- მარიამ, დიდხანს ფიქრობდი პროექტში მონაწილეობაზე?
- ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ყველა სეზონს ვუყურებდი და სულ მინდოდა, ერთ-ერთი მონაწილე ვყოფილიყავი, ამიტომ წ
- პროექტში მონაწილეობამდე ძალიან გახდი. ცეკვებში მონაწილეობამ მოგცა სტიმული, წონაში დაგეკლო?
- პროექტში მონაწილეობამდე გაცილებით ადრე დავიწყე დიეტა. ნატა გაგუა ფანტასტიკური დიეტოლოგია. კვებასთან დამოკიდებულება სულ სხვანაირად დამანახვა. ახლა წონის დაკლებაში, რა თქმა უნდა, ცეკვებიც მეხმარება.
- ერთი წლის წინანდელ მარიამზე რამდენი კილოთი ნაკლები ხარ?
- 12 კილო მაქვს დაკლებული. თუ კიდევ დავიკლებ, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ახლა როგორც გამოვიყურები, ესეც ძალიან მომწონს. რამდენიმე კილოს დაკლება ნამდვილად არ მაწყენდა. იმედი მაქვს, პროექტში დიდხანს დავრჩები და კიდევ უფრო გავხდები.
- როგორ გაფასებენ ოჯახის წევრები?
- არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი, როდესაც ჩემი ოჯახი გვერდით არ მედგა. ახლაც გვერდში მიდგანან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე ცეკვებს მაქსიმალურად ბევრი დრო დავუთმო.
- მოსწონთ შედეგი?
- მგონი, მოსწონთ. თამრიკო და გია პროფესიონალურად ვერ შემაფასებენ. ამბობენ, რომ მთლიანობაში კარგად ვიცეკვე.
- ჟიურიმ აღნიშნა, რომ ჩა-ჩას ცეკვისას შენი იმიჯი დაამსხვრიე და სექსუალობა წარმოაჩინე.
- სიტყვა სექსუალურს რატომღაც საქართველოში ცუდი განმარტება აქვს. სექსუალურობა რაღაც დოზით ყველა ქალში დევს. რასაც ახლა ვაკეთებ, ეს დროებითია. ჩემი პროფესია არაა, თუმცა ცეკვა უსაზღვროდ მიყვარს. ოპერის მომღერლობა აბსოლუტურად სხვა რამაა, თუმცა ოპერაშიც შეიძლება, მეცვას გამომწვევად და სექსუალურად გამოვიყურებოდე, მაგრამ არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენს ოჯახში ეს განხილვის საგანიც არაა. არავინ მეტყვის, მარიამ, ზედმეტად მოღებული რატომ გეცვაო. ძალიან გამიმართლა, ჩემს ოჯახში საღად მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ.
- მამა - გია როინიშვილი თამაშობს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალ სეზონში. ადევნებ თვალს?
- რა თქმა უნდა, ვუყურე და შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ მამა ძალიან მომწონს. ვამაყობ, რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავს. მამას სერიალში და ზოგადად, მის პროფესიაში დიდ წარმატებას ვუსურვებ.
- პროექტში საგულშემატკივროდ მხოლოდ დედა დადის, მამას არ გასჩენია კონცერტზე დასწრების სურვილი?
- მამა ზედმეტად ნერვიულობს. გასულ ტურზე დამპირდა მოვალო, მაგრამ მერე არ მოვიდა. თამრიკოც ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ვერ მიმეტებს იმისთვის, რომ მარტო ვიყო. მარტო არ ვიქნები, ჩემი რძალი, ძმა და დეიდაშვილები ყოველ ტურზე მოდიან და მგულშემატკივრობენ. თამრიკო თავს ებრძვის და დიდი ნერვიულობის ფასად არის დარბაზში. მამა ვერ ერევა თავს. რა თქმა უნდა, მე ამაზე არ ვბრაზდები. ორივესი არაჩვეულებრივად მესმის. ბოლოს რომ ვიცეკვე, პირველი მესიჯი მამისგან მომივიდა.
ძალიან დადებითი მესიჯი იყო. მწერდა, ჩემგან ლევანს მიულოცე და დიდი მადლობა გადაუხადეო. ჩემი მშობლები ლევანს ემადლიერებიან, გრძნობენ და იციან, როგორი დიდი საყრდენია ლევანი ჩემთვის. საშინლად ვნერვიულობ, სანამ სცენაზე გავალ, ლამის გული ამომივარდეს, მაგრამ როცა ვგრძნობ, რომ ლევანი დგას ჩემ გვერდით, ვწყნარდები.
- ლევანს რეპეტიციებზე აბრაზებ?
- ვცდილობ, არ გავაბრაზო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, ერთმანეთს ვხოცავთ-მეთქი. ხანდახან მკაცრია და ხანდახან - მომთხოვნი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. ძალიან მკაცრი იყო ჩემი ვოკალის პედაგოგი, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს. ლევანისგან ყველაფერი მისაღებია. ჯერ ერთი, ის პროფესიონალია და მეორეც, ეს ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ კეთდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობა პროექტის მიღმაც გაგრძელდება.
- ყოფილმა მეუღლემ, გიორგი მახარაძემ, რა თქვა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში მონაწილეობდი?
- რატომღაც ყველა მეკითხებოდა, ყოფილ მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობო. ძალიან გაუხარდა. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. სხვანაირი ადამიანია. მითხრა, აბა, შენ იცი, ფსიქოლოგიურად მოემზადე, რომ ყველაფერი კარგად იყოსო.
- დაგპირდა, რომ დაგიმესიჯებდა?
- არ ვიცი, უნდა ვკითხო, მიმესიჯებს თუ არა (იცინის). იმედი მაქვს, რომ მგულ-შემატკივრობს.
- როგორც ვხვდები, ახერხებთ მეგობრობას.
- რა თქმა უნდა. ცხოვრება იმდენად მოკლეა, რომ ზედმეტი სტრესი არასწორი იქნება. ვცდილობ, ცხოვრება გავაფერადო და რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. ცხოვრება მართლა წუთისოფელია. ამას ახლა კი არა, ძალიან პატარა ასაკიდან ვგრძნობ და მინდა, ბევრი რამის გაკეთება მოვასწრო.
- პატარა ასაკიდან ამას მშობლების დაშორების გამო ხომ არ ფიქრობ?
- ეს კიდევ სხვა თემაა. მშობლების დაშორება ყველა ბავშვზე მოქმედებს. მე ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება მომესწრო. მინდა, ცხოვრება რაც შეიძლება გავწმინდო ნეგატივისგან. ჩემი და გიორგის ურთიერთობაც არ მინდა, რომ ცუდი და გაურკვე-ველი სიტუაციებით იყოს დატვირთული. ვცდილობ, ელენეს ირგვლივ მე და გიორგიმ ვიტრიალოთ და კარგი ბავშვობა ჰქონდეს.
- იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?
- ამ თემით არ ვინტერესდები. ჩემს ცხოვრებაში იმდენად ბევრი რამ ხდება, რომ ეს თემა ჩემთვის საინტერესო არაა, ვინ ვისთან იქნება და ვინ ვის შორდება, არ მაინტერესებს და მას თუ აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება, არ ვიცი.
- შეყვარებული ხარ?
- რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ქალი ვარ. მაქვს საყვარელი საქმე და იმდენად დატვირთული ვარ, სიყვარულზე ფიქრის დროც არ მრჩება. რომც მყავდეს შეყვარებული, არც ვიცი, მექნებოდა თუ არა დრო, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი. თუ ჩემს ცხოვრებაში მოვა სიყვარული, ძალიან კარგი იქნება და თუ არ მოვა, არც ესაა პრობლემა. სიყვარულისთვის მზად ყოველთვის ვარ. ეს იმდენად დიდი და კარგი გრძნობაა, მისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა გქონდეს.
პ.ს ინტერვიუში გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტოები.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''