27 აპრილი, 2013
როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით გიორგი ვარდოსანიძეს
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ფართო მასებმა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'' შესრულებული როლით - ლევან ხომერიკით გაიცნო და შეიყვარა. ცოტა ხანში გიორგი ''კომედი არხზე'' გამოჩნდება ახალ სერიალში, სადაც მექალთანე ბიჭი უნდა განასახიეროს. როგორც თავად ამბობს, ცდას არ დააკლებს ახალ გმირს, რათა ისიც ლევან ხომერიკივით დასამახსოვრებელი იყოს მაყურებლისთვის.ცოტა ხნის წინ გიორგი შეყვარებულს, თამთა შალამბერიძეს დაშორდა, ამჟამად მის პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა ამბობს, რომ დღემდე ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული ერთხელ ეწვია და ამაში სწორედ თამთასთან
ურთიერთობას გულისხმობს.


- ადრე გაღვიძება საშინლად არ მიყვრს, ეს კოშმარია ჩემთვის, საზიზღარ ხასიათზე ვდგები და დაახლოებით ერთი საათი მჭირდება აზრზე მოსასვლელად: ნეტა იცოდეთ, დილის გადაცემებში რომ მიწვევენ, რამხელა ხათრის გამო მივდივარ, ნახევრად მძინარე სახით ვზივარ ხოლმე ეთერში. გამოფხიზლებაში ვერც ყავა მეხმარება და ვერც სხვა რამ, საუზმობაც არ მიყვარს, თუ დედაჩემი უცებ წვავს ან ხარშავს რაღაცას, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვჭამო, თორემ, როგორც წესი, 2-3 საათზე ვიკმაყოფილებ შიმშილს.
ვარჯიში, ჩაცმა,

შოპინგი...

- სახლიდან გასასვლელად რამდენიმე წუთში ვემზადები, ვიცვამ, ვწესრიგდები და მივდივარ. რაც მთავარია, მანქანის გასაღები არ უნდა დამრჩეს, ბევრჯერ მივბრუნებულვარ უკან ამის გამო. საკუთარ თავზე ზედმეტი ზრუნვით არ ვარ დაკავებული, მთავარია, ჰიგიენის ნორმები არ დაირღვეს და მქონდეს ნორმალური აღნაგობა, ამისთვის კი ვცდილობ ვივარჯიშო, ფიტნესკლუბში თუ არ მივდივარ, სახლში მაინც ვაკეთებ პრესის ვარჯიშს და აზიდვებს.
...რაც უფრო მოჩაჩული და თავისუფალი სამოსი მაცვია, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ჩაცმისას არ ვაქცევ ყურადღებას, უხდება თუ არა ფერები, ქსოვილები და სხვა დეტალები ერთმანეთს, მთავარია, მეცვას ისე, რომ წაქცევა და ფორთხიალი ჩემთვის დისკომფორტს არ წარმოადგენდეს.
...მაღაზიებში ბოდიალი და რაღაცების ყიდვა ძალიან მიყვარს. როგორც წესი, მივდივარ ერთი რაღაცის საყიდლად, მაგრამ სულ სხვა ნივთით ვბრუნდები უკან. თუ ფეხსაცმლის შესაძენად გავდივარ, უკან ქუდით ან ქამრით შეიძლება დავბრუნდე. მთავარია, ფინანსები მიწყობდეს ხელს, რაც მომეწონება, იმას გამოვიყოლებ. ამოჩემებული მაღაზიებიც მაქვს, სადაც, როცა უნდა მივიდე, ვიცი, რომ ჩემთვის საინტერესო ნივთი აუცილებლად დამხვდება, თან იქ შეძენილ სამოსს გემრიელად ვხმარობ. რაც შეეხება ცნობადობას, რა თქმა უნდა, ეს მეხმარება შოპინგის დროს, ბევრჯერ საჩუქრითაც გამოვუშვივართ, სოლიდურ მაღაზიებს ნისიად მოუციათ სამოსი, არადა, საერთოდ არ ველოდი ამას, მადლიერი ვარ ასეთი დამოკიდებულების გამო.

საყვარელი გმირები

- მსახიობობა ძალიან შრომატევადი საქმეა. თუ გინდა, კარგი და დასამახსოვრებელი გმირი შექმნა, უნდა დაივიწყო ოჯახი, მეგობრები და თავი გადადო ამ საქმისთვის. მსახიობობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა, გარედან შეიძლება ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ რეალურად ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ხარისხიანი როლი შექმნა. მე მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი ნამუშევარი შევთავაზო მაყურებელს და შეფასება მათთვის მიმინდვია. ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, ჩემ მიერ განსახიერებული გმირებიდან ყველა ერთნაირად მიყვარს-მეთქი, რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, შეიძლება იმიტომ, რომ მასში მეტი შრომა ჩავდე, მეტად გავიაზრე... გამორჩეულად მიყვარს ჩემ მიერ ნათამაშები ასაპ სახაროვი სპექტაკლიდან ''აკრძალული თამაშები'', ბევრი შრომა ჩავდე ამ გმირში, ''სირანო დე ბერჟერაკში'' ნათამაშები კრისტიანო კი ძალიან კარგ დროს მახსენებს.

სცენაზე გასვლის წინ...

- გულზე ხელს ვიკიდებ, საკუთარ თავს შევუძახებ, აბა შენ იცი, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, სამჯერ მარცხენა ძუძუზე ძლიერად მივირტყამ ხელს და გავდივარ (იღიმის). კარგად მაქვს ეს ქმედება დაცდილი.
კინო და სერიალები
- კინო ძალიან მიყვარს, მაგრამ თეატრი მაინც სულ სხვაა. თეატრის ხერხით კინოში რომ ითამაშო, სასაცილო იქნები, კამერის წინ უნდა იყო რაფინირებული, ბუნებრივი და ემოცია იმ დოზით უნდა გამოხატო, რაც კამერისთვის არ იქნება ზედმეტი. თეატრში კი კინოს ხერხით თამაშისას ვერავინ ვერაფერს გაიგებს, სცენა შორსაა, მაყურებელი შორიდან გიყურებს და თუ ემოცია მძაფრად არ გადმოეცი, დაიკარგები. აქედან გამომდინარე, უნდა მოზომო, ერთგან სხვაგვარად უნდა ითამაშო, მეორეგან - სხვანაირად. რაც შეეხება სერიალებს, ''გოგონა გარეუბნიდან'' ჩემთვის საწყისი ეტაპი იყო, მაგრამ ლევან ხომერიკმა ბევრი კარგი გამიკეთა, ამ სიკეთეს ნამდვილად ვერ დავუვიწყებ. ამჟამად ''კომედი არხზე'' ვმუშაობ ახალ სერიალზე, რომელიც, წესით, მალე უნდა გავიდეს ეთერში, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს. რაც შეეხება ჩემს გმირს, ის ლევან ხომერიკისგან განსხვავებული, მექალთანე ბიჭუნაა, ვეცდები, ეს პერსონაჟიც ისეთივე დასამახსოვრებელი გახდეს, როგორიც ლევან ხომერიკი იყო, რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებ.

რადიო
- ''აფხაზეთის ხმაზე'' ვუძღვები გადაცემა ''რადიომანიას'', რომელიც ორშაბათობით გადის ეთერში. უკვე ორი წელიწადია ვურეკავ ადამიანებს და ვაშაყირებ, აქამდე სალომე გოგიაშვილთან ერთად მიმყავდა გადაცემა, ახლა მარტო ვარ. მსმენელები მიგზავნიან იმ ადამიანის ნომერს, რომლის გაშაყირებაც უნდათ და მეც მეტი რა მინდა?!. ერთ-ერთი გამორჩეული იყო გადაცემა, სადაც მსახიობ დონარა გვრიტიშვილს დავურეკე, ხმა შევიცვალე და ვითომ ინტერვიუს ვართმევდი, დავუსვი რამდენიმე კითხვა, მანაც მიპასუხა. ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ბოლოს მაინც არ ვუთხარი ვინ ვიყავი და რეალურად რა ხდებოდა, ახლა თქვენი ჟურნალიდან გაიგებს სიმართლეს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და თუ ეწყინა ჩემი ეს საქციელი, ბოდიშს ვუხდი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ არ სწყენია (იღიმის).

ქალები და წრფელი გრძნობები...
- მექალთანე არ ვარ, არ ვიცი, რამდენჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, თუმცა ერთხელ და ძლიერად რომ განვიცადე ეს გრძნობა, ფაქტია, ჩემს ბოლო ურთიერთობას ვგულისხმობ. მიმაჩნია, რომ ნამდვილი სიყვარული დღემდე მხოლოდ ერთხელ მეწვია. ჩემი აზრით, გრძნობის სიძლიერეს დრო განსაზღვრავს, სამი წელი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა და, რასაკვირველია, მტკივნეული იყო დასრულება, მაგრამ ხანდახან ადამიანს გიწევს მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჯობს იმ მომენტში გეტკინოს, ვიდრე უარესად განიცადო მომავალში.
- შესაძლებელია თქვენი ურთიერთობის აღდგენა?
- ამაზე ლაპარაკი ძნელია, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება შემდეგ. ახლა მაგაზე არ ვფიქრობ, დინებას მივყვები და თავით ვარ გადაშვებული საქმეში.
...ჩემ გვერდით ვერ წარმომიდგენია ადამიანი განსხვავებული ფასეულობებით. ჩემთვის ადამიანში მთავარია უბრალოება და იუმორი, შეიძლება თვითონ ვერ ხუმრობდეს, მაგრამ სხვისი იუმორი მაინც უნდა ესმოდეს. ჩემთან მყოფი ადამიანი არ უნდა იყოს ''მეშჩანკა'', მეწვრილმანე, ნივთებსა და ბრენდებზე გადარეული, მარტივი მსოფლმხედველობის პიროვნება მჭირდება.

შეზღუდვები
- როდესაც პოპულარული ხარ, ნაწილობრივ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი, თუ ძალიან არ დათვერი და ყველაფერი არ დაგავიწყდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შენს გემოზე ვერ მოქმედებ, პირადად მე ვცდილობ, გარკვეული შეზღუდვები დავუწესო საკუთარ თავს, თუნდაც იმიტომ, რომ იმ 7-10 წლის ბავშვს, რომელსაც დადებითი ემოციები აქვს ჩემ მიმართ, არ დავენახვო ''ბომჟივით'' გალეწილი მთვრალი, რათა არ წაუხდეს კერპის აღქმა. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, დიდი მსმელი ვარ-მეთქი, მეგობრების წრეში მიყვარს მოწრუპვა, უბრალოდ, ცოტა მჭირდება, რომ გავითიშო, მაგრამ ისეთი მთვრალი არასდროს ვყოფილვარ, მეორე დღეს რომ არ მხსომებოდა წინა დღის ამბები, თუმცა ხანდახან მინანია კიდეც რაღაც-რაღაცები, მაგალითად, როცა ვიღაცას ვუყვირე, ვეჩხუბე, ამის გამო მრცხვენია, მაგრამ... მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ხანდახან ვილეშები ხოლმე (იცინის).

სუფრა და ტრადიციები
- სუფრის ტრადიციები ნაწილობრივ მომწონს, არც ძალიან ტრადიციული და არც ძალიან თანამედროვე სუფრის მომხრე არ ვარ, სამეგობრო წრეში ვამბობთ სადღეგრძელოებს, ოღონდ მათ რიგითობას ნამდვილად არ ვიცავთ. რაც შეხება თამადობას, ყველაზე სასაცილო თამადა ვიქნებოდი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვაკეთო ამ დროს, დავიწყებ იდიოტობების ლაპარაკს, ბევრი სმა მე არ შემიძლია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში აღმოვჩნდები?

გართობა
- ტყიური გართობა მიყვარს, არ მიზიდავს კლუბები და ხალხმრავალი ადგილები. ჩემი გართობა არის ქალაქგარეთ სათევზაოდ ან სანადიროდ გაპარვა, ან უბრალოდ, შეიძლება ჩანთა ავიკიდო და ტყე-ტყე ვიბოდიალო მეგობრებთან ერთად. ცეცხლის სუნი, ტყეში გაღვიძება - ჩემთვის ესაა გართობა. თუ არსად მივდივარ, მაშინ სახლში ყოფნა მიყვარს, ძილზე ვგიჟდები, ამიტომ, თუ მაქვს საშუალება, რომ დავიძინო, ამ სიამოვნებას არ ვიკლებ, ჩემს ოთახში ჩემი პატარა სამყარო მაქვს შექმნილი, სადაც ვიკეტები და ვისვენებ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
:):):)
დაქანცული ვარ, სიცოცხლე არ მსურს სრულებით, მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები!
03:20 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ოქროს დაბ-დღეს გილოცავ დათუჩა :))))))))))
იხარე და იბედნიერე გიორგი მარადჟამს :))))))))))) ხანდახან ეჭვი მაბოროტებდა(ვაღიარებ) მაგრამ შენი ცუდი არასოდეს გამეხარდება- ღმერთმა არ მომასწროს მაგ დღეს !!! მინდა სიმშვიდე და სიხარული გისურვო შენს მეუღლესთან ერთად- მაგრად გამეხარდება (აჩის სიცოცხლეს ვფიცავარ) მომავალ წელს, ამ დღეს პატარა ღრუტუცა თუ გეყოლება უკვე,შენსავით ჭკვიანი თვალებით და ბუსკუნია ლოყებით :):):) https://www.youtube.com/watch?v=j2NlmW7fMH8
20:54 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
შენით აღტაცებული
ჩემი ბრილიანტიააააააააააააააააააა !!!
00:45 / 11-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სული და ხორცი ერთნაირად მტკივა ...
რა შემზარავად მენატრები და მიყვარხარ დათუჩა რომ იცოდე... თან ცრემლი მომდის უაზროდ ბევრი,თან გწერ და თან გალობას ვუსმენ...იმედი მაქვს ღმერთი დამეხმარება და შემაძლებინებს ვისწავლო "უშენოდ" ცხოვრება:)
02:47 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთ
დამდეგს გილოცავ ჩემო ღრუტუნია !!! დაე ყველაზე წარმატებული ყოფილიყოს შენთვის 2014 წელი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად !!! ყველაზე მაგარი მსახიობი ხარ ჩემთვის ! მიყვარხაააააააააააააააააარ
12:48 / 31-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS