- სალომე, უფრო მეტი მოუყევი ჩვენს მკითხველს საკუთარ თავზე.
- რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება ინტერვიუზე, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდა და არ მომწონს პირად საკითხებზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ოფიციალური და რეესტრში გატარებულია (იღიმის). მყავს მეუღლე, საბა კარტოზია, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული და
- როგორ უთავსებ ოჯახს, შვილებს, სამსახურს, როცა დილის 5 საათზე გიწევს სახლიდან გასვლა?
- ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, ერთმანეთთანN ურთიერთობის უფრო მეტი მოთხოვნილება გვაქვს, სულ მინდა, მალე წავიდე სამსახურიდან და მეტი დრო გავატარო შვილებთან, შეიძლება გვიან, როცა დაიძინებენ, სახლიდან გავიდე, მაგრამ სანამ ღვიძავთ, მინდა, მათთან ერთად ვიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეუღლე გმირია, რადგან ჩემს რეჟიმს უძლებს.
- რამდენ წელს ითვლის შენი და თაკოს მეგობრობა?
თაკო:
- 5 წელიწადს. მე რომ ''იმედში'' მოვედი, სალომეც ახალი მისული იყო და ერთმანეთი აქ გავიცანით.
სალომე:
- გაცნობისთანავე გამოიკვეთა, რომ დავმეგობრდებოდით, პრინციპში, ამას დიდი დრო არც დასჭირვებია. მართალია, მე და თაკო ბავშვობიდან ერთად არ მოვდივართ, მაგრამ თვალდახუჭული ვენდობი და ნებისმიერ საკითხზე შემიძლია ვესაუბრო.
თაკო:
- ამ ურთიერთობამ გამზარდა, ბევრი რაღაც სხვანაირად დამანახვა, გარკვეულწილად შემცვალა, უფრო თვითმყოფადი და ჩამოყალიბებული გავხდი. სალომე ჩემზე დიდია, ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერაში, ოღონდ ეს ყველაფერი ჩემს მიღმა ხდებოდა, შემდეგ ვხედავდი, რომ ეს ადამიანი თურმე ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა იმისთვის, რომ წინ წავსულიყავი. ამ ყველაფერს მოგვიანებით რომ იგებ, ძალიან გსიამოვნებს და გეამაყება ის ადამიანი.
- წვლილში რა იგულისხმება?
- ძალიან იყო ჩართული ''ცეკვების'' პერიოდში, ასევე დილის ეთერში ჩემი წამყვანად დასმის საკითხში. ყველაზე მთავარი არის, რომ ჩემი სჯეროდა.
სალომე:
- ''დღის შოუს'' კასტინგზე რომ არ შედიოდი, ეგ მოყევი. კასტინგზე ჩაცმულ-დახურული, გაპრანჭული მოვიდა, სააპარატოში ვიდექით და სხვა ადამიანებსაც ვუყურებდით, რომლებიც ასევე შესარჩევად იყვნენ მოსულნი. არ ვიცი, რა დაინახა, მოეჩვენა, რომ ვიღაცები ძალიან მაგრები იყვნენ თუ რა, მაგრამ უცბად თქვა, არ შევალო. რასაც ჰქვია, ძალით შევაგდე, ბოლოს კი აიყვანეს. მართალი რომ გითხრა, სხვა მაგალითი არ მახსენდება, რომ ხელი წამეკრას, დანარჩენი პირადად ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანური საქმეა და არ მგონია, რომ გმირობა ჩავიდინე.
- სალომე, პირად საკითხებში თუ ურჩევ რამეს თაკოს და თაყვანისმცემლებს თუ უწუნებ?
- რასაკვირველია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დილემების წინაშე დგას, მისი პირადი ცხოვრება ჩვეულებრივია, ჰყავს თაყვანისმცემლები, ინტერესის ობიექტები, ყოფილა შემთხვევა, მისთვის თაყვანისმცემელი დამიწუნებია, ან პირიქით, მასზე მეტად მომწონებია და შემიქია კიდეც, თუმცა ძირითად შემთხვევაში ჩვენი აზრები ემთხვევა.
- როგორია თქვენეული გართობის წესი?
თაკო:
- ვერ ვიტყვი, რომ კლუბური ცხოვრების მოყვარულნი ვართ, გვირჩევნია, მშვიდად დავსხდეთ სადმე და ვისაუბროთ, ან სულაც ერთმანეთს ვესტუმროთ და კარგად გავერთოთ სიმღერითაც, ცეკვითაც.
სალომე:
- კი, ჩემთან კარაოკეზე კარგად ვერთობით ხოლმე.
- არის თემა, რომელზეც კამათობთ?
თაკო:
- ვერ ვიტყვი, რომ ტიპაჟურად ერთნაირი ადამიანები ვართ, პირიქით, ძალიან განვსხვავდებით და ამას ყველა აღნიშნავს, არც ვფიქრობ, რომ მეგობრობისთვის ორი ერთნაირი ადამიანია აუცილებელი, ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ იწვევს.
სალომე:
- საფუძველი საერთო გვაქვს, იმის იქით უფრო საინტერესოც კია განსხვავებული აზრი ან თუნდაც კამათი.
თაკო:
- საბოლოო ჯამში, მაინც იქამდე მივდივარ, რომ სალის თავს ვუქნევ.
- არ შეიძლება, ახალ წელზე რომ არ ვისაუბროთ.
სალომე:
- ერთ დიდ სახლში მშობლებთან, ძმასა და ქმარ-შვილთან ერთად ვცხოვრობ, ჩემი რეჟიმიდან, სამსახურიდან გამომდინარე, საახალწლო საქმეებს ყოველთვის დედა აგვარებს და სამზადისშიც თავიდან ბოლომდე ისაა ჩართული, შესაბამისად, სამზარეულოში ფუსფუსისთვის ვერ ვიცლი. სიმართლე გითხრა, დიასახლისობა არც მიყვარს, თაკო სტუმრად რომ მოდის ჩემთან, ის უფრო ტრიალებს სამზარეულოში ჩემს ქმართან ერთად, ვიდრე მე (იღიმის). რადგან სამზარეულოს თემას დედა აგვარებს, მე ნაძვის ხის მორთვის საკითხი მაქვს საკუთარ თავზე აღებული.
თაკო:
- ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა ლამაზი და ''ფუშფუშა'' ნაძვის ხეები. მე და დედას ნაძვის ხის ერთად მორთვის ტრადიცია გვაქვს, სხვა მხრივ რომ ვთქვა, წინასაახალწლო სამზადისში ჩართული ვარ-მეთქი, არ იქნება მართალი. შეიძლება, ეს მართლა ჩვენი რეჟიმიდან, სამსახურიდან და ყოველდღიურობიდან მომდინარეობს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი არ მიყვარს. პირიქით, ეს დღესასწაული ახალ იმედებს, ახალ საქმეებს უკავშირდება და განწყობაც შესაბამისი მაქვს. თან მე და სალომეს ახალი წლიდან ერთობლივი გეგმები გვაქვს, რომელზეც ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი. ახალი წელი ოჯახური დღესასწაული მგონია და ვფიქრობ, როგორ გლამურულ ადგილზეც უნდა იყო დაპატიჟებული, მაინც სახლში უნდა შეხვდე.
- ბედობის გჯერათ?
- გარკვეულწილად, მჯერა ამ დღის, მინდა, კარგი განწყობით ვიყო, მგონია, რომ ამას მაინც აქვს მნიშვნელობა.
სალომე:
- დაკვირვებული ვარ, რა განწყობით, რა მდგომარეობით, რა პრობლემითაც ვხვდები ახალ წელს, ისე გრძელდება მერე მთელი წელი. ეს არ ვიცი, ცრურწმენაა თუ რა, მაგრამ მაინც ვცდილობ, კარგი განწყობით შევხვდე და წელსაც ასე იყო.
- გაიხსენეთ ყველაზე უცნაური ახალი წელი.
თაკო:
- შარშან შევხვდი გზაში, დამთავრდა ''ცეკვები'' და სახლში ახალი მანქანით მივდიოდი, ყველაზე მეტად ბედნიერი ვიყავი იმით, რომ პროექტი დამთავრდა.
სალომე:
- უცნაური რამდენადაა, არ ვიცი, მაგრამ ერთ წელიწადს გუდაურში შევხვდი მეუღლესთან ერთად.
თაკო:
- რადგან სამსახური გვაქვს, ტელევიზიაში ვმუშაობთ, ხშირად ჰგონიათ, ძალიან ბობოქარი ცხოვრებით ვცხოვრობთ, მაგრამ რეალურად ასე არ არის, ძალიან მშვიდი და წყნარი ცხოვრება გვაქვს.
სალომე:
- ტელევიზიაში იმდენი და იმდენნაირი ხალხი ტრიალებს, იმდენ ისტორიას ვისმენთ, რომ ეს ყველაფერი გვავსებს. აქედან გასულს ვინმემ რომ მითხრას, კლუბში წავიდეთო, დავცინებ. გართობის თვალსაზრისითაც საუკეთესო ადგილია ჩვენი სამსახური, თან საქმეს ვაკეთებთ და თან ვერთობით... ''იმედი'' ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ეს დაწეროთ (იღიმის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''