- რატი და მაკა რომ ყოფილიყვნენ შენ გვერდით, ვისი იდეა იყო?
- კონკურსის ფორმატი შეიცვალა. გამარჯვებულები მღერიან კონკურსანტებთან ერთად. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ რატისა და მაკასთან ერთად მემღერა, ორივე ჩემი მეგობარია. მათ ჩემს საკონკურსო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევენ, ორივე ძალიან მიყვარს.
- კონკურსზე როდის მიემგზავრები?
- იურმალაში 10 ან 13 ივლისს წავალ. აუცილებელია, ქალაქში ათი დღით ადრე ჩავიდე, რომ აკლიმატიზაცია გავიარო. ბევრი რეპეტიცია მოვასწრო, რომ სცენასა და გარემოს შევეჩვიო და კონკურსანტები გავიცნო. კონკურსი 23 ივლისს იწყება.
- როგორც ვიცი, ამ კონკურსისთვის რამდენიმე კილოგრამი დაიკელი.
- მხოლოდ ოთხი კილო დავიკელი და სამწუხაროდ, ესეც დიდად არ მეტყობა, მაგრამ დრო კიდევ მაქვს და წონაში აუცილებლად დავიკლებ.
- სალომე, კონკურსებით გაგიცანით. მიუხედავად იმისა, რომ ''გოლდენ ტალანტში'' გამარჯვების შემდეგ პრიზი არ აგიღია, კონკურსებში მონაწილეობა, როგორც ჩანს, მაინც მოგწონს.
- კონკურსები მაინცდამაინც არ მხიბლავს, რადგან ბევრი ნერვიულობა ახლავს თან. მომღერლისგან კონკურსი ძალიან დიდ ძალებს მოითხოვს და რთულია, მაგრამ როცა არ შეგიძლია, სხვა გზით გაეცნო მაყურებელს, როცა შენს მონაცემებს ფართო მასშტაბებით ვერ აჩვენებ, ასეთ შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობა ძალიან კარგია. კონკურსებში მონაწილეობა ამიტომაც გადავწყვიტე. მინდოდა მაყურებელს გავეცანი. ''ახალი ხმა'' ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. დღემდე გამომყვა ამ გამარჯვების სიხარული. შევეცდები,A ''ახალ ტალღაზე'' ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო და მაქსიმალური წარმატება მოვუტანო საკუთარ თავს, ჩემს ქვეყანას, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
- კონკურსების მინუსი ისიცაა, რომ გამარჯვებულს ყველა დაუნდობლად ლანძღავს. არც შენთვის დაუკლიათ კრიტიკა. ამბობენ, რომ ვერ მღერი და ჩაწყობით გაიმარჯვე...
- ვფიქრობ, ცხელ გულზე ასეთ ნათქვამებზე პასუხი არავის მოეთხოვება. თუ ჩემზე ვინმე სამართლიანად იტყვის რამეს, მივიღებ როგორც შენიშვნას და გავითვალისწინებ კიდეც. მაგრამ თუ უსამართლოდ ამბობენ, უბრალოდ, უნდა შეეგუო და ყურადღება არ მიაქციო, ნერვები არ უნდა მოგეშალოს. თავდაჭერილი უნდა იყო და მყარად დადგე.
- ''ახალი ხმის'' ფინალში და იურმალაში წასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად შენ და ნინი ცნობილაძე კონკურენტები იყავით. მასთან ამის გამო ხომ არ დაგეძაბა ურთიერთობა? შესაძლებელია, მეგობრობა ასეთი კონკურენციის დროს?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაძაბოს კონკურსმა კონკურენტებს შორის ურთიერთობა. თუ ნიჭიერია ადამიანი და სამართლიანად მიდის წინ, რატომ უნდა ''დავიგრუზო~? არ ვიცი, შეიძლება, ზედმეტად გულკეთილად მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც ნიჭიერი ადამიანი იმარჯვებს და წარმატებას აღწევს, და თუ ის ჩემზე ნიჭიერია, მისი წარმატება არ მწყინს. პირიქით, მიხარია კიდეც. კონკურენტებს შორის დაძაბულ ურთიერთობას პირადად მე მეგობრული ურთიერთობა მირჩევნია.
- ''ახალ ხმაზე'' ვარცხნილობა შუა კონკურსის დროს რადიკალურად შეიცვალე. ''ახალ ტალღაზე'' როგორი იქნები?
- ჩვეულებრივი ვიქნები. საერთოდ, სცენაზე ბუნებრივად უნდა გახვიდე, მაყურებელმა ისეთი უნდა შეგიყვაროს, როგორიც ხარ და არ უნდა იყო შექმნილი და შეთხზული.
- ''ახალ ხმაზე'' რატომ მოგინდა პანკური ვარცხნილობის გაკეთება?
- იმ მომენტში ''წამომიარა'' და ნახევარ თავზე თმა გადავიპარსე (იცინის). ''ახალ ტალღაზე'' ჩვეულებრივი ვარცხნილობა მექნება, უბრალოდ, ცოტას გავიზრდი.
- იურმალაში შენს საგულშემატკივროდ ვინ წამოვა?
- ალბათ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები წამოვლენ. ჯერ ზუსტად არ აქვთ გადაწყვეტილი. ცოტა ძვირი სიამოვნებაა იურმალაში გამგზავრება. ველოდები პასუხებს ჩემი მეგობრებისგან.
- ალბათ გაქვს გამარჯვების იმედი?
- რა თქმა უნდა. კონკურსზე ისე წასვლა, რომ გამარჯვების იმედი არ გქონდეს, არ შეიძლება. 2008 წლის შემდეგ ქართველები პირველად ვიღებთ ამ კონკურსში მონაწილეობას და შევეცდები, ყველაფერი კარგად გავაკეთო.
მერი კობიაშვილი
ჟუირნალი ''რეიტინგი''