27 იანვარი, 2015
ნოდიკო ტატიშვილი ''ცეკვების''შემდეგ დეპრესიაშია
შემდეგ ხმა მომივიდა, ჩემზე უთქვამს, რა ჯიგარი ბიჭი ყოფილა ეს ნოდიკოო ბოლო სამი თვის განმავლობაში მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს მაყურებელი მოცეკვავის რანგში უყურებდა, ისიც, თავის მხრივ, თავს არ ზოგავდა იმისთვის, რომ ყოველ სამშაბათს საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარმოჩენილიყო. შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მეორე ადგილი დაიკავა და ახალთახალი ავტომანქანის მფლობელიც გახდა. საჩუქრის გარეშე არც მისი პარტნიორი ჯულიანა ბარ-გნარი დარჩენილა, თუმცა ნოდიკომ გადაწყვიტა, მოგებული საგზურით ჯულიანა მონაკოს, ნიცას, მონტე კარლოს და სენტროპეს სანახავად წაიყვანოს.

- როგორ ხარ
პროექტის დასრულების შემდეგ?
- პროექტის დასრულების შემდეგ ცოტა დეპრესიული ვარ (იცინის). ძალიან გადამღალა ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'', იმდენად, რომ რეაბილიტაციისთვის ძალიან დიდი დრო დამჭირდება. ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მიუხედავად იმ შედეგისა, რაც ჩემს ოთხთვიან შრომას მოჰყვა, და რამაც ძალიან გამახარა, სრულად განტვირთვისთვის გარკვეული დრო მაინც დამჭირდება, შემდეგ კი ახალი გეგმების განხორციელებას შევუდგები.
- რა გახდა დეპრესიის მიზეზი, პროექტის მონატრება თუ?..
- (იცინის) პროექტი ძალიან დიდხანს არ მომენატრება. პირიქით, ამის გამო ვარ გადაღლილი. თუმცა არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს თავს ცუდად ვგრძნობდი. პირიქით, ჩემთვის ''ცეკვავენ ვარსკვლავები''ძალიან კარგი აღმოჩნდა, უბრალოდ, ცეკვა არ არის ჩემი პროფესია, მაგრამ ჯულიანამ შეძლო და ამაცეკვა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი...
- წელს როგორი ახალი წელი გქონდა, ალბათ განსხვავებული?
- ერთ-ერთი საუკეთესო ახალი წელი მქონდა. ფინალში მაჩუქეს მანქანა. წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც მანქანა აღარ მყავდა. პროექტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვმღეროდი. ჩავსხედით ჩემს ახალ მანქანაში, რომელიც ჯერ კიდევ ცელოფნებში იყო გამოკრული და წავედით რიყისკენ. თუ მალე არ მივიდოდით, ვეღარ მოვასწრებდით სცენაზე გასვლას. უკვე 12-ს 15 წუთი აკლდა, დავიძარით, ნუცამ სულ გაპუტა ჩემი ახალი მანქანის ცელოფნები, გვიხარია, ვმღერით და უცებ, შუა გზაშიც არ ვიყავით, აღმოჩნდა, რომ საწვავი გვითავდებოდა და დანიშნულების ადგილამდე მანქანით ვერ მივიდოდით. ოთხ ბენზინგასამართ სადგურზე შევედით, საწვავი არსად არ იყო. ძლივს ერთგან გაგვიმართლა, ამასობაში ახალი წელიც დადგა, მე და ნუცა ერთად შევხვდით ახალ წელს ასეთ არაორდინარულ და არასაახალწლო გარემოში, შემდეგ ბენზინიც ჩავასხით და სცენაზე ასვლამდე 5 წუთით ადრე მივედით. შემდეგ უკვე სხვადასხვა საახალწლო ივენთზე ვიმღერე და შინ გამთენიისას დავბრუნდი. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ მეგონა, კონცერტს ვერ მივუსწრებდით და ორივემ ძალიან ვინერვიულეთ.
- ახალი მანქანით კმაყოფილი ხარ?
- კი, ახალი მანქანით ვმოძრაობ. უკვე გადმოვიფორმე და ძალიან მომწონს, კარგი მანქანაა. ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ჰქონდეს მანქანას სრული კომფორტისთვის.
- ბოლო ერთი წელიწადი უმანქანოდ რატომ იყავი?
- ჯერ ''მერსედესის ემელი''მყავდა, შემდეგ ''BMV X5'', რომელიც საკმაოდ პრობლემური მანქანა აღმოჩნდა, ამიტომ გავყიდე და დავრჩი უმანქანოდ. ის პერიოდი, როცა მანქანა არ მყავდა, ჩემს მეგობრებს ვაწუხებდი, უარს არასდროს მეუბნებოდნენ, პირიქით, ყოველთვის მაძლევდნენ, მაგრამ ეს დიდ უხერხულობას მიქმნიდა. უმანქანობის დროს მეგონა, ხელ-ფეხი არ მქონდა, თან მანქანა რეალურად ძალიან მჭირდება.
- ნოდიკო, ახლა ის გვითხარი, მანქანის მართვა როგორ და რა ასაკში ისწავლე?
- მართვის მოწმობა 2011 წელს ავიღე. მე, ლანა ქუთათელაძე და დათუნა მგელაძე თეორიაში ერთად მოვემზადეთ. ლანამ თეორია პირველივე ცდაზე ჩააბარა, მე ჩავიჭერი, იქიდან გამომდინარე, რომ დათუნას ავარიის გამო მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა, კიდევ რაღაც ცნობა მოსთხოვეს, იმ ცნობის გარეშე კი თეორიის გამოცდაზე არ დაუშვეს. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. შემდეგ ჯერზე ზუსტად 3 წუთში გამოვედი თეორიის გამოცდიდან, მერე კი მე და ლანამ ერთად ჩავაბარეთ პრაქტიკის გამოცდა და ავიღეთ მართვის მოწმობები. ტარება ჩემი მეგობრების მანქანებზე ვისწავლე. რამდენჯერმე ერთი-ორი მანქანა მსუბუქად შევლახე არასწორი მართვის გამო, მაგრამ მეგობრები არც ერთხელ არ გაბრაზებულან, მიმყავდა და ვაკეთებდი (იღიმის).
- პირველი მანქანა გაიხსენე.
- 2011 წელს ამერიკიდან ჩამომიყვანეს, ძალიან მაგარ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ წელიწად-ნახევარი, რაც მყავდა, ჩემი ერთგული მეგობარი იყო, არსად გაფუჭებულა და მივუტოვებივარ. ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება უკავშირდება, ხანდახან მომინდება ნახვა, ჩაჯდომა და იმ მანქანით გასეირნება, თუმცა არ ვიცი, ვის ჰყავს ახლა. ზოგადად, ჯიპები მომწონს, ალბათ, არასდროს ვიყიდდი პატარა მანქანას. ეს ახალი მანქანაც ნახევრად ჯიპია.
- როგორ უმკლავდები და როგორ უძლებ თბილისის საცობებსა და პარკინგის პრობლემას?
- უდიდეს პრობლემას შეეხე (იცინის), სხვა რა გზაა, ვუძლებ, თუმცა შეუგნებელი მძღოლების გაძლება უფრო მიჭირს. მაგალითად, სანათურზე რომ არაფერი სმენიათ, ან შუა გზაზე რომ დადიან და ა.შ.
- ახლა გამოტყდი, როგორია შენი რეაქცია საშინლად მოძრავი მანქანის დანახვაზე?
- ჩემთვის მანქანის მართვის თეორიას, წესებს ვიმეორებ (იღიმის) და მინდა, მაგრად ვეჩხუბო. თუ ქალია საჭესთან, იქ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა კაცი მართავს წესების დარღვევით, უარესად ვბრაზდები და როგორც სხვა ბევრი, მეც ცუდ სიტყვებს ვამბობ.
ერთხელ ვიდექი წითელზე, ვიღაც გამოექანა და ჩემს ძველ მანქანაზე, ''ემელზე''უკნიდან დამარტყა. ჩემს მანქანას უკან რკინა ჰქონდა და არაფერი დაუზიანდა, ოდნავ შეილახა, მაგრამ იმ გოგოს მანქანის ე.წ ''კაპოტი''მთლიანად აიკეცა და დაიღუნა. გადავედი მანქანიდან. ის გოგო ტიროდა, მერამდენედ უნდა დამემართოს ერთი და იგივეო, მერე მითხრა გაგიკეთებო, ვუთხარი, შენს ''კაპოტს''მიხედე და აღარ იმესიჯო მანქანის მართვის დროს-მეთქი, დავემშვიდობე და წამოვედი. შემდეგ ხმა მომივიდა, ჩემზე უთქვამს, რა ჯიგარი ბიჭი ყოფილა ეს ნოდიკოო (იცინის). არადა, მაშინაც ძალიან გავბრაზდი, უფრო იმიტომ, რომ მესიჯობდა და, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავდა, რომ წინ გაჩერებული მანქანა იდგა.
- ნოდიკო, პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს, რამდენად კანონმორჩილი მძღოლი ხარ?
- კანონმორჩილი მძღოლი ვარ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, ვიყო. არც ერთ შემთხვევაში არ ვმართავ ისე, რომ ამით სხვას ან საკუთარ თავს პრობლემა შევუქმნა. ერთხელ მახსოვს, პატრულმა გემრიელად 50-ლარიანი ჯარიმა დამიწერა. მანამდე დიდხანს ''ცდილობდა'', მეთხოვა, ნუ დამიწერ-მეთქი, მაგრამ ეს რომ არ გავაკეთე, გაკვირვებულმა დამტოვა. თან წაიღო ჩემი მართვის მოწმობა და ცოტა ხანში ჯარიმის ფურცლით დაბრუნდა. მადლობა რომ გადავუხადე, ძალიან გაუკვირდა, ალბათ იფიქრა, ვერააო (იცინის). ზოგადად, პატრულთან კარგი ურთიერ-თობა მაქვს და ვერასდროს დამიჭირეს ნასვამი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ვსვამ (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
თათუკა
ნოდიკო მიყვარს.
04:27 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
მაგარი კაცია. ადამიანი სუპერ წარმატებები
01:42 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე
მიყვარხარ
02:48 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე
მართლა საუკეთესოა და იმსახურებს ბევრ ტაშს და სიყვარულს.
02:47 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
მიყვარს ნოდიკო. მაგარი მომღერალიცაა და ეტყობა რომ მაგარი ადამიანიცაა.
15:19 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS