05 სექტემბერი, 2014
გოგონა, რომელმაც ''მის ბიკინი'' კრივზე გაცვალა
ყველანაირი შინაარსის გზავნილი მიმიღია 23 წლის მოყვარული ფოტომოდელი თაკო ღონღაძე სოციალური ქსელის საშუალებით ფოტოგრაფ ივანე გოლიაძის ფოტოარქივში აღმოვაჩინეთ. გამორჩეული გარეგნობის გოგონას ცოტა თამამ ფოტოსესიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, პროფესიონალი მოდელი არ გახლავთ, მაგრამ ამის მიზეზი აქვს. თავის დროზე სამოდელო კარიერას სწავლა არჩია და დღეს საკუთარი სამსახური აქვს. უარი თქვა კონკურს ''მის ბიკინიში'' მონაწილეობაზეც, არადა სხეულის პარამეტრები ხელს უწყობდა. დღეს სამსახურის გარდა კრივით არის გატაცებული, მაგრამ ფოტომოდელობაზე უარი არ უთქვამს.

- თბილისში დავიბადე და სწავლის დამთავრების
შემდეგ მუშაობა დავიწყე. პროფესიით იურისტი ვარ და ახლა ყავის საწარმო ორგანიზაციაში ოფისმენეჯერად ვმუშაობ. ადრე მოდელობა ჩემთვის გატაცება უფრო იყო და ძირითადად ფოტოსესიებში ვმონაწილეობდი. ერთ-ერთ სააგენტოშიც ვმუშაობდი და პირველად, როგორც ყველა დამწყებ მოდელს, ნუკრი ჯიოშვილმა გადამიღო ფოტოები. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ არ ვთანხმდებოდი. ზოგის პროფესიონალიზმი არ მომწონდა, ან ფოტოსესიის შინაარსი. შემდეგ ფოტოგრაფ ივანე გოლიაძესთან ვიმუშავე და მართლა კარგი ფოტოები გამოვიდა.
- ცოტა თამამი ფოტოებია...
- (იღიმის) დიახ, ცოტა ისეთი ფოტოებია. საბედნიეროდ, დღეს არავის უკვირს საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები. მშობლებს ამაზე ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ. მანამდე სააგენტოში ვმუშაობდი და მიჩვეულები იყვნენ, თან ამ ფოტოებში ზღვარგადასული არაფერი ყოფილა. ძალიან მომეწონა ივანესთან გადაღებები, ასევე ირაკლი ღვინიაშვილთან. გადაღებების დროს არანაირი უხერხულობის მომენტი არ მქონია, ძალიან კომფორტულია მათთან მუშაობა.

Rating

- ფოტომოდელობა უფრო ახლოს არის შენთან, ვიდრე პოდიუმზე გამოსვლა?
- დიახ, თუმცა არც მიცდია მოდელობა. არც კასტინგებზე მივლია და კონკურსებში მონაწილეობაზეც უარს ვამბობდი, უბრალოდ, ფოტოების გადაღების პროცესი მომწონს. თუმცა შემოთავაზებები მქონია, მაგალითად, კონკურს ''მის ბიკინიდან'', მეუბნებოდნენ, მიიღე მონაწილეობაო, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი. კასტინგზეც არ მივსულვარ. შეიძლება რაღაც კომპლექსი მაქვს. გადაღებები ჩემთვის უფრო ჰობია, თან საქართველოში ეს სფერო დიდად არ არის განვითარებული.
- სოციალურ ქსელში შენს ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ალბათ პირადად უამრავი ადამიანი გწერს.
- დიახ, ძალიან ბევრი მწერს, არადა, წესით, პრობლემა აღარ უნდა იყოს, უამრავ გოგოს აქვს გამოქვეყნებული საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები. ყველანაირი შინაარსის გზავნილი მიმიღია და რაც ძალიან სამწუხაროა, ხშირად მოუწერიათ ცოლიან მამაკაცებს. ძალიან პატარაა თბილისი და არაფერი არ იმალება, მაგრამ ეტყობა, ამ ხალხს არ ეშინია. ზოგი პირდაპირ აღიარებს, რომ ცოლი ჰყავს, მქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, უკვე არაფერი მიკვირს.
- შენი აზრით, რატომ გახდა მოდური ცოლიანი მამაკაცების ფლირტაობა სოციალური ქსელის საშუალებით.
- ალბათ, თავის დროზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ, როდესაც არჩევანს აკეთებენ. მე ყოველდღიურად ჩემი სამსახურით ვარ დაკავებული და თაყვანისმცემლებისთვის დრო არ მრჩება, თან სპორტს მივდევ, ახლა კრივით ვარ დაკავებული. ბოლო დროს ეს ძალიან მოდური გახდა.
- კრივზე გვესაუბრე, როგორ მოხვდი ამ სფეროში?
- ერთ-ერთ საცურაო კომპლექსში მივედი, სადაც გახსნილია სპორტის სხვადასხვა წრე და შეგიძლია ნებისმიერში ჩაეწერო. მე კრივი და პილატესი ავირჩიე.
- შენ ხარ გოგონა, რომელმაც ''მის ბიკინი'' კრივზე გაცვალა?
- შეიძლება ასეც ითქვას (იცინის). ძალიან მიყვარს ცურვა. ვარჯიშები კრივის ელემენტებით არის გაჯერებული, თუმცა რინგზე ასვლას არ ვაპირებ. სხეულისთვის კარგია ვარჯიში, კუნთებს ავითარებს და ცხოვრებაშიც გამოსადეგია თავის დასაცავად.

Rating

- ახლა მოდაშია ''კუბიკებიანი'' ფიტნესგოგონები...
- დიახ, თუმცა მე ამის მისაღწევად არ ვიბრძვი. არ მომწონს კუნთებიანი გოგონები, ისე, საკმაოდ ბევრი ქართველი გოგონა ვარჯიშობს კრივში და მათ შორის ცნობილებიც არიან.
- თაკო, ადრე მოდაში იყო მოძველბიჭო ბიჭები, შენი თაობის გოგონებს როგორი ბიჭები მოგწონთ?
- ძველი ბიჭები იმდენად პოპულარულები აღარ არიან (იღიმის). მე პირადად მირჩევნია ბიჭი იყოს განათლებული, კარგად აღზრდილი და სიმპათიური.
- პოლიტიკაზე გკითხავ, ბოლო დროს მოდელებს რომ ვეკითხები, თითქმის არავინ იცის ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი.
- მე ვიცი, გიორგი მარგველაშვილია, პრემიერ-მინისტრი, თუ არ ვცდები, ღარიბაშვილი.
- შენი აზრით, ყველაზე სიმპათიური ქართველი პოლიტიკოსი რომელია?
- მე მგონი, სიმპათიური პოლიტიკოსები არ გვყავს, ან მე ვერ ვამჩნევ. ახლა დავფიქრდი და არავინ მახსენდება. ალბათ უფრო ირაკლი ალასანიას გამოარჩევენ.
- როგორ წარმოგიდგენია საქართველოში შენი კარიერა?
- ამ ეტაპზე ბუღალტერიას ვსწავლობ და არ გამოვრიცხავ, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო, რადგან ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ დიზაინერული ნიჭი მაქვს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
eke
Vaa lamazi chkviani da tanac krivio? Ragac axalia... Respect :D
10:52 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
რა ლამაზია ) გოგოც ესეთი უნდააა )))))
15:00 / 09-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
კაია წარმატებები მინდა გისურვო მომხიბვლელი ელეგანტური გოგო ხარ
13:37 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS