- ციცინო კობიაშვილის ახალ სპექტაკლ ''კაცებში'' ვმონაწილეობ. სათაურიდან გამომდინარეც ჩანს, რომ კაცები მთავარი მოქმედი გმირები არიან. ეს არის კომედია, რომელშიც სხვა
- ამ სპექტაკლის გარდა კიდევ სად ხარ დაკავებული?
- ალექსანდრე ხუთი თვის მყავს და ბოლო პერიოდში მხოლოდ მისით ვარ დაკავებული. რაღაც შემოთავაზებები მქონდა, რომლებზეც უარი ვთქვი. მერჩივნა, მთელი დრო ბავშვთან გამეტარებინა. იანვრიდან მინდა, ისევ აქტიურად ჩავება სამსახურში.
- ყველას გვაინტერესებს, შესაძლებელია, დაბრუნდე ''ჩემი ცოლის დაქალებში''?
- ჩვენი პროფესია ისეთია, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. რამდენიმე თვის წინ ეს კითხვა რომ დაგესვათ, ვიტყოდი, ვბრუნდები-მეთქი. ასე შევთანხმდით, რომ ჩემი ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სერიალში ჩემი გმირი დაბრუნდებოდა. დაახლოებით სიუჟეტიც კი ვიცოდით, მაგრამ ცხოვრებაში დაგეგმილად არაფერი ხდება. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე, მაგრამ ამ ეტაპზე არც მე და არც სერიალზე მომუშავეები ამ მიმართულებით არაფერს ვგეგმავთ.
- თქვენ შორის არსებული შეთანხმება ვისი მხრიდან დაირღვა?
- როცა ამერიკიდან ჩამოვედი, გადაწყდა, რომ სერიალში სიახლე სხვა პერსონაჟებით შეეტანათ. ამ გადაწყვეტილებას სავსებით ვეთანხმები. ალბათ, ასე იყო საჭირო.
- ამერიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში იყავი. საქართველოში წერდნენ, რომ იქ აპირებდი კარიერის გაგრძელებას.
- ძალიან კარგი იქნებოდა. ამერიკაში რომ ჩავედი, ფეხმძიმედ ვიყავი. ვცდილობდი, სააგენტოებში ჩემი მონაცემები გადამეგზავნა, მაგრამ პირადად ვერ მივიდოდი. ვფიქრობდით, რომ მშობიარობის შემდეგ უფრო ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი, მაგრამ სამსახურშიც უნდა დავბრუნებულიყავი. ''რუსთავი 2'' მელოდებოდა. უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მეთქვა, ამერიკაში ცხოვრება გამიტკბა და აქ ვრჩები-მეთქი. შეიძლებოდა დარჩენა და რაიმე სიახლის დაგეგმვა, მაგრამ წამოვედი.
- რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ამერიკაში მშობიარობა?
- სანამ წავიდოდი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე. რთული იყო ამერიკაში მარტო წასვლა. მართალია, იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, მაგრამ მშობლების გარეშე ძალიან გამიძნელდებოდა ბავშვის გაჩენა. ამერიკაში გამგზავრებას იმდენი პლუსი ჰქონდა, რომ უარს ვერ ვიტყოდი. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც ამერიკაში იმშობიარეს, მითხრეს, საქართველოშიც გავაჩინეთ და ამერიკაშიც, იქ იმდენად მარტივად მოხდა ყველაფერი, ვერც შევადარებთო. უხერხული თემაა, მაგრამ ისე ვიმშობიარე, ''საერთოდ არაფერი გამიგია...''. საქართველოში ასე იშვიათად ხდება. ალბათ, ტექნიკა არ გვაქვს ისეთი, როგორიც ამერიკაში, თორემ ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი ექიმები გვყავს.
- ახერხებ ალექსანდრესთან ბევრი დროის გატარებას?
- დედობა იმდენად მაგარი გრძნობაა, რომ მინდა, ყოველი წუთი და წამი მასთან ერთად ვიყო, მაგრამ ამის მოხერხება შეუძლებელია. დედობა ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება. შეიძლება, მე და ჩემი ქმარი წავიდეთ სადმე და გავერთოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივეს ერთი სული გვაქვს, რომ ალექსანდრესთან ჩქარა მივიდეთ. შვილზე დიდი საოცრება არ არსებობს.
- როგორ გეგმავთ ახალი წლის გატარებას?
- აქამდე ახალ წელს სახლში ვხვდებოდით და მერე გასართობად სხვაგან მივდიოდით, ახლა არ ვიცი, როგორი ახალი წელი გვექნება. ალბათ, სტუმრები ჩვენთან მოვლენ.
- საახალწლო ტრადიცია გაქვს?
- მაქვს ტრადიცია, არ ვაკეთებ საცივს. არ მიყვარს დიდი და ტრადიციული სუფრები. ტკბილი სუფრა უფრო მიყვარს, ვიდრე ბევრი საჭმელი. მით უფრო, რომ ახალ წელს მარხვაა და ხორციანი კერძები, წესით, არ უნდა მოვამზადოთ. გოზინაყი ძალიან მიყვარს და კარგად გამომდის.
- როგორ გოზინაყს ამზადებ?
- არ მიყვარს თეთრი გოზინაყი. მიყვარს კარგად მოხალული და კარამელის ფერის.
- რადგან ხორციანი საჭმელები არ გიყვარს, ალბათ ამიტომ მოახერხე მშობიარობიდან მალევე ფორმაში ჩადგომა.
- ვფიქრობ, რომ საცივზე მეტად ტკბილეული ასუქებს, რომელიც მე ბევრად უფრო მიყვარს. ფეხმძიმობის დროსაც ბევრი ტკბილი მინდებოდა, მაგრამ არ შეიძლებოდა და ვცდილობდი, არ მეჭამა. ფორმაში მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ თავისთავად ჩავდექი. არ ვიცი, ალბათ, ეს გენეტიკურია. სამაგიეროდ, ჩემი შვილი სუქდება და მძიმდება.
- ცვლილებაა შენს გარეგნობაში. თმის მოკლედ შეჭრა რატომ გადაწყვიტე?
- არასდროს მქონია და სულ მინდოდა, როდისმე მოკლე თმა მქონოდა. ბოლო დროს ძალიან გრძელი თმა მქონდა და ყველა ამბობდა, რა მაგარიაო. სიახლე ძალიან მინდოდა, ამიტომაც შევიჭერი. ასე მოკლედ არ ვაპირებდი, სახლში რომ მივედი, ყველა გაოცებული დარჩა და საბედნიეროდ, ყველას მოეწონა.
- მეუღლეს შენს ჩაცმულობასთან დაკავშირებული შენიშვნები თუ აქვს?
- შეიძლება მეტ-ნაკლებად მოსწონდეს რაიმე ჩემს ჩაცმულობაში, მაგრამ არასდროს უთქვამს რაიმეზე, არ ჩაიცვაო. მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი არ უყვარს. ფეხსაცმელს პატარა წვეტები აქვს. იმ ფეხსაცმელს რომ ვიცვამ, მეუბნება, ვერ ვუყურებო. გართულებები არ აქვს. თუ მიხდება, ყველაფერი მოსწონს.
- შენს როლებზე რას ფიქრობს?
- ყველაფერი ნანახი არ აქვს, მაგრამ სულ ცდილობს, სადაც ვმონაწილეობ, ყველაფერს თვალი ადევნოს.
- მოსწონდა კატო?
- როგორც პერსონაჟი, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა. კატოზე ორივეს გვეცინებოდა, როგორც რიგით მაყურებლებს. ბაჩო პრეტენზიული მაყურებელი არაა. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც პირდაპირ მეუბნებიან, რა მოსწონთ და რა - არა. ბაჩო ტკბება იმით, რასაც უყურებს. ნაკლს არ ეძებს. უბრალოდ, კარგი მაყურებელია.
- მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' აღარ ხარ, ადევნებ თვალს სერიალს? ხომ არ ფიქრობ, რომ ძველი სერიები ჯობდა?
- ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. სულ ვამბობ, კარიერაში გამიმართლა-მეთქი. ''შუა ქალაქში'' მხოლოდ ერთი წელი ვიყავი და ყველა თიკად აღმიქვამდა. ვფიქრობ, მსახიობისთვის პლუსია, როცა მხოლოდ ერთ გმირად არ რჩები. მერე ''დეტექტივებში'' გადამიღეს და ყველას გამომძიებელი ვეგონე. ხალხი არ ჩაიციკლა იმაზე, რომ მე კატო ან ''დეტექტივების'' მსახიობი ვარ და მრავალფეროვნების შესაძლებლობა მეძლევა. ძალიან გამიმართლა, რომ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ვიყავი. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ახლა, როგორც მსახიობმა, სხვა როლი შეიძლება მოვირგო. რამდენი წელი შეიძლება, ითამაშო ერთი და იგივე პერსონაჟი? სერიალს ყოველთვის სჭირდება სიახლე. მერე მაყურებელი იტყვის, ერთი და იგივე მსახიობები მოგვბეზრდაო.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''