ნინოს 31 დეკემბერს შევხვდით. ეს ერთ-ერთია იმ გამონაკლისებიდან, როდესაც საახალწლო პერიოდს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ატარებს.
13 იანვარს რუსთაველის თეატრში ნინო სურგულაძე პაატა ბურჭულაძესთან, ანი კეკუასთან, ჯაზბენდ ''ირიაოსთან'', ორკესტრსა და ქრისტოფ შვაიცერთან ერთად
ნინოს 31 დეკემბერს შევხვდით. ეს ერთ-ერთია იმ გამონაკლისებიდან, როდესაც საახალწლო პერიოდს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ატარებს.
13 იანვარს რუსთაველის თეატრში ნინო სურგულაძე პაატა ბურჭულაძესთან, ანი კეკუასთან, ჯაზბენდ ''ირიაოსთან'', ორკესტრსა და ქრისტოფ შვაიცერთან ერთად მიიღებს მონაწილეობას დავით მალაზონიას მუსიკალურ პროექტში ''გზავნილები გია ყანჩელს''. ამ და სხვა თემებზე თავად ნინოს ვესაუბრეთ.
- ვიცი, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ბევრი რამ თავად გააკეთეთ.
- წინა წლის 10 ივლისს გვქონდა ღონისძიება, დავეხმარეთ სულ შვიდ პატარას, რომლებიც თავს უკეთ გრძნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მათ ამბებს, კონტაქტი გვაქვს. მეორე კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართა და ამისთვის თვე-ნახევრის განმავლობაში ვემზადებოდით. რაც შეეხება კითხვას, თავად ბევრი რამ რატომ გავაკეთე, ზედმიწევნით მომთხოვნი ადამიანი ვარ, შემდეგში პრობლემები რომ არ შემქმნოდა, მერჩივნა, თავად მენახა ყველა დეტალი. თანაც, თანხაც დავზოგე. მინდოდა, ყველაფერი მაქსიმალურად წასულიყო ბავშვებთან. რამდენიმე თანამშრომელი მყავს, რომლებიც მაქსიმუმს იღებენ საკუთარ თავზე. შედეგი ძალიან დიდია და კმაყოფილი ვარ, რადგან ამ კონცერტის შედეგად სოლიდური თანხა შეგროვდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ან სპონსორობის სახით ჩაერთო ამ ღონისძიებაში ან სხვა, მცირე წვლილი მაინც შეიტანა.
- ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გიძინიათ.
- ასეა, მაგრამ ასეთი შედეგისთვის საერთოდაც არ დაიძინებს ადამიანი, თუმცა შემოქმედების მხრივ პაუზა მქონდა, რადგან მომღერლისთვის რთულია ასეთი საქმისა და სიმღერის შეთავსება. ახლა კი იგეგმება კონცერტი, 13 იანვარს. ჩვენს უდიდეს კომპოზიტორს, გია ყანჩელს, 2015 წელს 80 წელი უსრულდება და დავით მალაზონიას პროექტი სწორედ ამ თარიღს ეძღვნება. ჩემთვის პატივია ამ კონცერტში მონაწილეობა, ვინაიდან გია ყანჩელი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული, თვითმყოფადი და დიდი კომპოზიტორია და ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. როდესაც ჩემს უცხოელ კოლეგებს ვესაუბრები, თავად ახსენებენ დიდი სიმპათიითა და პატივისცემით, ბევრს შესრულებულიც აქვს მისი ნაწარმოებები.
- როგორია თქვენი გია ყანჩელი? სევდიანი?
- რა თქმა უნდა, იმავდროულად, ძალიან სახასიათო. მისი მუსიკა, ასე ვთქვათ, ევროპული ქართულია. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული იყო სრულიად განსხვავებული. ჰქონდა ევროპული ელფერი და არ კარგავდა ქართულს. კარგი იქნებოდა, ეს ჩვენც გვესწავლა. ყველაფერი, რაც მას აქვს შექმნილი, კლასიკური ნაწარმოებები, კინო თუ თეატრისთვის დაწერილი მუსიკა, შესანიშნავია. პირადად მე 8 წლიდან მქონდა შეხება ''ჰერიო, ბიჭებოსთან''. პირველად რუსეთში 8 წლის ასაკში შევასრულე ცენტრალურ არხზე. მკითხეს, რაზეა ეს სიმღერაო და ვუთარგმნე, რომ პატრიოტულ თემაზე იყო. მახსოვს, ბავშვობისას კიდევ უფრო გულწრფელად და გულით ვმღეროდი. სხვანაირად მიძგერდა გული. ახლა, როცა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ცხოვრებისეული ეტაპები გავიარე, სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებს განსხვავებულად აღვიქვამ.
- გამოცდილება ახსენეთ. რამდენად გეხმარებათ, შეცდომები, ნეგატიური თუ პოზიტიური მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, უკეთ სიმღერაში.
- ცხოვრება, რა თქმა უნდა, სავსეა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენებით. ცნობილი გამონათქვამია: ''რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს''. მე ამ პრინციპით ვცხოვრობ, თუმცა უფრო მეტი პოზიტივი შემხვედრია. ყოფილა ცრემლიც, თუმცა ასეთი მომენტები იმიტომ დგება, რომ დააფასო შენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ. არის საოპერო პარტიები, რომელთა შესრულებაც ყველა ასაკში შეიძლება, მაგრამ არ იქნება სრულყოფილი, თუკი არ გაქვს შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილება. 25 წლის ასაკში ასე არ ვფიქრობდი, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ (იღიმის).
- დღეს როგორ უყურებთ თქვენს მიღწევებს? კმაყოფილი ხართ?
- არასდროს არ ვარ კმაყოფილი, ყველა მეგობარი თვითკრიტიკულ ადამიანს მეძახის, კრიტიკა ეხება როგორც გარეგნობას, ასევე საქმეს. ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. შესაძლოა, იმიტომ, რომ სასწორი ვარ. რთულია ის, რაც ჩემს თავში ხდება, რადგან სულ აიწონა-დაიწონაა, მაგრამ თუკი რამე გადავწყვიტე, შემდეგ იმას მივყვები. ვფიქრობ, ჩემი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებაა ის, რაც მუდმივად მამოძრავებს და სიახლეებისკენ მიბიძგებს. ცხოვრება აზრს დაკარგავს, თუკი მუდმივი მიზანი არ მექნება. კარგია, რომ იმ საქმეს ვემსახურები, რაც ძალიან მიყვარს.
- და დიდი სიმაღლეები დაიპყარით ამ სფეროში.
- მე ასე ვერ ვიტყვი. ის ნამდვილად ვიცი, რომ უდიდეს პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა დიდ თეატრებში და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
- ამას წინათ ნინო მაჩაიძესთან ერთად აღმოგაჩინეთ ათ ულამაზეს მსოფლიო საოპერო მომღერალს შორის…...
- ამაზე ცოტა გამეცინა, მომღერალს რომ გარეგნობით აფასებენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და, პირველ რიგში, როგორც ქართველს, გამიხარდა, მაგრამ ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია (იღიმის). მნიშვნელოვანია თუნდაც ის საქველმოქმედო საქმიანობა, რომელზეც 24 საათი ვფიქრობ. მგონი, უკვე ჩემი ძირითადი საქმე ეჭვიანობს მასზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს.
- თქვენს პოპულარობას ამ კუთხით კარგად იყენებთ.
- ბავშვობაში ზღაპრებს ყველა კითხულობდა, იქ დიდი სიბრძნეა. ჯადოსნური ჯოხი ხელში ცუდ ძალას რომ არ უნდა ჩაუვარდეს, ყველამ ვიცით. პოპულარობაც ასეა. ჩვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებას მივცემთ. პირადად მე მინდა, რომ პოპულარობა დადებითად გამოვიყენო და ბავშვებს დავეხმარო. რა თქმა უნდა, პოპულარულ ადამიანებს აქვთ სხვებზე ზემოქმედების უნარი, ამიტომ აუცილებელია, თითოეულ სიტყვას დაუკვირდე. ამას ისე ვუყურებ, როგორც პასუხისმგებლობას.
- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ პირადი ინტერესებისთვის?
- ფარდა რომ იხურება, მერე რა ხდება (იღიმის)? მყავს მეგობრები, მაქვს ჩემი ინტერესები, მაგრამ თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება. თუ დრო მაქვს, სიამოვნებით ვწერ, ვუყურებ ფილმებს, ვსტუმრობ კინოთეატრებს, მიყვარს თეატრი, მუზეუმების მონახულება. ბევრი რამ მაქვს კიდევ სანახავი. იმისთვის, რომ მიხვდე, რა არის ამა თუ იმ ერის საფუძველი, აუცილებელია მუზეუმის დათვალიერება. ჩემი პერსონაჟების გამდიდრებაშიც ძალიან მეხმარება. როცა დრო მაქვს, ვვარჯიშობ სპორტდარბაზში, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, სამი-ოთხი თვეა, არ მივარჯიშია.
- 31 დეკემბერია და ახალი წლის ტრადიციებზეც მითხარით რამდენიმე სიტყვა.
- სამწუხაროდ, ბოლო 15 წელია, ცოტა მახსოვს ისეთი 31 დეკემბერი, რომელსაც თბილისში ვატარებ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ მშობლებთან ერთად ვხვდები ახალ წელს და შემდეგ მეგობრებს შევუერთდები. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეკვლეობას. ვინც შარშან იყო ჩემთან მოსული, ძალიან ვთხოვე, რომ წელსაც აუცილებლად მოვიდეს. ამას წინათ მითხრა, ეტყობა, საქმიანობის კუთხით კარგი ფეხი მაქვსო, ახლა კი დამატებითი მეკვლე გჭირდება, რომელიც კარგად და ბედნიერად გათხოვების საკითხს მოაგვარებსო (იცინის). თუ რამე მოსახდენია, ისედაც მოხდება.
- როგორ შეიძლება თქვენი მოხიბვლა? ალბათ, ბევრს შეეშინდება…...
- მართლაც ბევრ მამაკაცს ეშინია ძლიერი ქალის. საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც ძლიერი ქალები არ ცხოვრობენ. ერთი რამ ვიცი, ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ჩემზე ძლიერი უნდა იყოს (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''