28 ნოემბერი, 2014
ანი გიუნტერი: ''კაცი ყველანაირი ქალისგან მიდის''
წარმატების ნებისმიერ გზაზე გხვდება სირთულეები გამოუსწორებელი ოპტიმისტი ძალიან ცვალებადი ხასიათით, შეიძლება ითქვას, უშიშარი და საკმაოდ ძლიერი – ასეთია ანი გიუნტერის ხასიათის ძირითადი შტრიხები. ცხოვრებისეულ სირთულეებზე, მათი გადალახვით მიყენებულ ტკივილსა თუ ტკბობაზე ''რუსთავი 2''-ის დილის გადაცემის წამყვანს ვესაუბრეთ.

- არ მივეკუთვნები იმ ქალებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალი მამაკაცზე ძლიერი უნდა იყოს, უბრალოდ, ხანდახან მგონია, ქალების გაძლიერების ფონზე მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სუსტის როლში ყოფნა. სიამოვნებით დავსუსტდებოდი და ვიქნებოდი ჩემზე ბევრად ძლიერი მამკაცის გვერდით.
- შენთვის რა წარმოადგენს
სირთულეს?
- ახალი ეტაპის წარმატებით გადალახვა, დაბრკოლების დაძლევა. წარმატების ნებისმიერ გზაზე გხვდება სირთულეები, რაც უფრო საინტერესოდ გადალახავ, რაც უფრო მეტ ახალს გაიგებ, შეიძენ გამოცდილებას, მით უფრო სასიამოვნოა იმ წარმატების დაგემოვნება. ზოგადად, სირთულეებს კიდევ უფრო მეტად არ ვართულებ, მარტივად ვუყურებ.
- ზემოთ თქვი, სიამოვნებით ვიქნებოდი სუსტიო.
- ჰო, მაგრამ არ გამომდის. სისუსტე მიმტყუნებს და ბოლომდე ძლიერი გამოვდგები ხოლმე. როცა გაქვს უამრავი საქმე, სამსახურიდან სამსახურში ინაცვლებ და მუდმივად დაკავებული ხარ, ფიზიკურად არ გრჩება დრო იმისთვის, რომ სუსტი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა დეპრესიაზე. ხანდახან გინდა განიტვირთო, ცოტა იტირო და ა.შ. მაგრამ როცა გყავს შვილები, რომლებსაც ყოველწუთიერად სჭირდებათ შენი ყურადღება, ზღაპრის მოყოლა, ამასთანავე, გაქვს 500 იმეილი ერთად გასაგზავნი, ვეღარ აძლევ საკუთარ თავს უფლებას, იყო დეპრესიული და სუსტი. საერთოდ, ყველაზე დიდი სირთულე უდროობა და გრაფიკია.
- პირადი პრობლემა უფრო რთულად გადასალახია შენთვის თუ სამსახურებრივი?
- პირადი. თუ პირადი ღირებულია, რაც გულისხმობს მეგობრებს, ოჯახს, ძალიან განვიცდი. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები, შენბევრი რამ შეძელი, ბოლოს და ბოლოს გერმანელი ხარ, როგორ შეიძლება, ასე მიიტანო გულთან რამე-მეთქი. მა-გრამ, ესაა ის სფერო, სადაც ნამდვილად გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი და განვიცდი, ოღონდ არ ვფიქრობ, რომ სისუსტეა, როცა შენს პირადს განიცდი.
- ამბობენ, ცრემლები სისუსტის ნიშანიაო, თუმცა სხვისთვის ცრემლის დანახვებაც გარკვეული ძალაა...
- არ მიმაჩნია, რომ ცრემლები სი-სუსტის გამოვლენაა, ეს უფრო ემოციაა, უბრალოდ, სასურველია, ამან სხვა არ შეაწუხოს. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა ტირილი მანიპულირების ან შანტაჟის იარაღი ხდება, ბავშვების ან ზოგიერთი ქალის შემთხვევაშიც. მე ეს არ შემიძლია, ამბობენ, საკმაოდ ძლიერი იარაღიაო, თუმცა მე არ გამომიცდია.
- ქალის მიუწვდომლობის თემაზე რას ფიქრობ?
- (იცინის) როცა ქუსლზე ვდგავარ, მაშინ განსაკუთრებულად მიუწვდომელი ვარ. ისე, ამაზე გულწრფელად მეცინება და კიდევ იმაზე, რომ ამბობენ, შენთვის საიდუმლო უნდა დაიტოვო, ბოლომდე არ უნდა გაიხსნაო. ისედაც ხშირად მეუბნებიან, რომ საკმაოდ რთულად გასაგები, ცვალებადი ხასიათი მაქვს, კიდევ რომ გავართულო, საერთოდ დავიბნევი მეც და სხვებსაც დავაბნევ, ამიტომ არ მჭირდება ზედმეტად რაღაცების მოგონება, ისედაც ბევრი რამ გაუგებარი დარჩება. გამორიცხულია, ბოლომდე გულწრფელი იყო და ყველამ შენი ყველაფერი იცოდეს. თუ იცი, რომ შენში მაინც რჩება ის, რაც შენია, არ უნდა გეშინოდეს გულწრფელობის, ყოველ შემთხვევაში ყველა ურთიერთობაში დამღუპველია თამაში და რაღაცების, თუნდაც იმ მიუწვდომლობის მოგონება. ბავშვობის შემდეგ არასდროს მიფიქრია, ესემესს ვუპასუხო ახლავე, ოცი წუთის შემდეგ თუ ორი საათით გვიან, თუ არ ვპასუხობ, უბრალოდ, არ მცალია. მომგებიანია თუ წამგებიანი არ ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასეა.
- ხასიათის ცვალებადობაში რა იგულისხმება?
- მარტივად შეიძლება დავდგე კარგ ხასიათზე, გამყიდველმა რომ გამიღიმოს, მძღოლმა ჩამირთოს კარგი მუსიკა, ვიღაცამ მითხრას კომპლიმენტი, კარგ ხასიათზე ვდგები.
- სირთულე, რომელიც ბოლოს გადალახე.
- ახლაც ვლახავ გარკვეულ სირთულეებს, შეიძლება, ზოგი ჯერაც არ გადამილახავს და პროცესში ვარ, თუმცა კონკრეტულად ვერ გამოვყოფ.
- ოდესმე მომხდარა შენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რომ იმ მომენტში გიფიქრია, ყველაფერი დამთავრდა?
- ბედნიერი ვარ, რომ ასეთ სიტუაციაში არასდროს ჩავვარდნილვარ და ასე არასდროს მიფიქრია. ზოგადად, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, შეიძლება, რაღაცამ ხასიათზე ცუდად იმოქმედოს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერში იუმორის გრძნობა ჩავაქსოვო, რაც ძალიან მეხმარება სირთულეების გადალახვაში. თვითირონია და მოვლენის სხვა მხრიდან, იუმორით დანახვა ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
- ცხოვრებაში რისი გეშინია?
- საერთოდ, შიშის გრძნობა ძალიან ნაკლებად მაქვს განვითარებული და ეს ძალიან ცუდია, რის გამოც ხშირად ვყოფილვარ მსხვერპლის როლში, მაგალითად, ცხენიდან გადმოვარდნის შემთხვევაში. ერთხელ, ცირკში პირდაპირ დათვთან მივედი. თუ კადრს დასჭირდა, შემიძლია, ვთქვათ, სიმაღლიდან გადმოვხტე და ა.შ. ყოველთვის წინ მივდივარ შუბლით. ერთხელ მკითხეს, არ გეშინია იმის, რომ საერთოდ არაფრის გეშინიაო, და დავფიქრდი.
- დედობა ურთულესი ''პროფესიაა''. დღეს ძნელია იყო კარგი დედა, თუნდაც უდროობის გამო.
- დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს მხოლოდ ფაფის მომზადება და ხაჭაპურის გამოცხობა ნამდვილად არაა. ჩემი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ამ თემაზე ფიქრს ვუთმობ, ვფიქრობ არა იმაზე, როგორ გავზარდო, არამედ როგორ აღვზარდო შვილები, მათთან ურთიერთობაზე ძვირფასი ამქვეყნად ჯერ არაფერი გამაჩნია. პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგო საქმე, ცხოვრება და სწორად გაანაწილო დრო.
- ანი, დაბრკოლება ყველა ოჯახშია, მაგრამ ოჯახის სიმყარეს რა განაპირობებს?
- კი, მაგრამ იქ, სადაც არსებობს ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა, სიყვარულზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ, ეს აუცილებელია, დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია. ზოგადად, ეს იმდენად ინდივიდუალურია, ძნელია პასუხის გაცემა.
- ამბობენ, რომ კაცებს არ მოსწონთ დაკავებული, წარმატებული, შემდგარი ქალები.
- სუსტ კაცებს ნამდვილად არ მოსწონთ. კაცმა უნდა იგრძნოს, რომ შენთვის ძალიან საჭიროა, არასაჭირო კაცი ჩემ გვერდით ვერ იქნება. გოგონებო, შევთანხმდეთ, რომ ქალის გვერდით მამაკაცი აუცილებელია, ამიტომ გაუფრთხილდით მამაკაცებს!
- როგორი ქალისგან არ მიდის მამაკაცი?
- კაცი ყველანაირი ქალისგან მიდის (იცინის) და ქალებზეც შეიძლება იმავეს თქმა.
- ანუ, ერთნაირად ორგულები ვართ ქალები და კაცები?
- მე ორგულობა არ მიგულისხმია, კაცის წასვლის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, ასე ვერ განსაზღვრავ, მაგრამ არ არსებობს ქალი, რომელსაც რაღაცის გარანტია ექნება.
- სიყვარულის სახელით ბრძოლას აზრი აქვს?
- აუცილებლად.
- გავრცელებული ჭორის შესახებ მინდა გკითხო, ამბობენ, პირად ცხოვრებაში გქონდა დაბრკოლება და ქმარს გაშორდი.
- დაბრკოლება ადამიანებს ყოველდღიურად ხვდებათ, მთავარია, როგორ გადალახავ. პრობლემა ყველა ოჯახშია, ჩვენც არ ვართ გამონაკლისები, მაგრამ ახლაც გადალახვის პროცესში ვართ, მთავარია, როგორ შეხედავ და რამდენი ადამიანი შეხედავს. რაც ნაკლები ჩაიხედავს ამაში, უკეთესია.
- თუმცა, არ ითქმის, რომ დაშორდი, ხომ?
- არა, რა თქმა უნდა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
mar92
მარტალი ხარ ანი კაცი ისეთი ქმნილება ბუნებაში რომ ის დიდი ხნით ვერც სულელ ქალს გუობს და ვერც ზედმეტად ჭკვიანს ასე რომ ქალებო ნუ დავიწყვიტავთ ამაზე ოცნებით გულს ჯობს ისევ კაცებმა იოცნებონ ალებზე
14:57 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
qristi
ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ეს გოგო. \ძალიან ჭკვიანი გოგოა.
17:52 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
მიყვარხარ და დზაან მომწონხარ გისურვებ იყო ცხოვრებასჰი უბედნიერესი სჰენ ამას იმსახურებ . ნამდვილ ქალს ვხედავ სჰენსჰი.
09:46 / 04-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
shen getyoba qartuli sisxlic gidgas, ufro qartulad msjelob, germanelebi sxvanairebi arian. carmatebebiiiiii.....
17:56 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თუ კომპლიმენტი გსიამოვნებს,მართლა ძალიან ლამაზი საყვარელი და თან ჭკვიანი გოგო ხარ,გაიხარე შვილო შენი ოჯახით,ვგიჟდები შენნაირ ოჯახის გოგოებზე,წარმატებებს გისურვებ
10:38 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS