24 სექტემბერი, 2014
რატომ ვერ გადადის ნაჩუქარ ბინაში სალომე ტეტიაშვილი
სიმპათია ახლაც მაქვს, უბრალოდ, ჯერ სერიოზული არაფერია ''ნანუკას შოუმ'' სეზონი ქველმოქმედებით გახსნა. მომღერალი სალომე ტეტიაშვილი, ერთ-ერთი ბანკის დახმარებით, ბინით დაასაჩუქრა. მაყურებელმა სალომესა და მისი დედის, ქალბატონი თამარის გაოგნებული და გახარებული სახეები ჯერ კიდევ გადაცემის რეკლამის საშუალებით ნახა. ეჭვი ჩვენც გაგვიჩნდა, რომ სალომეს ბინა გადასცეს, მაგრამ მომღერალმა გადაცემის ეთერში გასვლამდე არაფერი თქვა. სამაგიეროდ, დაგვპირდა, რომ პირველ ემოციებს ჩვენს ჟურნალს გაუზიარებდა და პირობა შეასრულა.
მომღერალს ახალ სახლში ვესტუმრეთ.

- სალომე, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ნანუკა სიურპრიზს გიმზადებდა...…
- საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია?
- ჩვენც გვყავს ჩვენი ჩიტები ''რუსთავი 2''-ში.
- პირველი გადაცემის შემდეგ ნანუკამ დამირეკა და მითხრა, რომ კიდევ ერთ გადაცემაში მიმიწვევდა, რადგან ჩემთვის პატარა სიურპრიზი ჰქონდა. ამხელა მასშტაბების სიურპრიზს ნამდვილად არ ველოდი. თან ეს ზარი თებერვალში იყო, მას მერე იმდენი დრო გავიდა, აღარც ველოდებოდი არაფერს.
- როდის ჩაიწერა გადაცემა და თუ გითხრეს წინასწარ?
- გადაცემა 31 ივლისს ჩაიწერა. რა თქმა უნდა, წინასწარ არაფერი ვიცოდი. მითხრეს ის, რომ ნანუკა იწყებდა ახალ რეალურ შოუს, სადაც მონაწილე უნდა ყოფილიყო დედაჩემი და მე უნდა მემღერა შოუს პირველ გადაღებაზე. როცა ამ სახლში ამოვედი, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, იყო შემდეგი: აქ სად უნდა ვიმღერო-მეთქი. ქვევით სადარბაზოსთან რომ ვიდექი, ვიღაცებმა მაცივარი, ტელევიზორი მოიტანეს და მაშინაც ვერ მივხვდი ვერაფერს. ხომ ვიცოდი, რომ რეალური შოუ იწყებოდა, ვიფიქრე, მონაწილეებს სახლს უწყობენ-მეთქი. რაც პრინციპში ასეც იყო, ოღონდ ჩვენ გვიწყობდნენ სახლს. ვანო ჯავახიშვილმა, ირინა ონაშვილმა და სტეფანე მღებრიშვილმაც არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ნანუკამ და ბანკის წარმომადგენელმა იცოდნენ სიმართლე.
- როდის მიხვდი, რომ ეს სახლი შენი იყო?
- ბოლომდე ვერ მივხვდი, მეტსაც გეტყვით, ნანუკამ რომ თქვა, ახლა ჩვენ თამარსა და სალომეს სახლი დავულაგეთო, მაშინაც ვერ მივხვდი. წინადადება ვერ გავშიფრე უცებ. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ, დანარჩენებიც შოკში იყვნენ.
- როგორ მოახერხე, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ამ სიხარულს მალავდი, შენმა უახლოესმა მეგობრებმაც კი არაფერი იცოდნენ ამ ამბის შესახებ?
- აი, ეგ მართლა არ ვიცი. მთხოვეს, სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, ეს ინფორმაცია არ უნდა გამჟღავნებულიყო, იგივე სთხოვეს იმ გადაღებაზე მყოფ ყველა ადამიანს. მართლა არ ვიცი, როგორ მოვახერხე, ენას კბილს ძლივს ვაჭერდი, ვფიქრობდი, ეს როგორ არ უნდა ვთქვა-მეთქი... მთელი ცხოვრების ოცნება აგვიხდა. არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გვემუშავა მეც და დედასაც, ასეთი ბინა ან საერთოდ, ბინა რომ გვეყიდა.
- თან, საბურთალოზე ხარ, დედაც ახლოს არის სამსახურთან.
- არასდროს მქონია პრეტენზია იმაზე, რომ ვაკეში, საბურთალოზე ან ვერაზე უნდა მეცხოვრა. როცა სახლი არ გაქვს, მაშინ უბნებს კი არა, საკუთარ ჭერს ეძებ, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია ის, რომ საბურთალოზე გავიზარდე და ისევ ამ უბანში მიწევს ცხოვრება… მოკლედ, ვერ აგიხსნით, რა ძალა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს საიდუმლო ამდენი ხნით შემენახა. დედაც მალავდა. ტელევიზიაშიც კი არავინ იცოდა. გუშინ გვირეკავდა ყველა, გვილოცავდნენ და თან გვეკითხებოდნენ, ეს როგორ დამალეთო.
- დედას რეაქციებზეც მიამბე ცოტა…...
- დედაჩემი დღემდე ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ახლაც რომ მოდის ამ სახლში, კედლებს ხელით ეხება და უცნაურ კითხვებს სვამს: ეს მართლა ჩვენია, სახლში წყალი მართლა აღარ ჩამოგვივა, აბაზანა და საპირფარეშო შინ გვექნება, ზამთარში ეზოში სარეცხის რეცხვა აღარ მოგვიწევს, ჭურჭელსაც ცხელ წყალში დავრეცხავ? ასეთ კითხვებს რომ სვამს, მეცოდება, თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე.
- წყალი მართლა ჩამოგდიოდათ სახლში?
- წყალიც ჩამოგვდიოდა, თოვლიც და მიწაც. იმას, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და ცოტა ხანს კიდევ მოგვიწევს ცხოვრება, ჭერი არ ერქვა.
- სალომე, დღემდე იმ ბინაში ცხოვრობთ, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ტელევიზიით. რა გიშლით ხელს, რომ ახალ ბინაში გადმოხვიდეთ?
- სახლი გარემონტებულია, ყველაფერი გაკეთებულია. უბრალოდ, ბუნებრივი აირი არ არის ბინაში. ეს პრობლემაც მალე მოგვარდება და გადმოვალთ. თან იმის გამო, რომ პატარა ბინაში ვცხოვრობდით ქირით, ავეჯი არ გვაქვს. ყველაფერს ეშველება, მთავარია, რომ საკუთარი ჭერი გვაქვს.
- რა დაგახვედრეს და რა შეიძინეთ ამ ხნის განმავლობაში ახალი ბინისთვის?
- მაცივარი, გაზქურა და ტელევიზორი გვაჩუქეს. ჩვენ ტანსაცმლის კარადა და საწოლი შევიძინეთ. დასაწოლი გვექნება, საჭმლის მოსამზადებელიც და დასაბანი საშუალებაც და გაზს შემოიყვანენ თუ არა ბინაში, გადმოვალთ. იმის საშუალება არ არის, ყველაფერი ერთად შევიძინოთ. ნელ-ნელა შევმატებთ სახლს ავეჯს. ქირის ფული გადასახდელი აღარ გვექნება.
- რომ დალაგდები და გადმოხვალ ახალ ბინაში, პირველი რა გაქვს დაგეგმილი?
- ყველაზე მაგარი აივანი მაქვს და მთელი ჩემი სამეგობრო მინდა მოვიყვანო. ერთი მაგრად უნდა ვიქეიფოთ და ვიმღეროთ. უნდა ავახმაურო მეზობლები. სახლში ვინც ამოდის, ყველას აივანაზე აქვს რეაქცია. მართლა ძალიან დიდი და კარგი აივანი მაქვს. მინდა, მთელი სამეგობრო დავატიო. ერთ ოთახში რომ ვცხოვრობდი და პატარა ადგილი მქონდა, სულ მეგობრებთან მივდიოდი, სულ სხვის სახლში ვიკრიბებოდით გასართობად. ყოველთვის მინდოდა, ერთხელ ჩემს სახლშიც მოსულიყვნენ მეგობრები. ახლა ავიხდენ ამ ოცნებას. სულ რომ არ მქონდეს სკამები და მაგიდა, ჩემს მეგობრებს ძირს დავსვამ, ძირსვე გავშლი სუფრას და ავაწიოკებთ აქაურობას (იცინის).
- გადაცემაში გაიჟღერა იმანაც, რომ ავტოსკოლაში დადიხარ. მანქანის მართვა ისწავლე?
- მართვაც ვისწავლე და თეორიაც, მაგრამ მერე დასასვენებლად წავედი და გამოცდაზე აღარ გავსულვარ. ახლა გასახსენებელი მაქვს თეორია. იმედია, გამოვნახავ დროს და გავალ გამოცდაზე. ოდესმე, ალბათ, მანქანასაც ვიყიდი.
- დღეს რა არის შენი შემოსავლის წყარო?
- ზურა მოსიავას ბენდში ვმღერი. ახლა ცოტა ხნით ვისვენებ. ყელზე პატარა პრობლემა მაქვს. ''რუსთავი 2'' მუსიკალურ გადაცემა ''ბრავოს'' აახლებს. მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ და მინდა, ფორმაში ვიყო. ამის გამო ბარში ვეღარ ვმღერი და ცოტა გული მწყდება. მივეჩვიე ჩემს შემოსავალს. ცოტა მეუხერხულება კიდეც, რომ ისევ დედას ვთხოვ ფულს.
- პირადულზეც გვიამბე, მახსოვს, ერთი ბიჭისადმი სიმპათიები გქონდა...
- სიმპათია ახლაც მაქვს, უბრალოდ, ჯერ სერიოზული არაფერია, ამიტომ მირჩევნია, მისი ვინაობა არ ვთქვა. მუსიკის სფეროში ნამდვილად არ ტრიალებს.
- რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი ასეთი არასერიოზული ურთიერთობა?
- არ ვიცი, მე ხომ არ ვიზრუნებ ამაზე (იცინის)?.. ''ფეისბუქზე'' რამდენი ფოტოც დავდე ჩემს მეგობარ ბიჭებთან ერთად, ყველას ჩემი შეყვარებული დაარქვეს. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ''ფეისბუქზე'' არ მიდევს იმ ადამიანის ფოტო, რომლის მიმართაც სიმპათიები მაქვს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჯერ სერიოზული არაფერია. მერე ჩვენი ურთიერთობა რომ არ აეწყოს და სხვა ადამიანი შემიყვარდეს, სალაპარაკო გაუჩნდება ხალხს. ხომ იტყვიან, ჯერ ერთი ჰყავდა, ახლა მეორესთან გადაღებულ ფოტოებს დებს, მალ-მალე იცვლის ბიჭებსო. არ მინდა, ხალხი ვალაპარაკო. ამდენი ხანია, წესიერად და პატიოსნად მიცხოვრია, არაფერს ვაკეთებ ისეთს, რომ ვინმემ ჩემზე ამ კუთხით იჭორაოს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ლეილა
სალომე არაჩვეულებრივი და ზღაპარი გოგოა!ღმერთმა ყველას მისცეს ასეთი შვილი!საერთოდ მიმაჩნია,რომ თუ მეპატრონის თანხმობა არ იქნება ბინა არ უნდა გასხვისდეს!უნდა მისცენ საშუალება მეპატრონეს,რომ ბინა გაყიდოს და ისე დაფაროს ვალი,იქნებ გაჭირვებულ მეპატრონეს ცოტაოდენი ფულიც დარჩეს!ბინაც და მანქანაც პატრონის აურის მატარებელია და მისი ნებართვის გარეშე ცოტა არ იყოს ძნელია ბინაში შესვლა(ეს ბანკის მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ)!!! ღმერთმა ჰქნას რომ ამ ბინის მეპატრონემ დაულოცოს სალომეს ჭერი!ისე კი თუ ბინის ჩუქება უნდოდათ დალოცვილებს ასეთი ზღაპარი გოგოსთვის,რა გაუჭირდათ,რომ ახალი ბინა ვერ შეუძინეს!???თუ სიკეთეს აკეთებდნენ,მარილიც მოეყარათ!!!შენ კი სალომე,ღმერთმა სიკეთე,ჯანმრთელობა და დიდი ბედნიერება არ მოგიშალოს შენს მართლაცდა ღირსეულ დედასთან ერთად!მე პირადად ძალიან მიყვარხარ!გაიხარე და ღმერთის მფარველობა არ მოგაკლდეს!
14:24 / 27-09-2014
გამოხმაურება / 0 /
lol
როგორ მომწონს მასში რომ არ თაკილობს რა აქვს. ყველა ვცდილობთ დავმალოთ და გვესირცხვილება
00:46 / 27-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
რა საყვარელი გოგოა, წარმატებები!
17:24 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
რა ბოროტი ხარ ირინა თუ ჩამოართვეს ვიგაცას სალომემ რა დააშავა საცოდავი გოგო ძლივს ბედნიერია და ბოგმიანებმა უნდა ჩააშხამოთ :(((((
23:08 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მე და მე
რა საყვარელი გოგოა, და ჭკვიანი. გულით ვუსურვებ წარმატებას მას და მის დედიკოს..
19:02 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბორენა
გილოცავტ სალომე ახალ ბინას.დზალიან გამიხარდა.დზალიან მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო სენ ამას ნამდვილად იმსახურეებ.
13:46 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ზალიან გამიხარდა სალო გისურვებ ყველაპერ საუკეტესოს, რადგან იმსახურენ სრულ ბედნიერებას, უფლის მადლი და ზალა არ მოგკლებოდეს
01:20 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
გილოცავ გმერტმა სულ ბედნიერებაში მოგახმაროს ძალიან გამიხარდაა
23:27 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
კარგია ბანკუ~ი ბინას რომ გაჩუქებს, მარა ეს ბინა ხო ვიღაცას ჩამოართვა ბანკმა და ახლა იმის პატრონიც გვაჩვენეთ ერთი რუსთავისორო რაა.
21:16 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სალომე კარგი გოგო ხარ და უფალმა დაგლოცოს კიდევ და მრავალჯერ ,ჯერ სადა ხარ, წინ ბევრი სიხარული გელოდება,ბოროტ ხალხს არ აყვე..........
21:14 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS