ქალბატონი ეთერი ისრაელში შვილთან ერთად გაემგზავრა, სადაც ოპერაცია და ერთი ქიმიოთერაპია გაიკეთა. ახლა თბილისში განაგრძობს მკურნალობას. ცოტა ხნის წინ მომღერალი პატრიარქმაც მოინახულა. ჩვენ ქალბატონ ეთერს სახლში ვესტუმრეთ.
- მკურნალობამ, ალბათ, გამოიღო შედეგი, მინდა კარგად ვიყო. ერთი ქიმიოთერაპია დამრჩა. ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, ნინო?
- არამხოლოდ. უბრალოდ, ინტერესი დიდია, ჩვენთან რეკავენ რედაქციაში,
- ვიცი, ჰო. წარმოდგენა არ მაქვს, რით დავიმსახურე ხალხის ასეთი სითბო და სიყვარული.
- ალბათ, პოზიტივით, პირველ რიგში.
- მეც ხომ მემჩნევა, რომ ვგიჟდები არა, ხალხზე. ჩემი ხასიათი, ჩემი იუმორი... სულ ვიცოდი, რომ ვუყვარდი ხალხს, მაგრამ ახლა, როცა ეს ავადმყოფობა შემომეპარა, გაოგნებული ვარ, უცხოეთიდან მირეკავენ, ჩემს ამბავს კითხულობენ, ''08'' შემომეხმიანა, როგორ ხართ, ხალხი გვირეკავს, თქვენს ამბავს გვეკითხებაო. გაოგნებული ვარ, დედას გეფიცებით. ამ სიყვარულით ვარსებობ. ახლა, ალბათ, ვარსკვლავს გამიხსნიან და ყველა ეს ადამიანი მინდა დავპატიჟო, ვისაც ასე ძალიან ვუყვარვარ. ფილარმონიაში ჩემი კონცერტით მსურს მოვეფერო ყველას. 10 წლის წინ უნდა გაეხსნათ ვარსკვლავი, მაგრამ არ მოვინდომე.
- თავად თქვით უარი?
- ჰო, დამეზარა. ვიხუმრე კიდეც, ოქიტაშვილს ვუთხარი, დათო, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, ყველა მოკვდა და არ მინდა-მეთქი. ახლა უკვე მეუხერხულება, ყველა მეკითხება, სად არის შენი ვარსკვლავიო. თან, მეც მინდა უკვე. 29 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა, ამ დღეს დავამთხვევ ალბათ ვარსკვლავის გახსნასაც. ახლა არსად არ გამოვდივარ, მირეკავენ გადაცემებიდან, ყველას უარს ვეუბნები, სუსტად ვარ, ჯერ არსად წასვლა არ შემიძლია. მინდა, დაბადების დღეზე გამოვჩნდე.
- იქ გაამხელთ, რამდენი წლის გახდით?
- აი, ეგ არ ვიცი, გავამხელ თუ არა. ისე, იმდენი ვიძახე ეს 102 წელი, ძვირად დამიჯდა, ხომ ხედავთ, თვალი მეცა. ახლა შევამცირე, 90-ზე ჩამოვედი. მეყოფა (იცინის).
- იქნებ, მაინც გაგვიმხილოთ, რამდენი წლის ხართ?
- ვაიმე, ნინო, იმდენი მოვიტყუე, აღარ მახსოვს. სამამულო ომის დროს დავიბადე, ოღონდ დასაწყისში თუ ბოლოში, მაგას აღარ გეტყვით. იცი, რა, როგორც გამოიყურები, იმდენი წლის ხარ, ასე არ არის, ნინო?
- ასეა ნამდვილად, მაგრამ საავადმყოფოს თანამშრომელ ჟანას რომ არ მოეწონეთ?
- (იცინის) ვაიმე, ჟანა, რა სასაცილო ამბავი იყო ეგ, მოგიყევი უკვე?
- დიახ, დავწერეთ კიდეც საიტზე.
- საყვარელი, როგორ მითხრა, რა კაკულიასავით ლაპარაკობო (იცინის). შოკი მიიღო, კაკულია ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი. რას ამბობ, კაცო, რასა ჰგავხარ, ტელევიზორში რა ლამაზი ხარო. მთელი საავადმყოფო ამ ამბავზე ვაცინე. ყველას ვუყვებოდი, თან როგორი გაფორმება ვიცი?.. მერე სომხურად ვუმღერე და ჟანამ დაიჯერა, ეთერი რომ ვიყავი. მოკლედ, კარგი დრო ვატარეთ, რაა (იღიმება).
- საავადმყოფოში?
- ჰო, აბა! ექიმებს სულ ჩემს კურიოზებს ვუყვებოდი.
- ისრაელშიც სიმღერით წახვედით, აეროპორტიდან რეპორტაჟი ვნახეთ...
- ჰო, აბა, როგორ? აეროპორტში ებრაული სიმღერა შევასრულე. ჩემს შვილთან ერთად ვიყავი წასული. ისე მომიარა ჩემმა შვილმა, გაოგნებული ვარ. ისრაელში ორი, იქ მცხოვრები ქართველი ქალბატონი დამხვდა, მანანა და მარინა. ძალიან მომეწონა ისრაელი, თბილი ხალხი ცხოვრობს.
- პირველად იყავით?
- ასე გამოვიდა. ყოველთვის მინდოდა ამ წმინდა მიწაზე წასვლა, მაგრამ ბოლო მომენტში სულ რაღაც მიშლიდა ხელს. ჩალაგებული ჩემოდანი ამომილაგებია ბევრჯერ, თითქოს ეშმაკი მექაჩებოდა უკან. ახლა ვფიქრობ, უფალმა გამხადა ავად, რომ მისი საფლავი მენახა. ძლივს მივედი საფლავთან, ნელა მივდიოდი, ურიგოდ შემიშვეს, რიგში მდგომთ უთხრეს, ავად არისო. მივედი, დავადე ხელები საფლავს და ვთქვი, ჩემო საყვარელო უფალო, გემუდარები, ჯანმრთელობა დამიბრუნე. ავიხედე ზემოთ და... დამყურებს ზემოდან, ყველაფერი ესმის. იქიდან გამოვედი, როგორც ჩიტი. თარჯიმანი მეუბნებოდა, რა სწრაფად დადიხართო. საოცარი ძალა მომეცა, არაფერს ვამეტებ.
- იმიტომ გაიქეცით დაბომბვის დროს?
- (იცინის) ჰო, შენც გაიგე? მე და ჩემი შვილი გარეთ კაფეში ვსადილობდით. უცებ რაკეტამ გადაგვიფრინა. ისმის ყვირილი-წივილი, სასწრაფოდ გაიქეცითო. მე ისეთი სტეიკი მედო წინ, 70 დოლარი გადავიხადე, არ ვდგები. მეხვეწებიან, წამოდი, ეთერ, გავიქცეთო, ცოცხალი თავით არ ავდექი. სანამ ამას არ შევჭამ, არსად წამომსვლელი არ ვარ-მეთქი. იქ ყველაფერი ძალიან ძვირია. საბედნიეროდ, ის რაკეტა გაანადგურეს. არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ ებრაელები ასეთ შიშში. ისრაელში 10 დღე გახლდით. ოპერაცია გამიკეთეს, ანალიზი ამიღეს, ამერიკაში გააგზავნეს და იმ გამოკვლევის საფუძველზე დამინიშნეს ქიმიოთერაპია. ერთი თერაპია ისრაელში ჩავიტარე, ერთი - საქართველოში, ერთიღა დამრჩა.
- თერაპიების მერე თავს როგორ გრძნობთ?
- არ ვიცი, ცხოვრებაში ავად რომ არ გავმხდარვარ, არანაირი წამალი რომ არ მიმიღია, ჩემს ავადმყოფობას ვერ ვეგუები. ასე მგონია, ახლა სხვაზე ვლაპარაკობ. სნეული მგონია თავი, რომ ვერ დავდივარ. ჩემზე ეს ყველაფერი საშინლად მოქმედებს. ქიმიოთერაპიას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს. ფილტვების ანთებაც მაქვს.
- ფილტვების ანთებაც გაივლის და კვლავ ჩაიცვამთ მოკლე კაბას.
- აბა, რა. ახლა მაგარი გამხდარი ვარ, იცი, როგორ მომწონს? უფრო მოკლე კაბაც შემიძლია ჩავიცვა (იცინის). რაც ჩამოვედი, არსად არ ვყოფილვარ, გარეთ არ გავსულვარ. ეკა ხოფერიას უნდოდა, გადაცემაში მივეწვიე, მაგრამ უარი ვუთხარი. რა ვქნა, არ შემიძლია, სუსტად ვარ, კიბეზე რომ ჩავდივარ, მერე ამოსვლა მიჭირს. სამაგიეროდ, ჩემთან მოდიან. სულ სტუმარი და მნახველი მყავს. ცოტა ვიღლები, იცი? ასე მგონია, ძველი ეთერი დაბრუნდება.
- პატრიარქმა მოგინახულათ...
- ცხოვრებაში მსგავსი სტიმული არ მქონია. გაოგნებული ვარ. გიორგი დარასელიამ დამირეკა და მითხრა, პატრიარქმა წირვაში მოგიხსენია, მერე დამიძახა და მკითხა, ეთერი როგორ არისო, რომ ვუთხარი, არ არის კარგად-მეთქი, ცრემლები წამოსცვივდაო. გაოგნებული ვარ, როგორ დავიმსახურე ეს სიყვარული. მერე უთქვამს, დაურეკეთ ეთერს, ერთ საათში მივალთ და ვინახულებთო. რომ დამირეკეს, შოკში ჩავვარდი. გიორგიმ მითხრა, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილაო, თან მეოთხე სართულზე უნდა ამოსულიყო, ჩვენთან ლიფტი არ არის. ძალიან ვინერვიულე. ჩემი შვილი მოჰყვებოდა უკან კიბეზე პატრიარქს. მითხრა, არც დაუსვენიაო. ღია კარიდან მეძახის, ეთერიი... მე რომ დავიბნევი, ეს ძალიან იშვიათია, სრული ბატი გავხდი. ვიფიქრე, ჰოლში ჩავიკეცები-მეთქი. გაღიმებული შემოვიდა.
- მანამდე ხშირი ურთიერთობა გქონდათ პატრიარქთან?
- ხშირი არა, მაგრამ საპატრიარქოში რომ მივდივარ, გვერდით დამისვამს ხოლმე. პატრიარქს ხომ ყველა თავის პრობლემებზე ელაპარაკება, მე - არა, მე ვუყვები რაღაც ისტორიებს, რომ გავაცინო. ის ხომ გენიოსია, ზუსტად იცის, ვინ რა ადამიანია. წინ მეჯდა და წინადადებებს ვერ ვამბობდი.
- რა გითხრათ?
- შენ ნახავ, დღეიდან რა კარგად იქნებიო. იმ დღის მერე მართლა კარგად ვარ. ამ ნახატზე მკითხა, ჩემ უკან რომ კიდია, შენ ხარო? მერე მკითხა, გიტარა გაქვსო? არ მქონდა, სხვას ვაჩუქე. ისე მაინტერესებს, თვითონ უნდოდა დაკვრა, თუ მე უნდა დამეკრა. ისე დავიბენი... როიალზე მაინც შემესრულებინა ერთი სიმღერა. საათ-ნახევარს ვისხედით, ვლაპარაკობდით სხვადასხვა თემაზე. მას მერე ორი დღე გაოგნებული ვიყავი, ღამე არ მეძინა, ვბორგავდი. ასეთი გრძნობა დიდი ხანია არ განმიცდია. ქუჩაში თურმე ისეთი ამბავი იყო, კორიდორი გაუკეთეს, მუხლებზე დაეცა ხალხი. ასეთი პატრიარქი საქართველოს არ ჰყოლია, ღმერთო, აცოცხლე ჩვენი პატრიარქი!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''