- ვინ ხარ, რას მოითხოვ?
- სოკო კაცი.
- მაშინ ძახილის ნიშანი აკლია ამ ტრანსპარანტს.
- არ აკლია, მოსძვრა... თუ ცოლად არ გამომყვება, ყავაზე მაინც გამომყვეს კაფეში.
- პირდაპირი კომუნიკაცია არ გიცდია, სატელეფონო მაინც?
- ვერ მოვახერხე, მემალება.
მერე მის გვერდით მჯდარ ბიჭს მივადექი:
- შენ რაღას ითხოვ, ვინ ხარ?
- ტიმკერი ვარ, მეც მიყვარს მაია.
- ეგ როგორ, ყველას გიყვართ, „პროფილის“ საერთაშორისო დღეა თუ რა ხდება?
საუბარში თემო მჟავია ჩაგვერთო, რომელსაც ყავარჯნები უკვე გადაუყრია და გადაცემა „მზეების“ მომზადებაშიც აქტიურად ჩართულა:
- დღეს არის მაია ასათიანის მოედნის გახსნის დღე. დღეიდან ეს მოედანი მაია ასათიანის მოედანი გახდა და „რუსთავი 2“ -ის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, პატივი სცენ ამ მოედანს. დღეს შეგვაქვს მერიაში განაცხადი, მოედნის სახელთან და-კავშირებით.
- რა დამსახურებისთვის ითხოვთ მაიას მოედნის გახსნას?
- იმხელა დამსახურება აქვს მაიას ერის წინაშე, რამდენი ადამიანი დაღვარა ცრემლად?!
- ხუმრობთ, თუ მართლა მიდიხართ აქედან მერიაში?
- არ ვხუმრობთ, მართლა მივდივართ. ახლა ტრაფარეტსაც ვამზადებთ, რომელიც მიანიშნებს, სად არის მაიას მოედანი.
- რატომ მაინცდამაინც მაია ასათიანი, ამ ტელევიზიაში ბევრი სხვა ცნობილი სახე მუშაობს საკუთარი გადაცემებით.
- მაია არის „ბესტი“ , საუკეთესო მათ შორის.
სოკო კაცი:
- მაიამ ბებია დამიბრუნა.
- როგორ?
- ბებიაჩემი ავღანეთში იბრძოდა 1989 წელს. ნაღმზე დაკარგა ფეხი და ცალი ფეხით ვეღარ ჩამოვიდა. მაიას გადაცემამ ჩამომიყვანა.
ტიმკერი:
- მე უბრალოდ მიყვარს მაია. რომ ვხედავ, ცუდად ვხდები, თვალებიდან ცრემლები მომდის, კუჭში პეპლები დაფრინავენ.
ამასობაში ჰორიზონტზე ვახო ბიჭიკაშვილიც გამოჩნდა.
- ვახო, ეთანხმები ბიჭების მოთხოვნებს, მაიას სახელობის მოედნის შესახებ?
- თავი გამანებე, ინტრიგანო (სიცილით მომაძახა და გაიქცა - ავტ.).
- ბიჭებო, დიდხანს აპირებთ აქ ყოფნას?
ტიმკერი:
- სანამ არ მოვა მაია, მანამ ვიქნებით, რას გიშლით, ჩვენთვის ვართ...
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის მიმართ მაია ასათიანის დამოკიდებულება გვინდოდა გაგვეგო.
- მაია, „რუსთავი 2“ -ში სრულიად უწყინარ ინტერვიუზე მივდიოდი, როცა შენს „ფანებს“ გადავაწყდი...
- კი, ვიცი, ვნახე ეს ბიჭები, გავესაუბრე, სიყვარულს მიხსნიდნენ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, ძალიან ვიხალისე. ყველა ხელოვანს ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ.
- ჰო, მაგრამ მათ თავისი მოთხოვნები აქვთ, შენი სახელობის მოედნის გახსნა უნდათ, ერთ-ერთი ცოლობასაც კი გთხოვს.
- სასაცილოა, ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სწორად გამიგეთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“