16 დეკემბერი, 2014
რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''
ის დღეები ბიჭური ცხოვრებით ვიცხოვრე მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი ლიზა ყენია ''ერთი ერთშის'' ყველაზე პატარა მონაწილეა, თუმცა სცენაზე აშკარად თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. უკვე მამაკაცი შემსრულებლის, ბრუნო მარსის როლის მორგებაც მოასწრო და ამბობს, რომ ამისთვის ერთი კვირა სულ საწინააღმდეგო სქესის კამპანიაში ატარებდა დროს, რათა ბიჭის მიხვრა-მოხვრა კარგად შეეთვისებინა. ლიზა ძალიან მონდომებულია, რომ თავისი კარიერა განავითაროს, თუმცა უცხოეთს უმიზნებს.

- ''ერთი ერთში'' მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია, რადგან მომწონდა პროექტი და მანამდე
უკვე ნაფიქრი მქონდა, რა სირთულეები შეიძლებოდა შემხვედროდა, რაღაცნაირად ჩემი გადაცემაა და მომწონს გარდასახვა. ასევე მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში. ამ პროექტიდან უამრავ რამეს ვსწავლობ, მაკიაჟიდან დაწყებული იმით დამთავრებული, როგორ არჩევს კოსტიუმს პროექტის დიზაინერი. ეს ყველაფერი ჩემს მომავალ საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ამ პროექტისთვის მზად ვიყავი, უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. 5 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პერსონაჟის როლი მოვირგოთ, რაც ძალიან ცოტა დროა.
- სახეს არ ვნებს? ადრე ანრიმ გვითხრა, სახე ამეხაო.
- მეც ახეული მაქვს (იცინის), მაგრამ მეორე ლაივზე ერთ-ერთმა კომპანიამ გადმომცა სახის მოვლის საშუალებები. მხოლოდ სახეს არ ვნებს, მცვივა წარბები, წამწამები, თმა, რადგან წებოთი მამაგრებენ თმასაც და წარბსაც (იღიმის). 100%-ით გადმოაქვთ ის იმიჯი, რაც მომღერალს კონკრეტულ ვიდეოში ან ლაივზე აქვს.
- ყველაზე მეტად ვისი განსახიერება გაგიჭირდა?
- ბრუნო მარსის, რა თქმა უნდა, რადგან სცენაზე გამოსვლამდე ვინერვიულე. ის დღეები ბიჭური ცხოვრებით ვიცხოვრე, ბიჭურად, კაცურ თემებზე ვლაპარაკობდი და მთელი დღე კაცებთან ერთად ვიდექი. გათენებამდე ვუყურებდი მის ლაივებს, ხმას ფიზიკურად ვერ დავამსგავსებდი, დანარჩენით კმაყოფილი დავრჩი.
- როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო ამგვარ პროექტში გასამარჯვებლად?
- შრომისმოყვარეობა, რაც ყველაზე მთავარია, რადგან შენ თავთანაც მართალი ხარ, როცა იცი, შენი მაქსიმუმი გააკეთე, არ დაიშურე ენერგია. რეალურად მე ასე ვცხოვრობ. ვინც მესიჯებს მიგზავნის, მას დიდ მადლობას ვუხდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტურის განმავლობაში პროექტიდან არ ვარდები, ორმაგად ფიქრობ ბრძოლაზე, ყოველი ქულა და დღე მნიშვნელოვანია, რადგან ფინალში ყველაფერი გიგროვდება, ამიტომ ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გააკეთო.
- სცენაზე თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში. პროექტისგან უფრო მეტ პოპულარობას ელი?
- შეიძლება, კულისებში მოვკვდე ნერვიულობით, შეიძლება, თავი ამტკივდეს, მაგრამ სცენაზე გასული ყველაზე დიდ ადრენალინს ვიღებ. მაქსიმალურად ვგრძნობ, ეს არის ჩემი საქმე, რომ სცენაზე ვაკეთო ის, რაც მინდა, ვიცეკვო, ხან იქით გამოვიქცე, ხან - აქეთ. მთელი ცხოვრებაა ვცეკვავ, სახლშიც, დაბადების დღეზე თუ ივენთებზე (იღიმის).
რაც შეეხება პოპულარობას, ამ პროექტში ამისთვის არ მოვსულვარ, მაგრამ პოპულარობის გარეშე არაფერი გამოვა, თუკი მომღერლობა გინდა. ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ამ გადაცემიდან მცნობს, რადგან ყველა ჯერზე სხვადასხვა ადამიანის ამპლუაში ვარ, აქამდე უფრო მცნობდნენ, თუმცა როცა პროექტში ხარ, რასაკვირველია, იმ მომენტში უფრო ცნობადი ხდები.
- შენი აზრით, რა არის პოპულარობის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- უარყოფითი ისაა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გემატება და რაც უფრო ვითარდები და მეტს აკეთებ, მეტს ითხოვს მაყურებელიც, რაც ქართველებს გაორმაგებულად ახასიათებთ. ქართველ ხალხს სურს, რომ მაქსიმალურად მასზე იყო დამოკიდებული. მათთან ერთად იცხოვრო შენი ცხოვრება. ერთი სიტყვით, შენი ცხოვრება უფრო აინტერესებთ. თუ სოციალურ ქსელს შევეხებით, სურთ, უფრო მეტი ეკონტაქტო ხალხს, რაც უფრო რთულდება დროთა განმავლობაში. თუმცა, პოპულარობას იმდენად ბევრი პლუსი აქვს... პირველ რიგში, ხალხის სიყვარული, თანადგომა, გრძნობ, როცა რაღასაც აკეთებ, საზოგადოებას მოსწონს.
- პოპულარული ადამიანები უარყოფითად ხშირად ასახელებენ პირადი ცხოვრებით საზოგადოების დაინტერესებას.
- ეს ისევ და ისევ მათი პრობლემა და დანაშაულია. რაც მეტს ილაპარაკებ, მით მეტს მოითხოვენ. არ ვამბობ, რომ უნდა დამალო. თუ გიყვარს და გეთქმის, უნდა გაამჟღავნო კიდევაც, მაგრამ მაშინ უნდა აიტანო განხილვებიც. თუკი თავად დაადებ ტაბუს პირად თემას, ნაკლებად გამოქექავენ.
- სოციალური ქსელი ადამიანის პოპულარობას ხელს ძალიან უწყობს. შენ როგორ იყენებ ამ ბერკეტს?
- ''ფეისბუქს'' ბევრი მინუსი აქვს და რაღაცები მართლა არ მომწონს, მათ შორის, ადამიანებს შორის ურთიერთობა რომ გაცივდა, მეორე მხრივ, მიფიქრია, ''ფეისბუქი'' რომ არ მქონოდა, ბევრი კარგი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა. დღესდღეობით ''ფეისბუქი'' მთელი საქართველოს ცხოვრებაა. ვიღებ უამრავ ინფორმაციას, დამიკავშირდა ბევრი ადამიანი და ეს ნაცნობობა ძალიან გამომადგა.
- პოპულარობა და ფული... ჯერ პატარა ხარ, მაგრამ რაიმე შემოსავალი თუ გქონია?
- დღეს საქართველოში რა არის პოპულარობა? ამ შეკითხვას დავსვამდი. მიიღო მონაწილეობა უამრავ კონკურსში და მერე სადმე კლუბში ქავერები იმღერო ბენდთთან ერთად. გაძლევენ, ალბათ, 800 ლარს, ოღონდ ნახევარ კვირას იქ ატარებ. ერთი სიტყვით, შოუბიზნესი ეს არის. მე კი ნამდვილად არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო. კონკურსებში გამოცდილების გამო ვმონაწილეობ. მინდა, საქართველოს მასშტაბებს გავცდე. თუკი აეწყობი ქართულ, ვითომ როგორც ჰქვია, შოუბიზნესზე, გექნება ფული, რაც გეყოფა თბილისში. ალბათ, გზის ფული გაქვს და მანქანაში ბენზინს ჩაასხამ. ფულის საშოვნელად სიმღერა საკმარისია, მაგრამ არა საქართველოში. თუმცა არიან მომღერლები, ვისაც აქ ურჩევნია ყოფნა და მოსწონს კლუბში სიმღერა.
- დადებითი და უარყოფითი პოპულარობა - შენ რომელი გაქვს აქედან?
- მე ვარ უარყოფითად პოპულარული რატომღაც (იღიმის). ჩემზე ნაკლებად წერენ, რა საყვარელიაო. მე არ შემიქმნია, მაგრამ ალბათ, გარეგნობის ბრალია, სანამ ადამიანი გამიცნობს, ჰგონია, რომ ვარ ცივი და ბოროტი ბავშვი. ასეთი არ ვარ.
- დადებითად პოპულარული ვინ არის?
- დედაჩემი (იღიმის).
- მერე, არ გაძლევს რჩევებს, შენ როგორ უნდა იყო დადებითად პოპულარული?
- ვიცი, რატომაც არის, მაგრამ მე მაია ჯაბუა ვერ ვიქნები (იღიმის). მაია ჯაბუა ცალკე ბრენდია. მე ასე ვფიქრობ. სხვათა შორის, რომ ვაკვირდები, ხალხს ჩემში ის არ მოსწონს, რომ ნაკლებად ვიცინი და სულ სერიოზული სახით დავდივარ. დედაჩემიც ასეა. მე უფრო მეტად მოღიმარიც ვარ, ვიდრე დედაჩემი, მაგრამ დედა თავიდანვე ასეთი იყო. მე, ეტყობა, მატყობენ, რომ ასეთი სერიოზულიც არ ვარ და არ მოსწონთ ჩემი სერიოზულობა (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი 'რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS