- 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე მზე ლომის ზოდიაქოში
- ადრე ინტერვიუში გვითხარით, რომ გიგი უგულავას დაკავების ამბავს პროგნოზირებდით. რადგან მის ზოდიაქოში ნახეთ, რომ ის ციხეს აუცილებლად გაივლიდა. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რა ხდება?
- როდესაც სააკაშვილმა ძალაუფლების დაკარგვა დაიწყო, შავი მთვარე იყო კუროს ზოდიაქოში და საინტერესოა ისიც, რომ მისი დაბადების პერიოდშიც ასე იყო. უგულავას ჰოროსკოპი პირდაპირ აჩვენებდა, რომ ეს ადამიანი ციხეს გაივლიდა. რაც შეეხება მიშას ჰოროსკოპს, აქ პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ ძალაუფლებას მატერიალური გაუმაძღრობისთვის იყენებდა, მის ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებაში აღმოჩნდება. 29 ნოემბრამდე სამთავრობო გუნდში სელექცია მოხდება და ეს არც მარგველაშვილზეა დამოკიდებული და არც ღარიბაშვილზე.
- ირაკლი ღარიბაშვილის ზოდიაქოზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- რამდენადაც ვიცი, ის კირჩხიბია. მიმდინარე წელი რთული ექნება, მაგრამ თუ საქმის კეთებაზე მოახდენს კონცენტრირებას, შესაბამის დივიდენდებსაც მიიღებს. რეალურად, ამ პერიოდში როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლება სერიოზულ გამოცდას გადის. მათ არაფერს შეარჩენს შავი მთვარე ლომის ზოდიაქოში.
- უკრაინაში დღემდე სერიოზული არეულობაა, საქართველოს ეს რამდენად შეეხება?
- არანაირად, თანამედროვე სამყაროში ნორმალურად ვპროგრესირებთ, რადგან ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინას სჯობს. შევარდნაძის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი და გაჩნდა სინათლე, გაკეთდა ბევრი რამ და ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ვერ დაინახოს, მაგრამ როგორც კი ცუდის კეთება დაიწყო, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ამათ უფრო მეტი დემოკრატია შემოიტანეს ბიზნესის კუთხით. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ამოწურავს ეს ხელისუფლება თავს და შემდეგ სხვა მოვა. რაც მთავარია, ადვილად წასვლა ისწავლეს, რაც საქართველოში ყოველთვის პრობლემა იყო. ახლა მოხდება ჩინოვნიკური სისტემის გადარჩევა, რადგან დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. საქართველო ახლა ისეთ ტალღაზეა, თუ გავყვებით, საუკეთესო სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ცხოვრების დონის სტანდარტები ევროპულს გაუთანასწორდება. უნდა თუ არა ხელისუფლებას, საზოგადოება უკვე ხედავს, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში და იმავე მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას. ისტორია აიძულებს ქვეყნებსა და ერებს, პროგრესისკენ იარონ.
- შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში?
- მისი ჰოროსკოპი კარგად ვიცი და შეიძლება ითქვას, რომ 17 ივლისიდან მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დაიწყო, როგორიც დაახლოებით 12 წლის წინ ჰქონდა. გარემოებები საშუალებას მისცემს, უფრო მეტი გააკეთოს და ის ავტორიტეტი მოიხვეჭოს, რაც სჭირდება. ამ მხრივ მწვანე შუქი აქვს ანთებული, მაგრამ როგორც კი დიქტატორულ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინვე დაკარგავს კარგის კეთების შანსს.
რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეიძლება მოხდეს 22 ნოემბრის შემდეგ, ოღონდ არც ისე დიდი ხნით.
- მასზე ამბობენ, რომ ადვილად ენდობა ადამიანებს და შემდეგ ადვილადვე კარგავს მათ მიმართ ნდობას.
- ივანიშვილის ზოდიაქო მერწყულია, რაც ძალიან დემოკრატიული ნიშანია. ისე შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა, არავის აგრძნობინებს, რომ მასზე ფინანსურად მაღლა დგას. თავის ისტორიას რომ გადახედოს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, სწორედ ის ადამიანები უმტყუნებენ. ნდობის ხარისხი მართლაც მაღალი აქვს.
- რა იწვევს ამხელა ნდობას?
- მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს უჭირს მეგობრების შერჩევა. ვისაც ენდობა, უნდა, რომ ყველა მისი ნამდვილი მეგობარი იყოს. ხედავს, რომ ადამიანი მისით აღტაცებულია, მაგრამ ამის უკან რას დგას, რეალურად არ აფასებს.
საერთოდ, წელს შავი მთვარე ხელისუფლებაში ძვრებს გამოიწვევს და სხვათა შორის, წონასწორობის აღდგენაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დიდ როლს ითამაშებენ. ისინი იქნებიან ერთგვარი რუპორი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩინოვნიკების გამოაშკარავება. რაც იმას გამოიწვევს, რომ ნოემბერის ბოლოდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურდება პოლიტიკურ არენაზე იმ ლოზუნგით, რომ თვითონ მოიყვანა და თვითონვე წაიყვანს.
- რა ბედი ეწევა გიორგი მარგველაშვილს? დღეს ის საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაშია...
- მისთვის 17 ივლისიდან ჩრდილში ყოფნის პერიოდი დაიწყო. უნდა თუ არა, ძალაუნებურად მოხდება ასე. როგორც კი გააქტიურდება და ინიციატივას გამოიჩენს, მაშინვე რაღაც პრობლემა გაჩნდება. 2014 წლის დარჩენილ პერიოდში, 2015 წლის 12 აგვისტომდე, ასტროლოგები ურჩევენ ასეთ ადამიანებს, გარემოებებს ყოველგვარი ინიციატივის გამოვლენის გარეშე მისდიონ. მისთვის უკეთესია, გარემოსთან ადაპტირება მოახდინოს.
მარგველაშვილის გააქტიურება მოსალოდნელია 2015 წლის 12 აგვისტოდან ერთი წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გარემოებები აიძულებს, მაქსიმალურად იაქტიუროს. ძალიან კრიტიკული გახდება. როგორც ჩანს, ამის საბაბიც ექნება და უფრო მეტად გამოავლენს ძალაუფლებას.
- 12 აგვისტო ერთგვარად საკრალური თარიღია...
- პროცესებზე გავლენას ახდენს პლანეტა იუპიტერი. წელს 17 ივლისიდან იუპიტერი ლომის ზოდიაქოში შევიდა და 2015 წლის 12 აგვისტომდე იმოძრავებს. შემდეგ ქალწულის ზოდიაქოში გადავა და 2016 წლის 12 აგვისტომდე იმოძრავებს.
- როდის დალაგდება საქართველოში სიტუაცია?
- ჩვენ ახლა ყველა იმ ეტაპს გავდივართ, რაც დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს. ჩვენ არ გვქონია ბურჟუაზია, ბატონყმობის შემდეგ უცებ აღმოვჩნდით სოციალიზმში. თანამედროვე ევროპამ ამ დონეს ბურჟუაზიული რევოლუციის წყალობით მიაღწია. ჩვენთან ათასი რევოლუცია ხდება, გარდა ბურჟუაზიულისა. ახლა დგას პერიოდი, რომ თუ ხელისუფლება არ იზრუნებს, შეიქმნას საშუალო ფენა, მოხდება ბურჟუაზიული რევოლუცია, ოღონდ, ცხადია, უსისხლოდ.
- ბოლო დროს მსოფლიო სხვადასხვა ეპიდემიამ მოიცვა, ჩვენ ხომ არ გვემუქრება რაიმე საფრთხე?
- არა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ გრიპის ვირუსია მოსალოდნელი და ყველაზე რთული პერიოდი იქნება 19 თებერვლიდან 21 მარტამდე. რაც შეეხება ებოლას ვირუსს და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც უსუფთაობით არის გამოწვეული, საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. პატარა ერებში სტატისტიკურად ყველაზე ნაკლებია ეპიდემია. ღმერთს სჭირდება პატარა ერების არსებობა და ამიტომ ჩვენთან კატაკლიზმები და ეპიდემიები არასოდეს იქნება. 2015 წლის მეორე ნახევრისთვის ყველა სფეროში ვიგრძნობთ წინსვლას.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''