დღეს, როდესაც თავისუფლად შეგიძლია, პლასტიკური ოპერაცია სხეულის ნებიმიერ ნაწილზე გაიკეთო, თვალები ამ მხრივ მაინც სისუსტედ რჩება. თვალს ყველაზე მეტად ეტყობა პლასტიკური ქირურგის ხელი, ამიტომ ნებისმიერი შეხება, ექიმს მიაკითხავთ ამისთვის თუ უბრალოდ, სათვალეების მაღაზიას ლინზის საყიდლად, ადვილად შესამჩნევი
თვალის პლასტიკურ ოპერაციებს ხშირ შემთხვევაში ჩინელები ან იაპონელები მიმართავენ, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ფორმისა და ზომის შეცვლა მუდამ აქტუალურია.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ალბათ მსოფლიოს ხალხთა შორის ქართველები ამ მხრივ გამორჩეულნი ვართ, როდესაც შეგვიძლია, თვალის სხვადასხვა ფერით მასობრივად დავიკვეხნოთ. რაც შეეხება ფორმას, საქართველოში თვალის ფორმის შეცვლის ოპერაციები კეთდება, თუმცა არცთუ ხშირად. ბევრი მაინც ვერ რისკავს, სხვადასხვა ფერის ლინზები კი პოპულარულია.
ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ პოპულარულ ქალბატონებს და მამაკაცებს, რომლებიც განსაკუთრებული თვალის ფერითა თუ ფორმით გამოირჩევიან. ''რეიტინგში'' ხშირად ვაქვეყნებთ სხვადასხვა სახის ათეულებს ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, მაგრამ ამჯერად ათეულზე ვერ შევჩერდებით. რეიტინგში ათზე მეტ განსხვავებული პროფესიის ადამიანს წარმოგიდგენთ.
ლიკა ქავჟარაძე – ამ სახელითა და გვარით ხშირად იწყება ლამაზი ქალბატონების რეიტინგი. მსახიობის განსაკუთრებული თვალის ფორმა და ფერი ხალხს ჯერ კიდევ ფილმ ''ნატვრის ხიდან'' დაამახსოვრდა.
ულამაზესი თვალები აქვს მაკა ასათიანს. თვალის ფერისა და ჭრილის წყალობით განსაკუთრებულად ეფექტურია ფოტოებზეც ახალგაზრდა მოდელი ელენე შიუკაშვილი. ლამაზთვალება გოგონების არმიაში არიან მოდელები - რუსა ჩაჩუა, თამუნა გაბრიელაშვილი, ნინო ორდენიძე და დიზაინერი ანუკა არეშიძე.
ლამაზი თვალებით ტელევიზიებიც არიან განებივრებულები, თუმცა სია არცთუ ისე დიდია. ნინო შუბლაძე, ნინო თოლორდავა, თაკო ჩორგოლაშვილი, სოფო ნარჩემაშვილი, ''პალიტრა ტვ''-ს წამყვანები თამთა ასათიანი და მარიკა დარჩია.
განსაკუთრებული თვალის ჭრილით გამოირჩევა მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი – ნინო სურგულაძე, რომელიც ასევე შესანიშნავი გარეგნობის, ქართველ ანჯელინა ჯოლიდ შერაცხილ ნინო მაჩაიძესთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ოპერის მომღერალ ქალთა ათეულშიც მოხვდა.
ასევე გამორჩეული თვალის ფერი და ჭრილი აქვს ლელა წურწუმიას. ცნობილია, რომ მომღერალი მაკიაჟს თავად იკეთებს. მუქ ფერებში შეღებილი მწვანე თვალებით ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება.
ლიზა ბაგრატიონი მუდამ ამაყობს სამეფო წარმომავლობით. მომღერალს ასაკი ვერ ერევა, დღემდე არაჩვეულებრივი სახის კანი აქვს და ხშირად უთქვამს, რომ ეს გენეტიკის დამსახურებაა. ლიზას თვალის ფორმაც გამორჩეული აქვს, ამიტომ თამამად შეგვიძლია, ლამაზთვალება ქალბატონების სიაში საკუთარი ადგილი მივუჩინოთ.
ნინა სუბლატი მაყურებელმა მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო, თუმცა ვოკალის გარდა, პირველივე ტურიდან შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ნინას თვალის ფერიც. მაშინ ფორუმებსა და სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გამორჩეული თვალის ფერი ლინზების დამსახურება იყო და ამ თემაზე მომღერალს არაერთხელ მოუხდა განმარტების გაკეთება, ნინას თვალის ფერი ბუნებრივია და მომღერალი ლინზებს არ იყენებს.
პოლიტიკაში სხვა მხრივაც, მაგრამ ამ კუთხით განსაკუთრებით - საქმე არცთუ ისე კარგად გვაქვს, რადგან დიდხანს ვიფიქრეთ გამორჩეულად ლამაზთვალება პოლიტიკოსებზე და სამწუხაროდ, ყოფილი მინისტრ ვერა ქობალიას გარდა ვერავინ შევარჩიეთ.
ლამაზი თვალებით მამაკაცებიც მოხვდნენ ჩვენს რეიტინგში.
უგო ბაგრატიონი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ დავით და ანა ბაგრატიონების ქორწილში ნახა. გარეგნობის წყალობით მან მარტივად დაიმსახურა ყურადღება და როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ის არაერთხელ მოხვედრილა ლამაზი პრინცების მსოფლიო ათეულში.
მუსიკოსებიდან ლამაზთვალება მამაკაცებში მოხვდნენ დათუნა მგელაძე და ნიკა მაჩაიძე. დათუნას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავს, თავადაც კარგად ხვდება საკუთარ ''კოზირს'' და ფოტოების გადაღების დროს განსაკუთრებული მზერით იყურება ფოტოობიექტივისკენ.
მხატვარი ნიკუშა შენგელაია დღემდე ატყვევებს ქალთა სქესს თვალის ფერით. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მის თვალებზე ბევრი ქალბატონი იყო უნუგეშოდ შეყვარებული და ზოგიერთი მათგანი მზერასაც ვერ უსწორებდა.
ლამაზი თვალები აქვს ახლა უკვე ყოფილ მოდელ ირაკლი ორდენიძეს. ჯერ კიდევ თინეიჯერობაში პოპულარული თბილისელი ბიჭი მოდელ, ასევე ულამაზესთვალება თამუნა გაბრიელაშვილის ქმარი გახლდათ. წყვილი ერთმანეთს წლებია დაშორდა და ორივემ ცალკე ოჯახი შექმნა. თუმცა ირაკლიმ არჩევანი ისევ მოდელზე შეაჩერა და ლიკა ორჯონიკიძეზე იქორწინა.
დასასრულ, ლამაზთვალება მამაკაცის ტიტულს კიდევ ერთ ქართველ ცნობილ სახეს მივანიჭებთ. ეს გახლავთ ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე.
დაბოლოს, თვალები ხომ ადამიანის სულის სარკეა... მათზე ყველაზე კარგად აისახება, როდის ხარ ბედნიერი და რა გტკივა. ამიტომ თვალებს ისე არაფერი ალამაზებს, როგორც კარგი განწყობა და ბედნიერების შეგრძნება.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''