14 ნოემბერი, 2014
ვინ არის რეალურად ქართველი სავაში - ტელეტყუილი, რომელიც სკანდალის მიზეზად იქცა
ყოველი ჩამოსვლა საქართველოში ფანებისთვის ერთგვარი დღესასწაულია უკვე ორი ტურია, რაც''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' ჟიურის ახალი წევრი - თურქი მსახიობი შეემატა. მურატი ქართველი ქალების თანამედროვე ალენ დელონი მას შემდეგ გახდა, რაც პირველად''მაესტროს'' ეთერში სერიალი''სიყვარული და სასჯელი'' გავიდა. მას შემდეგ თურქმა მამაკაცებმა მარტივად დაიპყრეს ქართველი დიასახლისების გულები, მაგრამ მურატმა თავის დროზე ყველაზე პოპულარულ მარიო ჩიმაროსაც კი აჯობა და კეთილი მისიით საქართველოს არაერთხელ ესტუმრა. ის''იუნესკოს'' კეთილი ნების ელჩია და საქართველოს პერიოდულად საქველმოქმედო საღამოებისთვის სტუმრობს. მისი ყოველი ჩამოსვლა საქართველოში ფანებისთვის ერთგვარი
დღესასწაულია.

ორი კვირის წინ''იმედის'' ეთერში ჟიურის სტატუსით მიწვეულ ილდირიმს პროექტის ერთ-ერთი წევრი ზურა გორგაძე მისი პერსონაჟის, სავაშის გამხმოვანებლად წარუდგინეს და სცენაზე ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს. მეორე დღეს''რეიტინგის'' ჟურნალისტმა ზურასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც კითხვაზე, ახმოვანებდა თუ არა სავაშს, უპასუხა:

- კორექტირება უნდა შევიტანო. რადგან იციან, რომ ბევრ სერიალს ვახმოვანებ, ეგონათ, რომ მე ვიყავი სავაშის გამხმოვანებელიც, მაგრამ ასე არაა. მურატმა მკითხა, ვახმოვანებდი თუ არა მას და დადებითად ვუპასუხე. ასეცაა, სერიალი ამ მსახიობის შესრულებით გამიხმოვანებია, მისი სხვა პერსონაჟიც, მაგრამ კონკრეტულად სავაში მე არ გამიხმოვანებია.
რამდენიმე დღის შემდეგ კი''მაესტრომ'' სპეციალური სიუჟეტი მოამზადა, სადაც ჩანდა, რომ ზურას ილდირიმის არც ერთი გმირი არასოდეს გაუხმოვანებია. შეცდომისთვის კი''იმედს'' და გორგაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.''მაესტროს'' ეთერში გორგაძემ განაცხადა, რომ''რეალ ტვ''-ზე მუშაობის დროს ახმოვანებდა ილდირიმის ერთ-ერთ გმირს, მაგრამ სერიალი ვერ გაიხსენა და შესაბამისად ვერც გმირის სახელი.''რეალტვ''-ს ყოფილმა დირექტორმა კი აღნიშნა, რომ არქივი დაკარგული აქვთ და ვერ მოძებნიდნენ.

ჩვენ დავინტერესდით, ვინ გაახმოვანა რეალურად სავაში. აღმოჩნდა, რომ სავაშის გამხმოვანებელი სოხუმის თეატრის მსახიობი დავით ბერაძეა.

დათო:
- სამსახურში მითხრეს ეს ამბავი, გამეცინა, სხვა რეაქცია არ მქონია. შემდეგ მოჰყვა ამას სკანდალი. ზურას კარგად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი, იცოდა თუ არა, რომ ილდირიმს მე ვახმო-ვანებდი. არ მინდა ამ თემაზე კომენტარი, რადგან მაინც მგონია, რომ ჩემი მხრიდან არაკოლეგიალური იქნება. სოხუმის თეატრის მსახიობი ვარ და ახლა მხოლოდ''მაესტროში'' ვმუშაობ, თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, სხვადასხვა ტელევიზიაში ვმუშაობდი გახმოვანებაზე.
- ამ ამბის შემდეგ ზურას შენთვის ხომ არ დაურეკავს?
- არა, არ დაურეკავს. არ მინდა, რომ ამ ამბით ზურას რეიტინგი გაუფუჭდეს პროექტში, ალბათ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამით ისარგებლებენ და კარგად გამოიყენებენ.
- ეს მაინც ზურას შეცდომად მიგაჩნიათ თუ პროექტის ხელმძღვანელობის?
- თავიდან მეგონა, რომ ზურა აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში და შემდეგ, როგორც მსახიობმა, სცენაზე თავი გამოიძვრინა. ვფიქრობდი, შემდეგ ამაზე იტყოდა. მირჩევნია, ზურა პირადად შემხვდეს და მითხრას, რომ არაფერია, სისულელე იყო და ძველებურად გავაგრძელოთ ურთიერთობა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ამბავი ასე არ დამთავრდება, რადგან 5 ნოემბერს ზურა გორგაძემ სოციალურ ქსელში ამ თემაზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''გავატარე ის, რომ საერთოდ ვინმე გამომეკიდა ჩემს ნათქვამზე, რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და აღარ ვაპირებ ახსნას, რატომ, როგორ, რანაირად. გავატარე ის, რომ გადაცემას ამზადებთ ჩემზე, უჩემოდ! გავატარე ის, რომ ამავე გადაცემაში, აბსოლუტურად ყველა, გარეული და''შინაურიც'', მატყუარას მეძახის რაღაც ექსკლუზივის გამო, რომლის შესახებაც არაფერი მსმენია. ან საერთოდ, რატომ უნდა ვაბარო ანგარიში მის აღმატებულება''მაესტროს''?! გავატარე ის, რომ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება საზოგადოების თანადგომა, რასაც ნამდვილად ვგრძნობ, რეიტინგს დახამებული პერსონაჟის სახით წარუდგინეს ჩემი თავი.

არაფერში მჭირდება იაფფასიანი რეიტინგი, თქვენგან განსხვავებით, თქვენო აღმატებულებავ! და ბოლოს, ამ ყველაფრის შემდეგ, ამავე ტელევიზიამ, უკვე საინფორმაციო გამოშვებისთვის ჩამწერა, სწორედ მახინჯი მიზნებით და დამახინჯებულად აწყობილ სიუჟეტს ვერ გავატარებ! მოვითხოვ ჩემი კომენტარის სრული ვერსიის გამომზეურებას! ასევე''რეალტივის'' წარმომადგენლის, ბესო კვარაცხელიას კომენტარის სრულ ვერსიას... და აქვე ბოდიშს''მაესტროსგან'' მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩემი მსგავს მდგომარეობაში ჩაგდების გამო! ისე''მოაყომარეს'' ყველაფერი, რომ ხელი შემახოცეს და ბუჩქებში მიიმალნენ! ნამდვილად აღარ ვაპირებდი ამ თემისკენ ისევ მიბრუნებას, მით უმეტეს ჩემი ნებით, მაგრამ თუნდაც საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, რომელსაც იმ მომენტში გადართული ჰქონდა''მაესტროზე'', რატომ უნდა შეექმნას ჩემზე არასწორი წარმოდგენა, არაკეთილსინდისიერად აწყობილი სიუჟე-ტებისა და კომენტარების გამო!'' - წერს გორგაძე.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მელაძე
რაც არ გაუკეთებია რას იბრალებდა ? ხალხი ისე ვერ გაიცნობდა
17:26 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ზურა უკეთილესი პიროვნებაა.სირცხვილი იმედს და მაესტროს ასეთი ტყულების აგორებისათვის,თანაც როგორ დროს პროექტში,სადაც ზურა მონაწილეობს რეიტინგით პირველი იყო, თუმცა მის რეიტინგს დიდი არაფერი დაკლებია,იმდენი პოზიტივი მოდის მისგან.დაუფიქრდით ხალხო სანამ ნაბიჯს გადადგავთ და ყოველთვი სწარმატებულიიქნებით.
14:18 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS