17 ივნისი, 2013
''ირაკლი თორმეტჯერ წავიდა ჩემგან''
სამი კვირის წინ ძალიან ბევრმა ადამიანმა გვნახა თბილისში. პირდაპირ გეტყვით, ირაკლი გარიდებულია სიტუაციას, ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ურჩევნია ყოფნა. წყალტუბოდან ''ქუთაისში მიმავალ ქარს'' არა, მაგრამ მშობლებს გამოჰყვა. ამის მიზეზი დიდედას გარდაცვალება გახდა. მანამდე სწორედ დედის დედასთან იზრდებოდა და იმ პერიოდს ყველაზე ლამაზად იხსენებს. იქვე იყო პირველი ყვავილიც თაყვანისმცემლისგან. ტრადიციული ოჯახის შვილობამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ცხოვრებაში. განათხოვარი ქალის სტატუსი კომპლექსი აღმოჩნდა ნანუკა ჟორჟოლიანის მამისთვის... ხისტი ხასიათის წყალობით დედას ოთხი თვე არ ელაპარაკებოდა. პატიმრის ოჯახის წევრობაც გამოცდილი აქვს,
მარტო დარჩენაც ფეხმძიმობის პერიოდში და საკვებზე ფიქრის გაჭირვებაც. პირველი ოჯახის დანგრევას საკუთარ თავს აბრალებს. დღეს კარიერულ წარმატებას ოჯახურ იდილიას უკავშირებს... მოკლედ, სათქმელი ბევრი დაუგროვდა. ნანუკა ჟორჟოლიანს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.
- იმერეთში ბებიასთან ვიზრდებოდი, დედაჩემის დედასთან. მამაჩემი მოსამართლის შვილი იყო. ყოველთვის კარგად ცხოვრობდა. ის გაიზარდა ოჯახში, სადაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვარს, ოჯახიშვილობას. ბებიაჩემი, ნანა მაჭავარიანი, წლების განმავლობაში ოლქის მოსამართლე იყო, ბაბუაც ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა რაიკომში თუ აღმასკომში. ბებიას ჰყავდა დები, რომლებიც თავიანთი წარმომავლობით ამაყობდნენ. დიდხანს გესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ისინი უზნაძეების გვარის წარმომადგენლები იყვნენ და აუცილებლად დაგღლიდნენ ამით (იღიმება). დედა ძალიან ლამაზი იყო, მამას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა, მისი ერთადერთი სიყვარული იყო. ჩვენი ოჯახი ტიპური ქართული ტრადიციების მატარებელი გახლდათ. პირველი გათხოვების დროს მზითვში ''მადონას'' სერვიზი გამატანეს. ნიშნობით გამათხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი. იმდენად დიდი იყო ტრადიციების კულტი, რომ ჩემს საგვარეულოში არავინ ჰყავდათ განათხოვარი. დედას აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ჩემს გადაცემაზე, იმიტომ, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მაყურებლის თვალით მიყურებს. პოლიტიკურ ოპონენტადაც კი აღმიქვამს. მამისგან მიზანმიმართულება, ენერგიულობა გამომყვა. შემიძლია თვითონ ვიყო ჩემი ოჯახის უფროსი, ბაზარშიც წავიდე, რემონტშიც ჩავერიო, კაბაც შევირჩიო მაღაზიაში. ასეთივე მრავალმხრივია მამაც.
- კულინარიის კულტი თუ იყო თქვენს ოჯახში?
- დედა იყო ამის ავანჩავანი. ყოველთვის თავად ამზადებდა სადილებს. სტუმარს ყოველთვის დიდ ოთახში იღებს, რადგან მიაჩნია, რომ სამზარეულოში სირცხვილია სტუმრის მიღება. ამ ტრადიციულობის გამო ძალიან გამიძნელდა მამისთვის იმის თქმა, რომ ქმარს გავშორდი. მე და დედა ვფიქრობდით, როგორ გვეთქვა მისთვის, რომ მე განათხოვარი ვიქნებოდი. დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული კომპლექსი აწუხებდა მამაჩემს იმის გამო, რომ მე განათხოვარი მერქვა.
- ფინანსური პრობლემები ახსენე, როდის გაჩნდა ეს პრობლემები ოჯახში?
- მთელი ბავშვობა ლაღად ვიზრდებოდი. დედაჩემის დედა სანატორიუმში მუშაობდა წყალტუბოში. ეს ყველაზე ლაღი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. ბებია რომ გარდაიცვალა, 12 წლის ვიყავი, მაშინ საბოლოოდ წამოვედი წყალტუბოდან და თბილისში დავიდეთ ბინა. სწორედ მაშინ დაიწყო პრობლემებიც. გატუტუცებული, გათამამებული არ ვიყავი იმ პერიოდის წყალობით. მახსოვს, პირველად ბიძაჩემმა ავთომ 50-ლარიანი ჩექმა რომ მიყიდა, რა სიტკბო ჰქონდა. ამდენად, შემდეგ, როცა მამასაც გაუჭირდა, ეს ტრაგედიად არ აღმიქვამს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ოჯახი დამენგრა. ძალიან ცოტას წარმოუდგენია დღევანდელი ნანუკა ჟორჟოლიანისგან ის პრობლემები, რაც მაშინ გადავიტანე. მაგალითად, ფიქრი საკვებზე, თუმცა დედა სულ ამბობს, რომ ის ყველაზე ლაღი პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, სხვანაირი სიმშვიდე გვქონდა მაშინ, თუმცა იყო დღეები, როცა ლავაშებს მარილიან წყალში ვალბობდით და მერე ვაცხელებდით, ვითომ აჩმა იყო. მაშინ თბილისში ყველა ასე ცხოვრობდა.
- დიდედა დადიოდა სკოლაში მშობელთა კრებებზე?
- დიდედაც და ჩემი მშობლებიც, როცა ამის საჭიროება იყო. დიდედა არ მატუტუცებდა. ბებო მსჯიდა ხოლმე, მამა ლოიალური იყო ჩემ მიმართ მთელი ცხოვრება. არც მახსენდება მისგან დასჯა. დედაჩემი უთქმელი ქალია, ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ თუ გამიბრაზდა... ჩვენ ოთხი თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ძალიან რთულია მისი შერიგება.
- რაზე იჩხუბეთ?
- კონფლიქტი მოგვივიდა, ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე, რეპლიკა ვერ მოვზომე და ეს არ მაპატია.
- რა გითხრათ?
- მითხრა, რომ ამას ვინანებდი და ოთხი თვე მანანა.
- როგორ შემოირიგე?
- სტიოპას გადაცემა მქონდა, რომელშიც სტეფანემ თავის დედაზე ილაპარაკა. ძალიან ცუდად ვიყავი იმ გადაცემის მერე, ზოგადად ძალიან პრინციპული და ამაყი ვარ, თუ ვთვლი, რომ მართალი ვარ, პირველი არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, ეს გამორიცხულია! როცა სტიოპამ გადაცემაში მითხრა, სანამ დედა გყავს, არ დაბერდებიო, ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ მორალურად ძალიან მჭირდებოდა მშობლები, სიბერისაც შემეშინდა. ზოგს პრობლემა აბერებს, ზოგს - დრო. მეორე დილით რომ გავიღვიძე, ისტერიკული ტირილი ამივარდა, ავიღე ტელეფონი და დედაჩემს მივწერე, ძალიან მომენატრე-მეთქი. სტიოპას გადაცემის ამბავიაო, მომწერა. ეგრევე გამშიფრა (იღიმება). იმ დღესვე ჩამოვიდა ჩემთან, ორი სართულით ზემოთ ცხოვრობს.
- პირველი ხელფასი, პირველი სამსახური...
- ''ალიონში'' იყო, პრაქტიკით დაიწყო, უნივერსიტეტიდან გამანაწილეს და მერე შტატში ჩამსვეს. ეს იყო ძალიან ტკბილი 50 ლარი. ეს ის პერიოდი იყო, როცა გარეუბანში ვცხოვრობდი და ფინანსურად მიჭირდა. ის ფული მაშინ ძალიან სჭირდებოდა ჩემს ოჯახს. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ კრიზისული პერიოდი დიდხანს არ გვქონია, მამაჩემი ზურიკო ძალიან მალე ''გამოძვრა~.
- ნანუკა, რა ასაკში გააცნობიერე, რომ ქალი ხარ და საპირისპირო სქესს უნდა გაეპრანჭო?
- ძალიან პატარა ასაკში, ჯერ კიდევ წყალტუბოში ერთი ბიჭი იყო, სახელს არ ვიტყვი, ირაკლის არ მოეწონება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ასაკში ხდებოდა, მაინც არ მოეწონება. სხვათა შორის, იმ ბიჭს ქურდობა უნდოდა (იცინის). წყალტუბოში სხვა არაფერი ხდებოდა მაშინ. დედა ძალიან მოწადინებული იყო, მალე წამოვეყვანე იქიდან. თუმცა ალბათ ჯობდა, ჩემი ძმა მიშკა უფრო მალე გაერიდებინათ იქაურობას. ჩემი პირველი კოცნა, სიყვარული, პაემანი იყო მარიამის მამასთან. 15 წლის ასაკში გავიცანი, თუმცა პირველი ყვავილი იმან მომართვა, ახლა, მგონი, ქურდი რომ არის და სახელს რომ არ ვიტყვი.
- რამდენი ხანი იყავით ერთად შენ და მარიამის მამა?
- რამდენიმე თვე. პატარა ვიყავი. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა. თუ სწორად მახსოვს, ხუთი წლით უფროსი იყო ჩემზე. კოკას უკვე დამოუკიდებლად შეეძლო ოჯახის რჩენა. წესიერი, პატიოსანი ბიჭი იყო, სასურველი სიძისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება ჰქონდა. დედაჩემს სიგიჟემდე უყვარდა. მიზეზი სხვა ქალი იყო, გამოჩნდა სხვა და მასთან წავიდა. ეს ჩემი ბრალი იყო. ორსულად ვიყავი, ერთად ვეღარ დავდიოდით, მოსაწყენიც კი გავხდი მისთვის. საერთო აღარ გვქონდა, სხვადასხვა ტიპებად ჩამოვყალიბდით.
- მის ცხოვრებაში სხვა რომ გამოჩნდა, თვითონ გითხრა?
- მე გავიგე, მაგრამ რომ ვკითხე, არ უარყო. შემდეგ მას უწუნებდნენ ამ ნაბიჯს, შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ჯობდა ბავშვი გაეჩინა და მერე გეთქვაო, ეუბნებოდნენ, მაგრამ მე მგონია, რომ კაცურად მოიქცა, არ მომატყუა. ყოველგვარი სკანდალის გარეშე დავშორდით.
- ის ''სხვა'' დღეს შენი პირველი მეუღლის ცოლია?
- არა, დიდხანს იყვნენ ერთად, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან. კოკას დღეს სხვა ცოლი და ძალიან მაგარი შვილები ჰყავს. მარიამს ორი ძმა ჰყავს მამის მხრიდან.
- ალბათ რთული იყო პერიოდი, როცა შვიდი თვის ფეხმძიმე მარტო დარჩი...
- დედასთან მივედი და ვკითხე, მამას რა ვუთხრა-მეთქი. თავიდან ვატყუებდით, ვითომ ფეხმძიმობამ გარკვეული სტრესი, ავადმყოფობა გამოიწვია და დედასთან მინდოდა ყოფნა, თუმცა ზურიკოს ვერაფერს გამოაპარებ, გრძნობდა, რაშიც იყო საქმე. მარიამის დაბადებიდან 3-4 თვეში მე და კოკამ ისევ ვცადეთ ერთად ყოფნა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ბოლოს ვუთხარი მამას, რაც ხდებოდა ჩემს თავს. ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა.
- ირაკლი როგორ გაიცანი?
Rating
- მე არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, კაცს რომ გაიცნობენ და უმტკიცებენ, შენამდე არავინ მყვარებიაო. ირაკლიმ ზუსტად იცის ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი, არა თავისი პროფესიის, არამედ ჩემი გულწრფელობის ხარჯზე. არ მინდოდა, რომ მას ჩემგან რაიმე სიურპრიზი დახვედროდა ცხოვრების გზაზე, ზუსტად უნდა სცოდნოდა, ვისთან იწყებდა ურთიერთობას. ამიტომ მორალური ვალდებულება ირაკლისთან სრულად მოვიხადე მაშინ, როცა მივხვდი, რომ მასთან ერთად მინდოდა ცხოვრება. მაშინ ''რუსთავი 2~-ში ვმუშაობდი. ირაკლი ''სოდის'' უფროსი იყო, თუმცა ის რესპონდენტის რანგში არ გამიცნია. დამაყაჩაღეს, ''სოდმა'' აიღო ეს საქმე და... მანამდე ირაკლი ჩემი სიმპათიით არ სარგებლობდა, პირიქით, ვერჩოდი კიდეც. პირველად ურთიერთობა, საუბარი რომ შედგა ჩვენ შორის, ძალიან მომეწონა ირაკლი. მანამდე მასზე ცუდი რეპორტაჟი მქონდა გაკეთებული, რის გამოც საბურთალოს პოლიციის უფროსად აღარ დანიშნეს. ამას სულ მახსენებდა. მესიჯებით იმაზე ხშირად მკითხულობდა, ვიდრე დაზარალებულს, შემდეგ, როცა მასთან, როგორც რესპონდენტთან მივედი, უკაცრავად, არ მცალია, ცოტა ხანს დამელოდეო, მითხრა. ამაზე ძალიან გავბრაზდი (იცინის). თავხედი ვიყავი ურთიერთობებში, მახსოვს, ერთხელ სუნამო იდო მაგიდაზე და ვკითხე, ეს ალბათ ჩემთვის არის-მეთქი. დაბნეული დამეთანხმა, ამ დროს შეიძლება სულაც არ იყო ჩემთვის განკუთვნილი ის სუნამო. ზოგადად ირაკლი ნაკლებად კონტაქტური ტიპია. ძალიან განსხვავდება ძმებისა და დედისგან. მამას ჰგავს. მე რომ არ გადამყროდა, არავის ეცოდინებოდა, ვინ არის ირაკლი კოდუა, ისევე, როგორც მამამისი, თავისთვის წყნარად, მშვიდად იცხოვრებდა.
- როცა ერთმანეთი გაიცანით, ირაკლის ოჯახი ჰქონდა?
- კი, ჰქონდა. შესაბამისად, მე ის მივიღე, როგორც კარგი თაყვანისმცემელი, რომელმაც იცოდა საოცარი სიურპრიზების გაკეთება. ჩემი პირველი ოჯახის დანგრევიდან გამომდინარე, ყოველთვის ვამბობდი, რომ ცოლიან მამაკაცს არასდროს გავეკარებოდი. როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ირაკლის უკვე პრობლემები ჰქონდა ოჯახში. მას შეეძლო ორი თვე ოჯახში არ მისულიყო, გარკვეულ ტაიმაუტებს იღებდა და ეს არ ხდებოდა ჩემ გამო. თუ პრობლემა არ არსებობს ოჯახში, იქ მესამე ვერ გაჩნდება.
- საუბრობდით ამ თემაზე?
- არა, ამ თემას დიდხანს ედო ტაბუ, იმდენად დიდხანს, რომ მეგონა, მას ცოლი არ ჰყავდა. არ ჰქონდა ქუჩაში ჩემთან ერთად სიარულის, არც სიურპრიზების გაკეთების პრობლემა.
- ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი სიურპრიზი იყო?
- ძალიან ბევრი იყო ასეთი. ჩინეთში გამოგზავნილი ასი ვარდი, თბილისში ჩემს სახლში გამოგზავნილი ათასი ვარდი, ბალიშზე დატოვებული გული...
- მითხარი, მე მომეწონაო, როგორ მიიღე იგივე გრძნობა მისგან?
- ჰო, მე მომეწონა. პირდაპირ ვუთხარი, მიყვარხარ და მგონია, რომ შენც გიყვარვარ, უბრალოდ, ვერ მეუბნები ამას-მეთქი (იცინის).
- მამამ თუ იცის შენი ამ აქტიურობის შესახებ, სიურპრიზი ხომ არ იქნება ჩვენი ჟურნალიდან?
- კი, იცის. მამამ იცის, რომ ჩემი მთავარი სიგიჟე ირაკლი კოდუაა ამ ცხოვრებაში... მოსაფიქრებლად დრო მთხოვა ირაკლიმ. მალე მიხვდა, რომ ეს უკვე აღარ იყო ტაიმაუტი ოჯახში და სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. მას ძალიან გაუჭირდა ოჯახის დანგრევა, მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად უთხრა ცოლს, რაც ხდებოდა მის თავს. არაერთი შერიგების მცდელობა ჰქონდა ოჯახთან. ირაკლი თორმეტჯერ წავიდა ჩემგან. ის არის გიჟი მამა. ბოლოს ერთი ჩემოდნით დატოვა ოჯახი და მოვიდა იქ, სადაც დღემდე ვცხოვრობთ, ეს ჩემი ძმის სახლია.
- რას ნიშნავს თორმეტჯერ წავიდა?
- ოთხი წლის განმავლობაში, როცა ურთიერთობა დავიწყეთ, ცოლთან ურთიერთობების აღდგენის და დალაგების თორმეტი მცდელობა ჰქონდა, უნდოდა, რომ შვილებთან ყოფილიყო. ეს ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი იყო. ოღონდ იმ დროს ჩვენ პარალელური ურთიერთობა არ გვქონია, მიდიოდა და მოდიოდა.
- მის ყოფილ ოჯახთან გაქვს ურთიერთობა?
- მის შვილებზე მართლა ვგიჟდები. ცოლთან არ მაქვს ურთიერთობა, ეს ხელოვნური იქნებოდა. არც ასეთი ცივილიზებული ვარ. ალბათ მას მე არ ვეყვარები, არც უნდა ვუყვარდე, როგორ უნდა ვუყვარდე?!
- ალბათ არც შენ გიყვარს ის ქალი, შენი პირველი ქმრის ცხოვრებაში რომ გამოჩნდა...
- ალბათ, არ ვიცი, თუმცა ნინო ენუქიძემ გაცილებით უკეთესი ქმარი დაკარგა, ვიდრე მე მაშინ. ნინოს ინტერვიუ წავიკითხე. ნანუკა ჟორჟოლიანის გამოჩენამდე ჩვენ პრობლემები გვქონდა, ვფიქრობდით იმაზე, რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრაო, წერდა. ძალიან ვაფასებ მის გულწრფელობას. მაგრამ მაინც მგონია, რომ სხვაგვარად ფიქრობს. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, იქნებ უფრო დაელაგებინა ურთიერთობა ქმართან. ამას ხომ ყოველთვის ფიქრობს ქალი, მაგრამ არ ჰქონია ნინოს ამის დიდი მცდელობა, ვერ მოგატყუებთ, რომ ის ეხვეწებოდა ირაკლის, შემირიგდიო და ირაკლი არ ურიგდებოდა. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ეტყობა, მასაც ჰქონდა პრობლემები ქმართან...
- როგორ გგონია, რის გამო? რთულია ირაკლი?
- ირაკლიზე მარტივი ადამიანი არ არსებობს. ნინო დროთა განმავლობაში გააცნობიერებდა ირაკლის ფასს. ირაკლი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია, მისი ოჯახი ერთადერთი იყო, სადაც მშობლები ჩარევას ვერ ახერხებდნენ. ვერც ცოლის შერჩევაში ჩაერივნენ და ვერც შემდეგ ურთიერთობაში.
- შენი ერთ-ერთი განცხადება გამახსენდა ახლა - ''ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ვარ ირაკლი კოდუას ცოლი''. სად არის ახლა ირაკლი?
- ეს განცხადება ''იმედთან'' მიმართებით ვთქვი. ზოგადად ასე არ ვფიქრობ. ირაკლის ცოლობა ბედნიერებაა ჩემთვის. ირაკლი მართლა ხშირად გადის ქალაქიდან. თუ ამას იგებენ, ისიც უნდა დაინახონ, თბილისში ერთად რომ ვჩნდებით. სამი კვირის წინ ძალიან ბევრმა ადამიანმა გვნახა თბილისში. პირდაპირ გეტყვით, ირაკლი გარიდებულია სიტუაციას, ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ურჩევნია ყოფნა.
- ეს ბიზნესის გამო ხდება?
- არავითარი ბიზნესი. ირაკლი კოდუა ისეთივე ბიზნესმენია, როგორიც მე ფრანგული ენის სპეციალისტი. ირაკლი კოდუასგან ბიზნესმენი არ დადგება, ბიზნესმენები მას სხვები ჰყავს ოჯახში. მეც ხშირად მივდივარ მასთან, სტიუარდესად ვიქეცი-მეთქი, ვამბობ. ის ორჯერ იყო ჩამოსული თბილისში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცდილობს, უმეტესი პერიოდი საზღვრებს გარეთ გაატაროს.
- რატომ ''რა თქმა უნდა''?
- ამას ბევრი მიზეზი აქვს, მინდა გულწრფელი ვიყო. ირაკლი პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანი არ არის. ირაკლი კოდუა არის ჯარისკაცი. ძალიან მაგრად გაუკეთებია ცხოვრებაში, რაც გაუკეთებია, თუმცა ხარვეზებიც ექნებოდა, ორი აზრი არ არსებობს. სხვა ქვეყანაში ურჩევნია ყოფნა იმიტომ, რომ საქართველოში სხვა პოლიტიკური სიტუაცია დადგა. ვიღაცების გაღიზიანებას გაერიდა. ძალიან ბევრი ადამიანია აქ, ვინც ფიქრობს, რომ მისი ოჯახის წევრი ერთ დროს უსამართლოდ დააკავეს. მე თვითონ ვიყავი პატიმრის და და რთულია აღიარო, რომ სამართლიანად იყო შენი ოჯახის წევრი დაკავებული.
- შენი ძმა სწორედ იმ რეჟიმმა დააკავა, რომელშიც შენი მეუღლე მუშაობდა.
- ჰო და თანაც, არაერთხელ. პრობლემა ჩემი ძმა არ იყო, სხვა პრობლემა იყო... ასე რომ, ირაკლი საზოგადოების დამშვიდებას ელოდება...
- ნანუკა, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს, რა არის შენთვის პრიორიტეტული?
Rating
- ზღვარი დედა-შვილს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს. მარიამმა უნდა იცოდეს, რომ მას ჩემი კი არ ერიდება, ეშინია. ეშინია იმის, რომ გამანაწყენებს, გული მეტკინება. საბასთან ეს ძალიან ადრეა. საკუთარი მაგალითებით ვუხსნი მარიამს, რა არის კარგი და რა - ცუდი. პირველი მაგალითი არის ადრე გათხოვება. ვეუბნები, რომ მე ვარ კლასიკური მაგალითი, რატომ არ უნდა გათხოვდე ადრე. თუმცა, ღმერთს მადლობა, რომ მარიამი მყავს, ყველაზე დიდ ფულს რაშიც ვხარჯავ, ეს არის მარიამის სწავლა. ეს ინვესტიციაა, ვეუბნები, მე ეს ფული გასესხე და უნდა დამიბრუნო არა ფულით, არამედ იმით, რომ ოდესღაც ვიტყვი, მე მარიამ გეგუჩაძის დედა ვარ. დარწმუნებული ვარ, დამიბრუნებს.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, ერთი და მთავარი შეცდომა რომელია შენს ცხოვრებაში, რომელზეც ხშირად ფიქრობ?
- პროფესიული, ადამიანური შეცდომები მქონია. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ბევრი პატიმრის ოჯახისთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და დიდი პასუხისმგებლობა აბსოლუტურად უსამართლოდ მებარა. ბევრისთვის გული მიტკენია, მათ შორის ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ჩემი ხისტი ხასიათის გამო. მთავარი ჩემი შეცდომა მაინც საკუთარი პირდაპირობა მგონია.
- ყველაზე დიდი წარმატება?
- რომ არ მყოლოდა ის დედ-მამა, რომელიც მყავს და არ მყოლოდა ირაკლი, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს, ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი. ყველა წამყვანს და ყველა ჟურნალისტს ეტყობა, სად გადის მისი ბედნიერების ზღვარი. თუ პირად ცხოვრებაში ვიღაც ხშირად გენატრება და მით უფრო, თუ საერთოდ არ გყავს, ბოლომდე წარმატებული ვერ იქნები კარიერაში. ჩემთვის წარმატების ფორმულა პირადი ცხოვრებაა, იქ უნდა იყო ბედნიერი, ან სახლში უნდა გელოდებოდნენ გაღიმებული სახეებით, ან მესიჯს გწერდნენ, როგორ ხარ და რას აკეთებ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 131 /
კარკა
ნანუკა მომწონს და ლამაზიცაა.აი მარიამი არვიცი,რა აქვს ამ გოგო-ქალს გარეგნობაში ზედმეტი და რა აქვს ნაკლები გაუგებარია.
09:10 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ოკროს
ოი ოი ემინე.......
13:20 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ოკროს
შენ რა თურქივით მოთქვამ ოი ოი ოი
09:18 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ოკრო
ოი ოი ოი
02:14 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ერეკლე
ბავშვი მარიამი მართლა დიდი ქალი გეგონება.რატომ???წონა????თმები..თუ რა ადიდებს მართლა ვერ გავიგე........
13:16 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანჩოს
შენ შენს დედას მიხედე.ნანუკა და თავისი დედა შენზე კარგად მოაგვარებენ ერთმანეთში ურთიერთობას.
13:02 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქმარი
სხვის ქმრებზე მონადირე შეიძლება იყოს ქალი,მაგრამ კაცს თუ არ უნდა ძალით ქალი ვერ უზამს ამაში ყველა დამეთანხმება.ფაქტია იმ კოდუასაც უნდოდა ნანუკა თორემ ერთად არ იქნებოდნენ.ნანუკა კი გასარდა მაგრამ აი ეს დედაბერა მარიამი რასა გავს.თნაც მაგარი მჭამელია კამერასთანაც ვერ იკავებს პირს.
11:33 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ქალი რომელიც საკუთარ დედას ოთხი თვე არ დაელაპარეკება...რა ქალობაზე დებს თავს?ერთი ხეპრე ქალია.სხვის ქმრებზე მონადირე.
18:48 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარა
ძალიან საყვარლები ხართ. წარმატებებს გისურვებთ. მიყვარხაააააააააააააართ.
08:27 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნანუკა ვისიამოვნე შენი ინტერვიუთო....წარმატებებს გისურვებ!! ყოველთვის ვგრძნობ შენს სითამამეს და სიძლიერეს, რასაც უდიდეს პატივს ვცემ!!!
04:40 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS