იას ყოფილი მეუღლისთვის არც უკითხავს, მოსწონს თუ არა, რომ სპორტსმენი გახდა. ნიკას მხოლოდ შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება.
- პირველად საერთაშორისო შეჯიბრებაზე მარტში ესპანეთში წავედი, საიდანაც გამარჯვებული დავბრუნდი. ბიკინის ფიტნესკატეგორიის შეჯიბრებაზე ვმონაწილეობდი. მას შემდეგ სულ ვგეგმავდი წასვლას სხვა შეჯიბრებაზე, თუმცა იმის გამო, რომ არ მაქვს დაფინანსება, ვერ
- რომელი ქვეყნის სპორტსმენმა გაიმარჯვა?
- მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა. მე მხოლოდ საუკეთესო ათეულში მოვხვდი. საქართველოში სულ ელოდებიან, რომ სადაც წავალთ, პირველივე შეჯიბრებაზე პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ. ესპანეთში გამიმართლა და პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა. სულ გამარჯვებული რომ იყო, დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი ან მორაგბე, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და არ თამაშობს. შეჯიბრებაზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ამ სპორტით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესდი. ახლობლები აიყოლიე?
- დაახლოებით ორი წელია, ვვარჯიშობ. შემიძლია, სიამაყით გითხრათ, რომ ახლობლების გარდა, მთელი საქართველო ავიყოლიე. ბოდიბილდერს მეძახიან, მაგრამ ასე არაა. ფიტნესკატეგორიაში გამოსვლა და ბოდიბილდერობა ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველი ქართველი ქალი ვიყავი, რომელიც საერთაშორისო არენაზე გამოვიდა. მას მერე საქართველოში ბევრმა გოგონამ დაიწყო ვარჯიში და კარგი შედეგიც აქვთ. საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ერთ თვეში გაიმართება, უკვე ექვსი გოგონა გამოვა. ეს დიდი მიღწევაა.
- შენი და ჩაერთო ამ სპორტში?
- ოჯახის ყველა წევრი სპორტსმენი ხომ ვერ გახდება. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ვარჯიშობს, მათზე კარგი გავლენა მოვახდინე. ფიტნესი არაა მარტო სპორტი, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია.
- რაზე გიწევს უარის თქმა კარგი შედეგის მისაღწევად?
- მე რომ ვიყო მოყვარული სპორტსმენი, მაშინ ალბათ უფრო ნაკლებ რამეზე მომიწევდა უარის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრ რამეზე ვამბობ უარს. ყოველთვის კარგად უნდა იყო გამოძინებული. არ შეიძლება ბევრი ჭამა. ხშირად არ მივირთმევ შოკოლადს, ბრინჯსა და პურს. უარის თქმა ხანდახან წყალზეც კი მიწევს. შეჯიბრებამდე რამდენიმე დღე წყალს არ ვსვამთ. არ მინდა, ვინმემ არასწორად გაიგოს და იფიქრონ, რომ წყალი არ უნდა დალიონ. შეჯიბრებისთვის რომ ვემზადებით, ბევრ წყალს ვსვამთ. უბრალოდ, შეჯიბრებაზე კუნთი რომ კარგად გამოჩნდეს, სხეული გამომშრალი უნდა იყოს.
- საცურაო კოსტიუმში გადაღებული შენი ფოტოები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში…
- მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი ნებართვის გარეშე ხდება.
- ფოტოების გამო ბევრი გაკრიტიკებს და ბევრიც აღფრთოვანებულია, რომ მაგარი სხეული გაქვს.
- სოციალურ ქსელში რომ შეხვიდეთ, ძალიან ბევრი ადამიანის საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს ნახავთ. რადგან მე მეტ-ნაკლებად მიცნობენ, ჩემი ფოტოები მაშინვე საიტებზე ხვდება. არ ვარ ერთადერთი, ვინც ასეთ ფოტოებს იღებს. შეჯიბრებაზე გადაღებულ ფოტოებს კი ის ადამიანები, რომლებიც ამ სპორტში ერკვევიან, იმედი მაქვს, დადებითად შეხვდებიან. ჩემთვის კრიტიკაც მისაღებია და პოზიტიური კომენტარებიც, რასაკვირველია, მსიამოვნებს.
- ახლობლებმა კრიტიკულად ხომ არ შეხედეს ამ ფოტოებს? გირჩიეს, რომ არ აგეტვირთა სოციალურ ქსელში?
- ეს ისეთივე რამაა, მოჭიდავეს რომ აუკრძალო შეჯიბრებაზე ფოტოს გადაღება. მოჭიდავეს, რომელიც იგებს ტურნირს, ხომ არ ეუბნებიან, რა მოტკეცილი შორტი გაცვიაო. ბოდიბილდერი მამაკაცები ტრუსებით გამოდიან და მათი ფოტოებიც ჟურნალებში იბეჭდება, ამაში გასაკვირი არაფერია. ისეთი მეგობრები და ახლობლები არ მყავს, შეჯიბრებაზე გადაღებული ფოტოები გაუკვირდეთ. არა მგონია, ჩემ გარშემო ვინმემ გაიფიქროს მაინც, ეს რა ფოტოებიაო, და თუ გაიფიქრებს, ვერაფერს მეტყვის, რადგან ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. უცხო ადამიანების კრიტიკა გულდასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა.
- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ მკერდი გაიდიდე...
- ერთ-ერთი ადამიანი ვარ, რომელმაც ეს არ დამალა. რადგან ამ სპორტში ვარ, საჭირო კი არა, აუცილებელი იყო, რომ მკერდი გამედიდებინა. ალბათ ჩემს ოპერაციაზე ბევრი იმიტომ საუბრობდა, რომ ამის შესახებ ღიად გამოვაცხადე. დავდე პალატაში გადაღებული ფოტო, ოპერაციიდან გამომიყვანეს-მეთქი და ატყდა ამბავი. ძალიან ბევრი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას და ამას მაშინ მივხვდი, როცა კლინიკებში დავდიოდი. ვკითხულობდი, მართლა ამდენი ადამიანი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას-მეთქი? ამაში გასაკვირი არაფერია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სხეულის ფორმა აქვს შესაცვლელი და ოპერაციის შემდეგ ბედნიერი იქნება, გარეგნობაში ცვლილება უნდა შეიტანოს.
- მცირე ხნის წინ პირადულთან დაკავშირებით სიურპრიზი დააანონსე.
- ამ შემთხვევაში ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. ვთქვი, რომ დიდ სიურპრიზს ვამზადებდი პროფესიასთან დაკავშირებით.
- ამბობდნენ, რომ შენს ცხოვრებაში ახალი მამაკაცია.
- მაგრამ ეს სხვებისთვის სიურპრიზი არ იქნებოდა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ არანაირი უცხოპლანეტელის გამოჩენას. თან არ მესმის, რატომ უნდა იყოს სიურპრიზი ჩემი პირადი ცხოვრება. მართლა უცხოპლანეტელი რომ იყოს ჩემ გვერდით, ეს რატომ ეხება საზოგადოებას, ვერ გამიგია. სიურპრიზი იქნება მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესითაა დაინტერესებული.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაფერი განსაკუთრებული. პირადი ცხოვრებისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება.
- გინდა თქვა, რომ შენი გული თავისუფალია?
- კი. ოჯახის შექმნას არ ვგეგმავ.
- შენი რჩეული სპორტსმენი უნდა იყოს?
- ასეთი სტერეოტიპები არ მაქვს. არასდროს მითქვამს, ჩემს რჩეულს დიდი კუნთები უნდა ჰქონდეს და გამხდარი უნდა იყოს-მეთქი. მსგავსი მოთხოვნები ადამიანების მიმართ არ მაქვს.
- რამდენჯერმე იყავი ''კომედი შოუს'' სკეტჩებში, მათ ერთ-ერთ სერიალშიც თამაშობ. კიდევ გეგმავ სკეტჩებში მონაწილეობას?
- ''კომედი შოუში'', უბრალოდ სტუმარი ვარ. წინასწარ არც მათ აქვთ რაიმე დაგეგმილი. თუ კიდევ დავჭირდები, სიამოვნებით გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას. გამიხარდება, თუ სერიალი გაგრძელდება და ჩემი პერსონაჟი კიდევ დასჭირდებათ. ეს სხვა სფეროა და ახალ გამოცდილებას ვიღებ. ექსპერიმენტებისთვის მუდამ მზად ვარ.
- მოგწონს ''კომედი შოუს'' მსახიობობა?
- სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ''კომედი შოუში'' სასაცილო სკეტჩში მონაწილეობა და ხალხის გაცინება ჩვეულებრივ მსახიობობაზე რთულია. ვფიქრობ, კომედიურ ჟანრში მსახიობობა ჩემი საქმე არ არის.
- სკეტჩებში მონაწილეობისას შენს სიძეს, მიშა ანდღულაძეს ხვდები. ყოფილ ქმარს თუ შეხვედრიხარ?
- მიშას რაც შეეხება, ძალიან სახალისოა მასთან მუშაობა. ვერც კი ვიგებ, როლს ისე ვასრულებ. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ერთად კი გადასაღებ მოედანზე არ აღმოვჩენილვარ.
- ასეთი წინადადება რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებოდი?
- მარტო იმიტომ არ შევაფასებდი შემოთავაზებულ წინადადებას, რომ იქ ჩემი ყოფილი მეუღლე თუ ყოფილი მეგობარი დამხვდებიან. ასეთი ნიუანსები უხერხულობას არ მიქმნის. პირველად ხომ არ ვხედავ ნიკას. საერთო შვილი გვყავს და ურთიერთობა შვილიდან გამომდინარე გვიწევს. ერთად მუშაობა რომ შემოგვთავაზონ, დარწმუნებული ვარ, ეს სტრესი არც ერთისთვის არ იქნება.
- როგორ ფიქრობ, ბავშვი მამის გზას გააგრძელებს თუ სპორტსმენი იქნება?
- გარდა იმისა, რომ სპორტსმენი და ტრენერი ვარ, სხვა პროფესიაც მაქვს. კულტუროლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ვმუშაობ სადოქტოროზე, დაკავებული ვარ მეცნიერული კვლევით. ნიკოლოზი წელს პირველ კლასში წავიდა. მისი გადაწყვეტილებაა, რას აირჩევს. მიხარია, რომ შემოქმედებითი ბავშვია, კრეატიულია. უყვარს თამაში და სპორტი.
- დღეში დაახლოებით რამდენ ხანს ვარჯიშობ?
- ხანდახან შეიძლება, სამი თვეც არ ვივარჯიშო. მკერდის ოპერაციის შემდეგ სამი თვე ვისვენებდი და შეჯიბრებაზე წასვლამდე ორი კვირით ადრე განვაახლე ვარჯიში. ახლა კვირაში ხუთი დღე ორი საათი ვვარჯიშობ.
- შენს აფრიკულ ვარცხნილობაზე რას გვეტყვი?
- ვარცხნილობას ხშირად ვიცვლი. ზაფხულში გადავწყვიტე, რომ აფრიკული ნაწნავები გამეკეთებინა. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ძალიან პრაქტიკულია. სიცხეში გრილია და სიცივეში თბილი. არ მჭირდება სალონებში სიარული. ადრე კვირაში ორჯერ მიწევდა სალონში სიარული. ახლა დილით ვდგები და არაფრის გაკეთება არ მჭირდება. თმა ყოველთვის ფორმაში მაქვს. არც ვარჯიშის დროს მიშლის ხელს და არც შეჯიბრებაზე გამოსვლაში.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''