თიკო სადუნიშვილი''დაუპატიჟებელი სტუმრის'' წამყვანი გახდა არხზე ''მარაო რუსთავი 2''. იმიჯი იგივეა, როგორც ვიზუალურად, ასევე წამყვანობის კუთხით. ჩვენმა რესპონდენტმა რამდენიმე თიკო''მოსინჯა'', მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ცნობილ სახეებს სახლებში უკვე დამკვიდრებული თიკოს ამპლუაში ესტუმრება.
თიკოს ვკითხეთ, როგორი დირექტორია მაია
- ვიცი, რომ ეთერში გასვლის წინ გადარეული რეჟიმი გაქვს.
- ''მარაოზე'' 10-12 გადაცემა იწყება, რომლებიც თანმიმდევრულად შევა ეთერში, ჩემი გადაცემა ერთ-ერთი პირველია. ამის გამო დაიწყო გადარბენები.''თბილისი ლაივის'' ეთერში გასვლამდე ექვსი თვე გვქონდა, როცა შეგვეძლო, ფორმატი ჩამოგვეყალიბებინა და გადაცემისთვის სასურველი ფორმა მიგვეცა, აქ კი საკმაოდ მცირე დროში უნდა მოგვეხერხებინა იგივე. თან კეთდება, თანაც პროცესში გადაკეთება მიმდინარეობს.
- თიკო ცნობილ ხალხს სახლში შეუვარდებაო, ამბობენ.
- (იცინის) რატომღაც ყველამ ასე აღიქვა, რადგან გადაცემას''დაუპატიჟებელი სტუმარი'' ჰქვია და რადგან მისი წამყვანი თიკო სადუნიშვილია, ჰგონიათ, რომ ვარსკვლავების სახლის კარებს პირდაპირ წიხლით შევაღებ. რეალურად, ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლების დათანხმება იმაზე, რომ ესტუმრო და სახლი დაგათვალიერებინოს, ძალიან რთულია.
- ძნელია, მე შენ ვერ დაგითანხმე, მაგალითად.
- (იღიმის) ზოგს არ სცალია, ზოგის სახლი არც ისე ვარსკვლავურია. რასაკვირველია, მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავების მსგავსად, მილიონიანი ვილა არავის აქვს, მაგრამ ჩვენ''ხრუშჩოვკებითაც'' ვკმაყოფილდებით. რა მდგომარეობაშიცაა ქართული შოუბიზნესი, იგივე მდგომარეობაა მათ ბინებშიც.
- აქამდე ცნობილების სახლებში თუ იყავი ნამყოფი?
- როგორ არა, რამდენიმეს ბინაში ნამყოფი გახლდით. ვისაც მშობლებისგან გამოჰყვა კარგი მატერიალური მდგომარეობა, მის სახლსაც ეტყობა. ვინც საკუთარი შრომით შოულობს ფულს, ეს სახლზეც არის ასახული. ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი არ ცხოვრობს ისე, რომ ვარსკვლავების ვილებით დატკბეს. ეს დიდ აგრესიასაც გამოიწვევდა. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ. სახლებს ძალიან საფუძვლიანად ვათვალიერებ. ვცდილობ, მართლაც დაუპატიჟებელი სტუმარი ვიყო. დავურეკო იმ დღეს, როცა გადაღება მინდა, რამდენიმე საათით ადრე და პირდაპირ ვეწვიო სტუმრად. ეს ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ- არა. მინდა, რომ სახლის კაპიტალური დალაგება ბოლომდე ვერ მოასწრონ (იღიმის).
- შენ შემოუშვებდი დაუპატიჟებლად სახლში თიკო სადუნიშვილს?
- რა თქმა უნდა, რადგან მე მაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ ყოველთვის დავიცავ თავს თიკო სადუნიშვილისგან, ანრი ჯოხაძისგან და მოკლედ, ინტრიგანი ხალხისგან. პოლიტიკურად ვიტყვი და ყოველთვის მზად ვარ, დებატებში დავუჯდე შოუბიზნესის წარმომადგენლებს (იცინის).''თბილისი ლაივის'' დროსაც უკითხავთ, თიკოს შეკითხვებს შენ თუ უპასუხებდიო და რასაკვირველია, ვუპასუხებდი.
- ''თბილისი ლაივი'' რატომ დაიხურა?
- ''თბილისი ლაივზე'' ძალიან დამწყდა გული, მაგრამ დავხურეთ. რამდენიმე წლის წინ იყო სხვადასხვა ღო-ნისძიების, ღამის კლუბების, ივენთების ბუმი. ახლა კი ექვს-შვიდ სიუჟეტსაც ვერ ვაგროვებდი, თუ ვაგროვებდი, უხარისხო იყო. მერე უკვე დაიწყეს ლაპარაკი, ამ გოგოს რაღაც ვეღარ მიჰყავს გადაცემაო. გადაცემის გაფუჭებას მერჩივნა, ტკბილ მოგონებად დარჩენილიყო.
იმდენად დიდხანს ვიყავი ეთერში ამ გადაცემით, რომ ჩემი სახელი სწორედ მასთან ასოცირდება. ახლაც, ახალ გადაცემას რომ ვიწყებ, მეკითხებიან, იმავენაირად ცოცხალი იქნება თუ არა, ინტრიგნულ შეკითხვებს თუ დავსვამ- გინდა თუ არა, ადამიანები მაინც უკავშირებენ იმ თიკოს. სხვათა შორის, ახალ გადაცემაში რამდენიმე თიკო''ვცადეთ'', მაგრამ შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ისევ ძველი სჯობს,''თბილისი ლაივის'', ის, ვისაც იცნობს ხალხი.
- როგორც წამყვანი, გაზრდილი ხარ?
- გინდა, არ გინდა, გამოცდილება თავისას შვრება. შესაძლოა, წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ არ იფრინო სხვა ჟურნალისტების მსგავსად, მასტერ-კლასების გასავლელად, მაგრამ არ არსებობს, წელი ისე გავიდეს, რომ რამდენჯერმე მეტყველების პატარა კურსები არ გავიარო, საკუთარ თავზე არ ვიმუშაო, რაც, ჩემი აზრით, მუდმივად საჭიროა. მეტყველების კურსები ყველას სჭირდება. მით უმეტეს, ბოლო ორი წე-ლიწადი ჩავარდნილი იყო და პირის აპარატი ცოტა''დამიჟანგდა'' (იღიმის). სად- ყოველდღიურ რეჟიმში რომ მუშაობ და სად- რამდენიმე თვე რეჟიმიდან რომ ამოვარდები.
- ''პროფილური'' ტიპაჟი არ ხარ, როცა მაიამ შემოგთავაზა თავის არხზე მუშაობა, რა იფიქრე, როგორი ტელევიზიის გაკეთებას აპირებსო?
- პირველად ის ვიფიქრე, რომ მთელი არხი იქნებოდა ერთი დიდი''პროფილი''. რეალურად, მაიამ ამ გადაცემის ყველა რეიტინგული სიუჟეტიდან ააწყო არხი, თუმცა კარგი ისაა, რომ გადაცემის თითოეულ წამყვანს მოარგო და ინდივიდუალიზმი არ დაუკარგა. მაგალითად, მე მითხრა, როგორი თიკოც იყავი, ისეთად უნდა დარჩეო. წარმოიდგინე, მე რომ''პროფილი'' წავიყვანო (იცინის). სხვათა შორის, როცა მაიას სახლების თემა ჰქონია გადაცემაში, ძალიან წარმატებული იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან რეიტინგული თემაა ისეთ ჭორიკანა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თან, ძალიან დეტალურად ვათვალიერებ სახლებს, მაგალითად, თეთრეულსაც კი ვნახულობ, ლოგინს ვურევ, სამზარეულოში ისეთ უჯრებს ვაღებ, რომელთა გამოღება ჩემს სამზარეულოშიც მეშინია ზოგჯერ (იცინის).
- რა იპოვე საინტერესო?
- ლელა წურწუმიას მაცივარში, გაგიმხელ და, ჟან-პოლ გოტიეს''კოკა-კოლა'' ვიპოვე. მართლა გეუბნები (იცინის). მერე ვხუმრობდით, რომ ეს კრისტიან დიორის კარაქია და მაკქუინის მდნარი ყველიო. გივი სიხარულიძესთან ისეთი თეთრეული ვნახე, რომელსაც საერთოდ არ მოველოდი, წითელი თაიგულებით. უკვე ჩავწერე გივი, ლელა, რატი დურგლიშვილი და ახლა ვწერ ინგა გრიგოლიას. მხოლოდ შოუბიზნესის წევრებთან სიარულს არ ვაპირებ, პოლიტიკოსებთანაც შევივლი.
- და პოლიტიკაზეც ჰკითხავ?
- მხოლოდ ხალხის ენაზე. მაგალითად, ძალიან მაინტერესებს მურმან დუმბაძის სახლი.
- მარცხენა ხელით შეაღებ თუ მარჯვენით?
- რასაკვირველია. მიმდინარეობს მოლაპარაკება და შესაძლოა, მალე მას ბათუმში სახლში ვესტუმროთ. მინდა, ასევე დავითანხმოთ ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, პრეზიდენტი მარგველაშვილი. სიამოვნებით ვესტუმრებოდი ყველა მათგანს.
- შენი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, ალბათ, გაჩნდება კითხვა, რამდენად ობიექტურად დაათვალიერებ მათ სახლებს.
- იგივე შეკითხვები მექნება, რაც სხვებთან. შესაძლოა, სამსახურს მიღმა ბევრ საკითხზე ვიმსჯელო, მაგრამ როცა ეს საქმეს ეხება, რა თქმა უნდა, ძალიან ობიექტური ვიქნები. შესაძლოა, რატი დურგლიშვილთანაც ვიხუმრო და ღარიბაშვილთანაც, სპეციალურად ღარიბაშვილისთვის ხუმრობას არ გავამზადებ. საქმესა და პირად შეხედულებებს ყოველთვის მკვეთრად ვმიჯნავ ერთმანეთისგან.
- ახალ არხზე ბევრი ცნობილი სახეა. ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
- ვიცი, საითკენაც მიგყავს საუბარი. რა თქმა უნდა, ვიღაცასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, ზოგთან ერთად ლანჩზეც გავდივარ, ზოგს საერთოდ არ ვესალმები. აქაც ვმიჯნავ პირად ცხოვრებას, ცალკე სამყაროს, სამსახურს გარეთ. თუკი შენ შორენა ბეგაშვილი იგულისხმე, უკვე იყო ამაზე ლაპარაკი, რომ ალბათ, შორენას სახლს ვერ გადავიღებ. მე სულაც არ ვარ ამისი წინააღმდეგი, პირიქით, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, ვფიქრობ, თავად შორენა არ დათანხმდება. როცა პროფესიასა და სამსახურს ეხება, ყველაფერს ვივიწყებ და გარეთ ვტოვებ. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ. არსებობენ რესპონდენტები, რომლებთანაც კონფლიქტური სიტუაციები მქონია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზურგი შევაქციო, მიკროფონით არ მივიდე და თუნდაც კამერის წინ სამაგიერო გადავუხადო. როცა კამერა გამოირთვება, მერე გავცემ პასუხს (იღიმის).
- შენი იმიჯი ყველას აინტერესებს. ისეთი იქნები, როგორიც ჩვენს ფოტოებზე ხარ? ადრე შენმა ვარდისფერმა თმამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგმა ფრინველს შეგადარა.
- ჟღალი ფერი რომ მქონდა, მამალს შემადარეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არ ვჩანდი, ჩემი იმიჯი მაინც ვითარდებოდა. იმიჯი მაინც არ უკავშირდებოდა ჩემს გადაცემებს, ყოველთვის ისეთ ვარცხნილობას ვიკეთებდი, ისეთ ლაქს ვისვამდი და ისე ვიცვამდი, როგორც მე მომწონდა. ახლაც ასეა და გადაცემაში ამ იმიჯით ვიქნები.
- ახალი ტატუ გაქვს, ოღონდ ნამდვილი და არა ინით დახატული.
- რამდენიმე წელი მინდოდა ტატუს გაკეთება და ფეხს, უფრო სწორად, ხელს ვითრევდი (იცინის). ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ამ ხელით შემოხაზე''ნაციონალებიო'' (იცინის)?!. ფერადი ტატუ გავიკეთე, დიდი დატვირთვა არ აქვს, ღრუბლები, წვიმის წვეთები, სახლები ბავშვების ნახატებიდან არის აღებული. თავიდან ხევსურული ორნამენტები მინდოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს, კანზე ცოტა ღარიბულად გამოჩნდა, ამიტომაც დავამატე კიდევ ნახატები. ჩემი ტატუ ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს.
- გამიკვირდა, შენი ნატურიდან გამომდინარე, ხელზე ღრუბელი და წვიმის წვეთები რომ დავინახე. როდისმე ხარ ასეთი?
- საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას, მაგრამ იშვიათად. ძირითადად, სულ პოზიტიური ვარ. ღრუბელი იმიტომ დავიხატე, რომ ცოტა დამაბალანსოს, იმდენად კარგი ამინდია ჩემს თავში (იღიმის).
- ბოლოს ისევ ახალ არხზე გკითხავ. რატომ უნდა ვუყუროთ''მარაოს''?
- ყველა ამბობს, რომ პოლიტიკით დაიღალნენ. მეგობრებთან რომ ვიკრიბებით, ზოგჯერ ვიღაც დგება და ამბობს, დღეს ვსვამთ, მაგრამ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთო. ეს განსაკუთრებულად აქტუალურია მაშინ, როცა სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები ვიკრიბებით. პოლიტიზებაზე იმდენი ვიწუწუნეთ, რომ ბოლოს მივედით ერთ აპოლიტიკურ არხამდე. მით უმეტეს,''პროფილს'' იმდენად დიდი რეიტინგი აქვს და ეს თემები იმდენად აინტერესებს ხალხს, რომ... ერთმანეთის გადაცემებს მონტაჟის დროსაც კი ვუყურებთ და გვაინტერესებს. დიდი იმედი მაქვს, რომ არხს საკმაო მაყურებელი ეყოლება. ბევრი ცნობილი სახეა, მოვლილი ადამიანები იქნებიან ეთერში, ფერადები... ეს იმდენად დიდი პრობლემაა. ხომ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანები ეკრანზე დაუვარცხნელი თმით და შავებში ჩაცმულები ჩნდებოდნენ. ახლა კი ეკრანიდან ბევრი პოზიტიური რამ გამოჩნდება.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''