ცნობილი დები ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები საახალწლო თემაზე ჩავწერეთ, თუმცა ბევრი რამ მათი ურთიერთობის შესახებაც შევიტყვეთ.
ნანუკა:
- ყოველი ახალი წელი ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთად ვხვდებით. ბაბუმ დაამკვიდრა ასეთი ტრადიცია, 12 საათის შესრულებამდე 1 წუთით ადრე წინასწარ მომზადებულ ფურცელზე ვწერთ სურვილს, ვწვავთ, ფერფლს ვყრით შამპანურში და
- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ?
- დედა ყოველთვის ზრუნავს, რომ ჩვენთვის ბოლომდე თოვლის ბაბუად დარჩეს, ამ ასაკშიც კი. ბებო და ბაბუ პირდაპირ გადმოგვცემენ ხოლმე საჩუქრებს, დედა და მამა კი ნაძვის ხესთან გვახვედრებენ. სახლში სამი ნაძვის ხე გვაქვს, ვიცით, ერთ-ერთთან რომ საჩუქარი დაგვხვდება და დილაობით დიდი ინტერესით მივდივართ.
ნინი:
- ჩვენც ძალიან გვიყვარს საჩუქრების გაკეთება, მაგრამ შარშან სხვა რაღაცებზე ვიყავით გადართულები და ისე გამოვიდა, რომ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩვენ ოჯახის წევრები ყოველთვის გვახარებენ, ჩვენთვის ამ ასაკშიც კი არსებობს თოვლის ბაბუა.
- ოჯახში სამი ნაძვის ხე რატომ გაქვთ?
ნანუკა:
- ნათიას ფანტაზია ხომ უსაზღვროა, ამიტომ ყოველთვის განსხვავებული ნაძვის ხეები გვაქვს, 90-იანებში პირველად ნათიამ დაკიდა ჭერში ნაძვის ხე, მერე შემოვიდა ეს პარიზში, ნიუ-იორკში და ა.შ. ისეთ რაღაცებს იგონებს, რაც 2-3 წლის შემდეგ აუცილებლად შემოდის მოდაში.
ნინი:
- ნათიამ ჭაღის ადგილას დაკიდა ნაძვის ხე, ვინც კი მოდიოდა, გაკვირვებული უყურებდა. დღესაც უცნაურად გვაქვს ნაძვის ხეები.
ნანუკა:
- წელს პირველი ახალი წელია, როცა დაგეგმილი არ მაქვს, სად მივდივარ და მინდა, სახლში დავრჩე, წელს რატომღაც ასეთი განწყობა მაქვს.
ნინი:
- მეც სახლში შევხვდები, მაგრამ მერე ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ. ორივეს ისეთი დატვირთული პერიოდი გვაქვს, ბოლო 4-5 დღე ვზრუნავთ საახალწლო სამოსზე, ახლაც იმედი მაქვს, ასე იქნება, მაგრამ დაახლოებით ვიცი, როგორი კაბა მინდა.
ნანუკა:
- მე რატომღაც გადავწყვიტე, ბიჭურად შევხვდე ახალ წელს, რაღაც ძალიან თავდაყირა ახალი წელი მექნება (იცინის). შარვლითა და პიჯაკით გამიხარდებოდა ყოფნა, თავისუფალ სტილში.
- წინასაახალწლო პერიოდში, ან უშუალოდ ამ დღესასწაულის დროს საზღვარგარეთ თუ ყოფილხართ?
- ამერიკაში რომ ვიყავი, შემეძლო, ახალ წელსაც დავრჩენილიყავი, მაგრამ აქაურობა და ჩემი ოჯახი ისე მენატრებოდა, რომ რაც სანახავი იყო, ყველაფერი ვნახე და აქეთ წამოვედი. ნიუ-იორკში პომპეზურად არ აღნიშნავენ ახალ წელს, აქვთ ქუჩის აქტივობები და შემდეგ რესტორანში მიდიან. ერთი თვით ადრე ისეთი სამზადისი იწყება, ყველაფრის ნახვა მაინც მოვასწარი.
ნინი:
- მე გერმანიაში გახლდით, ამერიკისგან განსხვავებით, ეს პროცესი იქ ძალიან საინტერესოა. ამ ქვეყანაში ახალ წელზე მეტ დატვირთვას შობას და წმინდა ნიკოლოზის დღეს ანიჭებენ. ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის განსხვავებული სპეციფიკა აქვთ, წინდებს უკიდებენ და თუ კარგად მოიქცევა, წმინდა ნიკოლოზი ბავშვს კანფეტებს ახვედრებს, ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი პატარა წკეპლას, რომელსაც ბოლოში კანფეტი აქვს მობმული.
- მინდა, თქვენი ურთიერთობის შესახებ მეტი მითხრათ.
ნანუკა:
- ნინი ხუმრობით მეუბნება ხოლმე, ჩემი უფროსი ძმა ხარო. ზოგადად, ეჭვიანი არ ვარ არანაირ ურთიერთობაში, მაგრამ თუ ეს ნინის ეხება, საქმე სხვაგვარადაა. მთელი ჩემი ეჭვიანობა ნინისკენ მაქვს მიმართული.
ნინი:
- იმდენად ეჭვიანია, რომ ხანდახან იმისიც ეშინია, რამე არ დავუმალო. ზოგადად, ერთმანეთისგან დამალული არაფერი გვაქვს, ბიჭების თემა იქნება თუ სხვა, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით და ჩვენს აზრს თუ რჩევას პირდაპირ ვამბობთ.
ნანუკა:
- ნინი ფსიქოლოგიას სწავლობდა და მართლა ძალიან ჭკვიანია თავის ასაკთან შედარებით, საღად აზროვნებს.
ნინი:
- არ ვარ ემოციური ადამიანი. შემიძლია, ცივ გონებაზე მივიღო გადაწყვეტილება და შევაფასო სიტუაცია. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვუყვები, მაინც აწუხებს ეჭვი, რამეს ხომ არ ვუმალავ. თუ ცოტა ხანს ტელეფონზე ვმესიჯობ და თან გამეღიმა, ნანუკას მკაცრი მზერა და ტონი ისმის, რა ხდება?! ხანდახან განზრახ ვუკეთებ ხოლმე ასეთ რაღაცას (იცინიან). თუ ვინმე ბიჭს შევაქებ, ნანუკა უკმაყოფილო სახით ამბობს ხოლმე, ნუ, ჰო კარგი, გავიგეეთ….
- ნინი, შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ნანუკას თაყვანისმცემლების მიმართ?
- ჩვენ ერთმანეთის გარემოცვაში ისე კარგად ვგრძნობთ თავს, ისე ვხალისობთ და ისე ვერთობით, სიმართლე გითხრა, ერთმანეთის თაყვანისმცემლებს არ განვიხილავთ, სანამ ტელეფონი არ აფეთქდება, მანამ ეს თემა არც გვახსენდება.
ნანუკა:
- ერთი და იგივე თაყვანისმცემელიც გვყოლია, ჯერ ერთთან რომ დაუწყია ურთიერთობა, არაფერი გამოსვლია და მეორესთან გადასულა, მაგრამ იქაც უშედეგოდ. არადა, იციან, რომ დები ვართ. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ნინისთვის მიუწერიათ, დღეს რა კარგი იყავი ეთერში, როგორ გიხდებოდა წითელი ქურთუკიო, არადა, იმ დღეს ნინის ეთერი საერთოდ არ ჰქონია.
ნინი:
- ყველგან ერთად ვართ, ერთნაირი ხასიათი გვაქვს და ეტყობა, ის ბიჭებიც ფიქრობენ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იქნებაო (იცინიან). მაგრამ არც ერთთან არ გამოსდით. სხვათა შორის, რაც ნანუკას გადახდომია თავს, თითქმის ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მეორდება.
ნანუკა:
- რაღაცას რომ მიყვება, ამბის განვითარებასა და დასასრულს მე ვეუბნები. ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ, ჩვენ კი მეექვსე გრძნობა კარგად გვაქვს განვითარებული. ხუმრობით მეძახის ხოლმე, ლელა კაკულია ხარო (იცინის). რასაც ვიტყვი, როგორი წარმოუდგენელიც გინდა იყოს, არ არსებობს, ორ-სამ თვეში არ მოხდეს.
- ერთმანეთის გარდერობზე რას იტყვით?
- მეც და ნინისაც ისეთი იმიჯი გვაქვს, რომ სულ მოკლე და ამოღებული უნდა გვეცვას. რომ ნახოთ, ყოველდღიურად რას ვყიდულობ, გაოცდებით. ბავშვის სექციაში ძალიან ბევრჯერ მიყიდია სამოსი.
ნინი:
- მე ძალიან დიდი მონდომებით ვაწყობ ხოლმე ლუქს და ამ დროს ნანუკა გამოდის ვარდისფერი, ყვავილებიანი ქურთუკით. მაღაზიის ბოლოდან ყვირის, ნინი, ეს კარგიაა? არადა, უჭირავს რაღაც საბავშვო სამოსი. ვპასუხობ, კარგია, მაგრამ მე არ ჩავიცვამ-მეთქი და ამის გაგონებაზე დამოკიდებულება ეცვლება (იცინის).
ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ნანუკა ჩემი პატარა და ჰგონებიათ. დასასვენებლად ვიყავით ერთად, ბიჭების სამეგობროს მოვწონდით, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მე ძალიან დიდი ვარ, ქმარმა გამომიშვა და წამოყვანილი მყავს ნანუკა, ოღონდ რატომ, არ ვიცი.
ნანუკა:
- მე როცა ვისვენებ, სახტუნაოზეც კი ვხტუნაობ, ბოლომდე ვირგებ დასვენებას და ეტყობა ჰგონიათ, რომ პატარა ვარ, ნინის კი გამომეტყველებაც სერიოზული ადამიანის აქვს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''