ასე მოხდა ამჯერადაც. ილია მეორის კურთხევით, უახლოეს მომავალში ქართველ წმინდანებზე ფილმის გადაღებას გეგმავს. საქართველოში რუსულ ესტრადას მაინცდამაინც არ ვწყალობთ, მაგრამ ირაკლი მაინც ძალიან ბევრს უყვარს. პირველ რიგში კი, ალბათ იმიტომ, რომ ის მოსკოვშიც ქართველობს და ამის არ ეშინია.
ირაკლი კლიპის გადასაღებად
- ირაკლი, რატომ გადაწყვიტე მორიგი კლიპის საქართველოში გადაღება?
- სიმღერის სახელწოდებაა ''თოვლი''. კლიპში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თოვლი და მთები. ვიფიქრე, რატომ უნდა წავიდე ალპებში ან ჩრდილოეთ კავკასიაში, როდესაც არსებობს საყვარელი საქართველო. ვიფიქრე, საქართველოში ჩამოვსულიყავი და სასიამოვნო დასვენება და მუშაობა ერთად მომეხერხებინა. გამოჩნდა რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, რომელმაც კლიპის გადაღება შემომთავაზა. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია და დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა.
- როგორც გავიგე, კლიპში ბოლოს მეტეორზე როიალი უნდა აფეთქდეს.
- არ მიყვარს წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რა იქნება კლიპში.
- არ გეშინია, ძალიან მაღლა რომ მოგიწევს ასვლა და აფეთქების ადგილას ყოფნა?
- ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მივიღებ, ამიტომ არ მეშინია.
- უკვე მეორე კლიპს იღებ საქართველოში. კიდევ რაიმე გეგმა თუ უკავშირდება შენს სამშობლოს?
- იმედი მაქვს, რომ კონცერტი ძალიან მალე გაიმართება. არ ვიცი, ეს როგორი ფორმით მოხდება. თბილისში დიდი ხანია, კონცერტი არ მქონია. უკვე ძალიან მომენატრა ჩემი თაყვანისმცემლები საქართველოში. იმედია, საქართველოში კიდევ ბევრი კარგი იდეის განხორციელებას შევძლებ.
- როგორც ვიცი, ორმაგი, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა გაქვს. ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- ამაზე საუბარი არ მინდა. ეს ჩემთვის გავაკეთე და არა იმისთვის, რომ მერე ინტერვიუებში მომეყოლა.
- შენს პირად ცხოვრებაზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ხშირად წერენ. გავრცელდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეუღლეს დაშორდი. შეგიძლია, გულახდილად გვიამბო ამ ყველაფერზე? …
- თუ რატომ დავშორდით, ეს ჩვენ ორს გვეხება.
- ამბობდნენ, რომ არ მოგწონდა, მეუღლემ რომ მუშაობა დაიწყო.
- არა, რას ამბობ, რა სისულელეა. პირიქით, მე მას განათლების მიღებასა და სამსახურის დაწყებაში ვეხმარებოდი. რეალური მიზეზი მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. ძალიან ახლო ადამიანებმაც კი არ იციან, რა მოხდა. ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლო, მაგრამ ერთმანეთთან არყოფნის სურვილმა გაიმარჯვა. ამ ყველაფერს ახლა უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმალურად ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას ბავშვების და ჩვენი სიყვარულის ხათრით.
ზოგჯერ მცდელობები უშედეგოა და ადამიანებზე არაფერია დამოიკიდებული. ყველაფერი ღმერთის ნებაა და რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ის უნდა მიიღო. ასე მოვიქეცი მეც, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ჩემი ზღაპრის მძევალი ვიყავი. სულ ვფიქრობდი, რომ თუ ქორწინდები, ეს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს. ასე ვიყავი მომართული, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ახლა სხვა ამოცანა მაქვს. ბავშვებმა არ უნდა მიიღონ სტრესი იმის გამო, რომ მშობლები ერთად არ არიან, ამიტომ, როცა მოსკოვში ვარ, მათ თითქმის ყო-ველდღე ვნახულობ. ჩვენ ბავშვებთან უდიდესი სიყვარული გვაკავშირებს. ისინი ვერასდროს იგრძნობენ, რომ დედა და მამა ერთმანეთის მტრები არიან, ან ერთმანეთი არ უყვართ, ან გაბრაზებულები არიან ერთმანეთზე. მისი მადლობელი ვარ, რომ მაჩუქა ორი არაჩვეულებრივი შვილი, ჩემი ბიჭები, რომლებთან ურთიერთობისასაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. ცხოვრება გრძელდება და მინდა, წინ ვიარო.
- რადგან გსურდა, მხოლოდ ერთხელ შეგექმნა ოჯახი, ახლა რას ფიქრობ?
- ვცხოვრობ და ვცდილობ, არაფერი ხელოვნური არ გავაკეთო. ვფიქრობ, რომ ცხოვრება ამით არ დამთავრებულა და ვეჭვობ, ადრე თუ გვიან შემიყვარდება ისე ძალიან, რომ ოჯახს შევქმნი. არ ვცდილობ იმის გამოცნობას, ხვალ რა იქნება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთი ინებებს.
- რას გვეტყვი გოგონაზე, ვისთან ერთადაც ხარ ჩამოსული საქართველოში?
- ის მხოლოდ ჩემი მეგობარია. თბილისში ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. ტანიას ჩამოსვლა კი არ იგეგმებოდა. სოციალურ ქსელში მივწერეთ ერთმანეთს და რომ გაიგო, თბილისში ვიყავი, გადაირია. ვუთხარი, თუ გინდა, ჩამოდი-მეთქი. აიღო თვითმფრინავის ბილეთი და ჩამოფრინდა. მისგან ასეთ საქციელს სინამდვილეში არც მოველოდით.
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ამჯერად მე მთლიანად ვსარგებლობ თავისუფალი ადამიანის სტატუსით. ალბათ, ამ ეტაპზე სერიოზული და დიდხნიანი ურთიერთობებისგან თავის შეკავება ჯობს, მათ შორის ოჯახის შექმნისგან. არ მშურს იმ გოგონების, რომლებიც ჩემთან დაიწყებენ ურთიერთობას (იცინის). ახლა მთლიანად ჩემი საქმე მაინტერესებს. ძალიან მინდა, კარგი ნამუშევარი გამოვიდეს და რუსეთში დააფასონ და შეაფასონ სილამაზე, რაც ამ კლიპში იქნება. ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ რაღაც პერიოდი საქართველოში შოუბიზნესი ისე იყო, როგორც გაჩეხილი ტყე. აქ უამრავი ნიჭიერი ადამიანია და მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ გაიზარდონ, ეს საშინელებაა. უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში უამრავი კლიპი გადაიღეს. მწყდებოდა გული იმაზე, რატომ არ ხდებოდა ეს ყველაფერი საქართველოშიც. ვიმედოვნებ, ჩვენი კლიპის პრეზენტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ბევრ შემოქმედს მოუნდება აქ მუშაობა.
- თუ ინტერესდები ყოფილი მეუღლის პირადი ცხოვრებით და არის თუ არა თქვენი კვლავ ერთად ყოფნის შანსი?
- არ მგონია, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიყოთ. ასეთი უკან დაბრუნებების არ
მჯერა. ჩვენ აბსოლუტურად ორი სხვადასხვა სუბსტანცია ვართ. გულწრფელად მინდა, ბედნიერი იყოს. თავის დროზე მან ბედნიერ ადამიანად მაქცია.O ორი ბიჭი მყავს, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს და მე მათ გვერდით ვიქნები, სანამ ამ პლანეტაზე ვიარსებებ. მის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ მინდა, რადგან ამით ხელს შევუშლი. მადლობა უფალს, რომ ბავშვები გვყავს და ბავშვები რომ არა, შესაძლოა, ჩვენ ერთმანეთთან Yსაერთოდ არ გვეკონტაქტა.
- მითხარი, ურთიერთობების დაბრუნებების არ მჯერაო.M გოგონა მეორედ არასდროს შეგყვარებია?
- მქონია ცხოვრებაში რამდენიმე დაბრუნება, მაგრამ ამ ყველაფერს კარგ შედეგამდე არასდროს მივუყვანივარ.
- ქართველი გოგონა გყვარებია ოდესმე?
- ჯერჯერობით ქართველ გოგონაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''