06 ნოემბერი, 2014
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''
ბოლო ტურის მაყურებელი მიხვდებოდა, რომ ეს კომენტარი სისულელესთან ახლოსაა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' უკრაინელი ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ მოცეკვავეები თავიანთ ნომრებზე თვითონ მუშაობენ, ქორეოგრაფები კი გიგი გაჩეჩილაძემ შეცვალა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებით მოცეკვავეები კმაყოფილები არ არიან. შევეცადეთ გაგვერკვია, რა მოხდა პროექტში და გიგი გაჩეჩილაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- გიგი, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' აქტიურად ხარ ჩართული. ალბათ, იცი, რატომ დატოვეს უკრაინელმა ქორეოგრაფებმა შოუ.
- პროექტში თავიდანვე ჩართული ვიყავი, ჯერ როგორც მოცეკვავე და მერე ჩემს მოცეკვავეებს ვეხმარებოდი. სპორტული ცეკვების ფედერაციის
პრეზიდენტი ვარ და რასაკვირველია, დაინტერესებული ვარ, რომ პროექტი კარგი გამოვიდეს. რაც შეეხება ქორეო-გრაფების წასვლას, არაფერი ვიცი. არ ვერევი იმ საკითხებში, რომლებიც მე არ მეხება.
- ცნობილია, რომ პროექტის ქორეოგრაფი შენ გახდი.
- ვეხმარები პროექტის მონაწილეებს, რომ შოუ კარგი და საინტერესო იყოს. ჯერჯერობით მე არ ვარ ოფიციალურად პროექტის ქორეოგრაფი.
- ისიც დაიწერა, თითქოს მოცეკვეები შენს ახსნილს ვერ იგებენ და უკმაყოფილოები არიან.
- ბოლო ტურის მაყურებელი მიხვდებოდა, რომ ეს კომენტარი სისულელესთან ახლოსაა. თუ დააკონკრეტებენ, რომელი ვერ იგებს, შევეცდები, უფრო კარგად გავაგებინო.
- პირად საუბრებში არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ რაიმე ვერ გაიგო?
- რა თქმა უნდა, პირველივე სეზონიდან მოწონება-არმოწონების თემა სულ იყო. ჩემი შოუში ჩართვა პირველი სეზონებისგან იმით განსხვავდება, რომ მოცეკვავეებს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. პროექტში საქართველოს საუკეთესო მოცეკვავეები მონაწილეობენ. ზოგიერთ ქვეყანაში ნაყარ-ნუყარი მოცეკვავეები არიან, ანუ ოდესღაც ფეხი რომ გაუქნევიათ, ჩვენთან კი - პროფესიონალები და მათ სრულ თავისუფლებას ვაძლევ, რომ თავიანთი ვარიანტები შემომთავაზონ. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ყველამ თავისი გააკეთა და არავინ აკონტროლებს. არავის არ მიუტოვებია არც ერთი მოცეკვავე და ვარსკვლავი.
- როგორც ცნობილია, ანალოგიურ უცხოურ პროექტში მოცეკვავეები თავად დგამენ ცეკვებს.
- როდესაც პროექტში ვცეკვავდი, ამისთვის ვიბრძოდი. მომავალში ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება, თუმცა ჯერჯერობით ამასთან შეჩვევა გვჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქორეოგრაფების დადგმებისგან მოცეკვავეების დადგმულ ცეკვებზე გადასვლა შოუსთვის და ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოურ პროექტებში აუცილებლად არის ერთი ქორეოგრაფი, რომელიც დადგმულ ცეკვებს ამოწმებს და წყვეტს, ღირს თუ არა მათი სცენაზე გატანა.
- ამ ამბის გავრცელებისთანავე გაჩნდა კითხვა, რამდენად მოინდომებს სალომე ჭაჭუა იმ რჩევებისა და მითითებების გათვალისწინებას, რომლებსაც შენ მისცემ და ერთად მუშაობას თუ მოახერხებთ?
- სალომემ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა. როდესაც მის ნამუშევარს ვნახავ, თუ რამე არ მომეწონება, რაც ძალიან სათუოა, და მივიჩნევ, რომ შოუსთვის ცუდი იქნება, აუცილებლად ვეტყვი. ისევე, როგორც შევცვლი პროექტში ნებისმიერი მოცეკვავის დადგმულ ცეკვას.
- მზია ორველაშვილის მეუღლე ერთ-ერთია იმ ქორეოგრაფებს შორის, რომელთაც პროექტი დატოვეს. მასთან ხომ არ დაგეძაბა ურთიერთობა?
- არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ მაქვს არც სალომე ჭაჭუასთან და არც მზია ორველაშვილთან. ჩვენ, პირველ რიგში, პროფესიონალები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ პირადი გაუგებრობა შოუს არ შეეხება. პირადად მე საქმესა და პირადს ერთმანეთში არ ვურევ. მნიშვნელობა არ აქვს, ძმა იქნება შოუში თუ ძმაკაცი, ან მომწონს თუ არ მომწონს ის ადამიანი, რომელიც პროექტშია. ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს. ასე ვარ გაზრდილი, ასე მიმყავს საქმე და ამართლებს საქმისადმი ასე მიდგომა. პროექტის ქორეოგრაფებთან - საშასთან, ალიონასა და დიმასთან, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შევთავაზე საშას, რომ ჩემთან ერთად ემუშავა, რამდენად მიიღებს ჩემს შეთავაზებას და შეინარჩუნებს სამსახურს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS