კახა მამულაშვილი თავისი სტატუსით მოსკოვიდანვე გამოეხმაურა ატეხილ აჟიოტაჟს''ოკუპანტებისთვის სიმღერასთან'' დაკავშირებით და დაწერა, -''ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად,
კახა მამულაშვილი:
- მოსკოვში ისედაც მივემგზავრებოდით, ვინაიდან ორ კორპორატიულ კონცერტში მონაწილეობა გვქონდა დაგეგმილი. გარდა ამისა, აქ დავრჩი, ვინაიდან ექვსი წლის შემდეგ ძლივს გავაკეთე ვიზა და მქონდა მოლაპარაკებები ლელასა და ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით ახალი წლის გეგმებზე.
დამირეკა ლელას ბიძაშვილმა მოსკოვიდან და მითხრა, რომ ყოველ წელს ქართველი ემიგრანტებისთვის ღია ცის ქვეშ ეწყობოდა დღესასწაული, სადაც ბიზნესმენებს გამოჰქონდათ თავიანთი ნაწარმი, მოსკოვურ რესტორნებს - თავიანთი, იყო მხატვრების გამოფენა და სხვა კულტურული ღონისძიებები... ასევე მითხრა, რომ თბილისიდანაც მიდიოდნენ ქართველი მომღერლები. ვუპასუხე, არ არის პრობლემა, მაგ პერიოდში ისედაც მანდ ვიქნებით და ორ სიმღერას ვაჩუქებ, თუ ასეა საქმე-მეთქი.
ამ ღონისძიებამდე ორი დღით ადრე ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა აფიშა, საიდანაც გავიგე ამ კონცერტის დასახელება და ასევე ის, რომ ორგანიზატორი მოსკოვის მერია გახლდათ, ''ქართველთა კავშირზე'' საუბარი არ იყო. ეს რომ გვცოდნოდა, თავიდანვე არ დავთანხმდებოდით, დავურეკე ორგანიზატორს, ვინც დამიკავშირდა და გავაფრთხილე, თუკი რაიმე პოლიტიკური ხდება და რუსეთის მთავრობა აპირებს მოსვლას, ჩვენ არ გამოვალთ-მეთქი. იმ მეგობარს, ვინც შემომეხმიანა, ავუხსენი, რომ აფიშაზე უკვე ეწერა ჩვენი სახელი და ადგილზე რომ მივალთ, შევხედავთ სიტუაციას და ისე გადავწყვეტთ-მეთქი. ჩვენებსაც ასე ვუთხარი და ისინიც დამეთანხმნენ. მივედით და ამდენი ხალხი რომ დავინახეთ, ამდენი ქართული დროშა, უფლება აღარ გვქონდა, რომ მათთვის არ გვემღერა...
- საინტერესოა, რომ ამ კონცერტთან დაკავშირებით იყო ბევრი გამოხმაურება, მაგრამ ლელა პირდაპირ არავის უხსენებია.
- ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, რომ ლელამ უღალატა ქვეყანას?!. მე იმას ვერ ვხვდები, რაში სჭირდებოდათ, მაგალითად, ლელასა და ვიღაც გაბედავას ფოტოს ფრიალი? საერთოდ არ ვიცნობთ ამ კაცს. გაბედავამ დაწერა, ლელა 20 წელია, არ მინახავსო. ნაცნობი უწერია და ნაცნობსა და მეგობარს შორის განსხვავება არ არის? იქ ასეთი ნაცნობი ათასი ადამიანი იყო.
- კახა, შენი აზრით, ის ცნობილი სახეები მართლა ასე ფიქრობენ ლელაზე თუ რაიმე პოლიტიკური ფაქტორია?
- არ ვიცი, ვინ რა თქვა მომღერლებიდან? მთავარია ის, რომ მე ვიცი, რას ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვიცნობ და ჩადიან რუსეთში. არასდროს არ დავწერ''ფეისბუქზე'', რას ვფიქრობ მათზე და არასდროს ჩავთვლი მათ მოღალატეებად.
- ნინა წკრიალაშვილმა თქვა, რომ არასდროს გამოვიდოდა ხუბუტიას დაფინანსებულ კონცერტზე.
- ძალიან კარგი. ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ნინა ნინაა და ლელა - ლელა. ლელას არავისთვის თავისი აზრები არ მოუხვევია, ყველამ თავისი აზრები თავისთვის შეინახოს და საკუთარ თავზე ილაპარაკონ.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''