26 სექტემბერი, 2014
ვის უხდის ბოდიშს თამრიკო ჭოხონელიძე
დაშლილებში დავდიოდი, იქ ყველა მიცნობდა, ხან რადიატორი გაასხამდა, ხან საკისარი ჩაიშლებოდა თამრიკო ჭოხონელიძე 20 წელია მძღოლია. მანქანის მართვა ბიძამ, შემდეგ უფროსმა მეგობარმა გოგი დოლიძემ ასწავლა. მართვის მოწმობა აჩუქეს. საბჭოთა მანქანამ ელიავაზე ''დაშლილებში'' არბენინა, ძველი ''08''-ის წყალობით დაიმეგობრა ''სტაიანშიკი'', ძია მიშა, რომელიც ყოველ დილით აწვებოდა მომღერლის მანქანას. კურიოზული სიტუაციები ''ოპელის'' შემთხვევაშიც არ აკლდა. ახლა ''ჰიუნდაი'' ჰყავს, რომელიც მისმა დებმა ბანკიდან გამოტანილი სესხით უყიდეს და თანხას დღემდე ფარავენ.

- პირველად ბიძაჩემმა, კოტე კალანდაძემ დამსვა საჭესთან, რითაც დღემდე
ამაყობს. ერთი-ორი შემიყვირა, მაგრამ მერე კარგად მასწავლა მანქანის ადგილიდან დაძვრა. უფრო დიდი პრაქტიკა ტელევიზიის ეზოში მიმაღებინა გოგი დოლიძემ. მეუბნებოდა, თუ მალე ჩაწერ გადაცემას, საჭესთან დაგსვამო. თან თვითონ კი არ ჰყავდა მანქანა, ხან ვის მანქანას თხოულობდა და ხან - ვისას. მეც პატარა ბავშვივით მიხაროდა.
- მაშინ მართვის მოწმობების ყიდვა შეიძლებდა, შენ როგორ აიღე?
- არ მიყიდია, მაჩუქეს (იცინის). მართლა მაჩუქეს, ოღონდ დამსახურებულად, უკვე კარგად ვიცოდი მართვა. პირველი მანქანა, რომელსაც ვმართავდი, იყო მწვანე ''06''. ეს იყო მანქანა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მარტივ მამრავლებად იშლებოდა. ხშირად ამის გამო კურიოზულ და უხერხულ სიტუაციებში აღმოვჩენილვარ.
დაშლილებში დავდიოდი, იქ ყველა მიცნობდა, ხან რადიატორი გაასხამდა, ხან საკისარი ჩაიშლებოდა. ბოლოს უკვე, სულს რომ ღაფავდა, ყოველ დილას სადგომზე ''სტაიანშიკს'' ვეხვეწებოდი, მოაწექი-მეთქი. ის ვინმე გამვლელს სთხოვდა და ასე ვქოქავდი მანქანას ყოველ დილით ორი კაცის დახმარებით. იმ საწყალ კაცს თირკმლები დავუავადე, მგონი, რომ დამინახავდა, იმალებოდა. ერთხელაც დილით მივედი და ვეუბნები, მიშა ბიძია, გეხვეწები, ერთხელაც დამეხმარე-მეთქი. იმან გამვლელს დაუძახა. მოვიდა ეს ბიჭი და მეუბნება, კაცო, გუშინ ხომ მოგაწექით უკვეო. აღმოჩნდა, რომ მიშა ბიძიამ მეორე დღესაც იმავე ბიჭს დაუძახა. თან როგორ დაემთხვა, რომ იმ დროს გამოიარა ზუსტად. იმ დღის მერე გა-დავწყვიტე მანქანის შეცვლა. მეორე მანქანა იყო ''ოპელი'', რომელიც ვალით ვიყიდე. ძალიან მასიამოვნა ამ მანქანამ, კარგი სამართავია, მანევრს ადვილად აკეთებ. ჩემი დები მეუბნებოდნენ, მანქანას რომ ენა ჰქონდეს, აუცილებლად გიჩივლებდაო. უნდა ვაღიარო, არ მიყვარს პროფილაქტიკაში სიარული. უმადურობაა მძღოლის მხრიდან, როცა მანქანა გემსახურება, კეთილი უნდა ინებო და შენც დაეხმარო, როცა უჭირს. სულ ვწუწუნებდი, საწვავი რომ მითავდებოდა. ოჯახის წევრები დამცინოდნენ, თუ არ ჩაასხამ, რანაირად იქნება მუდმივად საწვავი მანქანაშიო.
- როგორი მძღოლი ხარ?
- ჩემზე სამართლიანად ამბობენ, რომ ძალიან სწრაფად დამყავს მანქანა. აბსოლუტურად უშიშარი ვარ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, მივდიოდი მანქანით და ისე ჩამიქროლე, ჩემი მანქანა გაჩერებული მეგონაო.
- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
- კი, სამჯერ მქონდა ''ოპელზე''. ორჯერ ჩემი ბრალი იყო, მესამედ - არა. არც ერთ ავარიას არ შევუშინებივარ ისე, რომ საჭესთან აღარ დავმჯდარიყავი. მესამე შემთხვევას გიამბობთ. პეკინზე მძღოლმა გახუმრება გადაწყვიტა ჩემთან, მომიახლოვდებოდა, ვითომ მარტყამდა, გაიწეოდა. ასე გააკეთა რამდენჯერმე და ბოლოს შემეჯახა. საკმაოდ სერიოზულად დამაზიანა. გადმოვიდა და ისეთი ხმით კიოდა, ქალი მეგონა. ვუთხარი, სირცხვილია, ქალივით ნუ კივი, მოვა პატრული და გაარკვევს ყველაფერს-მეთქი. მოვიდა პატრული და ჩემდა გასაკვირად, გამოჩნდა ორი თვითმხილველი, რომლებმაც ჩემ სასარგებლოდ მისცეს ჩვენება.
- ზოგადად კანონმორჩილი მძღოლი ხარ?
- ახლა უფრო კანონმორჩილი გავხდი. ეს არ არის მხოლოდ ჯარიმების ბრალი. მივხვდი, რომ რაც უნდა მეჩქარებოდეს, იმდენს არ მოვიგებ, რამდენსაც წავაგებ. ეს ჩემმა სამძღოლო პრაქტიკამ მაჩვენა. რაც მთავარია, საკუთარი შეცდომის აღიარების, ბოდიშის მოხდის არ მრცხვენია.
რამდენიმე თვის წინ ერთი ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ახლა თქვენი ჟურნალის საშუალებით ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ადამიანს. ზოგჯერ ღამე მეღვიძება და სხვა პრობლემებთან ერთად ეს შეცდომაც მახსენდება. სანაპიროდან ელიავას ქუჩისკენ ამოვდიოდი, მარცხნივ, ეკლესიასთან უნდა გამეხვია. ამ დროს ზედა ქუჩიდან ჩამოდის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ჩემკენ მოდის. თავი გადავყავი მანქანიდან, სად მოდიხარ-მეთქი, ვუთხარი და ხელებიც ვუქნიე უხეშად. რომ გავუსწორდი, შემომხედა და მითხრა, კარგად მღერი და იმღერე, ის სჯობიაო. მერე აღმოვაჩინე, რომ მაჩვენებელი არ მქონდა ჩართული. შესაბამისად, პრეტენზიაც არ უნდა მქონოდა ამ კაცთან. ისე შემრცხვა, მამისტოლა კაცს უმიზეზოდ რომ ვუქნიე ხელები... უკან რომ მოვიხედე, აღარ იყო. ძალიან შემრცხვა, მანქანა ეკლესიასთან გავაჩერე, გადავედი და ტირილი ამივარდა.
- ხშირად აკრიტიკებენ ქალ მძღოლებს, შენ თუ გიქმნიან პრობლემას უყურადღებო მძღოლები და თავად თუ იპრანჭები მანქანის სარკეში?
- როცა რაღაც ისე არ ხდება, სანამ მძღოლს დავინახავ, მითქვამს, ქალი იქნება-მეთქი, თუმცა ძალიან ბევრი კაციც ვერ დაიკვეხნის გონიერ სიარულს. სარკეს რაც შეეხება, ნამდვილად არ ჩამიხედავს თავის მოწესრიგების მიზნით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკი მიწევს... ღვედი ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა. დაბმულ მდგომარებას ვერ ვეგუები, მაგრამ ახლა უკვე ვემორჩილები კანონს.
- ნივთები, რომლებიც ყოველთვის გაქვს მანქანაში...
- ფაქტობრივად, ყველაფერი მაქვს. თავის მოვლის, ჰიგიენის საშუალებები. ფეხსაცმელები, გარდერობი და რაც მთავარია, თავისუფლება. მანქანა ჩემი პატარა სახლია.
- ''ოპელს'' რა ბედი ეწია?
- მაგას თავისი ისტორია აქვს. ცუდი პერიოდი მედგა, დეპრესიაში ვიყავი, არაფერი აღარ მინდოდა, არავინ აღარ მახსოვდა. ვილოცე და დავიძინე. დილას ძილბურანში ჩემი საძინებლის კარის ჩარჩოსთან ხელის მტევანი დავინახე. თავიდან მეგონა, რომ დამესიზმრა. თვალი გავახილე და ხელი ისევ ჩანდა. მაშინვე ავდექი, დავიჩოქე და ''მამაო ჩვენო'' ვთქვი. ხელი გაქრა. გამოვედი ოთახიდან და ეს ამბავი მოვყევი. რეპეტიციაზე წავედი. სცენის ერთი ნაწილი დაზიანებული ყოფილა, დავდგი თუ არა ფეხი, სცენის ორმოში აღმოვჩნდი. ამ დროს მესმის მუშების ყვირილი, არ გაინძრეო. აღმოჩნდა, რომ დენის კაბელებში ჩავვარდი. ერთი ნაბიჯი და აღარ ვიქნებოდი. არ ვიცი, რა ძალით, ხელები მოვკიდე სცენას და როგორი სისწრაფითაც ჩავვარდი, ისეთივე სისწრაფით ამოვხტი სცენაზე. მსგავსი ტრიუკი ცხოვრებაში არ გამიკეთებია. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა ჩემი ოთახის კარის ჩარჩოზე ხელი, ეს იყო მფარველობა უფლისა, მან მიხსნა სიკვდილისგან. ეს ამბავი ჩემმა დებმა რომ გაიგეს, თქვეს, რომ იმ დანგრეული ''ოპელით'', რომელმაც არაერთხელ შემიქმნა საფრთხე თუ მე შევუქმენი, აღარ უნდა მევლო და ჩემ დაუკითხავად გაყიდეს. მიყიდეს ''ჰიუნდაი ტუქსონი'', რომელიც ახლა მყავს და ორივე ამ მანქანის ფულს დღემდე იხდის. უკვე რვა წელია, ეს მანქანა მყავს.
- რომელია შენი საოცნებო მანქანა?
- მანქანა არა, მაგრამ მანქანაზე მისაბმელი ოთახია ჩემი ოცნება. მინდა, მივაბა მანქანას და ჩემი ოჯახის წევრებს მთელი საქართველო შემოვატარო. ერთი ასეთი დგას აქ, წერეთელზე. ფასი ვიკითხე, ოთხი ათასი დოლარი დამიფასეს. ჯერ მსგავსი ფუფუნებისთვის ფული არ მაქვს, მაგრამ ოდესმე, იმედი მაქვს, ამ ოცნებასაც ავიხდენ.
- პატრულთან როგორ ურთიერთობა გაქვს?
- არაჩვეულებრივი. ვაღიარებ, რომ ყველაზე მეტად პატრულმა მინდა მიცნოს. ორი საინტერესო შემთხვევა მქონდა მეგრელ პატრულებთან, რატომღაც დაემთხვა, ორჯერვე მეგრელი შემხვდა. ერთმა დარღვევაში გამომიჭირა, რა დავაშავე-მეთქი, ურცხვად ვკითხე და მივაწოდე საბუთები, არადა, ზუსტად ვიცოდი, რაც დავაშავე. ჩაიხედა თუ არა შემომხედა, ეს თქვენ ხართ ნამდვილადო. მე ვარ-მეთქი, დავეთანხმე. თქვენი ჰანგების ჭირიმე, ქალბატონო თამრიკო, უსაფრთხოდ მინდა იაროთ, მეტი აღარ დაარღვიოთო, მითხრა მეგრული აქცენტით. მის მერე ამ ჰანგებზე ვხუმრობთ ოჯახში.
მეორემ ტელეფონით საუბარში გამომიჭირა, იმასაც ურცხვად ვკითხე, რა დავაშავე-მეთქი. მელაპარაკება და ხედავს, რომ ღვედი კი არ მიკეთია, უბრალოდ, ხელკავი მაქვს გაკეთებული. ეს მეორე დარღვევა, რატომ არ გიკეთიათ ღვედიო, მკითხა. აბა, რა არის ეს-მეთქი, არ ვუთმობ. რა, ''პოდრუჩკი'' გაგიკეთათ ღვედმა, თუ როგორ არის თქვენი ამბავიო, მკითხა მეგრული კილოთი. იმდენი ვიცინე ამ ფრაზაზე, ვუთხარი, ახლა თუ გინდა დამაჯარიმე, ისე გამამხიარულე, ჯარიმაც მიღირს-მეთქი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ტელე
მითუმეტეს როცა ხარ საზოგადო ფიგურა და ტელევიზიით გიწევს გამოსვლა.ვიზუალს აქვს დიდი მნიშვნელობა.სიმსუქნესაც აქვს საზღვარიიი
10:13 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დოდიფოდი
უფრო განათლებულს უფრო გამხდარი ქალი ჯობიაააა კაცებისთვის
08:34 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოლომონ
ნაცარამ ტყუილი დაწერა რამე?????კარგია ბეჰემოთის წონა????ვენაცვალე წერწეტებს....
17:45 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაცარა-ს
კურდღელსაც რომ ქვია ნაცარა ეგეც გცოდნოდა, უფრო განათლებული იქნებოდი, მსუქან.
00:20 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაცარა
ვინც ნაცარს ქექავს იმას ნ ა ც ა რ ქ ე ქ ი ა ქვია.ხოლო ნაცარა არის ვაშლის ერთერთი სახეობა.ნაცარა ვაშლიც კი არ გაგიგია იმდენად უცოდინარი ხარ.და მორალს კითხულობ.
14:47 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანო
მიყვარს თამრიკო ჭოხონელიძე ძალიან დადებითი ადამიანია გადაცემებს მაგის ხათრით ვუყურებ ხოლმე, ,,თქვენი ჰანგების ჭირიმე" მომეწონა ზუსტად უთქვიათ...
14:16 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
meri gelashvili
ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი.ძალიან მენატრებით თქვენ და თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილები. შეუდარებელი ხართ.
13:25 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
არაგველიარაგველი
კითხყლობ ზოგიერთ ბოროტი და დაცემული ადამიანის შეფასებას, ქალბატონ თამრიკოს პიროვნების მიმართ და რწმუნდები, რომ მუტანტები კიდევ იბადებიან.
12:58 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაცარა-ს
ვითომ რა თქვი ეხლა მაგით? ფუუუი შEნ ქალობასაც და კაცობასაც, რომელი სქესის ქექიაც გინდა იყავი.
12:36 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაცარას
ქექე ნაცარი მეტის ღირსი არც ყოფილხარ
09:51 / 29-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS