შეიძლება ითქვას, რომ ''ნიჭიერი'' ვანიკო თარხნიშვილთან ერთად დაიბადა, რაც შეეხება გიორგის, ეს საქმე მისთვის შედარებით ახალია.
მსახიობს, ახალ ამპლუასთან ერთად, პირადი ამბებიც გამოვკითხეთ.
- გიორგი, როგორ შემოგთავაზეს ამ პროექტის
- მე და ვანიკო თარხნიშვილი მეგობრები ვართ, ერთ თეატრში ვმუშაობთ, ჩემი შვილის ნათლიაა. მან მითხრა პირველად, ჩვენს ტელედუეტზე ფიქრობენ ''ნიჭიერში'' და რას იტყვიო. ზოგადად, წამყვანობის კომპლექსი მაქვს, მივიჩნევ, რომ ამას ცალკე ნიჭი სჭირდება, მსახიობს ტელეწამყვანობის ნიჭი თანდაყოლილი ნამდვილად არ აქვს. ადრე მქონდა სხვადასხვა შოუდან შემოთავაზება, მაგრამ სულ გავურბოდი, მეშინოდა, ტელეწამყვანობის, ტექსტის დამახსოვრების პანიკური შიში მქონდა.
- თუმცა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გამოცდილება მიიღე.
- ეგ რა გამოცდილებაა, იქ მთავარი დუტა და ნანკა იყვნენ, მე დამხმარე ვიყავი მათთვის... მე და ვანიჩკა შეხუმრებულ-შეთამაშებულები ვართ ერთმანეთთან, ალბათ ამიტომაც გაამართლა ჩვენმა დუეტმა. ჩიპსა და დეილს გვეძახიან. ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი საკუთარი თავის მიმართ. პირველ გადაცემას რომ ვუყურე, ვთქვი, რომ რაღაცების სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა. გამოუცდელობის ბრალია. ლაივებზე, ალბათ, გამოვასწორებ.
- კრიტიკა იყო ოჯახში?
- მამაჩემი მუდმივად მაკრიტიკებს. ამ გადაცემის მერეც ნახევრად ხუმრობით
მითხრა, რას იტყლარჭებოდიო, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, არ შერცხვენია ჩემი. მთლიანობაში მოეწონა ხალხს ჩვენი გამოსვლა, ვანიკოს ვაბრალებ ამას. მას დიდი გამოცდილება აქვს, თამამად ვარ მასთან... სცენას სხვა ეთიკა სჭირდება. არაეთიკურიც წამოგვცდენია ზოგჯერ. ამ დროს სპეციალურად ვამბობთ უცენზურო სიტყვებს, რომ გავაფუჭოთ ჩანაწერი და ეთერში არ მოხვდეს. ღია ეთერში რა წამომცდება, კაცმა არ იცის (იცინის), ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.
- გიორგი, ამ პროექტში საკმაოდ გამოცდილი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ჩაანაცვლე. თუ იცი მისი დამოკიდებულება?
- არ ვიცი, რაც ამ პროექტში მოვედი, მის მერე თიკა არ მინახავს.
- ხშირად გვინახავს ''ნიჭიერში'' აცრემლებული თიკა, შენ თუ გქონია მსგავსი მომენტი რომელიმე კონკურსანტზე?
- რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ავსლუკუნდი, თუმცა ცრემლამდე საქმე არ მისულა. ამით, მაგარი ვარ-მეთქი, არ ვამბობ, ზოგადად, ყველაფერზე მეტირება. უბრალოდ, იცი, რომ იქ საქმეს აკეთებ და თავისთავად კონტროლდება შენი ემოციები.
- ე.ი. შენსა და ვანიკოს ცრემლებს ვერ ვნახავთ?
- შეიძლება ნახოთ, არ ვიცი, რა მოხდება ლაივებზე.
- გადაცემის ჩაწერისას თუ იყო ისეთი მომენტი, როცა გავიწყდებოდა შენი ამპლუა და მაყურებლის როლში იყავი მხოლოდ?
- ეს იმხელა პროცესია, მთელი დღის განმავლობაში მიდის გადაღება, ზოგჯერ გავიწყდება, რომ კამერა გიღებს. რობოტი ხომ არ ვარ, ზოგჯერ მეც ვითიშები. მე და ვანიკო ზოგჯერ ხელსაც ვუშლით ერთმანეთს, ლაპარაკს არ ვაცლით, მაგრამ არც ეს ჩანს ცუდად.
- ჩაწერის დროს სცენაზე რამდენჯერმე გიხმეს, კონკურსანტის ან მისი დამხმარე ხელსაწყოების შესამოწმებლად.
- ჰო, ლურსმნებზე დაწოლამაც კი მომიწია. არ ყოფილა რთული. ერთი ლურსმანი რომ ყოფილიყო, ვერ დავწვებოდი. მით უმეტეს მანქანის ქვეშ, რაც იმ მონაწილემ გააკეთა. ამას მაყურებელი მალე ნახავს... ჩაწერებზე სცენაზე ბევრი სისულელე გავაკეთე, ვიმღერე კიდეც, დავაუთოე.
- ნახევრად შიშველი გოგონები რომ გამოდიოდნენ, მაშინ რას აკეთებდი?
- ნახევრად შიშველი გოგონები რომ გამოდიოდნენ სცენაზე, ერთი ფუნქცია მქონდა, თავს ვიკავებდი (იცინის). თოკზე საოცრებები რომ გააკეთა, ის გოგო საერთოდ წავართვი ვანიკოს, ხელკავი გავუკეთე და გავიყვანე. უფროსი ვარ, დავჩაგრე ვანიკო. ის რომ მჩაგრავს თავისი გამოცდილებით, ხომ კარგია?!
- ფავორიტები გყავს?
- ფავორიტების რა გითხრა, მაგრამ გამორჩეული ნომრები მახსოვს. არის ნომრები, რომლებიც ემოციური იყო, სანახაობრივი, მაგრამ არ მომეწონა.
- მაგალითად?
- მაგალითად, ის ქალი, ძუძუებით რომ დალეწა ყველაფერი, რთული სანახავი იყო. ყველაფერი ამტკივდა, რომ ვუყურებდი. არაესთეტიკური სანახავიც იყო.
- ლევან წულაძემ მეტი დამაჯერებლობისთვის ხელით მოსინჯა ამ ქალბატონის მკერდი...
- მეც მომაკიდებინა ხელი. ამ ქალს აშკარად იქ რაღაც მძიმე ტიპი უდევს, მაგრამ კანი ხომ მისია. ის ქილა ხელით რომ მეკავა და ამან გაჭყლიტა, ერთი ციდა გახდა. ხელი მომყვა მისი ძუძუს ქვეშ და სისხლი წამომივიდა, ფაქტობრივად, ტრავმა მივიღე. მას როგორ არ სტკივა კანი, არ მესმის.
- გიორგი, ცოტაოდენი პირადზეც უნდა გკითხო.
- მკითხე.
- მართალია, რომ შენ და შენს მეუღლეს, ანას, პრობლემები გქონდათ, გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე მოგიწიათ ცხოვრებამ და ახლა შერიგდით?
- ზოგჯერ ჩხუბობს ცოლ-ქმარი, ცალ-ცალკე ცხოვრებაც უწევს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები.
- ამბობენ, რომ თქვენ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' შემდეგ დაშორდით ერთმანეთს და ამის მიზეზი შენი მეწყვილე ჯულიანა ბარ-გნარი იყო...
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ არის ურთიერთობების კრიზისი. ახლა ერთად ვართ, კარგად ვართ და მშვენივრად ვგრძნობთ თავს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''