14 ნოემბერი, 2014
მწერალი და მოცეკვავე საიდუმლო ცხოვრებით - ''საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ტაკოზე მასაჟი სასიამოვნოა''
ანა მოცეკვავის გარდა მწერალიცაა რამდენიმე თვის წინ ''ჯიდიესის'' ერთ-ერთი გადაცემის ეთერში ორი ლამაზი გოგონას უკანალზე, ისე, როგორც ტამტამებზე, ჯგუფ ''ბანის'' წევრებმა დაუკრეს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ტელევიზია გარყვნილებაში დაადანაშაულა, მეორე ნაწილმა - ქალების დისკრიმინაციაში. ამ ორი გოგონადან ერთ-ერთი, მარი ბაბეტა, მოცეკვავე, ქალი-რეპერი და შავი პრინცის ყოფილი მეუღლეა. მარიმ ამ თემაზე მაშინ უამრავი კომენტარი გააკეთა, რაც შეეხება მეორე მოცეკვავეს – ანა ოლკინას, ის მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით შემოიფარგლა.
ანა მოცეკვავის
გარდა მწერალიცაა. ორ შვილს ზრდის, საზოგადოებრივ აქტივობებში ხშირად მონაწილეობს და სხვადასხვა თემაზე პროტესტს გამოთქვამს.

- ანა, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ...
- ამ რეინკარნაციაში ჯერ კიდევ არ დავბადებულვარ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ადამიანი მაშინ იწყებს დაბადებას, როდესაც შეძლებს, თავის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეცვალოს. მე ეს ჯერ ვერ მოვახერხე (იღიმის).
- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა, რამეს თუ გიკრძალავდნენ?
- არა, მშობლებთან ყოველთვის კომფორტული ურთიერთობა მქონდა.
- სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყავი? რით განსხვავდებოდი შენი თანატოლებისგან?
- ყველაფრით და არაფრით, ერთადერთი ფრიადოსანი ვიყავი კლასში, რომელიც უკანა მერხზე იჯდა და ბიჭებთან ერთად ''შატალოზე'' დადიოდა.
- პროფესია როგორ შეარჩიე?
- ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, როდესაც ლიტერატურულ გაზეთ ''ალტერნატივაში'' დაიბეჭდა ჩემი ლექსები. არჩევანზე არ მიფიქრია, ყოველთვის ვიცოდი, რომ მწერალი გამოვიდოდი, ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე კულტურის უნივერსიტეტში ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტზე, სადაც ჩემი უსაყვარლესი ლექტორი გახლდათ ვახუშტი კოტეტიშვილი. პარალელურად, ვმუშაობდი სხვადასხვა ღამის კლუბში და კაზინოებში. არ მინდოდა, ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. ცეკვაც ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, რომელიც ამაში დამეხმარა.
- ბავშვობიდან ცეკვავდი?
- საერთოდ, მხიარული ვარ და სულ მეცეკვება.
- ორი შვილი გყავს, რა ასაკში მიიღე დაქორწინების გადაწყვეტილება?
- დაქორწინებული არასოდეს ვყოფილვარ, სოციალურ სტატუსებს არ ვაღიარებ. ორი ბავშვი მყავს, იკა და დაჩი, ისინი ჩემი მეგობრები არიან.
- ანა, ფართო საზოგადოებამ პირველად ''ჯიდიესის'' ეთერში გნახა, ცნობილი ტამტამ-შოუთი. ამ ფაქტის გამო ტელევიზია ქალების მიმართ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.
- საზოგადოება მე სულ მხედავს, მაგრამ ''ჯიდიესზე'' მე კი არა, ჩემი გატყეპილი ტაკო დაიმახსოვრა, რაც ძალიან სახალისოა. ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ტაკოზე მასაჟი სასიამოვნოა (იღიმის). ის ძალადობას არის ჩვეული, მესმის მათი. ჩიხტიკოპიან ფემინისტებს და ქალთა უფლებათა დამცველებსაც საქმე მივეცი, ფორუმებზე უკვე მოწყენილობა იყო ბოლო პერიოდში. 40-იანებში ბიკინებსაც ებრძოდნენ ამერიკელი რადიკალი ფემინისტები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბრიტანული როკჯგუფ ''სტრენგლერსებისთვის'', პირდაპირ სცენაზე გაეტყიპათ ქალები. მათთან ''ბანის'' შედარება სასაცილოც კი არის, წავიკითხე მათი ბოდიში ქართველი ერის წინაშე და სიცილით მოვკვდი, მარაზმი იყო.
- გარდა ცეკვისა, ფოტოსესიებშიც მონაწილეობ, განსაკუთრებულად რომელი გადაღება გახსენდება?
- რამდენიმე წლის წინ ვმონაწილეობდი ფრანგი ფოტოგრაფი ანტუან დ"აგატას პროექტში, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ყველა ქვეყანაში ირჩევდა ერთ მოდელს, სა-ქართველოში მისი რჩეული მე აღმოვჩნდი. ვიმუშავე გენიოსთან და ამით უდიდესი სიამოვნება მივიღე. ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ ჩემი ფოტოპორტრეტი პარიზში ''მაგნუმის'' ფოტოგამოფენაზე საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. აგრეთვე კარგი გამოცდილება მივიღე, როგორც ფოტომოდელმა, ამერიკელ ფოტოგრაფ ჯოშ სთერეთთან მუშაობის დროს. საქართველოში მონაწილეობა მივიღე სტუდია ''კადრის'' პროექტ ''ტრანსფორმაციაში'', რომლის გამოფენაც მალე გაიმართება.
- მახსოვს, ერთხელ წერდი, რომ გინდა, მთელი სხეული მოიხატო. ტატუ ერთ-ერთი გატაცებაა?
- გადაწყვეტილება არ შემიცვლია, ვეძებ ისეთ მხატვარს, ვისთანაც ამ პროექტის განხორციელებას შევძლებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვას. საქართველოში სათანადოდ არ არის აღიარებული ხელოვნების ეს დარგი. ტატუს ოსტატს უყურებენ, როგორც ხელოსანს, არადა ეს ძალიან დიდი და თანამედროვე ხელოვნებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ.
- დღეს როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება, სად ცეკვავ?
- ახლახან დავასრულე ჩემი წიგნი, რომელიც საქართველოში ქალების ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურ ჯგუფს ''სტრიპტიზიორშებს'' ეხება და მისი გამოცემით ვარ დაკავებული. თავისუფალ დროს ვერთობი მეგობრებთან ერთად, ვვარჯიშობ იოგაში და ხანდახან ვთანამშრომლობ ''კომედი შოუსთან''. ვცეკვავ სხვადასხვა კლუბსა და კორპორატიულ წვეულებებზე. ვარ არტჯგუფ ''საჭიროებს დეზინფექციის'' წევრი, ვმონაწილეობ სხვადასხვა პერფორმანსში და მაქვს სხვა საიდუმლო აქტივობები, რომლებსაც ახლა არ გავამხელ (იღიმის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნ,მ,
მისაბაძი ქალბატონია!
12:06 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS