17 იანვარი, 2015
ლიკა ქორქია: " რომ გითხრათ, ვარ თუ არა შეყვარებული, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ნათქვამი მექნება''

ცოტა მერიდება ამ ყველაფერზე საუბარი

ტელეწამყვანი ლიკა ქორქია ჭორების მოყვარულებმა ხან ლევან როსტოშვილთან დააწყვილეს და ხან ნინო ბურჯანაძის შვილის - ანზორ ბიწაძის შეყვარებულიაო, - ამბობდნენ. ორივე ჭორი ჭორად დარჩა. ლიკას ამჯერად მსახიობ ლევან ხურციასთან ერთად ''რუსთავი 2''-ზე გათამაშება მიჰყავს.Aამბობს, რომ ლევანის თაყვანისმცემლებს და ჭორების მოყვარულებს, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მათ შორის არაფერი ხდება. სილამაზის დამსახურებით რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. მათ შორის იყო ''სეზონი''. ამჯერად კი გიორგი კიკალეიშვილის ფილმ ''ახალ წელს დაკარგულებში'' თამაშობს

- ლიკა, უკვე მეორედ გადაგიღეს
ფილმში. მსახიობობა შენი მეორე პროფესია გახდა?
- ცოტა მერიდება ამ ყველაფერზე საუბარი. სულ ვამბობ, არ ვარ მსახიობი და ძალიან კრიტიკულად ნუ შემაფასებთ-მეთქი, მაგრამ არის მეორე მხარეც. თუ არ გინდა, რომ გაგაკრიტიკონ, მაშინ საერთოდ რატომ თამაშობ? პირველ ფილმში მონაწილეობაზე ინტერესის გამო დავთანხმდი, მეორე კი გასართობი ფილმია, ბევრი კარგი სიმღერით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საათნახევარს ამ ფილმთან ერთად პოზიტიურად გაატარებენ მაყურებლები. რაც შეეხება ჩემს გმირს განსაკუთრებული არაფერი არ იყო შესასრულებელი. როლს გულით და სულით მივუდექი. შევეცადე ყველაფერი კარგად გამეკეთებინა და თუ არ გამომივიდა, დიდი ბოდიში.
- მსახიობობა ალბათ ძალიან შეგიყვარდა...
- მგონია, რომ რამეს თუ აკეთებ, ძალიან მაგრად უნდა გააკეთო. ჩემ პროფესიასთან არაფერ შუაში არაა მსახიობობა. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდნენ. მსგავსი ოცნება არასოდეს მქონია.
- გადაღებებზე რა ხდებოდა?
- ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ყოველთვის და ყველგან კარგ გარემოს ქმნიან, მათთან მუშაობა და დასვენებაც ძალიან კარგი იყო. გადაღებები რაბათში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღით ყველამ თავი იქ მოვიყარეთ. ჩემი გმირი კონცერტის ორგანიზატორია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში უნდა გაიმართოს და ხელმძღვანელ, შონზოსთან ერთად აგვარებს კონცერტის ამბებს. ძალიან კარგად მახსენდება გადაღებების რამდენიმე დღე. სულ კურიოზები ხდებოდა და ამის გამო გადაღებები გადაიდებოდა ხოლმე. ყველა ერთობოდა და ფანტასტიკურ ხასიათზე იყვნენ. ხანდახან რეჟისორი ჩხუბობდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ყველაფერს მობილიზაცია გაუკეთეს. ფილმი გადაღებულია სამ კვირაში. თავიდან რომ მითხრეს, ახალ წლამდე ყველაფერი უნდა მოვასწროთო, ცოტა გამიკვირდა. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- მითხარი, მსახიობობაზე არასდროს მიოცნებიაო, რა პროფესია გაქვს?
- სამედიცინო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. ჟურნალისტიკასთან ძალიან ბევრი წელი მაკავშირებს. დაახლოებით თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე მუშაობა ტელეკომპანია ''202''- ში, მერე იყო ''რუსთავი 2'' და ''საზოგადოებელი მაუწყებელი'' და ახლა ისევ ''რუსთავი 2''-ში ვმუშაობ.
- შენი პროფესიით არასდროს გიმუშავია.?
- თავიდან ძალიან მინდოდა ექიმობა, მაგრამ როდესაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ცოტა ავირიე. ინტერესები გაიყო. ექიმი თუ ხარ, ან ძალიან მაგარი უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა იყო. საშუალო დონის ექიმების დაღუპული ადამიანები ჩვენ ქვეყანაში ბევრი გვინახავს. როდესაც ექიმი მჭირდება, მეც ძალიან ბევრს ვარჩევ ხოლმე, ვის ვენდო. კარგი ექიმი ვერ გავხდებოდი, რადგან ტელევიზია ძალიან შემიყვარდა. მგონია, რომ ტელევიზია ჯადოა, რომლითაც თუ მოიწამლე, ძნელია, ჩამოშორდე.
- ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად იყავი დაკავებული, მუშაობდი დილის ეთერში. მერე საკუთარი გადაცემაც გქონდა. ახლა მხოლოდ გათამაშება მიგყავს ლევან ხურციასთან ერთად ''რუსთავი 2''-ზე. არ ფიქრობ საავტორო გადაცემის გაკეთებას?
- ალბათ ძალიან სწორი იყო, რომ ბოლო დროს პაუზა ავიღე. გადავიღალე და მივხვდი, რომ ცოტა ხანი დასვენება მინდოდა. დავისვენე და ვისწავლე ის, რისი სწავლაც მინდოდა. წავედი სამოგზაუროდ და ვნახე ის ადგილები, რომლის ნახვაც ძალიან მინდოდა. რამდენიმე თვე ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე ჩემი განვითარებისთვის. ლატარეა ადრე დიმა ობოლაძესთან ერთად მიმყავდა და შესაბამისად ეს გარემო ჩემთვის უცხო არ იყო. შემდეგ გათამაშება ჩემს დას და გიგი დედალამაზიშვილს მიჰყავდა და რამდენიმეჯერ დავესწარი. არასდროს მიფიქრია, რომ ამ ამპლუაში ისევ აღმოვჩნდებოდი. პარალელურად კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ, რომელზე საუბარი ჯერ არ მინდა.
- და-ანი ქორქია ხომ არ განაწყენდა მის მაგივრად რომ მიგყავს გათამაშება?
- მე და ანის განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ და შესაბამისად სხვანაირი დობა გვაქვს. სულ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ''რუსთავი 2''-ისგან შემოთავაზება რომ მივიღე, პირველ რიგში მას დავურეკე და ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. თუ გინდა და გრძნობ, რომ ყველაფერი გამოგივა, აუცილებლად უნდა დათანხმდეო, მითხრა. თავიდან ძალიან ჩართული იყო და ყველაფერს ემოციურად უყურებდა. ანი კრიტიკული არასდროს არაა, მაგრამ ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევს და იმდენად კარგად იცის ამის მოწოდება, რომ არც გაბრაზდები. ყოველთვის მგულშემატკივრობს.
- რა რჩევები მოგცა გათამაშების წამყვანობისთვის?
- ძირითადად დგომასთან დაკავშირებით მაძლევს რჩევებს, ან თმა როგორ გავისწორო.
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. დღემდე ვისზეც თქვეს, რომ შეყვარებულები იყავით, არც ერთი არ დამთავრდა ოჯახის შექმნით.
- ორ ადამიანზე დაიწერა, რომ შეყვარებული ვიყავი და არც ერთს არ ვიცნობდი იმ პერიოდში. ახლა ორივეს ვიცნობ. ორივე შეთხზული ჭორი იყო. ერთხელ ძალიან გავბრაზდი და ჟურნალისტს დავურეკე, რატომ ჩემთან არ გადაამოწმეთო-მეთქი. მითხრა, იცი რა კარგად გაიყიდა ნომერიო, -Dდა მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა გაპროტესტებას.
- როგორც ვხვდები, ნინო ბურჯანაძის შვილზე იყო საუბარი.
- ამ შემთხვევაში არ იყო ბურჯანაძის შვილზე საუბარი, მაგრამ ალბათ კარგად გაყიდეს ჟურნალი. თბილისი პატარა ქალაქია, ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი იცის. თან ძალიან საყვარელი ჟურნალისტები წერენ ამ ამბებს. მტკიცებით ფორმაში არაფერს ამბობენ.
- ალბათ ყოველთვის ჯობია, თქვა გყავს თუ არა შეყვარებული.
- რატომღაც ყველას აინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება. პატარა დეტალს რომ გაიგებენ, იმის გარშემო მთელ თხზულებას აგებენ. ბოლოს ყველაფერი აბსოლუტურ მარაზმში გადადის. ზოგი იმდენად წუხდება ხოლმე ზედმეტი კითხვებით, რომ თვითონვე იწყებენ საუბარს. მათი კარგად მესმის. მე პირად ცხოვრებაზე არასდროს მისაუბრია და ვცდილობ, ამ თემას თავი ავარიდო. თუ ვინმეს რამე ინტერესი გაუჩნდება, მერე გაუნელდებთ. რომ გითხრათ, ვარ თუ არა შეყვარებული, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ნათქვამი მექნება. შესაბამისად პირადზე არ ვისაუბრებ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS