ერთ დარბაზში თავი მოიყარეს შორენა ბეგაშვილის ''ქმრებმა'', მოღალატეობას შემთხვევით თუ არაშემთხვევით გადარჩენილმა მეუღლეებმა, ძალიან შილიფად ჩაცმულმა მოცეკვავეებმა, მოდელმა გოგო-ბიჭებმა, უსაყვარლესმა პატარებმა, რომლებიც
''მარაოს'' გუნდი მაია ასათიანთან ერთად, რომელიც, მოგეხსენებათ, არხის დირექტორია, ძალიან საინტერესო საახალწლო საღამოს გვპირდება ჯერ ''მარაოზე'', 31 დეკემბერს, საღამოს ათი საათიდან, შემდეგ კი პირველ იანვარს, უკვე ''რუსთავი 2''-ის ეთერში, როდესაც მათი მომზადებული ახალი წლის შოუ დედობილ არხზე გადაინაცვლებს.
რაც შეეხება თავად ჩაწერას. საღამოს ექვსი საათიდან დარბაზში შეკრება დაიწყეს არხის სახეებმა: ნინა წკრიალაშვილმა, ოთო ფოლადაშვილმა, შორენა ბეგაშვილმა, თიკო სადუნიშვილმა, თიკა ფაცაციამ, ნიკა გრიგოლიამ, ნუკი კოშკელიშვილმა…, საახალწლო გადაცემის წამყვანებად ისინი წყვილ-წყვილად მოგვევლინებიან.
ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად პროგრამის შესახებ. გადაცემაში ნახავთ და მოისმენთ იმ ქავერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართველ ცნობილ მომღერლებს ''პროფილის'' ეთერში შეუსრულებიათ, ასევე ''მარაოს'' წამყვანთა მიერ ჩაწერილი ჰიმნიც აჟღერდება. თავად გადაღებებზე ძალიან სახალისო გარემო იყო. ნიკა გრიგოლია ყველა ნომრის ჩაწერის შემდეგ სცენისკენ მიემართებოდა და დამსწრე საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისა და აპლოდისმენტებისკენ მოუწოდებდა. თან, ახსენებდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელიაო. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვები. ამასობაში დარბაზში ცნობილი სახეები ერთმანეთს ესალმებოდნენ და საუბრობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც ვერ მოითმინა და ნინასა და შორენა ბეგაშვილს შორის ''ჩასკუპდა''. შესანიშნავ ფორმაში იყო თიკა ფაცაცია, რომელმაც მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე ცეცხლი დაანთო და ''ვოლარე'' შეასრულა.
ჩვენ ცნობილი სახეების წინასაახალწლო განწყობით დავინტერესდით და მათ ახალამუშავებული არხის შესახებაც ვკითხეთ მოსაზრება.
ნუკი კოშკელიშვილი:
- ვფიქრობ, ''მარაოს'' შექმნის გადაწყვეტილება ძალიან კარგი იყო, რადგან ასეთი, ქალებისთვის განკუთვნილი არხი, ქართულ ტელესივრცეს ძალიან აკლდა.
- შენ და ოთო საახალწლო ეთერში ტანგოს ცეკვავთ. შენ ახალ წელს არ აგცდა კიდევ ერთხელ ტანგოს შესრულება.
- არ ამცდა, მაგრამ წელს ოთოსთან ერთად მიმყავს კიდეც გადაცემა, ამიტომ ტანგოსთან ერთად, წაყვანაც არ ამცდა (იცინის).
- სურვილს ჩაიფიქრებ 31-ში?
- ჩავიფიქრებ, მაგრამ ვერ გეტყვით რას, რადგან არ ამისრულდება. წინა წელს ჩაფიქრებული სურვილი კი ამიხდა.
ოთო ფოლადაშვილი:
- ერთი სული მაქვს, სცენაზე გავიდე და ცეცხლი დავანთო. პირველად მიმყავს ასეთი საღამო. გვერდს მიმშვენებს ულამაზესი ნუკი კოშკელიშვილი და იმედი მაქვს, ერთ-ერთი საუკეთესო ტელეწყვილი ვიქნებით.
- როგორი იყო შენთვის განვლილი 2014 წელი?
- ძალიან კარგი. რაც კი ოცნება მქონდა, მაქსიმალურად ამისრულდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი წამყვანობაზე და გავხდი. მაყურებელი მალე ნახავს, რომ ავმღერდი კიდეც, ჩემთვის რაღაცას ვტინგიცობ და ვერთობი.
- საახალწლო სურვილს ჩაიფიქრებ?
- არის პატარა რაღაცები სანატრელი და რომ ვთქვა და აღარ ამისრულდეს, ჩემს თავს დავაბრალებ.
- სიყვარულს არ ელოდები?
- შეიძლება, სიყვარული მოვიდეს, მაგრამ არ ვიცი, მზად ვარ თუ არა სერიოზული ურთიერთობებისთვის. მოდი, ისევ მოკლემეტრაჟიან ფილმებს გავყვები და თუკი ვიღაცამ თავბრუ დამახვია, მერე ვისაუბროთ (იღიმის).
გიორგი ვარდოსანიძე:
- სულ ორი თვეა, რაც გავიხსენით და არ ველოდი ასეთ რეაქციას. ერთ წელიწადში კი ვიცი, რასაც ვიზამდით, მაგრამ ორ თვეში თუ ამდენი მაყურებელი გვყავს და ასე შეიყვარეს ჩვენი გადაცემები, რამდენიმე წელიწადში ხომ სულ ''გავალთ თავს'' (იცინის).
- სალომე როგორ მოგწონს წამყვანის ამპლუაში?
- არ ვმალავ, რომ პირველ გადაცემებში არა მარტო სალომეში, ჩემ თავშიც არ მომწონდა რაღაცები, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ ყოველი შემდგომი გადაცემა უკეთესი იყო. თუ ასე გააგრძელებს, სალომესგან მშვენიერი წამყვანი დადგება.
- 2014 წელს როგორ აფასებ?
- ყოველი წელი უკეთესია. 2014-ში იყო ბევრი საქმე, სადარდებელიც, თუმცა ჯამში წარმატებული წელი იყო. ბევრი პერსპექტივა გადავიდა შემდეგი წლისთვის. მგონია, ამაზე ასჯერ კარგი განწყობა მექნება მომავალ წელს.
- რა გაქვს სანატრელი?
- სანატრელი, ღვთის წყალობით, არაფერი არ მაქვს. ერთადერთი მშვიდობა მინდა და ის, რომ ადამიანებმა უფრო მეტად დააფასონ ერთმანეთი. ქვეყანას არ ულხინს, მსურს, ყველა ბედნიერი, გაღიმებული და ნაჭამ-ნასვამი დადიოდეს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება პირადს, ასეც რომ დარჩეს, კმაყოფილი ვიქნები.
- ალბათ, უფრო მეტ შემოსავალს ინატრებდი.
- ეს ყველა ადამიანს სურს. მეტი შემოსავალი, ბანკის ვალის გადახდა, ასი ათასებისა და მეტის, დაფარვა კარგი იქნებოდა (იღიმის).
ნოდიკო ტატიშვილი:
- მგონია, რომ ''მარაო'' ძალიან საინტერესო არხია და დღესდღეობით აქტუალური ტელევიზიაა, რადგან პოლიტიკა ასეთი დოზით უკვე ყელში ამოვიდა. ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა. კარგია, როცა არის საშუალება, რომ ცნობილი, საყვარელი სახეები ნახო და გაერთო, ვიდრე ერთსა და იმავე გარჩევებს უყურო პოლიტიკოსებს შორის. ხმამაღლა ვამბობ, რომ ამდენი პოლიტიკით დავიღალეთ.
- წლის მიწურულს 2014 წელს როგორ აფასებ?
- ''ჯეოსტარიდან'' მოყოლებული, რომელიც ჩემთვის ტრამპლინი იყო, ყველა წელი კარგი იყო ჩემთვის, მათ შორის, 2014 წელი. არც ერთი წელი არ დამისვენია და არც ერთ წელს არ მიგრძნია თავი მოცლილად. ის ფუფუნებაც მხვდა წილად, რომ ვიდეოც გადავიღე, რომელიც გაისად გამოვა, ალბომზეც დავიწყე მუშაობა, რომელიც ასევე 2015-ში გამოიცემა.
- 31 დეკემბერს ჩაუთქვამ სურვილს?
- არის ასეთი რამდენიმე სურვილი. ერთს გაგიმხელთ: მინდა, ჩემი კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში განვაგრძო. წასვლას ვაპირებ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამოცდა მინდა. იქ დიდი ბაზარია. აქ, რაც შეგვიძლია და არ შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. ამერიკაში კი, როცა ადამიანს შრომა უყვარს, საუკეთესო პირობებია.
სოფო ხალვაში:
- წინასაახალწლო განწყობა უკვე დამეუფლა. უკვე იგრძნობა, რადგან დაიწყო საახალწლო გადაღებები. ძალიან მიყვარს, როცა გარეთ, კონცერტზე ვხვდები ახალ წელს და ბედნიერი ვარ, რომ წელსაც ასე იქნება. იგეგმება კონცერტი რიყეზე, თბილისში, და იქ გამოვდივარ.
- ახალი სიმღერა ხომ არ ჩაგიწერია?
- ახალი სიმღერა მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიგბენდის სოლისტთან ერთად მაქვს დუეტი. ეს სიახლე იქნება ჩემთვის. იმედია, ძალიან კარგი გამოვა.
- გაქვს საახალწლო რიტუალი?
- უფრო საშობაო რიტუალი მაქვს, ვინაიდან ოჯახი ამ დღესასწაულს უფრო აღვნიშნავთ. ვაცხობ საშობაო ღვეზელებს, განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს, ვაკეთებ ჩვეულებრივად, როგორც ხაჭაპურს, ოღონდ, რასაკვირველია, კვერცხითა და ლორით.
თიკო სადუნიშვილი:
- როცა ''მარაო'' სტარტს იღებდა, მეგონა, 3-6 თვის შემდეგ დაწერდა რეიტინგს, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ქალბატონი, სადაც უნდა შეხვიდე, ჩვენს არხს უყურებს. ეს ძალიან მცირე დროში მოხდა. მაყურებე ლს კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.
- პირადად შენთვის როგორი იყო 2014 წელი?
- პრინციპში, უკეთესი წლებიც მქონია, მაგრამ არ ვიწუწუნებ, რადგან უფრო ცუდი წლებიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში (იცინის). კარიერული თვალსაზრისით ახალი არხის დაფუძნებაში მივიღე მონაწილეობა. ბავშვობის წლებში გადავვარდი, როცა ''მაესტროში'' ვიწყებდი მუშაობას - იგივე განცდა მქონდა ახლაც. გრანდიოზული ცვლილებები, ამის გარდა, არ მომხდარა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, პირად ცხოვრებაშიც, კარიერაშიც კარგი სტარტი ავიღე წელს.
- რას ჩაიფიქრებ 31 დეკემბერს?
- არ ვიცი, ვინ ამისრულებს, მაგრამ ჩავუთქვამ სურვილებს.
გიორგი ბახუტაშვილი:
- საახალწლო განწყობა უკვე მაქვს, ახალი წლის რიტუალი არა, მაგრამ ალბათ, წელს დავნერგავ, ვინაიდან პირველად ვხვდები ახალ წელს მეუღლესთან ერთად. შარშანაც ერთად შევხვდით, მაგრამ მაშინ დაქორწინებულები არ ვიყავით. საკმაოდ კარგად დაგვამახსოვრდა და იმედია, ასევე დადებითად ჩაიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
2014 ჩემთვის ძალიან წარმატებული წელი იყო, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''