06 ოქტომბერი, 2014
''ცეკვებში'' ვერ ვმონაწილეობ, რადგან ფეხებზე ოპერაცია გავიკეთე...''
ქართველი მამაკაცების პრობლემაა, რომ დედებზე არიან დამოკიდებულნი ოქტომბრიდან ''იმედის'' ეთერში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონი დაიწყება, სადაც, წინა სეზონისგან განსხვავებით, ბევრ ცნობილ სახეს ნახავთ, მათ შორის, ნინი ბადურაშვილს, მარიამ როინიშვილს, ნოდიკო ტატიშვილს, ნუცა ბუზალაძეს და ა.შ. შოუს წამყვანები ისევ ნანკა კალატოზიშვილი და დუტა იქნებიან.

ნანკას ვესტუმრეთ, თუმცა ამჯერად არა შოუზე, არამედ მის პატარასა და ოჯახურ ცხოვრებაზე სალაპარაკოდ. დანი გარეგნულად დედასაც ჰგავს და მამასაც, მაგრამ რომ შეხე
დავთ, ნანკას უფრო მეტად. დედასთან ერთად ფოტოები მშვიდად გადაიღო. დანი წლისა და სამი თვისაა, მაგრამ, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, უკვე ახერხებს საკუთარი ხასიათის გამოვლენას და ამაშიც მეტწილად, დედისკენ არის.

- პირველ რიგში, როგორ დაისვენე?
- არ დამისვენია, რადგან მთელი ზაფხული რეპეტიციები გვქონდა. თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ოქტომბერში წარვადგენთ გორკის პიესას ''ფსკერზე'', სადაც ნასტიას ვთამაშობ. დოიმ რეპეტიციები ზაფხულში დაიწყო. ბავშვი ჩემს დასთან კაკლებში ისვენებდა, შორს ვერ გავუშვებდი. კაკლები წყნეთამდეა. მთელი ზაფხული იქ გაატარა, ძალიან ბედნიერად, სულ აუზში იყო, ეზოში, ეზოს იქითაც უნდოდა გასვლა. ძალიან უყვარს მანქანები... ჩემთვისაც კაკლები სასიარულოდ ძალიან ადვილი იყო, ყოველდღე დავდიოდი იქით-აქეთ. რეპეტიციები დავიწყეთ 16 ივლისს და აგვისტოში გვქონდა მცირეხნიანი შესვენება. ისეთი გრაფიკი მქონდა, რომ ბავშვთან დილას უნდა ავსულიყავი, რადგან თეატრში 4 საათზე უნდა ვყოფილიყავი.
- დანი გარეგნულად ძალიან გგავს.
- სახის ქვედა ნაწილი ჩემი აქვს, თმის ფერი, თვალის ფორმა და გაბარიტებიც აქვს კედოსი (იცინის). იერით ძალიან მამსგავსებენ. ხასიათიც გამოეკვეთა, არ არის მშვიდი, რომ სადღაც დასვა და წყნარად იჯდეს. ძალიან მომწონს, რომ სულ მოძრაობს. დედამისი რომ მიყვება კედოს ბავშვობას, ძალიან მშვიდი ყოფილა, ანუ დანი ჩემსავით მოუსვენარია. ეს კარგია, სულ რაღაც უნდა აინტერესებდეს. დედაჩემი ამბობს, სუფთა ნანკააო. ბავშვობაში რაღაცაზე რომ ვბრაზდებოდი, თურმე ვიკბინებოდი და ახლახან დანიმაც მიკბინა, რომ გავაბრაზე (იცინის).
- კიდევ გინდა, ალბათ, შვილი.
- თეორიულად, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ დანის და ან ძმა ჰყავდეს, მაგრამ ჯერ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად არ ვარ. წარმოიდგინე, დანი პირველი შვილია და ახლა ვარ აღ-მოჩენებში. მინდა, მაქსიმალურად დანის ვეკუთვნოდე. მეორე ბავშვის გაჩენას როგორ გადავწყვეტ და გავბედავ, არ ვიცი. დანი ჯერ ძალიან პატარაა და ახლა ამაზე არ ვფიქრობ.
- დანიმ ძალიან შეგცვალა.
- ცხოვრების წესიც შემეცვალა და ინტერესებიც. სანამ დანი არ მყავდა, სახლშიც ნაკლებად ვიყავი, სამსახური, მეგობრები, გართობა... ზაფხულში, დანი რომ თბილისში არ იყო, რაღაც გაუკეთებია, დედაჩემი მომიყვა და ძალიან განვიცადე, რომ იმ დროს მასთან ერთად არ ვიყავი. სულ მისკენ მიმიწევს გული.
- დედა პირველად როდის თქვა?
- პირველად მე ვათქმევინე ექვსი თვის ასაკში და ვიდეოზეც გადავიღეთ, მას მერე დიდი ხანი აღარ უთქვამს. მერე კედომ ათქმევინა: დედა, მამა. თავისი ენა აქვს, ძალიან სასაცილო... უყვარს ტექნიკა, ტელეფონი... პატარა იყო, ათი თვის, როდესაც ხელში ''აიფონის'' ყუთი მივეცი. დაიწყო, თავისი აზრით, სენსორზე ხელის გასმა (იცინის). რეალურად ხელს ყუთზე უსვამდა. გამოვშტერდი.
- ტელევიზიით რომ ჩანხარ, აღგიქვამს?
- არ ვიცოდი, როგორ იღებდა ამას, მაგრამ ამას წინათ ტელეფონში შემთხვევით ჩართო ვიდეო, სადაც მე ვჩანდი. დამინახა და გასკდა ტირილით. ეგონათ, რომ უბრალოდ, ატირდა, მაგრამ მეორედაც რომ დამინახა ვიდეოში, ისევ ტირილი დაიწყო. გუშინ საერთოდ სასწაული ჩაიდინა. დილის რვა საათზე დედაჩემმა ჩაიყვანა ეზოში, მე კი დავიძინე. რომ ამოიყვანა, კედელზე გაკრულ ფოტოსთან დადგა და დაიწყო ტირილი. გამეღვიძა, აქ ვარ-მეთქი (იღიმის).
- როგორი დედა ხარ, ისტერიკული თუ შედარებით მშვიდი?
- უფრო პირველი (იღიმის). ძალიან სტერილურად არ ვზრდი და არც მანიაკივით ვარ, მაგრამ ზოგადად, თავს ვერ ვთოკავ, მეშინია, რომ სადმე წვეტიან ადგილას არ მივიდეს, ბინძურ ხელს პირში ხომ არც ზრდასრულები ვიდებთ და პატარას რატომ უნდა მივცე ამის საშუალება? თუმცა, დახოხავს და შესაძლოა, მერე ხელი პირშიც ჩაიდოს, მაგრამ სადაც შემიძლია, მაქსიმალურად გავაკონტროლო, ეს რატომ არ უნდა გავაკეთო?!.
დედაჩემს ვენდობი სრულად. ძალიან არ მიყვარს, როცა დანისთან ერთად გარეთ ვარ და უცხო ადამიანები მას ლოყაზე ჩქმეტენ. ერთხელ ''ჯიდიესში'' მყავდა მიყვანილი ჩაწერაზე. ბოლოს არაადეკვატურად მოვიქეცი. უცხო ხალხი მოდიოდა და ლოყაზე ჩქმეტდნენ. ჩემი აზრით, პატარასთან შეხებას ყველა უნდა მოერიდოს. მთელი დღე ხან სიგარეტს ეწევიან, ხან რას ეხებიან და ხან - რას და არ მინდა, დანის შეეხონ. სახლში ამისგან მაქსიმალურად ვიცავთ. ბოლოს ისე ხმამაღლა გამოვხატე აღშფოთება, რომ ყველამ გაიგო. არ გიცნობ, არ მიცნობ, დამანებე თავი. არ მინდა სიყვარულის ასე გამოხატვა (იღიმის). ახლა ვამბობ, ბავშვს
სახეზე ნუ ეხებით, არ მოსწონს-მეთქი. ძალიან ახლობელი თუა, სხვა საქმეა.
- გოგოს გაზრდაც არ არის ადვილი, მაგრამ ბიჭის უფრო მეტად. როგორი გინდა იყოს დანი?
- ძალიან მინდა, იყოს მიზანდასახული ადამიანი, დამოუკიდებელი და კეთილი. მგონია, რომ კეთილი უკვე არის. ვგიჟდები პატიოსან ხალხზე. მინდა, ჰქონდეს თავისი გზა და დროს სისულელეებზე არ კარგავდეს. ასაკი ექნება ისეთი, რომ კლუბშიც გაერთობა, მაგრამ სიგიჟესაც აქვს თავისი საზღვრები. ვფიქრობ, დანი სახლშიც კარგ ურთიერთობებს უყურებს და ასე იზრდება. ჩვენთან ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგონებს. ძალიან ხმამაღალი სიცილიც კი უკვირს. ჩემს დისშვილს ვეჭიდავებოდი ერთხელ და ვერ მიხვდა, ამას რატომ ვაკეთებდით. არ მესმის, ცოლ-ქმარი რატომ აყურებინებს ხოლმე შვილს თავიანთ ჩხუბს. ეს პატარასთვის ისეთი სტრესია, ჰგონიათ, რომ არ ემახსოვრება, მაგრამ ეს ემოციები რჩება. მე ასეთ ოჯახში არ გავზრდილვარ. მე და კედოც არ ვჩხუბობთ, არ ვწივით და ვკივით. ხუმრობითაც არ ვჭიდაობთ, რომ დანიმ ნეგატიურად არ აღიქვას.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- დაგვყავს მეგობრებთან, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ასევე სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაზე, ლისის ტბაზე. ერთადერთი, თავს ვარიდებ ქალაქის ქუჩებში მასთან ერთად სეირნობას. ამას წინათ მიდიოდა ავტობუსი და ისეთი შავი გამონაბოლქვი ჰქონდა, სიამოვნებით ვუჩივლებდი. არ მესმის, რატომ არ აჯარიმებენ ამისთვის. უბინძურესი გარემოა. დანი ცენტრალურ გზებზე ვერ გამყავს.
- დანის მომავალზე თუ ფიქრობთ, ფულს თუ უგროვებთ?
- ძალიან მინდა მისთვის ანგარიშის გახსნა, მაგრამ ჯერ თავი ვერ მოვაბით. კარგი აზრია და ალბათ, დავიწყებ შეგროვებას.
- გინდა, მსახიობი იყოს?
- არა, მაგრამ თვითონ რასაც აირჩევს, ის ბოლომდე უნდა მიიყვანოს და პროფესიონალი გახდეს. უნდა უყვარდეს თავისი საქმე. იმედია, თავის საყვარელ სფეროში იმუშავებს.
- ისე, საოცარია, რომ ერთ დღეს ადამიანი არ არის შენს ცხოვრებაში და მეორე დღეს უცბად ჩნდება.
- მართლა დიდი ბედნიერებაა. ზოგჯერ ვუყურებ და ვკითხულობ, ეს ბავშვი ხომ რეალურია-მეთქი (იღიმის). მძინარეს ვკოცნი და ვერ ვეშვები ხოლმე. გვერდზე კოცნის გარეშე ვერ ჩავუვლი.
- შენი აზრით, ქართულ აღზრდაში რა არის კარგი და რა - ცუდი?
- ქართველი მამაკაცების პრობლემაა, რომ დედებზე არიან დამოკიდებულნი. რა თქმა უნდა, დედა უნდა უყვარდეს, მაგრამ თავისი აზრი გააჩნდეს და გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეეძლოს. უნდა იცოდეს, რა არის სიყვარული და ამას აფასებდეს. ვისაც ცოტა პროგრესულად მოაზროვნე მშობელი ჰყავდა, ამას ასცდა, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირეა. შენ არ გააკეთო, მე გაგიკეთებ, ასეთია დედების დამოკიდებულება. აჩვევენ ამას და მერე თვითონ რომ უწევს შვილს ყველაფრის გაკეთება, ჩიხში შედის.
შეძლებისდაგვარად ვეცდები, დანი ბრძოლისუნარიანი იყოს. ახლაც, პატარაა, მაგრამ ვცდილობ, რაღაცები თავად გააკეთოს. მაგალითად, აიღოს სათამაშო ან სხვა რამ. ორი თვიდან ცალკე ოთახში სძინავს, რომ თავის ოთახს მიეჩვიოს. ჯერ ჩვენს საძინებელში კალათაში მეწვინა და არა ლოგინში, შემდეგ თავის ოთახში გადავაწვინეთ. ზოგადად, არ არის ესთეტიკური, რომ პატარა მშობლების ლოგინში იწვეს. იმ ლოგინში ცალკე ისტორიაა, სხვა ავტონომიაა...
- დანი დღეს შენთვის პირველი საზრუნავია, მაგრამ საქმეც ძალიან გიყვარს. ვიცი, რომ ''ცეკვები'' მიგყავს. მონაწილეობას როდის აპირებ?
- წინა სეზონზე ''ტანგო'' ხომ შევასრულე, საცირკო ტრიუკით. მაინც არ ვიყავი კმაყოფილი, ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი მეცვა. ტრიუკის დროს დაზღვევა არ მქონია და იმაზეც კი არ მიფიქრია, რომ ჩამოვვარდე, რა მეშველება-მეთქი, ვფიქრობდი, ნეტავ, ყველა ილეთი კარგად შევასრულო-მეთქი (იცინის), ასეთია მსახიობის დამოკიდებულება. მე უფრო მეტად ჩემი, დუტას და ყიფშოს ნომერი მომეწონა, თუმცა ფეხებზე ბევრი ვიმუშავეთ, თავი დავაკალით და კარგად არ ჩანდა.
ახლაც წამყვანი ვარ და ვერ ვმონაწილეობ, რადგან ორივე ფეხზე პოდაგრის ოპერაცია გავიკეთე. მანამდეც სულ ხან გასტროლი ემთხვეოდა, ხან ორსულობის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი. ახლა ქუსლიანის ჩაცმაც კი არ შეიძლება ნახევარი წელი. ოპერაციიდან ერთი თვე გავიდა და უკვე ნორმალურად დავდივარ. ისე მტკიოდა, რომ შანსი აღარ მქონდა, არადა, ძალიან მეშინოდა ამ ოპერაციის. ვიპოვე ფანტასტიკური ექიმი, რომელმაც ხელოვნების ბევრ წარმომადგენელს გაუკეთა იგივე ოპერაცია. ვნახე შედეგი და ვკითხე, როგორ გრძნობდნენ თავს რეაბილიტაციის შემდეგ. თვრამეტ დღეში ოპერაციიდან უკვე რეპეტიციაზე ვიყავი, თან ორივე ფეხზე გავიკეთე. კოჭლობით მივედი თეატრში, ცოტა ტკივილები ახლაც მაქვს, თუმცა რა შედარებაა.
- გარდა ''ცეკვებისა'', ტელევიზიაში არის რაიმე სიახლე?
- შესაძლოა, გაგრძელდეს ''პარადოქსის'' გადაღებები, მაგრამ ჯერ არ ვიცით. საერთოდ, ბევრ პროექტში ერთდროულად მონაწილეობის წინააღმდეგი ვარ. არ მინდა, ხალხს თავი მოვაბეზრო, ხომ უნდა მოენატრო ვინმეს (იღიმის)?!. სისულელეა, რომ მსახიობს ყურადღება არ უყვარდეს და მეც მიყვარს, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა კარგი.
- პროფესიაში რაიმე ხომ არ დაკარგე დიდი პოპულარობის გამო?
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, პოპულარობამ შემაწუხა-მეთქი, თუმცა რეჟისორს უთქვამს ჩემთვის, ძალიან მინდა შენთან მუშაობა, მაგრამ ზედმეტად პოპულარული ხარო. არადა, სხვა ქვეყნებში რაც მეტად ცნობილი ხარ, მით უფრო მეტად გეპატიჟებიან კინოში. მივხვდი, რომ მეც ვერ ვიმუშავებდი ასეთ რეჟისორთან, რომელიც სტერეოტიპებს მიჰყვება. ასეთი ხალხის არ მჯერა (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნესტანი
როცა ბავშვი შენს თვალწინაა მაშინ კი დაუშლი თუნდაც პირში ხელის ჩადებას, მაგრამ დგება ისეთი დღეც როდესაც ბაღში, სკოლაში უნდა ცავიდეს. მაშინ ვეღარ აკონტროლებ. არაა ასე განსაკუთრებული მოვლა საჭირო. ჯერ ერთი ეს იმის ბრალიცაა, რომ დანისთვის მინიმალური დრო რჩება და თან ჯერ მხოლოდ ერთია.
14:47 / 22-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუწკალა
ძალიან მიყვარს ეს გოგო,სხვებისგან განსხვავებით აზროვნებს და არ ტლიკინებს ბევრს.დანი რა სიცოცხლეა :*:*:*
11:32 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნანკა გთხოვთ გვითხარი ექიმის მისამართი
12:51 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
dare
ვინ არის ეს ექიმი?
11:50 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ნანკა იქნებ მიგვასტავლოტ მაგ ექიმის მისამარტი ან ვინ არის?
20:47 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS