08 დეკემბერი, 2014
''ნიჭიერი''ამალია გარდაცვლილ ქმარზე ალაპარაკდა...
რუსეთში ცხრა კლასის განათლებით წავედი მას მერე, რაც ამალია ჯიბლაძე ''ნიჭიერის''სცენაზე გამოჩნდა, მისი სახელითა და გვარით, ფოტოებით აჭრელდა სოციალური ქსელები. ''რუსთავი 2''-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც ამალია ღარიბი და მოუვლელი ჩანდა, მაყურებლის კრიტიკა მოჰყვა. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ბაფთებით მოვაჭრე ქალბატონი სცენაზე მიკროფონით საკმაოდ კარგ ფორმაში დგას. ამბობდნენ იმასაც, რომ ამალიამ შესარჩევ ტურზე ფონოგრამით იმღერა.
ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე დღე ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა მონაწილეობა ''ნიჭიერში''. ამ განცდებზე, განვლილ ცხოვრებაზე, გაჭირვებაზე, პირად ამბებზე
ამალია თავად გიამბობთ.

- ამდენი ნეგატივი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ბევრი ვინერვიულე, ბავშვივით ვტიროდი. 10 წელია, სცენაზე არ ვმდგარვარ, ჩემთვის სახლში ვმღეროდი. მომეცა საშუალება და ხალხისგან იმხელა ბოღმა წამოვიდა, დავითრგუნე, ვიფიქრე, ეს ყველაფერი ნერვიულობად არ მიღირდა და ისევ სახლში ღიღინი მერჩივნა. თავის მართლების პოზიციაში ყოფნა არ მიყვარს. რა უნდა ვამტკიცო, რომ სიმღერა შემიძლია? ასე მეგონა, მარტო ვიყავი და მთელი სამყარო მებრძოდა. რამდენიმე დღე არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ისევ ''რუსთავი 2''დამიდგა გვერდით, მარინა ბერიძე გამომეხმაურა, ორკესტრთან ვიმღერე. მათ გადამაწყვეტინეს ''ნიჭიერში''მონაწილეობის გაგრძელება. კრიტიკა, ერთი მხრივ, ცუდია, ძალიან იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო პიარი. რომ არა ეს აჟიოტაჟი, ნახევარი საქართველი ვერ გაიგებდა, ვინ არის ამალია ჯიბლაძე.
- როგორ გგონია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც შენი წარსული ამოქექეს?
- არ ვიცი, ალბათ, ჩემი შეშურდათ, შური ხომ არსებობს. ვიღაცას ეგონა, რომ ამ ტელევიზიამ ჩემი სახით შოუ დადგა, მაყურებელს საწყალი ამალია დაანახვა და სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ. ტყუილი არაფერი ყოფილა, უბრალოდ, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე, ეს იყო და ეს. გამოვედი იმიტომ, რომ ეს არის ჩემი შინაგანი სამყარო. არც ის არის ტყუილი, რომ მე ოდესღაც ვმღეროდი, არც ის, რომ მეუღლე დამეღუპა და არც ის, რომ ბაფთებს ვაკეთებ და ვაბარებ ბაზრობაზე. დღესაც შემიძლია, გაჩვენოთ ქალბატონი, რომელიც ბაფთების გაყიდვაში მეხმარება.
- მოგვიყევით თქვენი წარსული, თქვენი სინამდვილე.
- ორი რამ არსებობს ჩემთვის, მუსიკა და ბავშვი, არასდროს რომ არ გიღალატებს. ამაში განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა. ცუდად ვიყავი თუ კარგად, სულ ვმღეროდი. მამაჩემის დამსახურებაა, გიტარის დაკვრა რომ ვისწავლე. მან ამიყვანა პედაგოგი. თავიდან ორი აკორდი ვიცოდი და ორ აკორდზე ვაწყობდი სიმღერებს. მამა მოცეკვავე გახლდათ, მამაჩემის მამა, ნიკოლოზ ჯიბლაძე, ცნობილი მსახიობი ყოფილა, მუნჯი კინოს მსახიობი. ნათესაობაში მომღერალი არავინ გვყოლია. ჩემი ნათესავები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სიმღერის ნიჭი საიდან აქვს ამალიასო. სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტს დავინახავდი, ვეცემოდი და ვცდილობდი დამეკრა. ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ხელოვნებას უკავშირდებოდა, ხატვა, აკრობატიკა, ხელბურთი, ცეკვა. ჩემი მშობლები ხელს ვერ მიწყობდნენ, რომ ჩემი ინტერესები განმევითარებინა, ცოდნა მიმეღო. თვითონ ვპოულობდი უფასო წრეებს და ჩუმად დავდიოდი ყველაფერზე, რასაც ვასწრებდი. მეზობლები ეუბნებოდნენ ჩემს მშობლებს, მიხედეთ ამ ბავშვს, ცოდოაო.
- ბევრი დედმამიშვილი ხართ?
- მამას პირველი ცოლისგან ორი შვილი ჰყავს, დედას პირველი ქმრისგან - ქალიშვილი. ჩემი მშობლების საერთო შვილი მე ვარ. მამა დაკავებული იყო, დედაც ფაბრიკაში მუშაობდა. არ გვქონდა შეძლებული ოჯახი, ხშირად ვაშლიც კი მენატრებოდა. ტელევიზორი გვქონდა, იქ ვუსმენდი მუსიკას, ჩემს დას მაგნიტოფონი ჰქონდა და სანამ გათხოვდებოდა, მათხოვებდა ხოლმე.
- რა ინსტრუმენტზე უკრავთ?
- გიტარაზე, ფორტეპიანოზე ჩემებურად. ვიოლინოზეც შემიძლია, ადრე ვსინჯე და გამომივიდა. კომპიუტერი მეხმარება ხოლმე... მამა რომ გარდაიცვალა, 15 წლის ვიყავი. ერთი გოგონა გავიცანი, რომელიც ლილოში ცხოვრობდა. ზოგჯერ გლდანში ჩამოდიოდა, სადაც მე გავიზარდე. ლილოში დადიოდა ინსტრუმენტულ ანსამბლში. ამ ანსამბლმა ძალიან დამაინტერესა და ერთხელ გავყევი. ამიყვანეს. პირველი ჩემი დაწერილი სიმღერა იქ შევასრულე. პატრიოტული სიმღერა იყო, ვმღეროდი, როგორ ვშორდებოდი ჩემს ქვეყანას, თითქოს უკვე ვიცოდი, რომ ამ ქვეყნიდან წავიდოდი. ეს იყო ჩემი პირველი სცენა. მამაჩემი რომ დაიღუპა, დედაჩემი თითქმის არსად მიშვებდა. ლილოშიც ჩუმად დავდიოდი, ვიპარებოდი. ხშირად ბოთლებს ვაბარებდი, გზის ფული რომ მქონოდა. ამ თემაზე ხშირად ვკამათობდით მე და დედა. მას ჩემი კი არა, ჭორიკანა მეზობლების სჯეროდა, იმათი, ვინც ეუბნებოდა, სად დადის შენი შვილი, მამა არ ჰყავს, მეტი ყურადღება სჭირდება, სხვანაირად შეხედავენო... ამის გარდა, მამის გარდაცვალების შემდეგ იყო დავა ბინაზე. ჩემი და-ძმა წილს ითხოვდა. მაშინ პატარა ვიყავი, ასე მიიჩნევდნენ ისინი და ჩემი თანდასწრებით არც არჩევდნენ ამ საკითხს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რისთვის დაიარებოდნენ ჩვენთან. მაშინ ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მეტყოდა, არ წახვიდე ამ სახლიდან, თორემ წაგართმევენო, არ წავიდოდი.
- წაგართვეს?
- ასე გამოვიდა. დედამ და ჩემმა დამ გაყიდეს სახლი, მერე სხვა იყიდეს, მერე ისიც გაყიდეს და წილიც არ მომცეს. ბოლოს თავადაც დაკარგეს ყველაფერი. ახლა დედა კახეთში ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში...
რუსეთში ცხრა კლასის განათლებით წავედი. იქ სკოლა ექსტერნად დავამთავრე. ვცხოვრობდი გოგონასთან, რომელიც აქედან წერილებით დავიცანი. თავიდან ძალიან მიჭირდა. დარაჯადაც ვმუშაობდი, მზესუმზირასაც ვყიდდი მარტოხელა გოგო. არაფერი მითაკილია. 20 წელი გავატარე ასტრახანში. იქ გავიცანი ჩემი პირველი ქმარი, შემიყვარდა, პატარა ვიყავი და უჭკუო. არ მუშაობდა, მე ვარჩენდი ოჯახს, ამის გამო ხშირად ვკამათობდით, ვშორდებოდით, ვრიგდებოდით. ჩემს უფროს შვილს გულის მანკი ჰქონდა, ამან მთლიანად დამანგრია. მაშინ მოსკოვში უფასოდ აკეთებდნენ ოპერაციას. ექიმმა მითხრა, გადარჩენის 1 % არსებობსო. ეს ერთი პროცენტი ჩემი უნდა იყოს-მეთქი, ვიფიქრე და გავრისკე. გადარჩა, ახლა შვილიშვილიც მყავს... ასტრახანში დავიწყე სწავლა კულტურის სასწავლებელში, პარალელურად რესტორანში ვმღეროდი. 3-4 ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა. თან ვსწავლობდი, ეკლესიაშიც ვგალობდი. მოსწავლეები მყავდა, ვოკალში ვამეცადინებდი. უჩემოდ იზრდებოდა ჩემი უფროსი შვილი. დილით ვხედავდი, როცა სკოლაში მიდიოდა და სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, უკვე ეძინა.
- საქართველოში რატომ დაბრუნდით?
- ამ კითხვას ბევრი მისვამს. საშინელი ნოსტალგია მქონდა. შვილი დავაბინავე. მაშინ ქმარს უკვე გაშორებული ვიყავი და პატარა ქალიშვილთან ერთად დავბრუნდი.
- მეორე შვილიც რუსი ქმრისგან გყავთ?
- კი.
- თქვენს პირველ ქმარს ოჯახი აქვს ახლა?
- არა, ვინღა გაჰყვება, მეორე ჩემნაირ სულელს ვერ იშოვის (იცინის).
- მეორე ოჯახი როგორ შექმენით?
- ასტრახანში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ჩემს ოთახს პრივატიზაცია გავუკეთე და გავყიდე. იმ ფულით თბილისში ბინა ვიგირავე. აქ გავიცანი ჩემი მეორე ქმარი. ის ქვრივი იყო. მისთვის მე მესამე ცოლი ვიყავი. ჩვენს უბანში ცხოვრობდა. მეზობლები ცდილობდნენ ჩვენს დაკავშირებას. მეც მეჩიჩინებოდნენ და მასაც. თავიდან შევიცხადე, პაპაჩემისდროინდელი ''ფუფაიკა''ეცვა, მოუწესრიგებელი იყო, სვამდა. ერთხელ გამოველაპარაკე და მივხვდი, რომ ძალიან განათლებული, საინტერესო ადამიანი იყო. მაშინ მითხრა, რა გგონია, რატომ ვსვამ, ლოთი კი არ ვარ, ხელი მაქვს ჩაქნეული ამ ცხოვრებაზეო. სხვა მთხოვნელებიც მყავდა, მაგრამ არჩევანი მასზე შევაჩერე. ვუთხარი, ვცადოთ-მეთქი. სიყვარულშიც არ გამოვტყდომივართ ერთმანეთს, ორივეს თვალებში ჩანდა გულწრფელობა... ჩემი უფროსი შვილი მეხმარება ხოლმე, ზოგჯერ ფულს მიგზავნის რუსეთიდან. წავიყვანე მეორადების მაღაზიაში, თავიდან ბოლომდე ჩავაცვი, სალონში შევიყვანე, თმა გავკრიჭე. სახლში რომ მოვიყვანე, მისმა ნათესავებმაც ვერ იცნეს (იცინის). რა ტუზი დაგეცაო, ეუბნებოდნენ. ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ნასვამი იყო, ჩხუბის დროს მოკლეს... ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვარ. მაშინ ერთი თვით რუსეთში ვიყავი ჩემს შვილთან. იქ გავიგე ეს ამბავი და სასწრაფოდ დავბრუნდი. მას მერე გათხოვებაზე აღარც ვფიქრობ.
- თქვენი პირველი ქმარი არ კონტაქტობს თქვენთან, პატარა შვილს, სოფიკოს მაინც არ ეხმარება?
- არა. რაში ვჭირდებით?!
- მუსიკა და ბავშვი არ გიღალატებსო - აღნიშნეთ, მამაკაცს უღალატია თქვენთვის?
- კი, პირველმა ქმარმა მიღალატა.
- ახლა სად ცხოვრობთ, რა არის თქვენი ძირითადი შემოსავალი?
- იმ ფულით, რომლითაც ბინა მქონდა დაგირავებული, რუსთავში სახლი ვიყიდე. თბილისში როცა ვარ, ჩემი შვილის ნათლიასთან ვცხოვრობ. ის ძალიან მეხმარება. მეხმარება ჩემი უფროსი ქალიშვილი და ჩემი ბაფთები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს კარგად აღარ იყიდება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
სალომე
გილოცავთ ამ წარმატებას ქ-ონ ამალია! მე ძალიან მომეწონა თქვნი შესრულებული ეს ლამაზი სიმღერა :) ასევე ლამაზად შესრულებული. რაც შეეხება თქვენს არაკეთილის მსურველებს ისინი ყოველთვის არსებობდნენ და მათ ვერ თქვენ და ვერც ვერავინ ვერ ვერ მოვსპობთ უბრალოდ თქვენ ყურადღება არ უნდა მიაქციოთ იმიტომ, რომ ყელამ კარგად ვიცით ასეთებიც საჭიროები არიან რაღაც დოზით ისნი იმით უფრო გაღიზიანდებიან რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ მე მჯერა რომ თქვენი წარმატება უკვე დაწყებულია უსასრულობამდე! პროქტ ნიჭიერში :) თქვენ ჩემი ერთადერთი ფავორიტი ხართ პატივისცემით ქ.რუსთვის ერთ-ერთი უ ბ რ ა ლ ო მოქალაქე ! გისურვებთ წრმატებებს როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში :) უფალი გფარავდეთ
13:48 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ჩემთვის ფავორიტი ხართ წარმატებებს აუცილებლად მიაღწევთ
20:08 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
neli
shen gaimarjvep mwams
12:30 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაირა
ბრავო. ამალია ძალიან კარგი ხმა გაქვთ. გისურვებთ წარმატებებს.
10:06 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
აირა
ბრავო! ბრავო!ამალია ძალიან გთხოვთ,ხალხზე ნუ გაბრაზდებით.მაყურებელი დააბნიეს.ამას ქვია ზოგი ჭირი მარგებელიაო! გისურვებთ წარმატებას.ღმერთი გფარავდეთ. გელოდებით.
13:28 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS