- ლურჯი თხის წელიწადი მოდის, ყველაზე მეტად მანდილოსნებს აინტერესებთ, რა ჩაიცვან ახალ წელს.
- ჰოროსკოპების მიხედვით მოდა არ კეთდება, ამ ბოლო დროს ამ საკითხის მცოდნეები ბევრ რამეს იღებენ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით მოდაში. ახალ წელს ყველა ქალი უნდა შეხვდეს ახალი კაბით,
რჩევის მიცემამდე უნდა გავითვალისწინოთ, ვინ სად ხვდება ახალ წელს. თუ ზამთრის კურორტებზე მიემგზავრებით, სასურველია, ზემოდან ნაქსოვი, დიდი, განიერი ზედა გეცვათ, შიგნით აბრეშუმის ჭრელი კაბით. მას დაბალი, უხეშძირიანი, ოღონდ მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ან თბილი გამაში მოუხდება, რომელსაც ექნება გარკვეული სახის სხივი, ან''ბლიოსტკები''. კარგი იქნება ასეთივე ტონის შარფისა და ქუდის მორგება. თუ ახალ წელს რესტორანში ხვდებით, სადაც აუცილებლად გაპრანჭული უნდა იყოთ, უნდა გეცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჩემს მომხმარებელს ასევე შემიძლია შევთავაზო ჩვენი პირველი ხაზის ბუმბულებიანი კაბები. ქალებს, რომლებსაც აქვთ ფორმები, მაგრამ რამდენიმე ჭარბი კილოგრამი, შეიძლება, ეს კაბები ვურჩიოთ, ოღონდ ზედა ნაწილის სილუეტი უფრო თა-ვისუფალი უნდა გავხადოთ.
ზოგადად, ახალი წელი ოჯახის დღესასწაულად მიმაჩნია და აუცილებლად სახლში ვხვდები. ქალბატონებს, რომლებიც ახალ წელს შინ ეგებებიან, მერვე საოცრებასავით რომ არ იყვნენ ოჯახურ სუფრასთან, ვურჩევ კლასიკური კაბის მორგებას და მისი ლამაზი აქსესუარით გაწყობას. თუ ქალს
ღამის პირველ საათამდე წინსაფარი უკეთია, ისიც კი სადღესასწაულო უნდა იყოს.
- ზედმეტი კილოგრამები ქალბატონებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, დამალვის ხერხებზე მოგვეცით რაიმე რჩევა.
- ქალების ფსიქიკა ასეთია, განიცდიან ზედმეტ კილოგრამებს, მაგრამ ყოველთვის მომავლისთვის გეგმავენ დიეტას, ან ერთი კვირა კვდებიან შიმშილით და მერე გემრიელ სუფრასთან რომ დასხდებიან, დიეტას მეორე დღისთვის გადადებენ. ეს არ უნდა დაუშვათ! ქალბატონს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ისაა სასურველი, მიმზიდველი, სექსუალური. ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის ვადა არ გააჩნია, ქალზეა დამოკიდებული, რამდენად სასურველი იქნება.
- აღნიშნეთ, რომ ახალი წლის ღამეს არჩევანი კაბებზე უნდა გაკეთდეს, როგორ სილუეტს გვირჩევთ?
- მე თვითონ ვგიჟდები გამოყვანილ სილუეტებზე. ვფიქრობ, ყველაზე კარგად ეს გამომდის და ამითაა ჩემი ბრენდი გამორჩეული, თუმცაღა აბრეშუმის, თავისუფალ, ფრიალა კაბებს დიდი ორნამენტებით, არაფერი ჯობია, მით უმეტეს მაშინ, როცა გემრიელად ცეკვავ და კაბაც გიფრიალებს.
- მათ, ვისაც არ უნდა კაბის ჩაცმა და ურჩევნია შარვალი, რას ეტყვით?
- ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ძალიან ლამაზი ბლუზები. ასეთ დროს კლასიკური შარვალი, მუხლთან და კოჭთან დავიწროებული, ქუსლიან, ოღონდ ღია ფეხსაცმელთან ერთად ძალიან ლამაზი იქნება, ზემოდან კი გამოყვანილი სილუეტის პიჯაკიც შეიძლება, თუმცაღა მე ახალ წელს ამ სილუეტს ვერ ვხედავ.
- ხშირად ფიქრობენ, რომ ახალ წელს უხდება მკვეთრი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, რას ფიქრობთ ამაზე?
- რა თქმა უნდა, უხდება, მაგრამ ქალი მთლად ნაძვის ხეს არ უნდა დაემსგავსოს, წრე ბავშვებმა ნაძვის ხეს უნდა შემოარტყან და არა დედას (იცინის).
- საახალწლოდაც დიდ სამკაულებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?
- აქსესუარის მორგების დროს ერთი აქცენტი უნდა კეთდებოდეს, არ არის გამართლებული, როცა ყელზეც''მეორედ მოსვლა'' ჰკიდია, ყურზეც, თითზეც და მაჯაზეც. ზოგისთვის ესეც არაა საკმარისი და თავზეც იდგამს რაიმეს. ერთი მთავარი დეტალი უნდა დავტოვოთ, ან ორი. თუ ვთქვათ, ვიკეთებთ დიდ, მასიურ საყურეს, ამას არ გააფუჭებს კარგი სამაჯური, ან კარგი, დიდი ბეჭედი. თუ ყელზე ვიკეთებთ დიდ აქსესუარს, მაშინ დანარჩენში სისადავე ჯობია, ან შეიძლება პატარა ბეჭდის მორგებაც. თუ თავზე ვიკეთებთ დიდი ზომის აქსესუარს, არსად არაფერი არ უნდა გავიკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოვა. მაგრამ ვისაც ეს ყველაფერი ერთად უხარია, დე, იყოს ახალი წელი მის გარეგნობაშიც, აკრძალვები ყველაზე ცუდი რამაა ქალის ფსიქიკისთვის.
- ზოგადად, 2015 წლის ტენდენციებზე რას გვეტყვით?
- მსოფლიო ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ზამთრის მოდა საკმაოდ ფერადია. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მოწყენილი სილუეტებიდან აშკარად გამოვიდნენ და მას-მარკეტშიც კი გაჩნდა ფერები, რომელთა დახმარებითაც სიცივეს ზაფხულის ტონალობით აჯერებენ. ჩვენ მთლიანად ზაფხული ვერ შემოვიტანეთ, თუმცაღა ბევრი ფერადი ნაწარმი გვაქვს. დიდი სურვილი მაქვს, ქართველებს ნელ-ნელა ვასწავლო ფერში თამაში, დასაწყისისთვის თუნდაც შავთან მიმართებაში.
- მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 წელია მუშაობს, ელოდით, რომ მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ?
- ხათუნას სივის თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ კარიერულად ის ყოველთვის ვითარდება. ეს თანამდებობა, სამართლის სპეციალობით, ძალიან კარგი შენაძენია. ხათუნა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება, დიდ და კარგ წვლილს შეიტანს საერთაშორისო დიპლომატიაში საქართველოს მხრიდან. მეამაყება ჩემი მეუღლე, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. რაც უნდა რთული პერიოდი იყოს და ეს არაერთხელ გვქონდა, ერთმანეთის შეხედვითაც კი ყველაფერი გასაგებია.
რასაკვირველია, მისი გარდერობი ახლა რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ეტიკეტი სამსახურში არასდროს დაურღვევია, ახლა ფეშენატმოსფეროში ყოფნა მოაკლდება; თუმცა მაქსიმალურად შევეცდები, ის ქალური სილუეტი, რაც მას ძალიან უხდება, შევთავაზო ხოლმე, ოღონდ უფრო გამკაცრებულ ვარიანტში და ავუწყო ლამაზი''ლუქები''. რაც შეეხება მოლოდინს, ყველა ადამიანი შრომობს წინსვლისთვის, ამ ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველი არ ვარ და ჰოროსკოპებშიც კარგად ვერ ვერკვევი.
- ხათუნას ოჯახისთვის, შვილისთვის რჩება დრო?
- დასაწყისში რასაკვირველია, გრაფიკი იცვლება, თუმცა თუ კარგი მენეჯერი ხარ და შენს დროსა და საქმეს კარგად ანაწილებ, ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთს მოარგებ. ჯერ მხოლოდ ათი დღე გავიდა, რაც ხათუნა დაწინაურდა, ნელ-ნელა უფრო კარგად მოერგება გრაფიკს და ანასტასიას დედის ყურადღება არ მოაკლდება. დილით უფრო ადრე დგება, ვიდრე დგებოდა, ტუსინკაც 8 საათზე უკვე ფეხზეა, სკოლაში წასვლამდე ერთად არიან, ხათუნა შესვენებაზე და საღამოს, ანასტასიას დაძინებამდე შემორბენას ყოველთვის ახერხებს. მამიკო ცდილობს, რომ ამ პერიოდში დედიკოსა და მამიკოს მოვალეობები თავად შეასრულოს. აი, რამდენიმე საათში, მხიარულ სტარტებსაც უნდა დავესწრო, რადგან მნიშვნელოვანია, როცა მშობლებიდან ერთ-ერთი ან ორივე ერთად ესწრება მის წარმატებას. მე და ხათუნა ერთად დავესწარით მის კონკურსს სამეჯლისო ცეკვებში, სადაც პირველი ადგილი აიღო და ანასტასიაზე ბედნიერი იმ წუთას არავინ იყო. შემდეგ ერთად წამოვიყვანეთ სახლში და მოვაწყვეთ ოთხეულის ვახშამი, მეოთხე გახლავთ ჩვენი პატარა ჩიხუახუა ელისონი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია.
- ე.ი. ამ ეტაპზე გარკვეულწილად მეტი ფუნქცია დაგეკისრათ.
- არა, არა. ჩემთვის ანასტასიასთან ურთიერთობა ზღვარს სცდება, ისაა ჩემი ოცნება, მე ანასტასიაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება. არც მახსოვს, მანამდე როგორ ვარსებობდი, ასე რომ, არაფერი მეტი და ზედმეტი ჩემს ცხოვრებაში არ ხდება, ეს ჩვეული ცხოვრების რიტმია. ამ ეტაპზე ხათუნას ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რასაც უთქმელად ვაკეთებ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''