27 ნოემბერი, 2014
თორნიკე ტყემალაძე: "უკანალი გავიდიდე და ენა დავიგრძელე...''
საგვარეულო ტუჩები მაქვს, დედასაც და ჩემს ძმასაც ასეთი ტუჩები აქვთ 22 წლის თორნიკე ტყემალაძე ხალხმა გაიცნო კონკურსიდან ''მისტერ ვალენტინი''. ''იმიჯ ცენტრის'' ყოფილი მოდელი ''მისტერ ვალენტინი'' გახდა და კონტრაქტი ახლა ''ლუქს მოდელსთან'' გააფორმა. მოდელ ბიჭებზე ჩვენს ქვეყანაში ჭორაობა უყვართ. არც თორნიკე ყოფილა გამონაკლისი ამ მხრივ. მასზე ამბობენ, ყველაფერი გაკეთებული აქვს, უკანალიც დაბერილი აქვსო. პროფესიით ჟურნალისტი მოდელი ასეთ ჭორებზე არ ბრაზდება, ამბობს, რომ თავად არავისი შურს.
თორნიკე ახლა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობს და გულშემატკივრების წყალობით, ჯერ აუტსაიდერებში არ
მოხვედრილა.

- თორნიკე, სამოდელო სფერომ რა ასაკში გაგიტაცა?
- 18 წლის ვიყავი, როცა ია კიწმარიშვილთან მივედი. მის სამოდელო სააგენტოში ვისწავლე სიარული, მოდელისთვის აუცილებელი მოძრაობები, მანერები, პოზირება. შემდეგ იყო კასტინგები, რეკლამები, ჩვენებები. ია კიწმარიშვილთან ხუთწლიანი კონტრაქტი მქონდა, რომელიც შარშან დამიმთავრდა.
- ''მისტერ ვალენტინზე'' როგორ მოხვდი?
- კონკურსის შესახებ გავიგე და მივედი. მოვაწერე ხელი ორწლიან კონტრაქტს ერთ-ერთ სააგენტოსთან, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ. ასე რომ, ახლაც ამ სააგენტოს მოდელი ვარ.
- და ჯერ კიდევ მოქმედი ''მისტერ ვალენტინი''?
- (იცინის) ჰო, თებერვალში ''გამდის ვადა'', ახალი კონკურსი რომ გაიმართება.
- როგორც მახსოვს, ამ კონკურსს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, შენზე ამბობდნენ, გამარჯვება ფულიანმა მამიკომ ჩაუწყოო.
- ჩემს გამარჯვებას ერთ-ერთი კონკურსანტი და დედამისი აპროტესტებდნენ. ამბობდნენ, ასი ათასი გადაიხადაო.
- რატომ გაჩნდა ეჭვი, არ გეკუთვნოდა ეს ტიტული?
- ჩემი აზრით, მეკუთვნოდა, თვითონ კონკურსანტებიც მეუბნებოდნენ რეპეტიციებზე, შენ გაიმარჯვებო. ყველას ჰქონდა ეჭვი, რომ მე გავიმარჯვებდი, იმიტომ რომ… თქმა არ მინდა.
- რატომ? ნარცისიაო, იტყვიან?
- არა… უბრალოდ, ყოველთვის ჩანს, ვინ არის ლიდერი. 14 მონაწილეს შორის სამი ლიდერი ვიყავით, მე გავიმარჯვე.
- რა მოგცა ამ კონკურსმა, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
- პირველ რიგში, ''მისტერ ვალენტინის'' სტატუსი მომცა, თინეიჯერი გოგონების სიყვარული და სამკვირიანი საგზური მილანში.
- ვისთან ერთად წახვედი?
- მარტო გახლდით.
- ცხოვრებაშიც მარტო ხარ?
- ასეა. აქამდე არ გამოჩენილა ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ვიფიქრებდი. ჯერჯერობით სერიოზულ ურთიერთობის აწყობას არავისთან ვცდილობ.
- რატომ?
- მე ხომ კარიერისტი ვარ.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- მაღალი, სლავური გარეგნობის, სასურველია, ქერა იყოს.
- სლავური გარეგნობის გოგონებსაც მოსწონთ თორნიკე?
- კი, რატომაც არა?! ახლა თავისუფალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები თავისუფალი.
- კარიერისტო, შენზე ამბობენ, სახეზე ბევრი კორექცია გაიკეთაო.
- ვისაც უნდა იჭორაოს. მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული. ეს ტელევიზიებშიც ვთქვი და ჟურნალებშიც მითქვამს.
- რა ასაკში გაიკეთე ცხვირის ოპერაცია?
- სკოლა რომ დავამთავრე. არ მომწონდა ჩემი ცხვირი, კომპლექსი მქონდა. არც კეხი მქონია და არც სასწაულებრივად დიდი ცხვირი, უბრალოდ, მაკომპლექსებდა.
- თუ არც კეხი გქონდა და და არც დიდი ზომის ცხვირი, რა გაკომპლექსებდა?
- გაბუშტული ცხვირი მქონდა (იცინის).
- მშობლები როგორ შეხვდნენ იმას, რომ გარეგნობის გასაუმჯობესებლად ადრეულ ასაკში ქირურგიული ჩარევა გადაწყვიტე?
- ჩვეულებრივად შეხვდნენ. ისეთს არაფერს ვაკეთებ, მშობლებისგან დამალული რომ მქონდეს. სუნთქვის პრობლემაც მქონდა, მაინც ვაპირებდი ოპერაციას და ბარემ პლასტიკაც მივაყოლე.
- ამბობენ, რომ ტუჩებიც დაბერილი გაქვს.
- არა. საგვარეულო ტუჩები მაქვს, დედასაც და ჩემს ძმასაც ასეთი ტუჩები აქვთ.
- წარბები აჭიმული აქვს და უკანალი - გაბერილიო…
- (იცინის) უკანალიო? რა მეტყობა, დაბერილი უკანალი რომ მაქვს. ჰო, უკანალი დავიბერე და ენა დავიგრძელე კიდევ (იცინის).
- თორნიკე, იყო თუ არა ერთგვარი ტრამპლინი ''მისტერ ვალენტინი'' თუნდაც იმისთვის, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მოხვედრილიყავი?
- რა თქმა უნდა, ამ სტატუსმა ძალიან შემიწყო ხელი, თუმცა ჩემთვის უკეთესი იყო, როგორც ჟურნალისტი, ისე გავეცანი ხალხს. ეს ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ვმუშაობდი ''რუსთავი 2''-ში, აკაკი გოგიჩაიშვილთან, ''ბიზნესკურიერში''. თავიდან სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ შტატში ამიყვანეს. რეპორტიორად ვმუშაობდი.
- ტელევიზიიდან რატომ წამოხვედი?
- გეგმები შემეცვალა. სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებდი. საბუთებიც მოვაგროვე, მაგრამ ბოლოს ხელი შემეშალა და დავრჩი საქართველოში სამსახურის გარეშე.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შენს გამოსვლებს თუ უყურებ და როგორ აფასებ?
- კი, ყოველი ლაივის შემდეგ, სახლში რომ მოვდივარ, ვახვევ და ვუყურებ. ბოლომდე კმაყოფილი საკუთარი თავით არასდროს ვარ, მაგრამ ერთი კვირა და ზოგჯერ უფრო ნაკლებიც რის საშუალებასაც მაძლევს, იმას ვაკეთებ. ბოლომდე ვიხარჯები და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
- ჯერ აუტსაიდერებში არ მდგარხარ, შესაბამისად, ძალიან ბევრი გულშემატკივარი უნდა გყავდეს.
- ნამდვილად ბევრი გულშემატკივარი მყავს, ეს ''ფეისბუქშიც'' იგრძნობა და ქუჩაშიც. ძირითადად, თინეიჯერი გოგონები აქტიურობენ. ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ვუყვარვარ.
- იმასაც ამბობენ, თინეიჯერი გოგონების გარდა, შეძლებული მამა და ნათესავები უმესიჯებენო.
- რატომაც არა, ამ პროექტში რომ მოვედი, ზუსტად ვიცოდი, მამაჩემიც დამიმესიჯებდა, ბაბუაჩემიც და სხვა ნათესავებიც.
- რას საქმიანობს მამა, ლეგენდები თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე მართალია?
- არ არის მართალი. ოჯახს არ გვიჭირს, მაგრამ არც იმდენი გვაქვს, რომ სატელევიზიო პროექტები ვიყიდოთ. მცირე ბიზნესი აქვთ ბაბუასაც და მამასაც და რა თქმა უნდა, მგულშემატკივრობენ.
- შენი პროგნოზი როგორია ''ცეკვავენ ვარსკვლავებთან'' დაკავშირებით?
- ჩემთვის ბოლო კვირა შოკი იყო, იოანეს გავარდნას ნამდვილად არ ველოდებოდი. არც ნუცა ბუზალაძის აუტსაიდერობა იყო ჩემთვის ნორმალური. ასე რომ, ამ პროექტში პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია.
- ყელზე ტატუ შეგამჩნიე … რამეს ნიშნავს ეს იეროგლიფი?
- არა, უბრალოდ ორნამენტია, რომელიც მომწონს. მეორე ტატუ ხელზე ''ბიზნესკურიერში'' მუშაობისას გავიკეთე უფასოდ. თემად სვირინგები გვქონდა და ღია ეთერში სამი ვარსკვლავი გამიკეთეს. სამვარსკვლავიანი ვარ (იცინის). აღარ მომწონს, მაგრამ ვეღარ ვიშორებ.
- საყურე, პირსინგი მოგწონს?
- ბიჭზე საყურე არ მომწონს, არასდროს მკეთებია. პრინციპში გააჩნია, როგორი სტილით ცხოვრობს, ზოგს პირსინგიც უხდება, დრედებიც და საყურეც.
- შენ როგორი სტილით ცხოვრობ?
- ჩვეულებრივით. არც ქლაბერი ვარ, არც ჰიპი და არც კაი ბიჭი (იცინის).
- როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- მინდა, ჟურნალისტიკას დავუბრუნდე. საკუთარ თავს ტელეწამყვანის ამპლუაში ვხედავ. ჩემგან მთლად ზალიკო უდუმაშვილი არ დადგება, ასაკიც არ მიწყობს ამისთვის ხელს, მაგრამ რაიმე გასართობ-შემეცნებით გადაცემას სიმოვნებით გავუძღვებოდი.

პ.ს მასალაში გამოყენებულია ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ფოტოები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Mარი
მომწონს ეს ბიჭიი
19:05 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანაბელი
რას ერჩით მისი ცხოვრებით ცხოვრობს და იცის რასაც აკეთებს წარმატებებს ვუსურვებ მას და ყველას ვინც იმსახურებს )) მათაც ვინც მასზე ჭორაობს წარმატებები
19:36 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS