24 იანვარი, 2015
რას ფიქრობენ ''ევროვიზიაზე'' წარსადგენ სიმღერაზე - '' თუ ათეულში მოვხვდით, უნდა გვიხაროდეს...''
ლბათ, ნინამ ეს სიმღერა ''ევროვიზიისთვის'' დაწერა გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ''ევროვიზიაზე'' საქართველოს ამჯერად ნინა სუბლატი წარადგენს. წელს შიდაშესარჩევი ტური განსხვავებულად გაიმართა. მონაწილეებს მაყურებელი უმესიჯებდა და დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ესემესის გაგზავნა იყო შესაძლებელი. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რამდენად შეიძლება სიმღერამ ქართველ მონაწილეს წარმატება მოუტანოს. ჩვენ რამდენიმე კომპეტენტური ადამიანის აზრით დავინტერესდით.

მაიკო კაჭკაჭიშვილი (კომპოზიტორი):

- მაიკო, ''ფეისბუქზე'' სტატუსი დაწერე, ''მაინტერესებს, ვინ დაწერა ნინა სუბლატის სიმღერა''. არ მოგეწონა სიმღერა?
- კონკურსზე სიმღერის ხარისხს არ
აქვს მნიშვნელობა, ამიტომ სიმღერასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ და ნინას წარმატებებს ვუსურვებ.
- ამბობენ, რომ კონკურსი პოლიტიკურია, ამიტომ გაქვს ასეთი განწყობა სიმღერასთან დაკავშირებით?
- კონკურსი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. სიმღერა როგორიც უნდა დაიწეროს, არ აქვს მნიშვნელობა. სიმღერა კონკურსის ფონია და არა მნიშვნელოვანი ნაწილი. დანარჩენზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. არც კარგს ვიტყვი და არც ცუდს. ხმას არ ამოვიღებ სიმღერის თაობაზე. უბრალოდ, მაინტერესებდა ავტორი. თურმე თავად ნინა ყოფილა. არ ვიცოდი, თუ სიმღერებსაც წერდა, ახლა გავიგე და წარმატებას ვუსურვებ.
- ამ კონკურსს, ალბათ, ყოველ წელს ადევნებ თვალს და დაახლოებით მაინც შეგიძლია პროგნოზის გაკეთება?
- ისევ და ისევ ათეულში თუ მოვხვდით, უნდა გაგვიხარდეს.
- შენთვის რომ ენდოთ ''ევროვიზიის'' კონკურსისთვის მუსიკის დაწერა, როგორ სიმღერაზე შეაჩერებდი არჩევანს?
- როდესაც რაღაცას მანდობენ, ინსტრუმენტთან ვჯდები და ფიქრს ვიწყებ, მაშინ ვხვდები, რისი გაკეთება შეიძლება, ამიტომ ვერ გეტყვით, რა სიმღერას დავწერდი. უნდა ვიცოდე, ვინ მღერის, მისი მონაცემები და ჟანრი, რომელშიც მომღერალი თავს კარგად გრძნობს. სიმღერა აუცილებლად უნდა უხდებოდეს მომღერალს. მე დავწერო და მერე ნებისმიერმა იმღეროს, ასე არ გამოდის. ტექსტი, მუსიკა და მომღერალი ერთი მთლიანობა უნდა იყოს და მაშინ გამოდის ყველაფერი კარგად. იურმალას არ შევადარებ, სხვადასხვა განხრაა, მაგრამ იცით, რომ ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო ''ახალი ტალღა''. ამიტომ უნდა ვიცოდე, ვისთვის რას ვაკეთებ.
- ნინას უხდება სიმღერა, რომელსაც ''ევროვიზიაზე'' იმღერებს?
- ნინას უხდება, მაგრამ როდესაც მოვუსმინე, იმასაც მივხვდი, რომ ალბათ, ნინამ ეს სიმღერა ''ევროვიზიისთვის'' დაწერა. ამაში 97%-ით ვარ დარწმუნებული. ''ევროვიზიისთვის'' სიმღერა ისე კი არ უნდა დაწერო, რომ გამარჯვებულებს გადახედო. ჩემი აზრით, ისეთი სიმღერა უნდა დაწერო, შენ როგორიც გინდა. რაღაცების გათვალისწინებით სიმღერის დაწერა, არ მგონია, სწორი იყოს.

ანრი ჯოხაძე:

- ანრი, მოგეწონა სიმღერა, რომლითაც ნინა სუბლატი წარადგენს საქართველოს ''ევროვიზიაზე''?
- ''ევროვიზია'' ყველაზე არაპროგნოზირებადი კონკურსია. მთავარია, რომ არსებობს ენთუზიაზმი, მონდომება და სურვილი, საქართველოდან ევროპას განსხვავებული რამ შესთავაზო.
- რას იტყოდი თავად სიმღერაზე?
- ვერ ვიტყოდი, რომ ჰიტია, რომელსაც მსმენელი დაიმახსოვრებს. მაგრამ რაც მთავარია, ნინას ძალიან უხდება და მის გარკვეულ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბოლო პერფორმანსი როგორი იქნება. ალბათ, ექნება გარკვეული წარმატება. სიმღერას კარგად ვერ ჩავუჯექი, მხოლოდ ერთხელ მაქვს მოსმენილი. ექსპერტადაც ვერ გამოვდგები. არ ვიცი, რაზეა აქცენტი გაკეთებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს ქვეყანას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას.
- წელს განსხვავებული წესით შეირჩა მონაწილე. რას იტყვი, ეს ბევრად უფრო კარგი არჩევის წესია?
- ვერ ვიტყოდი, რომ მომღერალი განსხვავებული წესით შეარჩიეს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ლაპარაკობდნენ კულუარებში, რომ ''ევროვიზიაზე'' ნინა სუბლატი წავიდოდა. არც ჩემ შემთხ-ვევაში მომიტყუებია ხალხი და ვთქვი, წინასწარ ვიცოდი, მე რომ წავიდოდი. ვერც იმას ვიტყვი, რომ არც ახლა იცოდნენ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ არაფერი. რადგან ერთი წლით ადრე ლაპარაკობდნენ, ნინა წავაო, ე.ი. მიდიოდა შიდა საუბრები. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მომღერალი განსხვავებულად შეარჩიეს. ნუ მოვიტყუებთ თავს, მოდით ვთქვათ სიმართლე. არავინ არაა ნინა სუბლატის წინააღმდეგი, არავინ ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველო ასეთმა ნიჭიერმა მომღერალმა წარადგინოს. ავირჩიოთ თავიდანვე ერთი და ვთქვათ, რომ ის მიდის და ნუ დავდგამთ მიზანსცენებს.

მარინა ბერიძე:

- მართალია, ''ევროვიზია'' პოლიტიკური კონკურსია, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში თითქმის ყველა ქართველი ძალიან კარგად წარდგა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ნინა სუბლატი არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, ღრმა ინტელექტით, ქარიზმატულია. მგონია, რომ ''ევროვიზიაზე'' თავის კვალს დატოვებს. არ ვიცი, მერამდენე ადგილს დაიკავებს, მაგრამ მსოფლიოს თავს კარგად რომ გააცნობს, ამაში დარწმუნებული ვარ.
- თქვენ მოგწონთ ნინას სიმღერა? სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ იყოთ, დაუმესიჯებდით?
- მე დავუმესიჯებდი ამ გოგოს, იმიტომ, რომ მომწონს მთელი შეფუთვით. აქვს ისეთი რამ, რაც სხვას არ აქვს. ვგულისხმობ ნიჭს, ხმის ტემბრსა და ქარიზმას. სხვანაირი გოგოა. მინდა გითხრათ, რომ ''საქართველოს ვარსკვლავის'' პირველივე კასტინგებიდან მომეწონა და მას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

სოფო ხალვაში:

- ნინა სუბლატი ძალიან მომწონს, თვითონ სიმღერაც ძალიან დადებითია. მგონია, რომ ''ევროვიზიაზე'' კარგად გამოვა და ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს. სამწუხაროდ, ''ევროვიზიაზე'' წინასწარ ვერაფერს გათვლი. ძალიან დიდი თანხაა საჭირო, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ნინას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. მთავარია, სხვა ქვეყნებმა მოგვცენ ხმა და ამისთვის აუცილებლად ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს.
- ფიქრობ, რომ კონკურსისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გადაირიცხოს თანხა?
- უნდა გაკეთდეს ძალიან დიდი პიარი. სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ჩავიდეს ჩვენი მომღერალი, რომ ქვეყნებმა გაიცნონ, რათა შემდეგ, კონკურსის დღეს, ნინა მათთვის ძალიან უცხო არ იყოს, დადებითი დამოკიდებულება გაუჩნდეთ და სხვა ქვეყნებიდან არამარტო ქართველებმა მისცენ ხმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი'' 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
კორმა......ფეტვი
როგორ ჩასუქებულა,რა საშინელებაა,იუთუბში ვნახე და გავგიჟდი, რას აჭმევენ,კი მარა....კორმას???
13:38 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
სიმღერა ცუდია. ამ გოგოს შეეძლო ემღერა უკეთესი, არაფრის მომცემი სიმღერაა. საერტოD არაფრის მომცემი.
03:54 / 27-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მანო
ეს კონკურსი მართლა არაპროგნოზირებადია,არავინ არ იცის რა მოხდება,თუმცა ლორენის შემთხვევაში 'ეიფორიამ ღირსეულად გაიმარჯვა.ნინას კი წარმატებებს ვუსურვებ.
23:26 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
არ ვარგა სიმღერა, ვერ გავა, აი ნახავთ.
19:30 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
ეს თუ კარგი სიმღერაა, მაშინ დაჩლუნგებულა ქართველი ხალხის მუსიკალური გემოვნება. ვაი ჩვენი ბრალი.თან თავი ყველაზე მაგარი რომ გონია, აი ეგ არის ყველაზე საცოდაობა.
16:54 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS