- რუსკა, ''ერთი ერთშის'' ახალ სეზონზე როგორი შემართებით
- პირადად მე ეს შოუ ძალიან მომწონს. ძალიან ხარისხიანი პროდუქტია. ასეთი შოუები სხვა არხებზე არ გადის. მომწონს აქ ყოფნა. გარდა ამისა, სწორი სცენარები იწერება. მუსიკისა და გრიმის ზეიმია. შემართებით ვარ და ძალიან მიხარია, რომ შოუ ისევ მე და კახას მიგვყავს. ისეთ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან, რაც აქამდე არც ერთ შოუზე არ მიმიღია.
- ახალი იმიჯით ხარ. პირველად გხედავთ მოკლე თმით. გრძელ თმას როგორ შეელიე?
- თმას იმიტომ არ შეველიე, რომ ''ერთი ერთშის'' სჭირდებოდა. უბრალოდ, მოსაჭრელი იყო და ცოტას შეჭრას ვარჩიე, მოკლედ შემეჭრა. მაინტერესებდა, როგორ მექნებოდა. ძალიან დიდი ხანია, მოკლე თმა არ მქონია.
- როგორ ეგუები?
- ძალიან მომწონს და ყველას მოსწონს.
- ''ერთი ერთშის'' ახალ სეზონზე შენს იმიჯში კიდევ რა შეიცვლება?
- სულ ვცდილობ, რომ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მეცვას და ვიყო სადა, რაც ჩვენს მხატვარს ძალიან კარგად გამოსდის, რომელიც კოსტიუმებს მიკერავს და ქმნის. ძალიან კმაყოფილი ვარ. მე და კახა დაგეგმილ სცენარს კი მივყვებით, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს თავისუფლება, რასაც ჩვენი შოუს პროდიუსერები გვაძლევენ და ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვგეგმავთ. მაგრამ ის, რომ შოუ ყოველ ოთხშაბათს ძალიან მაგარი იქნება, მაგაზე თავს ვიჭრი და ვდებ. მიხარია კახასთან მუშაობა, რადგან კარგი მსახიობი და ნიჭიერი ადამიანია.
- ახალ წელს ყოველთვის ველოდებით ფიფქიას ისტორიებს. წელს შემოგვთავაზებთ ახალ რეკლამას?
- წელს მე და სანტა ახალ წელს საქართველოს აუცილებლად მივულოცავთ, თუმცა მეტს ვერაფერს გაგიმხელთ. გადაღებები მალე დაიწყება.
- ერთ- ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ შენს შემოქმედებით ცხოვრებაში ან არაფერი ხდება, ან - ყველაფერი ერთდროულად. ახლა რა ეტაპზე ხარ?
- ცოტა ხნის წინ გასტროლზე ვიყავი ქუთაისში. რობიკო სტურუა ახალი სპექტაკლის დადგმას იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, საახალწლოდ იქნება. ამ სპექტაკლში დაკავებული ვარ. მალე გამოვა ''ცელქი ბავშვები 2''. საინტერესო პერიოდი მეწყება. ახალი წლის წინა დღეებში სულ ასე ხდება. ნოემბერსა და დეკემბერში ზედმეტად აქტიური ვარ.
- მახსოვს, ამბობდი, რომ წამყვანობა შენი საქმე არ იყო...
- ეს მაშინ ვთქვი, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წამყვანი ვიყავი და დავიტანჯე. ახლა წამყვანობისგან სიამოვნებას ვიღებ და არ ვიტანჯები. ასე იმიტომ მოხდა, რომ გადაცემა პირველად მიმყავდა. გარდა ამისა, გამოუცდელი ვიყავი და შეთამაშებულიც არ გახლდით ჩემს პარტნიორთან. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ არ იყო ჩვენი ეს საქმე. როდესაც ვთქვი, რომ შოუს არასდროს აღარ წავიყვანდი, მერე მიზნად დავისახე, კარგი წამყვანი გავმხდარიყავი. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' შემდეგ იყო ''ვოისი'', სადაც კარგად ვიმუშავე და ძალიან მომეწონა. შემდეგ გამოჩნდა ''ერთი ერთში'', ჩემთვის ყველაზე მთავარი პროექტი.
- გიფიქრია, რომ სხვა ჟანრის, არაგასართობი გადაცემა წაიყვანო?
- სერიოზულ გადაცემას ვერ წავიყვან, იმიტომ, რომ ჟურნალისტი არ ვარ. ვარ სახე და ამიტომ გასართობი სტილის გადაცემას უფრო წავიყვან, ვიდრე სერიოზულს. ვერ დავდგები და სერიოზული სახით რაღაცებს ვერ ვიქადაგებ.
- ერთხელ აღნიშნე, რომ ''ცეკვების'' მეორე სეზონში რომ გაიმარჯვე, თითქოს არავის ახსოვს. ამ პროექტთან თავად აღარ ურთიერთობ თუ ეს მათი მიზეზით ხდება?
- შემოთავაზება წელსაც მქონდა არხისგან და სხვა გადაცემებიდანაც, მაგრამ კონკრეტულად ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' რაც შეეხება, მათ მე არ ვეკარები, რადგან ყველაფერმა ჩაიარა და დამთავრდა. რაც გასაკეთებელი აქვთ, ჯობია, ის დაასრულონ და მერე ვილაპარაკოთ.
- მოგებულ ბინას ორი წელია, არ გაძლევენ. რა არის ამის მიზეზი?
- ბინა ჩამბარდა, მაგრამ ახლა მიმდინარეობს დავა, თეთრი კარკასი უნდა ჩამაბარონ თუ შავი.
- ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? ტელეკომპანია, პროექტი, თუ სამშენებლო კომპანია?
- რა თქმა უნდა, ერთმანეთს ადანაშაულებენ და სინამდვილეში საქმე არ კეთდება. დაბნეული ვარ, ვერ ვხვდები, რა ხდება. უბრალოდ, როდესაც ადამიანს ჰპირდები და რაიმეს ჩუქნი, უნდა შეასრულო. მთელ თბილისს ჰგონია, რომ ბინა ჩამბარდა, როგორც დამპირდნენ, მაგრამ ასე არაა. ამას პირდაპირ და Mხმამაღლა ვიტყვი. ვისი ბრალია, ეს პრინციპში არც მაინტერესებს.
- სხვა ტელევიზიების შემოთავაზებებზე უარი რატომ თქვი?
- ''ჯიდიესში'' ვმუშაობ და აქ ძალიან მომწონს.
- მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ბევრგან ახერხებენ მუშაობას. მაგალითისთვის დუტას დასახელება შეიძლება, რომელსაც ბევრი საქმე აქვს და ყველაფერს ახერხებს.
- დუტა უნივერსალურია, მე უბრალოდ, არ მინდა, ყველაფერს მოვედო. ერთგან ვაკეთებ საქმეს და მინდა, ეს ხარისხიანად გავაკეთო.
- რადგან ''ცეკვავენ ვარსკვლავებზე'' გაბრაზებული ხარ, პროექტს თვალს არ ადევნებ?
- თუ დრო მაქვს, აუცილებლად ვადევნებ. ვგულშემატკივრობ მარიამ როინიშვილს და მესიჯებსაც ვუგზავნი. ისეთ ხალხს აფეტიშებენ, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცოდა და ბუმია ამ ყველაფერზე.
- შენი თავის მიმართ კრიტიკულად ხარ განწყობილი? ხომ არ გიფიქრია, რომ უკეთ შეგეძლო ცეკვა?
- რა თქმა უნდა, ცოტა მეტი დრო რომ მქონოდა, ბევრად კარგად ვიცეკვებდი. ერთ დღეში ვსწავლობდი ცეკვებს. ფიზიკურად დრო არ მქონდა.
- შეგიძლია, გულახდილად თქვა, ''ერთი ერთშის'' რომელი სეზონი უფრო მოგწონს?
- ვერ შევადარებ. წელს პირველი ლაივი ძალიან მაგარი იყო. მომღერლები ერთი მეორეზე უკეთესები არიან. შარშან თავიდანვე გამოიკვეთა, ვინ იყო ლიდერი. აქ ვერც ვხვდები, ვის უნდა დაუწერონ ოთხი ქულა, ყველანი ძალიან მაგრები არიან.
- პროექტს სულ ადევნებს თვალს დედა, თამარ მაყაშვილი, და და. ოჯახის წევრები რომელ მონაწილეს გულშემატკივრობენ?
- შარშან დედას ძალიან უნდოდა დუტას გამარჯვება. ახალ სეზონზე ჯერჯერობით გოგა მესხსა და ნუკა კვალიაშვილს გულშემატკივრობს, რომელიც მართლა გასაგიჟებლად მღერის. მე არ ვიტყვი, ვისი გულშემატკივარი ვარ, არასწორი იქნება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''