდება ბავშვების პრობლემებით და მათი ცხოვრებით. სამზარეულოში ტრიალი, განსაკუთრებით კი ცხობა მიყვარს, ჩემი მეუღლე ამბობს, რომ კარგი დიასახლისი ვარ და ესე იგი ასეა (იღიმის). უბრალოდ, ჩემი რეჟიმის გამო არ მაქვს იმდენი დრო, რომ სახლში ოჯახური საქმეებით დავკავდე, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ თვალსაზრისით დედამთილი ძალიან მეხმარება. ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ დესერტები, ხშირად მაქვს ჩისქეიქი, კექსი და ხაჭაპური, რომელიც ჩვენი მენიუს აუცილებელი კომპონენტია, ცომეული დიდ მოწონებას იმსახურებს ჩემს ოჯახში, ჰოდა, მეც სულ მაქვს მაცივარში ცომი, მიყვარს ფქვილთან თამაში (იცინის).
დეფიციტური თავისუფალი დრო
- ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მიუხედავად ამისა, ხშირად ვმასპინძლობთ სტუმრებს, ჩვენც ასევე ხშირად დავდივართ მეგობრებთან სტუმრად, ყველანაირად ვცდილობთ, სამუშაო საათების შემდეგ განვიტვირთოთ, ხან ბავშვებთან ერთად გავდივართ, ხან - მარტონი, გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ერთმანეთსაც დავუთმოთ დრო. მართალია, ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ დისკოთეკებსა და კლუბებში არ დავდივარ (იღიმის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“