- მეორე სეზონია, პროექტი ''ერთი ერთში'' მიმყავს. დარბაზი სცენასთან ძალიან ახლოსაა. მაყურებელი ახლოს ზის. პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, საკუთარი ეგოს გათიშვა და კომპლექსების მოხსნა, თავისუფლება
- ''თუ მკითხავთ, გეი ვარ თუ არა, გიპასუხებთ, რომ კი'' - თემო საჯაია ამ სიტყვებით წარადგინე, მას მომღერალი მიკა უნდა განესახიერებინა და ეს სწორედ მიკას სიტყვები იყო, თუმცა თავიდან მაყურებელი იფიქრებდა, რომ საკუთარ თავზე ამბობდი.
- (იცინის) და რატომღაც ''ერთი ერთში'' რომ გამომეცხადებინა ამის შესახებ... იდეაში ამაზეც იყო გათვლილი თემოს წარდგენა, გვინდოდა, მაყურებელს ასე ეფიქრა.
- ამ ყველაფერს როგორი რეაქცია მოჰყვა?
- სიმართლე გითხრა, დიდად არ ვინტერესდები სოციალური ქსელით. წამყვანობა სამუშაო პროცესია, რომელსაც იქვე ვამთავრებ და მერე სხვა ათასი საქმე მაქვს. გამოხმაურებებსა და ფორუმებს არ ვეცნობი. შეიძლება, ეს ცუდია ან პირიქით, კარგია, არ ვიცი.
- რამდენიმე წლის წინ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მიგყავდა, ახლა ''ერთი ერთში'' მიგყავს. გაგჩენია რომელიმე მათგანში მონაწილეობის სურვილი?
- ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე რომელიმე პროექტში მონაწილეობა ძალიან რთულია.
- ცეკვა ან სიმღერა გეხერხება?
- ვერ გეტყვი, სმენა არ მაქვს-მეთქი, მაგრამ არც ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემებით დავიკვეხნი.
- რომ შემოგთავაზონ, მიიღებდი მონაწილეობას?
- შესაძლებელია. თუ საქმეს დასჭირდა, ვიცეკვებ. მთლად მოუქნელი პინოქიოც არ ვარ. არ ვვარჯიშობ, მაგრამ როცა დამჭირვებია, კარგი შედეგისთვის მიმიღწევია. ასეთ პროექტებში მონაწილეობას იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, რომ სხვა რამისთვის დრო აღარ დამრჩება. თან, არც მაქვს ის რესურსი, რაც ''ერთი ერთშის'' სჭირდება და ჯობია, ისევ წამყვანი ვიყო.
- ''ტიფლისში'' ყაჩაღს ასახიერებ. გაგიჭირდა ამ როლის მორგება?
- ზოგადად, სერიალები დიდად არ მიყვარს, ამიტომ მათში მონაწილეობას ვერიდებოდი, იმიტომ არა, რომ ცუდია, უბრალოდ, მე არ მიზიდავს. პერსონაჟის ამბავი შეიძლება, რამდენიმე წელი გაგრძელდეს და ეს ჩემთვის ცოტა მოსაბეზრებელია.
- მახსოვს, ''შუა ქალაქში'' თამაშობდი.
- ''შუა ქალაქში'' მხოლოდ რამდენიმე სერიაში ვითამაშე, ვიცოდი, რომ მეტი აღარ უნდა გაგრძელებულიყო. მთხოვეს და დავთანხმდი, სხვა სერიალში არ მითამაშია და ''ტიფლისში'' მონაწილეობაზეც იმიტომ დავთანხმდი, რომ ლევან დაბრუნდაშვილი იღებს. ძალიან კარგი პროექტია. შიდა სამზარეულო არავინ იცის და თუ ვინმე მენდობა, ვეტყვი, რომ რასაც სერიალში ნახულობენ, ის რესურსი ტელეკომპანიაში არ არსებობს. ბევრი რამ პიროვნულ რესურსებს ეყრდნობა და აქედან გამომდინარე კარგი ხარისხის სერიალია.
მთელი შემოქმედებითი ჯგუფი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ალტერნატიული თბილისი და არა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი. ამას ყურადღებას არავინ აქცევს და ამბობენ, ვაიმე, მაშინ ასე ლაპარაკობდნენო? როდესაც სერიაში 200- 300 კაცი თამაშობს, ძალიან ძნელია და შეუძლებელიცაა კილოსთვის ყურადღების მიქცევა, ამიტომაც სერიალში თავიდანვე გამოირიცხა რაღაცები. დარწმუნებული ვარ, ამერიკულ ფილმებშიც, რომლებიც ძველ ეპოქას ასახავს, საუკუნის წინანდელი აქცენტი არ ექნებათ.
ზოგადად, ჩვენში კრიტიკა ზის. ქვეყანაში უსაქმურობა გვჭირს და ამ ყველაფერს ემატება უსაქმურობის უსაქმურობა, როდესაც შენ სხვისი ცხოვრების დეტალებს ძალიან მარტივად განიხილავ. მხოლოდ ჩვენს სერიალს არ ვგულისხმობ. ძალიან ადვილია ვიღაცის კრიტიკა და შეფასება. მით უფრო მაშინ, როდესაც კრიტიკოსს თავად არაფერი გაუკეთებია და ტექნიკურად ბევრ რამეში ვერ ერკვევა. მსახიობებსა და ოპერატორებს რაღაც შედეგს რომ სთხოვენ, მინიმუმ ოცი წელი უნდა გადავახვიოთ და ვიკითხოთ, თეატრალურში, სადაც სამსახიობო ოსტატობა და ოპერატორობა ისწავლება, რას ასწავლიდნენ და ოპერატორს კამერა თუ უნახავს. პირადად მე, კინომსახიობს, თეატრალურში კამერა არ მინახავს და ტყუილად მიწერია დიპლომში დრამისა და კინოს მსახიობი. ეს ზოგადი პრობლემაა, თორემ სერიალში ჩემზე კარგად ჩემს მინუსებს ვერავინ მეტყვის.
- შეგიძლია, ჩვენც გვითხრა?
- მსახიობებს როლის შესასწავლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს და რაღაცების გააზრება ვერ მოვასწარი. ახლა ვცდილობ ამ მინუსის გამოსწორებას.M მგონი, სერიალს იმ კუთხით უნდა შეხედონ, რომ პროდუქტი ძალიან ხარისხიანია, იმიტომ რომ არსებული რესურსის ფარგლებში უფრო მეტი კეთდება. ახალგაზრდები აკეთებენ ყველაფერს, უნივერსიტეტებში არ უსწავლიათ, როგორ უნდა გადაიღონ. ინტერნეტიდან და თავიანთი პრაქტიკიდან ისწავლეს ოპერატორობა და ასეთი შედეგი დადეს. ხვალ და ზეგ უკეთეს შედეგს დადებენ. უბრალოდ, ახალგაზრდებს კარგზე უნდა მივუთითოთ და ცუდის გამო კი არ უნდა ვლანძღოთ, უნდა ვაკრიტიკოთ.
- ძალიან დაკავებული ხარ და ოჯახისთვის დრო გრჩება?
- ოჯახისთვის დრო სულ მრჩება. მეუღლე დაკავებულობის გამო არ მსაყვედურობს. ზუსტად იცის, როგორ მინდა მასთან და ჩემს შვილთან დროის გატარება. ხვდება, რომ ეს თემა ჩემთვისაც სენსიტიურია.
- შვილი რამხელაა?
- იოანე რამდენიმე დღეში ხუთი თვის ხდება. კარგი ბიჭია.
- ახერხებ, იყო კარგი მამა?
- როგორი პიროვნება ვარ, შეიძლება, ორი დღის ნაცნობიც მიხვდეს, მაგრამ როგორი მამა ვარ, ამას ყველაზე კარგად იოანე იტყვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იოანეს შეფასება იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკში შემაფასებს, იმედი მაქვს, მისთვის კარგი მამა ვიქნები და არასდროს შევუშლი ხელს, რომ რაც თვითონ ენდომება, ის საქმე აკეთოს. არ მინდა, ჩემი თავი და ჩემი წარსული მოვახვიო. რადგან მე რაიმე ვერ შევძელი, მას გავაკეთებინო. ან რაშიც მე კარგი ვარ და კარგად გამომდის, იმის გაკეთება დავაძალო. ძალიან პატარაა, მაგრამ როცა რაიმე თვისებებს აღმოვუჩენ, ვცდილობ, ნიჭი ბუნებრივად განუვითარდეს და ხელი არ შევუშალო. ჩემთვის კარგი მამობა ესაა. მინდა, პირობის შესრულება და სიტყვის ფასი ისწავლოს. ჩვენს რეალობაში ეს ფასეულობები აღარ არსებობს. პოლიტიკოსები ისეთ სიტყვებს ამბობენ და ისე მოიხსენიებენ ერთმანეთს, წარმოუდგენელია, როგორ ცხოვრობენ. ხელოვანი ადამიანებიც არ არიან პასუხისმგებლები თავიანთ სიტყვაზე. შეიძლება, მეგობარმა დაგირეკოს და გითხრას, მოვდივარო და არ მოვიდეს. მინდა, რომ იოანესთვის სიტყვას ძალა და ფასი ჰქონდეს. ამას რომ ვასწავლი, ალბათ, მერე ვიქნები კარგი მამა.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''