- მაკა, მოკლე ვარცხნილობა მოდაშია, მხოლოდ ეს იყო შენი იმიჯის შეცვლის მიზეზი?
-
- მოსავლელად მარტივია?
- კი, უმარტივესი, მით უმეტეს, რომ მეხერხება ჩემით რაღაცების გაკეთება. ძირითადად, ჩემით ვუვლი, მაგრამ გადაღებების დროს ვცდილობ, სალონში ვიარო.
- ზემოთ კარიერული ცვლილებები ახსენე…...
- ვიწყებ სოლოკარიერას, მექნება ახალი სიმღერები. ერთი სიმღერა ჩემს შვილთან ერთად ჩავწერე, კლიპიც გადავიღეთ და სატელევიზიო პრემიერაც იყო. ვამზადებ კიდევ ორ ახალ სიმღერას და მაქვს გეგმები, რაზეც წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს.
- იწყებ სოლოკარიერას, ეს ნიშნავს იმას, რომ დუეტი ''ჯორჯია''დაიშალა?
- არ მიყვარს რადიკალური დასკვნების გამოტანა, დუეტ ''ჯორჯიას''ამ ეტაპზე აქვს მუსიკალური პაუზა, რამდენი ხნით, ეს არავინ იცის.
- ამბობენ, რომ რატისთან ურთიერთობა დაგეძაბა, რამაც გამოიწვია ეს პაუზა...
- ჩვენი შექმნიდან დღემდე ეს თემა და ჭორი ჩვენს შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ და სიმართლე გითხრა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც უკვე დამღლელია.
- რატი საზღვარგარეთ გეგმავს კარიერის გაგრძელებას.
- რატის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ძალიან პირადულია, დეტალურ ინფორმაციას ის უფრო კარგად მოგაწვდით.
- რადგან ხალხს აინტერესებს, გკითხავ, აგრძელებთ თუ არა შენ და რატი მეგობრობას? თქვენი ერთობლივი სტუდია კიდევ არსებობს?
- რადგან ჩვენს დუეტს აქვს შემოქმედებითი პაუზა, არ გვინდა, ვინმე მოვატყუოთ და სტუდიაც, სამწუხაროდ, აღარ ფუნქციონირებს. დუეტის შემოქმედება ამ ეტაპზე შეჩერებულია, ერთობლივად ვერ ვაქცევდით ყურადღებას ამ სტუდიას, მე ჩემი საქმეები მქონდა, რატის - თავისი და არ გამოდიოდა. ურთიერთობა, რასაკვირველია გვაქვს, მეგობრები ვიყავით დუეტ ''ჯორჯიამდეც~, უბრალოდ, ახლა ორივეს ბევრი საქმე გვაქვს, დაკავებულები ვართ და ისეთი სიხშირით ვერ ვხვდებით ერთმანეთს. მაშინ ერთ საქმეს ვაკეთებდით, ერთად დავდიოდით გადაღებებზე და ძალაუნებურად ერთად ვიყავით, ახლა კი თითქმის სულ ცალ-ცალკე ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ფიზიკურად არ რჩება იმდენი დრო, რომ ერთმანეთს დავუთმოთ.
- მაკა, ზოგადად დაბრკოლებებს მარტივად უმკლავდები?
- ცხოვრებაში მქონია არაერთი ასეთი მომენტი, მაგრამ არასდროს ვვარდები დეპრესიაში, სხვას ჩემს პრობლემებს თავზე არ ვახვევ, ბევრჯერ არც მომიყოლია, მაგრამ ჩემს მეგობრებს სულ ძალით უთქმევინებიათ. ვფიქრობ, როცა საკითხი შენი მოსაგვარებელია, აზრი არ აქვს, მოჰყვები თუ არა. მიმაჩნია, რომ პრობლემებთან გამკლავება შემიძლია, შეიძლება მიამიტი, მიმნდობი ვარ, მაგრამ პიროვნულად სუსტი არ ვარ. მიყვარს შრომა, ვარ ძალიან აქტიური, სულ მოძრაობაში ვარ, თუ თავისუფალი დრო მაქვს, მივდივარ მეგობრებთან, ან სახლში ბავშვისგან გაკვეთილებს ვიბარებ ან რაიმე საქმეს ვაკეთებ, ანუ მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა არ შემიძლია.
- პირადი პრობლემა უფრო რთულად გადასალახია თუ კარიერული?
- ყველა პრობლემა რთულად გადასალახია, გააჩნია, რა დოზითაა ეს პრობლემა შენს ცხოვრებაში შემოსული. თუმცა სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავვარდნილვარ, მწამს ღმერთის და არასდროს ვგრძნობ თავს მისგან მიტოვებულად.
- ხშირად ტირი?
- ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი, მაგრამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში არ მეტირება, ამ დროს უფრო ძლიერი ვხდები, ჩემი ცრემლი პრობლემის დროს არავის უნახავს. უფრო სენტიმენტალურ, რომანტიკულ რაღაცებზე მიჩუყდება გული.
- შენი ცხოვრებიდან ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდება?
- (ფიქრობს) რთული პერიოდი იყო მაშინ, როცა ექვსწლიანი შემოქმედებითი პაუზა მქონდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვმღეროდი. ისე, სიმართლე გითხრა, ახლაც რთული პერიოდი მაქვს, მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევად საქმეს შევეჭიდე, ბევრი რამ მიტრიალებს თავში და მინდა, ყველაფერი კარგად გამოვიდეს. სოლოკარიერა მარტივი სულაც არაა, მაკა ვარ ზამბახიძე, სოლოკარიერას ვიწყებ და ჩემთვის ყველაფერი მარტივია - ასე არ იქნება. ხალხი ჩემგან მოითხოვს მეტს, უფრო კარგ სიმღერებს და საინტერესო შემოქმედებას - აი, ამას რომ ვეჭიდები, ესაა საპასუხისმგებლო.
- ცხოვრებაში რისი გეშინია?
- ღმერთის და თავად ცხოვრების. ყოველდღიურად ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება და ამის ძალიან მეშინია. მთრგუნავს ნეგატიური ამბები, ვცდილობ, ყოველდღიურად ისე ვიცხოვრო, ადამიანებს ნაკლებად ვაწყენინო, ნაკლებად ვატკინო გული, არ ვიცი, ეს რამდენად გამომდის, მაგრამ მე ნამდვილად ვცდილობ.
- შენი ხასიათიდან რომელი თვისება არ მოგწონს?
- ვარ ფეთქებადი, ემოციური, თუ რაღაცაზე ვნერვიულობ, ხმამაღლა ვლაპარაკობ და ვიცი, ეს არ ვარგა. არ მომწონს, რომ არ ვზომავ ასჯერ და ისე ვჭრი ერთხელ, უცბად მივიღებ გადაწყვეტილებას, არადა, შეიძლება იფიქრო მეტი და მერე გადაჭრა. მქონია ამის გამო იმედგაცრუებები და იმიტომ ვამბობ.
- ზოგადად, დედობა რთულია, მაგრამ შენ გარკვეული პერიოდი მარტოხელა დედობამაც მოგიწია.
- დღესდღეობით მოუცლელი დედა ვარ, შვილთან ერთად 24 საათის გატარება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ სამსახურისა და ოჯახის შეთავსება ძალიან რთულია. არის პერიოდი, როცა შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდები, მაშინვე ვიძინებ, ან სალომე მხვდება უკვე დაძინებული. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვაკონტროლებ მის სწავლას, სახლშიც რომ არ ვარ, ვურეკავ, ვეუბნები იმეცადინოს, ჩააბაროს ბებოს და ა.შ.
- მაკა, ქალის მიუწვდომლობისა და იდუმალების თემებზე რას ფიქრობ, უნდა ჰქონდეს ქალს თავისთვის ერთი საიდუმლო მაინც?
- კი, ვეთანხმები, ძალიან კარგი მიდგომაა, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია. თუ ხარ დოზირებულად იდუმალი, დოზირებულად მიუწვდომელი - კარგია, მაგრამ გამაღიზიანებელი არ უნდა იყო. მე არ გამომდის, იმიტომ, რომ ძალიან გახსნილი ვარ.
- ამბობენ, კაცების გარკვეულ ნაწილს წარმატებული, შემდგარი ქალები არ მოსწონსო.
- ვერ დავეთანხმები, იმიტომ, რომ ვახო გიჟდება წარმატებულ ადამიანებზე და სულ მგულშემატკივრობს, სიგიჟემდე უხარია ჩემი ყველა გამოსვლა. მამაჩემს კი ყოველთვის უნდოდა, მსახიობი, თან თეატრის მსახიობი ვყოფილიყავი, ვამაყობ, რომ ასეთი ოჯახის წევრები მყავს.
- სიყვარულის გამო ბრძოლას აზრი აქვს?
- ძალიან ცხოვრებისეული კითხვაა. თუ გიყვარს, ბოლომდე გეყვარება, მაგრამ გააჩნია ბრძოლას, როგორი ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ. ვიღაცის პრაქტიკაში შეიძლება ყოფილა შემთხვევა, რომ უბრძოლია და გაუმარჯვია, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ ადამიანს წასვლა უნდა, მაინც წავა. წლების მერე მიხვდება, შენ როგორ გიყვარდა.
- ამ თემიდან გამომდინარე გკითხავ, როგორი ქალისგან არ მიდის მამაკაცი?
- ამასაც ვერ განსაზღვრავ. არ გაგიგიათ, რომ ძალიან ლამაზი, წარმატებული ქალებისგან წასულან მამაკაცები? ამიტომ ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, ადამიანს რას გაუგებ, უბრალოდ, არ უნდა და მორჩა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ასევე იხილეთ