19 დეკემბერი, 2014
ხვიჩა მაღლაკელიძე და გრეგორი ლეპსი მოსკოვში ერთ სახლში ცხოვრობდნენ
წვალებით ვიყავით ერთოთახიან ბინაში გრეგორი ლეპსის თბილისური კონცერტის შემდეგ მისმა გულშემატკივრებმა რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოფინეს, იმის ხაზგასასმელად, რომ მის კონცერტს დაესწრნენ.
რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავინ ფიქრობდა ლეპსის საქართველოში ჩამოყვანას, მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ გრეგორისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც გავარკვიეთ, მუსიკოსსა და მომღერალს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

- ხვიჩა, სად გაიცანი გრეგორი ლეპსი?
- მე და გრიშა 16-17 წლის მეგობრები ვართ. მოსკოვში ერთად ვმუშაობდით და ერთ სახლში ვცხოვრობდით.
მაშინ ლეპსი დამწყები მომღერალი იყო. წვალებით ვიყავით ერთოთახიან ბინაში. მაშინ კრიზისი იყო დიდი, მუშაობაც არ იყო. ჩემი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1997 წლის შემდეგ დაიქოქა და გაითქვა სახელი გრეგორიმ რუსეთში.
- რამდენიმე წლის წინ, შენ ამ მომღერალთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე საკმაოდ შინაურულ გარემოში გადაღებული...
- ეს ფოტო ოდესაშია გადაღებული, ორი წლის წინ. მანამდე სულ მეუბნებოდა, ჩამოდი ჩემთან მოსკოვში, რა გაგიხდაო. მოსკოვში ჩამოსვლას ვიზა სჭირდება-მეთქი, ვპასუხობდი. ტიპი იმდენად აპოლიტიკურია, ისიც არ იცოდა, რატომ მინდოდა ვიზა მოსკოვში. მერე ოდესაში ჰქონდა კონცერტი და დამირეკა, გავარკვიე, აქ ვიზა არ გჭირდება და ჩამოდიო. ჩავედი. სწორედ მაშინდელი სტუმრობის დროს, სასტუმროშია გადაღებული ეს ფოტო...
- რა შეგიძლია ამ მომღერალზე გვიამბო, როგორი ადამიანია?
- კაი, გემრიელი ტიპია, ძალიან მეგობრული. იმხელა საძმაკაცო და სამეგობრო ჰყავს... მაგრამ არ გავა თვე, რომ არ შემეხმიანოს და არ მომიკითხოს. მეც ვცდილობ, ყურადღებიანი ვიყო.
- ქართული მართლა არ იცის?
- ძალიან ცუდად. საქართველოში არ უცხოვრია, სოჭში დაბადებული და გაზრდილია. ქართული გვარი აქვს მხოლოდ, ლეფსვერიძეა.
- ალკოჰოლთან მეგობრობს?
- პერიოდულად (იღიმება). დღეს ისეთი ცხოვრებაა, თუ არ დავლიეთ და დავიმხეთ თავზე, არაფერი გამოდის. ჩვენ, ხელოვანებსაც გვჭირდება ზოგჯერ გულის გადაყოლება.
- რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს?
- გიტარაზე უკრავს მოყვარულის დონეზე... კარგი კომპოზიტორები უწერენ სიმღერებს, ხალხს მისი სიმღერები მოსწონს.
- სიყვარულს უმღერის სულ, რა იცი მის პირად ცხოვრებაზე?
- ვიცნობ მის უფროს გოგოს, ინგას, მოსკოვში ჩამოჰყავდა ხოლმე. მაშინ პატარა იყო, ახლა ალბათ, 25 წლის იქნება. დღეს ლონდონში ცხოვრობს. ახლა მეორე ოჯახი აქვს. მეორე ცოლთან, რომელიც რუსია, სამი შვილი ჰყავს.
- თან ხომ არ ახლდა საქართველოში მეუღლე?
- არა, მეუღლის გარეშე გვესტუმრა.
- კონცერტის დღეს გადაღებული ფოტოები ვნახე შენს `ფეისბუქზე~, გაიხსენეთ ძველი მეგობრობა?
- მანამდეც დამირეკა, ვიცოდი, რომ ჩამოდიოდა. სასტუმროშიც ვესტუმრე.
- კონცერტის დღეს როგორი განწყობა ჰქონდა?
- გრიშას უნდა იცნობდე, რომ ეს კითხვა არ დასვა, თავიდან ბოლომდე პოზიტივია. არ ვიცი, რით შეიძლება გული ატკინო, აწყენინო. სულ კარგ ხასიათზეა.
- იცოდა, გარეთ მანიფესტანტები მის გულშემატკივრებს მოღალატეებს რომ ეძახდნენ?
- უთხრეს, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიუქცევია. გული ეტკინებოდა, ალბათ, მაგრამ ხმამაღლა არ გამოუხატავს. გრეგორის არსად დახვედრიან ტრანსპარანტებით. თუმცა, რომ გითხრა, დიდად ქართველობს-მეთქი, მოგატყუებ. გვარი აქვს მხოლოდ ქართული, თორემ რუსეთში დაბადებული და გაზრდილია. გრიშას ჩემი ოჯახი გავაცანი, ფოტოები გადავიღეთ.
- დალიეთ?
- არა, მე ალკოჰოლისგან შორს ვარ.
- გააცილე?
- აეროპორტში არა, იქვე, სპორტის სასახლეში დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ნინო მჭედლიშვილი 
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
დედას ვიფიცებ, კარგა ხანს ამ ფოტოზე ლეპსი მაღლაკელიძე მეგონა და გაუცნობიერებლად ვფიქრობდი ის მეორე ლეპსია-თქო. გვიან ვიცანი, ვინ ვინ იყო.
13:12 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS