19 ივნისი, 2013
რას პასუხობს საზოგადოების ბრალდებებს ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი
ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტად ხურცილავა მოსწონთ, ზოგს დიტო მოსწონს. ზოგს არ აწუხებს, რომ ქმარი ''შე ჩემათი'' ელაპარაკება და რა ვუყო მაგათ. უკვე დიდი ხანია, შაბათ-კვირას მთელი ოჯახები სხდებიან ტელევიზორის წინ და ''ჩემი ცოლის დაქალების'' მორიგ სერიას ელოდებიან. ამაში კი მთავარი ''დამნაშავე'' სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანია. მართალია, მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ და გადამღებ ჯგუფსაც ხშირად აქებენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სცენარისტის მისამართით მოისმენთ კომპლიმენტს. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, რა ხდება შემდეგ სერიაში, ბრაზდებიან თუ არა მასზე,
მაინც ყველა აღიარებს, რომ დაქალების საინტერესო თავგადასავალს, სქესისა და ასაკის მიუხედავად, ყველა უყურებს.

- ქეთი, რამდენი სერია დარჩა სეზონის დამთავრებამდე?
- თოთხმეტი სერია, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. ნინას და დათოს შერიგება თითქოს ფინალს ჰგავდა, მაგრამ ასე არ არის.
- ამ წყვილის გარშემო დატრიალებული ამბები ბოლო დროს ძალიან მტკივნეულად აღიქვა მაყურებელმა...
- ეს თემა მართლაც ძალიან მტკივნეულად მიიღეს, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ როგორც სერიალს კი არ უყურებენ, როგორც ახლობლის ტრაგედიას, ისე აღიქვამენ. ეს ყველაფერი ჟანრმა განაპირობა, მსახიობები კარგად, დამაჯერებლად თამაშობენ, ძალიან კარგად იღებენ ჩვენი რეჟისორები. მარტო დაწერილი შეიძლება ისე ცუდად წაიკითხო, რომ არც კი დაიჯერონ, თუმცა ტექსტიც ისეთი უნდა იყო, ისე უნდა ალაპარაკო მსახიობები, როგორც ყოველდღიურ რეალობაშია. ლექსიც კი ისეთ გმირს უნდა ათქმევინო, ვისგანაც დაიჯერებენ.
- სერიალში ლექსებსა და სიმღერებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე...
- ლექსებს ირაკლი საღინაძე წერს და როცა მას არ სცალია - მიშა მშვილდაძე. ხურცილავას ტიპაჟს არგებენ ტექსტს. რაც შეეხება სიმღერებს, ბენდის ბიჭებთან ერთად დიდხანს ვფიქრობთ, ძველ ჰიტებს ვიხსენებთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს.
- სერიალში ნელ-ნელა გაჩნდა ისეთი თემები, რაც აქამდე ქართულ ტელესივრცეში ნაკლებად გაჟღერებულა. ამით რისკზე არ მიდიხართ?
- მარტო პოზიტივს არ აქვს რეიტინგი, წარმოიდგინეთ, ყველა რომ ბედნიერი იყოს და არაფერი ხდებოდეს, ამას ხომ არ უყურებს ხალხი. ამიტომ სერიალში წარმოქმნილი დილემები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. არის თემები, რომლებიც ხალხს აღიზიანებს. გეების პროპაგანდააო, ამბობენ და სად არის იქ პროპაგანდა. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ამ თემის პროპაგანდა სისულელეა, გეობა გადამდები არ არის, ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც ვიღაცის ლაპარაკით გახდა გეი. მეორეც - ჩვენი გეი გმირია? სამშობლო გადაარჩინა, ბავშვი, თუ რა გმირობა ჩაიდინა?.. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერი უნდა ჩაიდინოს - ცუდიც და კარგიც, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. ყველაფერზე პროპაგანდას გაიძახიან, გიტარის ჩამოსაკიდზე, ნინას ოთახში სურათზე, ენას ხომ ძვალი არ აქვს.
- მაყურებელი ასე უკვირდება ყველა დეტალს?
- ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია, დაკვირვებული თვალი აქვს და მცირე შეცდომასაც არ გაპატიებს, რაც ცუდი სულაც არ არის, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
- ერეკლე მეფის ქამართან, რომელსაც დიტოს დედამისი უშვილობის სამკურნალოდ ჩამოუტანს, ღვთისმშობლის სარტყლის გაშარჟებაშიც დაგდეს ბრალი.
- არც ვიცოდი ამ სარტყლის შესახებ. ერეკლე მეფეს ბევრი შვილი ჰყავდა და ეს ხუმრობით მოვიფიქრეთ.
- არ გიფიქრიათ, ვის შეიძლება აწყობდეს სერიალის ანტიპიარი და ხალხის გაღიზიანება?
- მაგით სერიალს რეიტინგი არ აკლდება, პირიქით, რომელი ადამიანი გინახავთ, რომელსაც ლანძღავენ და რეიტინგი არ აქვს. უარყოფითი ინფორმაცია ყიდის ყველაფერს.
- კონკურენციას არ განიხილავთ?
- ვინ არის ჩვენი კონკურენტი, სერიალი ''შუა ქალაქში'' ?.. ისინი ძალიან კარგი ბიჭები არიან, მსგავსს არაფერს გაავრცელებენ.
Rating
- ხშირად არის ჭიდილი ტელერეიტინგებს შორის. ბევრი ამბობს, რომ ''შუა ქალაქში'' გისწრებთ რეიტინგით, ზოგიც პირიქით.
- ჩემი მონაცემებით, შაბათ-კვირას პირველ ადგილზე ''ჩემი ცოლის დაქალებია'' და ზოგჯერ მთელი კვირის რეიტინგშიც. რეზონანსითაც ჩანს, რომ ''ჩემი ცოლის დაქალები'' ყველაზე პოპულარული სერიალია ჯერჯერობით, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, განვითარება და დასასრული. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ჩვენ სერიალსაც არ ჰქონდეს რეიტინგი და ასე რომ არ მოხდეს, გამუდმებით ვმუშაობთ და ვცდილობთ, ის უფრო საინტერესო გავხადოთ. ზოგს არ მოსწონს, ნინა რომ დათოს შეურიგდა, ზოგს პირიქით. ყველას აზრს ვერ გავითვალისწინებთ, მაგრამ თემა საინტერესოა და დისკუსიის საგანი გახდა. ხუთი და ზოგჯერ ექვსი სერიით ადრე მაქვს წინსწრება, ასე რომ, ვერ გადავაკეთებ. სცენარი ერთადერთხელ გადავაკეთე, როცა კოტე თოლორდავას წითელა ჰქონდა.
- ისიც თქვეს, რომ ნინას და დათოს შერიგებით სერიალი გააბანალურეთ, შეიძლებოდა ნინო მუმლაძის პერსონაჟი უფრო მეტად განვითარებულიყო...
- როდესაც რეალობას ასახავ, ბანალურობას ვერ ასცდები. ''ქალო, ბორშჩი გამიცხელე'' - არ არის გაცვეთილი ფრაზა? ერთმანეთს ხომ გაცვეთილი ფრაზებით ვესაუბრებით, მთავარია, რა კონტექსტში ჩასვამ. ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა. ვიღაცამ შეიძლება ღალატის გამო ქმარს თავიც გაუტეხოს, მაგრამ ზოგადად შერიგების ტენდენციაა. ნინას დათოსთან შერიგება უნდოდა. დათომ ის ყურადღება გამოიჩინა, რაც მანამდე აკლდა და ნინაც მოიხიბლა.
Rating
- ოდესმე პერსონაჟი თუ შეგცოდებიათ?
- არა, მსახიობები მეცოდებიან, როდესაც მათ გმირის ნაცვლად ლანძღავენ. სულ მესმის, რომ ნინო მუმლაძეს ლანძღავენ, ეს არის დაბალი კულტურის მაჩვენებელი, როდესაც პერსონაჟს ვერ ასხვავებ მსახიობისგან. მეც მლაძღავენ, ლიფონავასაც, გასაგებია, მე ვწერ და შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ მსახიობი რა შუაშია. მეგობარი კბილის ექიმი მყავს, ძალიან კარგი გოგონაა და ხუმრობს ხოლმე, ჩვენი პროფესიის დისკრედიტაციას ახდენო (იღიმება).
- ამ სეზონში საინტერესოდ განვითარდა თინას პერსონაჟი...
- პირველი სეზონი ყველასი იყო, მეორე სეზონი - კატოსი. ახლა თინას და ნინას სეზონია. მორიგეობით, ხან ხურცილავა გადმოდის წინა პლანზე, რომ მომაბეზრებელი არ გახდეს.
- ბევრია ქართულ რეალობაში თინასნაირი პერსონაჟი?
- არა, მაგრამ არიან. კატო მეტია, ვიდრე თინა. ნატაშკასნაირებიც არიან, ნელიკოსნაირები, მანანასნაირები. ნელიკოსნაირი უფრო ცოტაა, ვიდრე თინას მსგავსი. ნელიკოს ცხოვრება უხარია, ძალიან საყვარელია, თან ბაიაც ამრავალფეროვნებს თავის პერსონაჟს. ყველა მსახიობი ზუსტად არის მორგებული თავის როლზე.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა სერიალში კატოს გმირის შეცვლას.
- მსახიობის შეცვლას ყოველთვის ცუდად იღებენ, მაგრამ იძულებულები ვიყავით. ლელა ძალიან კარგი მსახიობია. ნინო გაჩეჩილაძეც კარგი მსახიობი იყო, მაგრამ ის კატო სხვანაირი იყო, ეს სხვანაირია. ჯერ ერთი, სხვადასხვა მსახიობი თამაშობს და მეორეც, როცა კატოსნაირები თხოვდებიან, დუნდებიან. ეგეთები ხომ იმისთვის არიან მომართულები, რომ სარფიანად გათხოვდნენ. ახლა აღარ ჰყავს თაყვანისმცემლები, ვისაც უნდა ეპრანჭოს, სტილიც შეიცვალა. გათხოვდებიან და წყნარად არიან თავისთვის, ნუ, ჯერჯერობით მაინც. თან ისეთი ქმარი ჰყავს...
- დიტოს დიდი ფანკლუბია შექმნილი. არადა, ბოლო დროს ამბობდნენ, თითქოს ასეთი ბიჭები ''მოდიდან'' გადავიდა...
- ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტად ხურცილავა მოსწონთ, ზოგს დიტო მოსწონს. ზოგს არ აწუხებს, რომ ქმარი ''შე ჩემათი'' ელაპარაკება და რა ვუყო მაგათ. დიტო არ არის ცალსახად დადებითი პერსონაჟი, ''ვერსკიც'' მოსწონთ, მაგრამ რომ ჰკითხო რატომ, ვერ გიპასუხებენ.
- მახსოვს, რომ ვანიკო თარხნიშვილის გმირი ასეთ აქტიურ სახედ არ იყო ჩაფიქრებული...
- არც ვანოს გმირი და არც კოტე თოლორდავასი. თვითონ მსახიობებმა განაპირობეს, რომ მათი როლის გაუქმება დაგვენანა. როცა ვნახეთ, ნუგზარ ერგემლიძემ რა კარგად ითამაშა ფილმში, გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა. ასევე მესამეხარისხოვანი გმირები იყვნენ ''ბაბულიკები'' . გიორგი ყიფშიძის გმირი მაშინვე მოეწონათ, როგორც კი გამოჩნდა. ახლა ახალი გმირი გვყავს - გიორგი ნაკაშიძე.
- კიდევ ვისი ცხოვრება განვითარდება საინტერესოდ?
- ნატაშკაც აქტიურად შემოვა სერიალში, პეტრეს ხაზიც იქნება, ასევე ''ბაბულიკების'' .
- სერიალში განვითარებულ ისტორიებში, ბოლო დროს რეალური ცხოვრებიდან რომელი ეპიზოდი აიღეთ?
- რეალურად მარტო პერსონაჟებს ვიღებ, ისიც ბოლომდე არა. მაგალითად, დედამთილი რამდენიმე ნაცნობი ქალის ნაკრებია. იგივე ნელიკო, რაღაცები დედაჩემის აქვს და რაღაცები ჩემი მეგობრის დედის. ყველაზე დიდი პროცესი მიაქვს იმას, მოვიფიქროთ, რა მოხდეს. ქამარზეც მწერდნენ იმ დღეს, ერეკლეს ქამარი მართლა არსებობსო? ვიღაცებმა დაიჯერეს, მაგრამ ეს ყველაფერი მოგონილია. თუ გახსოვთ, ჯანდარაში ვიღაც ქალი თუ კაცი იყო, უშვილოებს რაღაც მაისურებს აცმევდა და ჭუჭყიანი თეთრეულით ატარებდა ორმოცი დღე, შვილი გეყოლებაო. კონკრეტულად არავისი ისტორია არ გადმოგვიკოპირებია, მაგრამ ვისაც ქმარმა უღალატა და ''ბაბულიკმა'' სცემა, თავის ისტორიას ამოიცნობს.
- ხომ შეიძლება, დიტოს პერსონაჟს ვიღაცამ მიბაძოს.
- შეიძლება, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება. სიბნელისა და ძველბიჭობის პროპაგანდა შესაძლებელია, მაგრამ ამას არ ვეწევით. მიბაძვა არ არის ჩემი პრობლემა, მაყურებლის პრობლემაა. რაც შეეხება გეების პროპაგანდას, მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია, რომ სექსუალურ ორიენტაციას ადამიანი არ ირჩევს.
- სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ კარგები ხართ, კარგი სერიალია, მაგრამ ამავე დროს შესანიშნავად აბოლებთ საზოგადოებას და ქალიშვილობის ინსტიტუტს ანგრევთ...
- ყოჩაღ ჩვენ... იქნებ ქვეყნის სათავეშიც მოვიდე, თუ ასე ვაბოლებთ ხალხს. მე მეგონა, ქალიშვილობის ინსტიტუტი დანგრეული იყო და თუ ჩვენ ვანგრევთ, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას (იცინის). არ დაანგრევინონ! თვითონ თუ სჯერათ ქალიშვილობის ინსტიტუტის და დარწმუნებული არიან რომ კარგია, როგორ შეიძლება მე დავაბოლო.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა გეების თემაზე მომღერალ თამარ ივერის სტატუსს.
- მისი სტატუსი მე არ მითარგმნია, დამეზარა, გუნდრუკის კმევა და რაღაც სიტყვები ეწერა. ''იდენტობამ'' გადათარგმნა. ევროპაში არსებობს გარკვეული ფასეულობები, რასაც არ უნდა უღალატო. ცუდი ტონია ადამიანების ავადმყოფებად შერაცხვა და ლანძღვა, მრცხვენია, რომ ქართველები ასე იქცევიან და მით უმეტეს, კარგი მომღერლები. საბოლოოდ კარგად დამთავრდა ყველაფერი, თამარ ივერმა ბოდიში მოიხადა.
- ქეთი, ახალ სერიალზე მუშაობა არ გიფიქრიათ?
- ვფიქრობ, მაქვს უკვე ახალი სერიალის კონცეფცია და ვნახოთ. სექტებრიდან ''ნათია და ნათია'' გავა ''რუსთავი 2'' -ზე, რომელშიც დები ღლონტები ითამაშებენ. ეს იქნება კომედია რძლებზე. ჩვენი ჯგუფი აკეთებს. ჯერ გადაღებები არ დაწყებულა. მე არ ვწერ სცენარს, მაგრამ კრეატიულ ჯგუფში ვარ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
გიორგი
მეტი პრასვეტი საქართველოში რომ არაფერია, ძაღლი რომ ვერ ყეფს,კატაზე ამბობთ ბრძენთა ბრძენია!
08:46 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მზია55
სერიალს მოსდევს რეკლამა, თუ რეკლამას სერიალი?! ისე, ცოტა უფრო მეტი იფიქრეთ, ბაბუ!
08:39 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსა
ეს ზუსტად ის არის,რაც ქართულ ტელე სივრცეს და მაყურებელს ჭირდებოდა. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ქრონომეტრაჟი აქვს ძალიან მცირე და რეკლამა დიდი.ამიტომ კვირაობით ვუყურებ ხოლმე ორივე სერიას ერთად, გადახვევებით.:)
01:11 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ოლგა
კარგი სერიალია ოღონდ ძალიან მოკლე, წოტა ხანგრძლივი უნდა იყოს
22:33 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კარგი სერიალია ცხოვრებისეული მსახიობებიც ზუსტად არიან შერჩეულები ლელაც კარგად ასრულებს კატოს როლს როცა სერიალს ვუყურებ ნამდვილად ვისვენე მოუთმენლად ველოდები თითოეულ სერიას მაგრამ ცოტა დიდი სერიები რომ იყოს უკეთესი იქნებოდა წარმატებებს გისურვებთ :)
21:52 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კაკტუსი
ძალიან მომწონს სერიალი ნამდვილი ტსხოვრებისეული . წარმატებებს გისურვებთ და მადლობას გიხდით
21:29 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაგარია დაან
18:45 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
აუ რა ბანძია ეგ ნინა.სახე ძალინ უშნო აქვს
15:51 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
........
ნინა მართლა აღარ დასვათ დიასახლისად რა.
15:40 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ძალიან კარგი სერიალია, ვერც ავღვიტქვამ სერიალად, ეს არის საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მინიშნება. დიდი მადლობა ქეთის ზუსტად ურტყამს სადაც მოსარტყმელია.
15:17 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS