- ყველას გვაინტერესებს, რატომ დატოვეთ პროექტი. ვიცით, რომ გოჩა ჩერტკოევთან გქონდათ არასასიამოვნო საუბარი და
საშა:
- ჩვენი გუნდი დაიღალა თვითმარქვიასთან ერთად მუშაობით. ძალიან დიდხანს, დაახლოებით სამი წელი ვმუშაობდით პროექტში და მთელ ჩვენს გულს ვდებდით, ღამეები არ გვეძინა იმისთვის, რომ ქართველ მაყურებელს მოსწონებოდა ჩვენი ნამუშევარი და კმაყოფილები ყოფილიყვნენ. მხოლოდ პროექტიდან წამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და საბოლოოდ მან მიზანს მიაღწია. კონკრეტულად შოუზე მთლიანი კონტროლი უნდა, სადაც ის პროდიუსერიცაა, ჟიურიშიც ზის და მისი უახლოესი ნათესავი იკავებს მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობას.
- რატომაა გოჩა თვითმარქვია? ის ხომ ნამდვილად მოცეკვავეა.
- დიახ, მაგრამ ათი ცეკვიდან მას უცეკვია მხოლოდ ხუთი და დანარჩენ ხუთზე მან ძალიან ცოტა რამ იცის, ამიტომ ძალიან ხშირად თავის კომენტარებში ის ასახელებს ცეკვის ელემენტებს, რომლებიც არ ყოფილა მოცემულ ცეკვაში და იმით სარგებლობს, რომ მაყურებელი ტერმინებს ვერ გაიგებს.… გოჩა ცეკვით ცეკვავდა, მაგრამ შოუს გაკეთების თვალსაზრისით მას არანაირი გამოცდილება არ აქვს. ის ყველას უყვებოდა, რომ ამერიკული ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერია, მაგრამ არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ინტერნეტში. ალიონა და დიმა პირველი სეზონიდან მუშაობენ ამ პროექტზე საქართველოში და მათი თხოვნა იყო, რომ სწორედ ის ჩამოსულიყო საქართველოში ჟიურის წევრად. გოჩა ერთადერთი ადამიანია, რომელიც საქართველოდან საზღვარგარეთ ცეკვავს, მაგრამ მას ამის მეტისთვის არ მიუღწევია. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ისმოდა დაუსაბუთებელი კრიტიკა ქორეოგრაფიის მიმართ.
დიმა:
- მისი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი. ამას ყველა ხვდებოდა.
- რისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი?
- ჩვენი პირველი კონფლიქტი გოჩა ჩერტკოევთან პირველ სეზონზე მოხდა, როდესაც მან არაობიექტურად დაიწყო სამორი ბალდეს შეფასება. სამორი კი, ჩვენი აზრით, საუცხოოდ ცეკვავდა და მოგებას იმსახურებდა. გოჩას აშკარად არ უნდოდა სამორის გამარჯვება, ამას ჩვენ მალევე მივხვდით. ვინც პირველ სეზონში მონაწილეობდა, ეს მათ კარგად ახსოვთ. ჩვენ არ დავუშვით, რომ მას სამორი გაეკრიტიკებინა. მას შემდეგ ჩვენ შორის ღია კონფლიქტი იყო.
- გოჩა ჩერტკოევს უნდოდა, რომ პროექტი გიგი გაჩეჩილაძეს მოეგო?
- თქვენ ყველაფერს მშვენივრად ხვდებით. შემდეგ მოხდა ის, რაც ჩვენი პროექტიდან წამოსვლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მოთმენა ჩვენი ღირსებისთვის შეუძლებელი იყო.
- რა მოხდა, რა იყო ბოლო წვეთი?
საშა:
- ბოლო წვეთი ის იყო, რომ ის ულამაზოდ და არაკორექტულად მოიქცა ჩვენი გუნდის წევრის მიმართ, ღიად დაუპირისპირდა ალიონას და ამ ყველაფერთან ერთად მან ხელით უბიძგა ალიონას, იმიტომ, რომ ის კაცი არაა. A
დიმა:
- არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი კაცი არ შეეხება სხვის ქალს.
- როგორც ვხვდები, ამ ამბავს დიდი ჩხუბი მოჰყვა.
საშა:
- სამწუხაროდ, მე და დიმა ამ ყველაფერს არ შევსწრებივართ, ამიტომ ჩხუბი არ ყოფილა.
დიმა:
- ალიონა პირველი გამოვიდა შოუდან. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, რომ გოჩამ ალიონას ხელი ჰკრა.
- ხომ შესაძლებელია, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა?
- ჩვენ არ ვიცოდით დეტალები. ჩავსხედით ტაქსიში და სახლში წამოვედით. მაშინ გავიგეთ, გოჩა როგორც მოიქცა. რა თქმა უნდა, დავბრუნდი უკან, მაგრამ მერე აღარავინ შემიშვა. მთელმა გუნდმა წამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან აღარ გვინდოდა მოგვეთმინა იმ ადამიანის გა-მოხტომები, რომელიც პატივს არ სცემს სხვის აზრს. და საერთოდ, გაუგებარია, ვინ არის. სამეჯლისო ცეკვების შესახებ ბევრი რამ მოვიძიეთ ინტერნეტში, მაგრამ მასზე არსად არაფერი წერია...
- ალიონამ რა გიამბოთ, რაზე იკამათეს მან და გოჩამ? რომელიმე ცეკვა არ მოეწონა?
- გოჩას არ მოეწონა, რომ ალიონამ ერთ-ერთ მონაწილეს უთხრა, არავის მოუსმინო, შენ ყვე-ლაზე კარგი ხარო. ჩვენ ასე გამოვხატავთ მხარდაჭერას მოცეკვავეების მიმართ, ჩვენ მათ ყოველთვის ვამხნევებდით და ვეუბნებოდით, რომ მთავარი იყო, რას ფიქრობდა მასზე მაყურებელი, რომ ეს შოუ მაყურებლისთვისაა და არა ჟიურისთვის. ეს არ მოეწონა მის აღმატებულება ბატონ გოჩას და მოიქცა ისე, როგორც მოქცევის უფლებაც არ ჰქონდა. ახლა ბედნიერები ვართ, რომ არ ვხედავთ მას და მის გუნდს და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ახალ პროექტზე ვმუშაობთ საქართველოში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევრით მაყურებელს გავახარებთ. სამწუხაროდ, მაყურებლისთვის სიამოვნების მინიჭებას ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' ვეღარ მოვახერხებთ.
- რა თქვეს პროექტის ორგანიზატორებმა?
- ვისაუბრეთ არხის ხელმძღვანელობასთან, როცა მათ გაიგეს მომხდარის შესახებ, გვითხრეს, რომ პროექტს გოჩას გარეშე ვერ ხედავდნენ.
- საშა, როგორც ვიცი, გიგი გაჩეჩილაძემ შემოგთავაზათ, მასთან ერთად გემუშავათ.
- პირადად ჩვენთვის მსგავსი წინადადება არ შემოუთავაზებია, ალბათ, მას კარგი ფანტაზია აქვს.
- ალბათ ყველაზე რთული შენთვისაა ამ პროექტიდან წამოსვლა, რადგან შენი მეუღლე, მზია დღესაც ცეკვავს იქ.
- რასაკვირველია, პროექტს ვადევნებ თვალს და მზიას ვგულშემატკივრობ. ის ყოჩაღია და ყველაფერს თავს ართმევს.
- თქვენ მას არ ეხმარებით?
- ეს არ იქნებოდა სამართლიანი დანარჩენი მონაწილეების მიმართ. ახლა მთელ ჩვენს დროს სხვა სამუშაოს ვუთმობთ.
დიმა:
- პროექტიდან წამოსვლის მერე მხოლოდ ერთხელ დავეხმარეთ მონაწილეს. ჩვენთან მოვიდნენ მეგობრები სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე. სხვადასხვა თემაზე ვიმსჯელეთ და უბრალოდ გვკითხეს, მომდევნო ტურში სალომეს ცეკვას როგორ ვხედავდით. ყველა მონაწილე გვიყვარსD და ყველას ვგულშემატკივრობთ. როდესაც შოუს ვუყურებთ, რასაკვირვე-ლია, ვფიქრობთ, რას და როგორ გავაკეთებდით, მაგრამ ჩვენს აზრს არავის ვახვევთ თავზე.
- რა გეგმები გაქვთ პროექტის დამთავრების შემდეგ?
საშა:
- ჩვენთვის პროექტი უკვე დამთავრებულია. საქართველოში დარჩენას არ ვაპირებთ, შესაძლოა, იმავე პროექტში ქორეოგრაფობა სხვა ქვეყანაში შემოგვთავაზონ.
დიმა:
- ძალიან ბევრი ცეკვა დავდგით საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ქართველ მაყურებელს თავი კარგად დავამახსოვრეთ. ეს ჩვენთვის ყველაზე მთავარია.
საშასა და დიმასთან საუბრის შემდეგ, რასაკვირველია, ვცადეთ გოჩა ჩერტკოევთან დაკავშირება. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა, რის შემდეგაც რამდენიმე კითხვით გიგი გაჩეჩილაძეს მივმართეთ.
- გიგი, გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტურის დამთავრების შემდეგ გოჩამ ალიონას ხელით უბიძგა.
- რა თქმა უნდა, ყველაფერი დაწვრილებით შეგიძლიათ, გოჩას ჰკითხოთ, მაგრამ მე იქ ვიდექი და მსგავსი არაფერი მომხდარა.
- ამბობენ, ალიონამ ერთ-ერთი მონაწილე გაამხნევა და კონფლიქტი ამიტომ დაიწყო.
- ასე იყო, მაგრამ ხელის კვრა არ დამინახავს.
- ამბობენ, რომ გოჩას თავიდანვე არ უნდოდა, უკრაინელი ქორეოგრაფები ყოფილიყვნენ პროექტში. ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი წასულიყვნენ და მიაღწია კიდეც მიზანს.
- ყველაფრის გაკეთებაში რა იგულისხმება?
- აკრიტიკებდა დადგმას.
- ახლა მე ვარ პროექტის ქორეოგრაფი და ჩემს დადგმულ ცეკვებსაც აკრიტიკებს. ქორეო-გრაფმა უნდა იცოდეს, რომ კრიტიკა ჩვეულებრივი მომენტია და ნებისმიერმა მსაჯმა შეიძლება მისცეს შენიშვნა. არა მარტო გოჩა აკრიტიკებს ჩემს დადგმულს, არამედ სოფო შევარდნაძე და ჟიურის დანარჩენი წევრებიც. რეალურად ამისთვის არიან ჟიურიში.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''