20 დეკემბერი, 2014
როგორი იქნება 2015 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ასტროლოგების რჩევის გათვალისწინებას კარგი შედეგი მოაქვს
ყველას აინტერესებს, როგორი იქნება მათთვის 2015 წელი. გთავაზობთ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის რჩევებს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის. როგორც ამბობენ, ასტროლოგების რჩევის გათვალისწინებას კარგი შედეგი მოაქვს, ამიტომ ჯობს, იცოდეთ, რას გთავაზობთ მომდევნო წელი და წარმატების მისაღწევად ვარსკვლავების კეთილგანწყობაც გამოიყენოთ.

2015 წელი ვერძებისთვის სასიკეთო იქნება სამუშაოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია, ვერძებმა ახალი სამსახური დაიწყონ. წლის მეორე ნახევარი რთული იქნება. მათ არ ვურჩევ უცხოეთთან კონტაქტს. უცხოეთში მცხოვრებნი კი ფრთხილად იყვნენ პარტნიორების შერჩევისას.
მათ ნურც ერთ საქმეში ნუ ენდობიან.

კუროებისთვის 2015 წელი სასიკეთოა რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით. მათი იმიჯი სამსახურში გამყარდება, ხშირად მოხვდებიან ყურადღების ცენტრში. ძალიან კარგ შედეგებს მიიღებენ. კუროებს საშუალება მიეცემათ, უფრო მეტად დახვეწონ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები, ან კიდევ უფრო კარგად გამოავლინონ. კუროებისთვის კარგი წელია უცხოეთთან კონტაქტის თვალსაზრისით, შესაძლებელია, ახალი შემოთავაზებები მიიღონ უცხოელი პარტნიორებისგან. უმაღლესში ჩაბარების მსურველ კუროებს, უმეტეს შემთხვევაში, გაუმართლებთ.

ტყუპებისთვის 2015 წლის პირველი ნახევარი ფინანსურად წარმატებული იქნება. სადავო საკითხებს წლის პირველ ნახევარში ადვილად მოაგვარებენ. წლის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება სახლთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია, ტყუპებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, მოაგვარონ მანამდე პრობლემად ქცეული საკითხები.

კირჩხიბებისთვის წლის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება. დამატებით ფინანსებსაც მიიღებენ და აგვისტოს შემდეგ, წლის მეორე ნახევარში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემათ. 2015 წელი კარგი იქნება კირჩხიბებისთვის პირადი ურთიერთობების სფეროში.

თუ ლომები 2015 წელს ახალი საქმის წამოწყებას აპირებენ, ჯობს, 12 აგ­ვისტომდე დაიწყონ. კოსმოსიდან წამოსული ენერგია დაეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში. შესაძლოა, მიიღონ ისეთი საქმიანი წინადადებები, რომლებიც მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ქალწულები მომავალ წელს თავიანთ ცხოვრებაში არსებულ ყველაზე რთულ პრობლემებს მოაგვარებენ. ახალი სასიკეთო წამოწყებები წლის მეორე ნახევარში ელოდებათ. ქალწულებს ვურჩევ, თუ რაიმე ახალი საქმის წამოწყება სურთ, 12 აგვისტოს მერე დაიწყონ, ეს ყველაფერი მათი ბედის შემდგომ განვითარებაზე დიდ და სასიკეთო გავლენას მოახდენს.

სასწორებმა ყურადღება მიაქციონ საკუთარი სურვილების რეალიზებას წლის პირველ ნახევარში. 12 აგვისტოს შემდგომ დაუდგებათ პერიოდი, როდესაც მანამდე მოუგვარებელ პრობლემებს გადაჭრიან. გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა მხრიდან მიღებული დახმარება მათ წარმატებას მოუტანს.

მორიელებისთვის წლის პირველი ნახევარი რთული იქნება. შესაძლებელია, მორიელებს ბევრი სიძნელის დაძლევა მოუხდეთ, რაც სახლსა და უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული. სამაგიეროდ, 12 აგვისტოს შემდგომ იწყება პერიოდი, როდესაც გარემოებები მათ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საკუთარი სურვილებისა და ოცნებების რეალიზებაში. ამ ყოველივეში მეგობრები და ნაცნობები დაეხმარებიან.

მშვილდოსნებისთვის სასიკეთოა 12 აგვისტომდე პერიოდი, წლის მეორე ნახევარი კი რთული იქნება. ამიტომ მათ ვურჩევ, ახალი საქმეები წლის პირველ ნახევარში დაიწყონ, 12 აგვისტოს მერე კი წლის პირველ ნახევარში დაწყებულ საქმეებს მშვიდად უნდა მისდიონ და ამ შემთხვევაში დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. მაგრამ რამდენადაც მშვილდოსნებს ძალიან მოუსვენარი ბუნება აქვთ, ზუსტად ამ პერიოდში შეიძლება, გააქტიურდნენ და ყველაფერი აურ-დაურიონ. ასეთ შემთხვევაში კი წარმატებასაც უნდა დაემშვიდობონ.

თხის რქებისთვის ჯანმრთელობის აღდგენის თვალსაზრისით 2015 წლის პირველი ნახევარია საუკეთესო. მათ ვურჩევ, გამაჯანსაღებელი პროცედურები წლის პირველ ნახევარში ჩაიტარონ. გარდა ამისა, იგივე პერიოდი იქნება საუკეთესო ვალებთან, კრედიტებთან, გადასახადებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული სა­კითხების მოსაგვარებლად. წლის მეორე ნახევარი კი კარგია ახალი წამოწყებებისთვის, რომლებიც მათ დააკავშირებს უცხოეთთან ან უცხოურ ორგანიზაციებთან. თხის რქებს შეუძლიათ ბევრი იმოგზაურონ. ნებისმიერი სახის კონტაქტი, თუნდაც უცხოურ ორგანიზაციებთან, მათ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს.

მერწყულებისთვის წლის პირველი ნახევარი საუკეთესო იქნება საქმიანი ურთიერთობებისა და ოჯახური საკითხების, ასევე იურიდიული და საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში მერწყულებს გაუმართლოთ ბინასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოსალოდნელია, გაჩნდეს დამატებითი ფინანსების მიღების შესაძლებლობა. დიდია იმის ალბათობა, რომ ბევრმა მერწყულმა შეიძინოს უძრავი ქონებაც და წამოიწყოს ბიზნესი, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება. ბიზნესინვესტორების მოძიება მერწყულებს წლის მეორე ნახევარში წარმატებას მოუტანს.

თევზებისთვის
2015 წლის პირ­ვე­ლი ნახევარი სასიკეთოა ჯანმრთელობის მოგვარების თვალსაზრისით. შესაძლოა, ახალი სამსახური შესთავაზონ. განსაკუთრებით წარმატებული ზაფხულის პერიოდი იქნება. წლის მეორე ნახევარში შესაძლებელია, ისეთ პარტნიორულ საქმიანობებში ჩაერთონ, რომლებიც მათ საუკეთესო შედეგებს მოუტანს. გარდა ამისა, სასურველია, წლის მეორე ნახევარში ყურადღებით მოეკიდონ იმ იდეებსა და შესაძლებლობებს, რასაც მათ სანათესავო შესთავაზებს. შეიძლება, ამან დიდი გავლენა მოახდინოს მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS