მოსაყოლი ბევრი დაუგროვდა, რადგან საქართველოში გაცილებით საინტერესო გეგმები აქვს.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ვხატავდი, განსაკუთრებულად მიყვარდა ესკიზების გაკეთება. ოთხი წელი თავდაცვის სამინისტროში,
- რამდენი წელი იცხოვრე იქ?
- ორი წელი, და პერიოდულად ჩამოვდიოდი ოჯახის სანახავად. მოსკოვში ყოფნისას ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაგვიკავშირდა. ის კაცი ცნობილი სახეა, მოსკოვში თბილისობა რომ ჩაატარეს, მაშინაც გამოჩნდა...
- ვისზე ლაპარაკობ?
- არ დავაკონკრეტებ. მე და ნანუკას მოგვადგა და გვითხრა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა გვეთქვა და კარგად ვიცხოვრებდით, მე მოგხედავთო. თუ მოქალაქეობაზე უარს ვიტყოდით, ამ თემას კარგად გააპიარებდა. ვფიქრობ, მის უკან ვიღაც რუსი იდგა. მე უარს ვერ ვიტყოდი იმ მიწაწყალზე, სადაც ცოცხალი წმინდანი, ჩვენი პატრიარქი დააბიჯებს. ამის გაკეთება არანაირ თანხად არ მიღირდა. ამის შემდეგ ქვეყანა დავტოვე, იქ ჩასვლის სურვილიც აღარ მაქვს. უარი ვუთხარით და დაგვემუქრა. ახლა ის სამკერვალო დაკეტილია, ნანუკაც ჩამოვიდა. იმ საღამოსვე უარით გავისტუმრეთ, მაგრამ ერთი კვირა მაინც მოგვცა, სხვანაირად მოსკოვში ვერ გაჩერდებითო.
- მანამდე იყო შენს კარიერაში საინტერესო შემთხვევა, როდესაც შენი ესკიზებით დიმა ბილანს სამოსი შეუკერეს და კლიპში გამოიყენეს.
- ამ თემით ხალხი დაიღალა. ჩემმა მეგობარმა აჩვენა ჩემი ესკიზები ბილანის იმიჯმეიკერს და შეისყიდეს. ფულს არ ვიღებდი, საჩუქრად მინდოდა, მაგრამ თანხა მაინც გამომიგზავნეს. თავად შეკერეს, ძალიან ძვირფასი ნაჭრები გამოიყენეს. მზა კოსტიუმები ვნახე და ძალიან მომეწონა.
- საქართველოში როდის დაბრუნდი?
- ორი თვეა, აქ სამკერვალოს გახსნას ვაპირებ. იანვარში ''ვიქტორია სიკრეტისეული'' სკანდალური ჩვენების გამართვას ვგეგმავ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პოდიუმზე ქალის სამოსში გამოწყობილი ბიჭები გამოვლენ. არაორდინარულ სამოსს ვქმნი და ჟილეტებზე ვაკეთებ აქცენტს. სცენაზე ტრუსებში ჩაცმული დაკუნთული ბიჭები გამოვლენ, ფრთებით, ''შპილკებზე'' იდგებიან და ჟილეტებიც ეცმევათ. ჩამქოლავენ...
- ესაუბრე უკვე მოდელ ბიჭებს?
- კი და არ ჰქონიათ პრობლემა. საინტერესო მაკიაჟი ექნებათ გაკეთებული და ვფიქრობ, ერთ ცნობილ მომღერალ ბიჭსაც დავითანხმებ, კარგი ტან-ფეხი აქვს. შეიძლება, ქუსლებზე ვერ დავაყენო, მაგრამ ფრთებით მაინც გამოვა.
- ეს ჩვენება სერიოზულ სკანდალს გამოიწვევს და შეიძლება, მოდელები გეებადაც მოიხსენიონ...
- არა, მიუხედავად ჩაცმულობისა, ტრადიციული ბიჭები იდგებიან სცენაზე, აი, ისეთები, ქუსლებს რომ ტეხავენ. ქალბატონებისთვის კარგი სანახაობა იქნება, როდესაც ტრუსებში ჩაცმული მამაკაცები სცენაზე გამოვლენ.
- შენ რა ფორმაში დაასრულებ საღამოს?
- არ ვიცი, შეიძლება, ჭერიდან დავეცე (იცინის). ამ პროექტის ჩატარება უკვე გადაწყვეტილია და აუცილებლად გაიმართება. ყველაფერი მზად მაქვს, ტრუსები ჩემი არ არის, მაგრამ საინტერესო დეტალები მაქვს დამატებული.
- შენი პირადი ნახევრად შიშველი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, გიყვარს სკანდალები.
- არაფერი განსაკუთრებული, სახლში გადავიღე, საკმაოდ კარგი ფოტოაპარატით. სანამ ცნობილი სახე არ ხარ, გაიხდი თუ ჩაიხდი, არავის აინტერესებს.
- პირადადაც არავის მოუწერია?
- შემოტევა იყო (იცინის). სამეგობროში ყველა ორიენტაციისა და რელიგიური უმცირესობის ადამიანი მყავს და ყველას პატივს ვცემ. ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
- შენი ოჯახი როგორ შეხვდება ამ თამამ ნაბიჯს?
- ადრე ალბათ სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა რაღაცები შეიცვალა. ჩემი პირველი ნაბიჯი უკვე საინტერესო იყო, როდესაც ბილანს ახალ კლიპში ჩავაცვი.
- სკანდალებით ბევრი იწყებს, მაგრამ შემდეგ იკარგებიან...
- ჩემი ჩვენებები არასოდეს მოექცევა ჩარჩოში, ჩახდილი, ახდილი, ყველაფერი იქნება. მე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ, დიზაინერი ვარ. მოსკოვში ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე. საკუთარ თავს მე ვაფინანსებ.
- იმ სკანდალური ჩვენების მეორე დღეს ქუჩაში გასვლის არ შეგეშინდება?
- თავდაცვის სისტემა უნდა გქონდეს განვითარებული. არ მეგულება ისეთი ქართველი, თავს დაგესხას და ეკრანზე გამოჩენის შემდეგ გეჩხუბოს.
- ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ხარ?
- საკმაოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ ჯობია, რომ ცოტა ფარგლებს გასცდნენ, მსოფლიო შემოიარონ, საზღვარგარეთ გააკეთონ ჩვენება. მე პირადად საქართველოში ცოტა ხანს გავჩერდები, ჩვენებების შემდეგ ხალხის რეაქციას დავაკვირდები და შემდეგ ალბათ საბერძნეთში წავალ, მოგვიანებით - საფრანგეთში. პარიზში მეტი თავისუფლებაა, გაისროლე ფეიერვერკი და დაასრულე ცხოვრება (იცინის). სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც დიმა ბილანის ამბავი გაპიარდა, ბევრი ცნობილი დიზაინერი დამიკავშირდა სოციალური ქსელის საშუალებით და ბოღმა მესიჯები მომწერეს.
- კონკრეტულად რას გწერდნენ?
- მერე რა, ბილანს რომ ჩააცვი, რა გამოსაქვეყნებელი იყოო. ამის შემდეგ შენს თავს სადმე თუ ხედავო...
- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ალბათ ბევრჯერ გნახავენ ტელევიზიით და ჟურნალებში შენს ინტერვიუს წაიკითხავენ?
- პირველ რიგში, ქართველ დიზაინერებს მივმართავ, მხოლოდ საქართველოთი ნუ შემოიფარგლებიან და ძალიან მინდა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ოლიგარქებს მივმართო, ახალგაზრდებს საშუალება მისცენ, თავისუფლად ისუნთქონ და ისე არ დააშანტაჟონ, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა.
- იქნებ, მაინც გვითხრა, ვისზე ლაპარაკობ?
- ...ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ადამიანი ტელეეკრანზეც გამოჩნდა.
- როგორ ფიქრობ, ამ ინტერვიუს არ გამოეხმაურება? იქნებ, ბრალს ტყუილად სდებ?
- მგონია, რომ გამოეხმაურება, მაგრამ ბევრი მოწმე მყავს. თან, არ ვამბობ სახელსა და გვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დამირეკავს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''